• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კოცნის გაკვეთილი

×
ავტორის გვერდი გივი ალხაზიშვილი 00 , 0000 1638

მე ხომ ყველაფერი გავწირე შენთვის,
ვინც სინამდვილეში არსებობდი თუ არა, არც კი ვიცოდი.

ჩვეულებრივ დადიოდი კოლეჯში მუსიკაზე
და არპეჯიოსავით ვიმეორებდი
შენთან შეხვედრის დროს კი არა _
ბგერებს, რადგან დრო ჟღერდა,
როგორც დიდი სპილენძის ზარი,
რომელიც გულში ჩნდებოდა მაშინ
და იწყებდა ძალუმად რეკვას,
შენ რომ კოლეჯის კიბეზე
დაბლა ეშვებოდი, პეპელასავით არა,
არც ყვავილივით, უბრალოდ ჩამორბოდი
და შენი თმის სურნელი _
ჰაერის ყველაზე უღრმესი სუნთქვა,
ისე თანდათან მიახლოვდებოდა,
რომ მე ლამის სული მელეოდა.

თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს ამას?!
მე ხომ ყველაფერი გავწირე შენთვის, _
ყველაფერი, რაც მებადა და არ მებადა,
და გამუდმებით ვეძებდი იმ ზარის ხმას,
შენი მოახლოებისას რომ გული გამოსცემდა.

თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს ამას?!
მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
რაც მთავარია, წლის დროები გადავივიწყე
და ერთადერთი სამალავი, სადაც ვუჩინარდებოდი _
ეს შენ იყავი, შენი სიღრმით და შენი ტუჩებით,
რომელიღაც კენკროვანის გემო რომ ჰქონდა
და დღემდე მახსოვს, რადგან დაკარგულ სამალავს
აღარ ვეძებ იმ დღის მერე,
რაც მკერდში გულმა ზარის ხმა აღარ გამოსცა.

მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
ეს ხელები, მუდამ შენი მაძიებელი,
მაშინაც კი, როცა უაზროდ მივათრევდი სიარულისას, _
ეს თვალები _ მუდამ შენით რომ მქონდა სავსე,
სხვისთვის ადგილი აღარ მრჩებოდა,
ეს ბაგეები _ უნებლიეთ რომ იბზარებოდა
და ეს გული, რომელიღაც სიტყვას რომ ამწიფებდა.

თუმცა, რაღა მნიშვნელობა აქვს?!
მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
ის რვეულიც, სადაც ბავშვურ სურვილებს
ჩუმად ვიწერდი,
გავწირე საკუთარი თავი,
რადგან ამასობაში გავიზარდე და სხვა გოგოებს
მუშტრის თვალით დავუწყე ცქერა.

მე ხომ შენთვის ყველაფერი გავწირე,
გარდა იმ ხსოვნისა, ზოგჯერ შორეული ექოსავით
რომ მეორდება ჩემში და იმ კოლეჯისკენ მახედებს,
სადაც შენ აღარ სწავლობ _
და იმ სენტიმენტალურ ამბავს თუ ვიხსენებ,
როგორც კოცნის გაკვეთილებს _
კოლეჯის ბაღში, ქრომატული გამების ფონზე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული