• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მე ვამბობ, რომ...

×
ავტორის გვერდი კარლოს კასტანედა 00 , 0000 5188

მე ვამბობ, რომ ეს გარდაუვალია

ჩვენ ვდგავართ ქარის წისქვილის კართან

აცმული გვაქვს ტანზე სამყაროს სიძულვილი

და ერთმანეთის რწმენა გვაქვს მოცმული

როცა დაგვჭრიან,

პირველ რიგში დაზიანდება რაც მოცმული გვაქვს

 

სიტუაცია ასეთია

ჩვენ ვდგავართ ქარის წისქვილის კართან

ქარები წვანან საძოვრებზე

უსაქმურად კუდებს აქნევენ

დრო თითქმის არ გვაქვს.

მე ვამბობ - ეს  გარდაუვალია

ჩვენ ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით

და შევდივართ ქარის წისქვილში

ყველაფერი გათვლილია –

ადამიანები ემსგავსებიან შემოდგომის გამხმარ ფოთლებს

იატაკი უკვე მოფენილია

ჩვენ ვითხოვთ ეთერს!

 

შენ ეკრანზე ხარ,

იწყებ მოკითხვის ჩამორიგებას

მოკითხვას უთვლი მამას რომელიც არ გყოლია

დედას, მეგობრებს, დამრიგებელს, ყოფილ ბოიფრენდს

და რამდენიმე თოქ შოუს წამყვანს.

ჰაერი იწყებს მოძრაობას

თითქმის ქარია

შენობა უკვე ალყაშია.

 

ახლა მე ვარ ყველა ეკრანზე

ქარის წისქვილი იწყებს ჩემი მდაბიური ლექსიკის დაფქვას

მე ვლაპარაკობ ჟანგიან კონსერვებზე

გასროლილ ვაზნებზე

ვლაპარაკობ გამხდარ ბავშვებზე

სამუშაო მაგიდებზე ჩაძინებულ სხეულებზე

ვლაპარაკობ თანაგრძნობის დეფიციტზე

სიყვარულის ინფლაციაზე

და მსოფლიოში მოწეულ მოსავალს ვყოფ პლანეტის თითო მაცხოვრებელზე

ჯიბიდან ვიღებ მწვანე ფონზე გაშეშებულ ამერიკის მკვდარ პრეზიდენტებს

და ცეცხლს ვუკიდებ პირდაპირ ეთერში

ჩვენ სამყაროს პირისპირ ვდგავართ

მე ვამბობ რომ ეს გაცნობიერებული სოციალური აქტია 

რელიგიური ექსტრემიზმის გარეშე

და არაცნობიერის ტერატქი

რომელიც დაიწყება ჩვენი ფიზიოლოგიიდან

გაივლის კუჭს

და მიაღწევს ჩვენს ცნობიერამდე.

 

სიტუაცია ასეთია

შენ რწმენას კარგავ

მე ვხედავ სამყაროს სიძულვილი რა ფერი გაქვს

შენ საკმაოდ დიდი დოზით კარგავ სამყაროს მიმართ სიძულვილს

მე ვხვდები რომ ჩემი რწმენის საქმეც წავიდა

მე უკვე ზუსტად ვიცი სიტყვა დაცემის მნიშვნელობა

სადაცაა  შემოლეწავს ქარიც კარებებს

წისქვილი ისევ გახდება ქარის.

და ჩვენც უთუოდ დავემსგავსებით შემოდგომის გამხმარ ფოთოლებს 

რომელიც ქარმა უნდა წაიღოს

და წისქვილის მძიმე ხელებს მისცეს საღეჭად

 

მაგრამ აი მე ვიღიმები

ვამბობ დაიწყო

ვამბობ ქარი გაიხლართება ერთხელ ფოთლებში

ვამბობ რომ ეს გარდაუვალია.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული