ნეპალის სიზმრები ანუ როგორ დავიჭიროთ ბინ ლადენი (ნაწილი I)





პროზა

ნეპალის სიზმრები ანუ როგორ დავიჭიროთ ბინ ლადენი (ნაწილი I)




(უცანური სტატია თითქმის რეალურ ამბავზე) 


42-ში ნეპალში მოვხვდი. იმდროინდელი ჩემი ქალაქის კონტრდაზვერვის შეფთან ბატონ ანატოლისთან შეკამათება მომივიდა, რომელიც უეცრად ჩხუბში გადამეზარდა, რის გამოც წამიერად მომიწია ქალაქის დატოვება და ნეპალში გამგზავრება. ვიცოდი ბატონი ანატოლის ხრიკების ამბავი და ზუსტად ამიტომ ჩანთა ჩქარა ჩავალაგე. ერთ წამში გავქრი ქალაქიდან და საბოლოოდ ქვეყნიდანაც. ანატოლისნაირები აქაც ბევრი მეგულებოდა, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მათთან ერთად დალევაზე სასტიკ უარს ვაცხადებდი. ჩემი სარკეც მყოფნიდა, რომელშიც არყის ბოთლით ხელში ისე მშვენივრად გამოვიყურებოდი, რომ აღწერა შეუძლებელი იყო. ერთხელ კი ისე დავთვერი, მაო ძედუნიც კი დამესიზმრა (რომელიც მაშინ ის მაო ძედუნი ჯერ არ იყო). მაღალ-ჩინოსანი ძალიან ქედმაღლურად მიყურებდა და მარიგებდა: ადამიანს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ღვიძლი აქვს და თუ თავს არ მოუფრთხილდები, დაიღუპებიო. მე კი ქუდმოგლეჯილივით ვუყვიროდი პასუხად: ღვიძლი არა, კუჭი მაწუხებს-მეთქი. არ ვატყუებდი. ამ ცხარე საჭმლის შემდეგ რაც ამ ქალაქში არსებობდა, კუჭმა აბრა ჩამოკიდა, წარწერით: ამ ყველაფერს ლუდს ნუ დააყოლებო! დავუჯერე, 43-იდან ლუდს აღარ გავკარებივარ, თუ არ ჩავთვლით იმ პატარა წამებს, როცა ტვინი გიბნელდება და შენთვის ყველაფერი აბსოლუტურად სულერთი ხდება. მოკლედ, რამდენიმე წელიწადში ნამდვილი ნეპალელი გავხდი, სულით, გულით, ჩაცმულობით. ერთადერთი, რასაც ჩემი გაცემა შეეძლო, კანის ფერი გახდა, მაგრამ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ამის შეცვლაც შესაძლებელი იყო, უბრალოდ ამ საქმისთვის ჯილდოდ ცხვირი უნდა შეგეწირა. შემდეგ გავიგე, რომ ერთ მომღერალს გაურისკავს და სითეთრის გამო ცხვირი მოუსროლია. მეც მაწუხებდა ეგ იდეა, ნეპალელი მინდოდა ვყოფილიყავი, მუქი ნეპალელი. მაგრამ ცხვირი დამენანა და სიმართლე გითხრათ, აღარც ასაკი მიწყობდა ხელს.

44-ში შეტყობინება მივიღე ანატოლის სიკვდილის შესახებ. მთვრალი აბსოლუტურად შიშველი, გამოვარდნილა შუა ზამთარში ქუჩაში, გაციებულა დამომკვდარა. ძაღლი მიაკვდა სულშიმეთქი,წამოვიძახე და ნეპალის დატოვება გულშიც კი არ გამიფიქრია. ამრიგად, ნამდვილი ნეპალელი ბიჭი არავის აღარ ემალებოდა. უბრალოდ ცხოვრობდა, სვამდა, ჭამდა, დადიოდა აქეთ-იქით, შესაძლოა ითქვას, წამით ტკბებოდა. მაგრამ 45-ში 41-ში გაცნობილი მეგობარი მეწვია ტიბეტიდან, სახელად პიტერი, თავის ტიბეტელ მეუღლესთან _ პემასთან ერთად. პიტერს ჩაი მოვუდუღე, პემასრამდენიმე ახალი, ინგლისურენოვანი წიგნი ვაჩუქე, რომლის შოვნაც იმ პერიოდში ძალიან რთული გახლდათ. ახლაც მახსოვს ჯეკ ლონდონის პატარა წიგნში თითქმის ერთი თვის თამბაქო გავცვალე, სახუმარო საქმეა?! პიტერი კი დუმდა, შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და წარმოთქვა : აბა გამოიცანი?

ომი დამთავრდა. ვთქვი დაუფიქრებლად. პიტერის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. მე კი უბრალოდ გამოვიცანი! ნაცისტების უზურპატორული წყობა საბჭოთა არმიამ დაანგრია. ვაშა! ბატონებო, ვაშა! შემდეგ პიტერმა გააგრძელა, ნაცისტებმა თავი აქაც შეიძლება შეაფარონო და მოკლედ, ფრთხილად იყავიო. ამის შემდეგ პიტერი და პემა კარგა ხანი აღარ მინახავს. ერთი ვიცოდი, რომ 49-ში, მას შემდეგ, რაც ჩინელებმა ტიბეტი დაიპყრეს, კვლავ იქ, ასე ვთქვათ, უკვე ჩინეთში გააგრძელეს ცხოვრება. საბოლოოდ ისიც ნეპალში გადმობარგდა, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

მომდევნო 10 თუ 15 წელიწადი, ჰაშიშის წევის გარდა, არაფერი მიკეთებია. ლოგინზე წამოვგორდებოდი, სპეც-ჩიბუხს, რომელიც სხვათა შორის პემამ მაჩუქა, მწყობრში მოვიყვანდი და ერიჰა! მხოლოდ 53-ში, სტალინის სიკვდილმა გამომაღვიძა, მეორეჯერ კი “ბითლზის” ვინილის ფირფიტამ, რომელიც დიდი წვალებით, რუს ვითომდა “ტურისტებს” ერთი კვირის სამყოფ ბალახში გავუცვალე. სხვათა შორის, მათგან შევიტყვე, რომ ვიეტნამში ომი იყო და რომ “დამპალი ამერიკელები” უმოწყალოდ ჟლეტდნენ ვიეტნამელ ლამაზ გოგოებს და უსაყვარლეს პატარა ბავშვებს. არ ვიცი, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს “ტურისტების” ასეთი ლაპარაკი, მაგრამ ყველანაირი ომის წინააღმდეგი რომ ვიყავი მაშინაც და დღესაც ასე რომ ვარ, ფაქტია. “გაუმარჯოს სიყვარულს და ჰაშიშს-მეთქი” _ მივაძახე დამშვიდობებისას ახლად გაჩენილ მეგობრებს, მათ კი ხელი დამიქნიეს და წავიდნენ. 76-ში “დიდი” მაოც გავისტუმრე გაღმა ნაპირზე და ვიფიქრე, ახლა გვეშველება-მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა. 3 წელიწადში ავღანეთში ისეთი ამბები დაიწყო, მტერს არ ვუსურვებ ამის ცოდნას. ვინ ვის მხარეს ომობდა და ვინ რას აკეთებდა, დღემდე კაცმა არ იცის. ერთადერთი პლიუსი, თუკი შეიძლება ომს რამე პლიუსი ჰქონდეს, ეს საიმონ ჰანტის გაცნობა გახლდათ. 81-ში ცნობილმა ჟურნალისტმა ომზე დროებით უარი განაცხადა და ნეპალში გვესტუმრა. ათასი დამთხვევის წყალობით,მე და საიმონი ერთმანეთს შევხვდით და დავმეგობრდით კიდეც. პირველად ახალგაზრდა ბინ ლადენზე ინფორმაცია სწორედ მან მომაწოდა. ნიჭიერი, მაგრამ საშიში პიროვნება არისო, ადრე თუ არ დაიწვა, დიდი “მომავალი” ელისო. ვერაფრით ვხვდებოდი, რაში აინტერესებდა, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ერთი მილიონერი მეომარი “ბენოს” ამბავი ამ დონის ჟურნალისტს. მაგრამ საიმონი საიმონია-მეთქი, ვიფიქრე, მაგან მიწის შუაგულში იცის რა არის და “ბენოზეც” ექნება რამე ძლიერი ინფორმაცია-მეთქი. (რამდენიმე წელიწადში, საიმონმა ასეთი ინფორმაციების წყალობით, ბოსნიაჰერცოგოვინაში, ფაქტობრივად, გმირობა ჩაიდინა და მეგობრებთან ერთად, ცნობილი ტერორისტი “მელა” გაშიფრა და დაიჭირა. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით).

საიმონის დასვენება ჩემთან სულ ორი კვირა გაგრძელდა. ჰაშიშით და ჩაით გატენილი, იგი კვლავ “ბენოს” და ავღანეთს დაუბრუნდა. ათწლეულების შემდეგ კი, ამ “პატარა” “ბენოზე” მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. რა არ უწოდეს: “ნომერ პირველიო”, “გიჟიგადარეულიო”, “წვერებიანიო”... და ასე და ამგვარად. მე კი ამ ხნის მანძილზე, ვინილებიდან ჯერ კასეტებზე, ხოლო ბოლოს კი დისკებზეც გადავედი. ვიქტორ ცოის ფანიც გავხდი და 90-ში მისი უეცარი სიკვდილის გაგების შემდეგ, ცრემლიც კი დავღვარე. მოკლედ, სველი “გუბკასავით” ვიყავი, ირგვლივ არსებულს ვიწოვდი და ვიწოდი. სანამ საიმონმა ისევ არ გამიხსენა და დახმარება მთხოვა. მთელი მსოფლიო იძახის, ჩვენი “ბენო” ავღანეთის საზღვარზე იმალებაო, მაგრამ გული მიგრძნობს, ნეპალშიაო. გავოგნდი _ ჩემთან? როგორ გაბედა-მეთქი! დარწმუნებული ვარ, სადღაც აქვეა და წამო, ერთად დავიაროთ აქაური ადგილებიო.

“არა, საიმონ, ეგ თუ აქ არის, ესე იგი მთებს შეეკედლა, მე კი ჰიმალაისკენ გახედვა არ მსურს. და თან “ბენო” თბილ ჰავას შეჩვეული კაცია და ძაან მეეჭვება, აქაურ სიცივეს გაუძლოს.” საიმონმა მაინც დამითანხმა, ეხერხება ხალხის დარწმუნება. ბარგი ჩავალაგეთ და ჰიმალაის მთებისკენ გავწიეთ. ჩემი ბებერი სხეულისთვის მთა-მთა წოწიალი დიდი ვერაფერი საქმე გახლდათ, მაგრამ მეგობარს არ “გავუტეხე”. 10-დღიანი წოწიალის შემდეგ, ჩანს, თვითონაც დაიღალა და ახალი იდეა გაუჩნდა. კატმანდუში იქნებაო. აგაშენა ღმერთმა, საიმონ! კატმანდუში იმდენი ახლობელი მყავდა, მეტი რომ არ შეიძლებოდა. 3 დღეში ნეპალის დედაქალაქს მივაღწიეთ და ერთ-ერთ იაფფასიან სასტუმროში გავჩერდით. შხაპი მივიღეთ და ძიება გავაგრძელეთ. ბენო! ბენო, სად ხარ, ბენო! ტომ სოიერის არ იყოს, ისიც სდუმდა. სულ რაღაც ორ დღეში მივხდით, რომ ბინ ლადენს ასე ადვილად ვერ ვნახავდით, რის გამოც, საიმონმა მოიწყინა, მისი გამხნევება კი ახალი პორცია ცხელი ჩაით, იქვე, კაფეში ვცადე. სავარძლებში მოვთავსდით, ჩაი მოვწრუპეთ, სიგარეტს მოვუკიდეთ და მადლობა “იუპიტერს”! ალბათ ვარსკვლავთა და პლანეტათა წყობა ისე დალაგდა, იუპიტერის თამადობით, რომ საოცარი დამთხვევა და ბედის წყალობა ჩვენს მხარეზე დადგა. მოპირდაპირე სავარძელში, არც თუ ისე ახალგაზრდა, ელეგანტურად გამოწყობილი და გასაკვირად სუფთად გაპარსული ჩვენი “ბენო” იჯდა. “ეგ არის, საიმონ, ნაღდად ეგ არის,წარმოიდგინე, რომ წვერები აქვს და შენ თვითონვე დაინახავ.”

რა გვექნა, იარაღი არცერთს არ გაგვაჩნდა. სიმართლე გითხრათ, მისი არც გამოყენება ვიცოდით. ამრიგად, გადავწყვიტეთ ფიზიკური ძალისთვის მიგვემართა. ის ერთი იყო, ჩვენ კი ორნი. ფეხზე წამოვდექით და ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით მისკენ დავიძარით.“ბენომ” შეგვამჩნია, მაგრამ ადგილიდანდაძვრაზე არც უფიქრია.“ბენო” _ დაგენძრა, “ბენო”. ტერორისტთან მისულები, კმაყოფილი სახეებით, მის წინ მოთავსებულ სავარძლებში უკითხავად მოვთავსდით. სიხარულისგან ჟრუანტელი გვივლიდა და თავის დამშვიდებას კი ვერ ვახერხებდით. ბენოს თვალებში ვუყურებდით და ღიმილს ვერ ვმალავდით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “ბენოც” გვიღიმოდა, რის გამოც, საიმონის და ჩემს თავში ადგილი უეცრად გაჩენილმა ეჭვებმა დაიკავეს. ალბათ მთელი სხეული დინამიტში აქვს გახვეული და ამიტომ არაფრის ეშინია _ ვუთხარი საიმონს თვალებით, რაზეც მან აგრეთვე თვალებით მიპასუხა, პატარა წითელი ღილაკი ექნება სადმე, დააჭერს და ვინ ვის დაიჭერს, კიდევ საკითხავი იქნებოაო. ეჰ, საიმონ, გამხნევებაც ამას ქვია. “ბენოსთან” მოლაპარაკებებზეუნდა წავსულიყავით, სხვა გაზა არ იყო.

_ მე საიმონ ჰანტი ვარ.
_ მე კი ბენჟამენ ბონი.
_ ძალიან მეცნობა ეგ სახელი, საიმონ _ ვთქვი ჩემი სათქმელი ძალიან ჩქარა.
_ “ბენჟამენ ბონის თავგადასავლები მაგადასკარში”, ნანახი გექნებათ _
წამოწია თავი ახლად გაცნობილმა.
_აეეეეეეეე! _ აღმოხდა საიმონს. _ ამერიკელი პორნოვარსკვლავია.
_ ტფუი, მოუკვდა პატრონი! _ ვერ დავმალე აღშფოთება.

ბენჟამენმა ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც საიმონ ჰანტია, ვერაფერს დავუმალავო და რომ მოაღო პირი, აღარ გაჩერებულა. ჯერ იყო და ერთი ორგანოს სიგრძის გამო, პორნო ინდუსტრიაში მოვხვდიო. საიმონმა ნაღდად დიდი აქვს, ჩემი თვალით მაქვს ეკრანზე ნანახიო, თანაც ისეთი ჯონ ჰოლმსს არ დაესიზმრებაო (პორნოვარსკვლავი იყო ერთი, განარკომანდა და მოკვდა მერე). მერე მეც, ჯონის არ იყოს, ნარკოტიკების მიღება დავიწყეო, “ნამეტნავად” კოკაინი მომწონდაო. ამის გამო ისეთი ძალებით ვეღარ ვმუშაობდი და “მადაგასკარიდან” პირდაპირ ფილადელფიის რომელიღაც სუნიან სასტუმროში მომისროლეს უფულოდ და კოკაინის გარეშეო. ნაღდად თავის მოკვლას ვგეგმავდი, როცა ASBR TV-მ დამირეკა და სინჯებზე მისვლა მთხოვაო. არავის არ უთხრათ, მაგრამ ახლა კონტრდაზვერვის ერთ-ერთი წევრი ვარ და ხან ტელევიზიაზე ვმუშაობ, ხან კი სახელმწიფოზეო.

_ მაინც რას აკეთებ კონტრდაზვერვაში? _ უკან არ დაიხია საიმონმა.
_ ჩვენში დარჩეს და თვითონაც არ ვიცი. რაღაც ბინძურ ადგილს ამოირჩევენ, რაღაც გაფუჭებულ კამერას მოათრევენ, საშინელ წვერს გამიკეთებენ და ვზივარ ჩემთვის. სიტყვა სათქმელი მე არა მაქვს და როლი სათამაშო. თუკი გავბედე და ვიკითხე რამე, შენ არ იცი, როგორ გვეხმარებიო.

საიმონს ხასიათი სულ წაუხდა, რაც ბონისაც არ გამოპარვია. რა ვქნა, რით გაგახაროთ, რა ჩემი ბრალია, ვინმეში თუ შეგეშალეთო. დამშვიდობებისას საიმონს სუვენირად რამე თხოვა, ხელგაშლილმა ჟურნალისტმა ყოფილ პორნოვარსკვლავს კალამი გადასცა და სუვენირად თვითონაც რაღაც თხოვა. ბენჟამენმა არ დააყოვნა და ჯიბიდან წვერები ამოიღო, კიდევ სამი ცალი მაქვს და ერთი შენი იყოსო. საიმონს ხასიათს ვეღარ გამოვუსწორებდი. ისე წავიდა, “ნახვამდის” ძლივს ვათქმევინე. შემდეგ მოხდა ზემოხსენებული ისტორიაც “მელას” შესახებ. ეტყობა, ბინ ლადენზე გულგატეხილმა საიმონმა გეზი ბოსნიისკენ აიღო.

ეჭვი არ მეპარება, რომ 2004-შიც, როცა კატმანდუში საკუთარი თავისთვის ახალ პარტია ჰაშიშს გრამებად ვანაწილებდი, იგი ჰუსეინის ძიებაში ახალ-ახალ ჯურღმულებში დაიარებოდა. ჩანს, “იუპიტერმა” არ შეუწყო ხელი, თორემ შესაძლოა ფსევდოატომური ბომბიც კი ეპოვა. აი ის, რის გულისთვისაც ომი ატყდა და რა შედეგითაც საბოლოოდ დასრულდა. მე კი, ლოგინზე წამოგორებული, კვლავ მაო ძედუნზე ვფიქრობდი, რა კარგია, ცოცხალი რომ აღარ არის, თორემ ეს სამყარო დიქტატურას და ომს ვეღარ გაუძლებდა-მეთქი.


ჟურნალი ანაბეჭდი


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.