კატალიზაცია





პოეზია

კატალიზაცია




სამი დღე მშიოდა და მეოთხე დღეს 
მკვდრეთით აღვსდექი,
მივხვდი, რომ მხოლოდ მე და ის ვართ
ცოდვით შემომჭკნარ, გაფატრულ დედამიწაზე
და როდესაც ის იმშობიარებს
და იშვება მეორე სიბოროტე,
მაშინ მე და ის ვიქნებით,
ის - ბრმა, კოჭლი, გაქცეული,
ადამიანების შეშინებულ გულებს შეფარებული
და მე - ნახევრად მთელი
ანუ სრულყოფილი.
მე - ჩემი მეორე და მესამე ნაწილებითურთ,
ანუ მარტო.
ავდექი მეოთხე დღეს
და გეცინოდეთ,
შეგიძლიათ სათითაოდ დახუროთ დარაბები
და ჩამოილეწოთ მიწამდე დაწვდენილი
ზეცით აპყორბილი ყველა მზერა.
სიშორეში მე არ მიდევს გზა
და არც დღეის კაცი ვყოფილვარ
პარალელიზმიდან,
იქ ვარ, სადაც არ უნდა ვიყო
და სადაც ჩემი არ ყოფნა დაუშვებელია.
ჩემი ერთადეთი სიმცირე და სიდიადე ჩემიზმია,
რომელსაც გუდა-პარკში თვალახვეული
ვკრავ და ვახეთქებ კედლებს,
რომ დაიმსხვრევა და მხოლოდ ხმით რომ იგებ,
როცა პირის მოხსნაც გეზარება.
სამი დღე მშიოდა და მეოთხე დღეს
სინათლეზე წამოვდექი,
ავიღეთ ერთი რამე საყრდენი ჯოხი,
მოკლე და მიწამდე მიუწვდომელი,
მერე გადავაგდეთ და ამოვუყევით გზას.
კარი გამიღე, მე აღარ დაგკარგავ
ჩემო სილამაზევ.
კარი გამიღე, მე პირდაპირ
ფანჯრიდან გავრბივარ.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.