ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

საუბრები დონ ხუანთან

კარლოს კასტანედა
23.05.2010

   


(ნაწყვეტი)
 
მთარგმნელი: ანა ცერცვაძე
 
....არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას ამბობს
ან აკეთებს.....
შენ თავად უნდა იყო უმწიკვლო ადამიანი
....ჩვენ გვესაჭიროება მთელი ჩვენი დრო
და ენერგია, რათა დავამარცხოთ
იდიოტიზმი ჩვენში. ეს არის ის, რასაც
აქვს მნიშვნელობა.
დონ ხუანი
 
15 აპრილი 1962 წელი
 
როდესაც გამგზავრება დავაპირე, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეკითხა მისთვის “ბრძენი ადამიანის” მტრების შესახებ. რამდენიმე ხანს ვერ შევძლებ დაბრუნებას და არ არის ცუდი აზრი, რომ ჩავიწერო ყველაფერი, რის თქმასაც ის შეძლებს ჩემთვის, შემდეგ კი ვიფიქრო ამაზე სანამ აქ არ ვიქნები.
ის ცოტა ხანს მერყეობდა, შემდეგ ალაპარაკდა :
- როდესაც ადამიანი იწყებს შეცნობას, თავიდან ნელი ტემპით, მან არასოდეს იცის, თუ რა ელის. მისი მიზანი ბუნდოვანია, მისი ზრახვები – მიზანმიუმართავი. მას ჯილდოს იმედი აქვს, რომელიც არასოდეს მატერიალიზდება, რადგან მან არ იცის არაფერი შემეცნების პროცესის სირთულის შესახებ. ის ნელა იწყებს სწავლას – ჯერ პატარა, შემდეგ დიდი ნაბიჯებით. მალე მისი აზრები ირევიან. რასაც იგი გაიგებს, არასდროს აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც ის თავის თავში ხატავდა ან წარმოიდგენდა, და ამიტომ მას შიში ეუფლება. შემეცნებას არასოდეს მოაქვს ის, რასაც მისგან ელოდებიან. ყოველი ნაბიჯი შემმეცნებლისა – ახალი ამოცანაა. შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის, იწყებს შეუბრალებლად და მტკიცედ ზრდას. მისი მიზანი ბრძოლის ველი აღმოჩნდება და ასე წააწყდება იგი თავის პირველ, ბუნებრივ მტერს – შიშს! – საშინელი მტერი, მოღალატე და ძნელად დასაძლევი. ის დამალულია გზის ყოველ კუნჭულში, შენიღბული, მომლოდინე. თუ ადამიანი შეშინებული გაიქცევა, მაშინ მტერი ბოლოს მოუღებს მის მისწრაფებას.
- რა დაემართება ადამიანს, რომელსაც შიში დაამარცხებს?
- არაფერი არ დაემართება, გარდა იმისა, რომ ვერასოდეს შეიმეცნებს. ვერასდროს გახდება “ბრძენი ადამიანი”. შეიძლება გახდეს ჯიუტი, რომელსაც არაფრის დანახვა არ სურს, ან უვნებელი, დამფრთხალი ადამიანი. ყველა შემთხვევაში ის დამარცხებული იქნება.
- და რა უნდა გააკეთოს მან შიშის დასაძლევად?
- პასუხი მარტივია : არ უნდა გაიქცეს, უნდა გაიმარჯვოს შიშზე და გადადგას შემდეგი ნაბიჯი შემეცნების გზაზე.... კიდევ შემდეგი და შემდეგი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით შეშინებულია, მაინც არ უნდა გაჩერდეს. ასეთია წესები. და დადგება დრო, როცა მისი პირველი მტერი უკან დაიხევს. ადამიანი თავდაჯერებულობას გრძნობს. მისი მიზანი უფრო მტკიცე ხდება, შემეცნება აღარ არის საშიში ამოცანა. როდესაც ეს სასიხარულო მომენტი დგება, ადამიანს ორჭოფობის გარეშე შეუძლია თქვას, რომ მან დაამარცხა თავისი პირველი, ბუნებრივი მტერი.
- ეს უცებ ხდება დონ ხუან, თუ ნელ-ნელა?
- ეს ნელ-ნელა ხდება, თუმცა შიში უცებ და შეუმჩნევლად იფანტება.
- მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი ისევ შეშინდეს? თუ რამე ახალ დაბრკოლებას უნდა ელოდოს?
- არა, თუ ადამიანმა ერთხელ გაანადგურა შიში, მაშინ ის მისგან თავისუფალია ცხოვრების ბოლომდე, რადგან შიშის ნაცვლად მან აზრის სიცხადე შეიძინა, რომელიც შიშს ფანტავს. ამ დროისთვის ადამიანმა იცის თავისი სურვილები. შეუძლია, დაინახოს შემეცნების ახალი საფეხურები, და აზრის ბასრი სიცხადე ყველაფერს ირეკლავს. ადამიანი გრძნობს, რომ არაფერია დაფარული. ამ ფორმით ის ხვდება მომდევნო მტერს – აზრის სიცხადეს, რაც ძნელი მისაღწევია. იგი შიშს ფანტავს, მაგრამ თან აბრმავებს. ის აიძულებს ადამიანს, რომ არასდროს შეიტანოს საკუთარ თავში ეჭვი. არწმუნებს, რომ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება, რადგან ის ცხადად ხედავს. მაგრამ ეს ყველაფერი – შეცდომაა. ეს რაღაც არასრულია, დაუმთავრებელი. თუ ადამიანი დაემორჩილება ძალაუფლების ამ მინიმუმს, ესე იგი ის დამარცხებულია მისი მეორე მტრის მიერ და გაიცვითება შემეცნების გზაზე. ის შეტევაზე გადავა მაშინ, როცა თავშეკავებაა საჭირო, ან დააყოვნებს, როცა უნდა იჩქაროს. მანამ იფართხალებს, სანამ არ დაიხრჩობა, რადგან მას მეტის შეცნობა აღარ შეუძლია.
- რა მოუვა იმ ადამიანს ვინც ამ საშუალებით დამარცხდება დონ ხუან? ნუთუ ამის შედეგად ის მოკვდება?
- არა, არ მოკვდება. მისმა მეორე მტერმა უბრალოდ გააჩერა ის ერთ ადგილას და დააკარგვინა მცდელობის სურვილი, რომ გახდეს “ბრძენი ადამიანი”. ამის ნაცვლად მას შეუძლია გახდეს დაუმარცხებელი მეომარი, ან ხუმარა, მაგრამ აზრის სიცხადე, რაშიც მან ასე ძვირი გადაიხადა, არასდროს შეიცვლება სიბნელით, ან კვლავ შიშით. ის ცხადად დაინახავს ცხოვრების ბოლომდე, მაგრამ მეტს ვეღარაფერს ისწავლის და გაითავისებს.
- რა უნდა ქნას, რომ არ დამარცხდეს?
- იგივე, რაც შიშთან გააკეთა. მან უნდა დაძლიოს თავისი აზრის სიცხადე და მხოლოდ იმისთვის გამოიყენოს იგი, რომ უბრალოდ ხედავდეს და ელოდებოდეს, საგულდაგულოდ აწონ-დაწონოს ყველაფერი, სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამდეს. და მთავარია, ის ფიქრობდეს, რომ მისი აზრის სიცხადე თითქმის შეცდომაა. დადგება დრო, როცა ის დაინახავს, რომ მისი აზრის სიცხადე მხოლოდ უმნიშვნელო წერტილი იყო მის თვალწინ. ასე დაამარცხებს ის თავის მეორე, ბუნებრივ მტერს და გადაინაცვლებს იმ მდგომარეობაში, სადაც მას უკვე ვეღარაფერი ავნებს. ეს არ იქნება შეცდომა, არ იქნება წერტილი თვალწინ, ეს იქნება ნამდვილი ძალა. აქ მას ეცოდინება, რომ ძალაუფლება, რისთვისაც ის ამდენ ხანს იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს მას ეკუთვნის. შეუძლია როგორც სურს ისე გამოიყენოს. მისი სურვილი – კანონია. ყველაფერს ხედავს გარშემო. მაგრამ ის უკვე წააწყდა თავის მესამე მტერს – ძალაუფლებას. ძალა – ყველა მტერზე ძლიერია. რა თქმა უნდა ყველაზე მარტივი გამოსავალი ფარ-ხმალის დაყრაა. რაც არ უნდა იყოს, ადამიანი მართლაც უვნებელია. ის მბრძანებლობს : ამით იწყებს. ამ სტადიაში ადამიანი ვერც კი ამჩნევს თავის მესამე, მოახლოვებულ მტერს და უეცრად, შეუმჩნევლად მარცხდება ბრძოლაში. მტერმა ის სასტიკ, ჭირვეულ ადამიანად აქცია.
- დაკარგავს ის თავის ძალას?
- არა, ის არასოდეს დაკარგავს არც აზრის სიცხადეს, არც ძალას.
- მაშინ რა განასხვავებს მას “ბრძენი ადამიანისაგან”?
- ძალაუფლების მიერ დამარცხებული ადამიანი ისე კვდება, რომ მისთვის გაუგებარი რჩება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ძალაუფლებასთან. ძალა – მხოლოდ ტვირთი და მისი ბედია. ასეთი ადაიანი არაფერს ემორჩილება და არ შეუძლია თქვას როდის და როგორ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა.
- დამარცხება რომელიმე ამ მტერთაგანის მიერ, არის თუ არა საბოლოო დამარცხება?
- რა თქმა უნდა საბოლოოა. თუ ამ მტერთაგან რომელიმემ დასძლია ადამიანი, მას უკვე აღარ ეშველება.
- შესაძლებელია თუ არა, რომ მაგალითად ძალის მიერ დამარცხებულმა ადამიანმა დაინახოს თავისი შეცდომა და გამოასწოროს თავისი გზა?
- არა, თუ ადამიანი ერთხელ დანებდა, მისი საქმე წასულია.
- კი, მაგრამ თუკი ის მხოლოდ დროებით იყო დაბრმავებული ძალაუფლებით, და შემდეგ უარი თქვა მასზე?
- ეს იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცდილობს გახდეს “ბრძენი ადამიანი”. ადამიანი მაშინაა დამარცხებული, როდესაც ის აღარ ცდილობს და ტოვებს საკუთარ თავს.
- მაშინ, დონ ხუან, გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც შიშის დროს წავიდა, რამდენიმე წლით დატოვებს საკუთარ თავს, მაგრამ ბოლოს დაამარცხებს მას?
- არა, ეს არ არის მართალი. თუ ის შიშს დანებდა, ვერასოდეს დაამარცხებს მას, რადგან ის თავს აარიდებს შემეცნებას და აღარასოდეს ეცდება კიდევ. მაგრამ თუ ის თავისი შიშის მდგომარეობაში, წლების განმავლობაში პერიოდულად ეცდება შემეცნებას, მაშინ როგორც ჩანს, კიდევ შესაძლებელია გაიმარჯვოს, რადგან ფაქტიურად მას თავისი თავი არ მიუტოვებია ამ შიშის გამო.
- როგორ უნდა დაამარცხოს მან მესამე მტერი დონ ხუან?
- მან უსათუოდ უნდა დაამარცხოს ის. უნდა ესმოდეს, რომ ძალა, რომელიც თითქოს დაიპყრო, სინამდვილეში, არც ეკუთვნოდა მას. ყოველთვის უნდა აკონტროლებდეს თავს და ყველაფერს, რაც შეიმეცნა, ფრთხილად და კეთილსინდისიერად ეპყრობოდეს. თუ ის შეძლებს დაინახოს, რომ აზრის სიცხადე და ძალა თვითკონტროლის გარეშე, შეცდომაზე უარესია, მაშინ ის მიაღწევს წერტილს, სადაც ყველაფერი დაქვემდებარებულია. აქ მას ეცოდინება როდის და როგორ გამოიყენოს თავისი ძალა და ამ ფორმით ის გაიმარჯვებს თავის მესამე, ბუნებრივ მტერზე. ამ დროისთვის ადამიანი მზად იქნება და თავისი შემეცნების გზის ბოლოს, თითქმის გაუფრთხილებლად, ის გადაეყრება საბოლოო მტერს – სიბერეს. ეს მტერი უსასტიკესია მტერთა შორის. მტერი, რომელსაც ის ვერასდროს დაამარცხებს სამუდამოდ. შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ხნით მისი შეჩერება. ეს ის დროა, როცა ადამიანს აღარ აქვს არანაირი შიში, აღარც მოუთმენელი სიცხადე აზრისა. ის დროა, როდესაც მთელი მისი ძალა მორჩილებაშია, მაგრამ ასევე დროა, როცა ადამიანს დასვენების უწყვეტი სურვილი უჩნდება. თუ ის მთლიანად აყვება ამ სურვილს, თუ თავს დაიმშვიდებს საკუთარ დაღლილობაში, მაშინ ის წააგებს ბოლო ბრძოლას და მტერი მას მოხუც, სუსტ არსებად აქცევს. მისი სურვილი უკან დახევისა, გადაძალავს მთელ სიცხადეს. მაგრამ თუ ადამიანი დაამსხვრევს თავის დაღლილობას, თავის ბედს ცხოვრების ბოლო წუთამდე დახარჯავს, მაშინ მას შეიძლება ეწოდოს “ბრძენი ადამიანი” თუნდაც ერთი მოკლე წამით, როდესაც ის განდევნის თავის დაუმარცხებელ მტერს. სიცხადის, ძალის და ცნობიერების ეს ერთი წამი, უკვე საკმარისია.