ქოლგები





პოეზია

ქოლგები




 

წვიმს...

და სახლები

გვიფარებენ ქოლგებივით,

ხეებიც

ემსგავსებიან ქოლგებს,

საერთოდაც, ყველაფერი, რაც ჩვენს თავზეა,

ქოლგებს ჰგავს და

იზრდება და

იშლება ქოლგასავით.

 

შემოდგომაზე

ხეებსაც ყვითელი ქოლგები სცვივათ,

რომლებსაც ქარის წამობერვაზე

მწიფე ვაშლივით ებერებათ

ლოყები.

 

მერე ტოტები ხელახლა ისხამენ ქოლგებს,

რომლებიც მწიფდებიან და

ფერადდებიან,

და აფერადებენ ჩვენს დღეებს,

აღწევენ სიზმრებში და

მონატრებებში,

ამ ფერებით ვაწყობთ სამყაროს  –

უსასრულოს და ნათელს,

მაგრამ ზოგჯერ

ერთი ქოლგის ქვეშ ვიყუჟებით,

წყალიც გუბდება ჩვენს ირგვლივ,

მდორდება და,

იმ ერთადერთ ფერში ვიკეტებით,

მხოლოდ ჩვენივე შეგრძნებების, სევდის

პირისპირ.

 

მერე ისევ დგება ზამთარი,

უფერულდება ყველა ქოლგა,

და ჩვენც ვცდილობთ,

დავუსხლტეთ მოწყენილობას,

თოვლჭყაპს და სისველეს  -

ქოლგები ვერ დაგვაქ,

ქოლგებს დავეძებთ,

და ვსველდებით, როგორც ღია ცის ქვეშ,

მივდივართ ქუჩაში _

ქოლგაგაშლილი,

ქოlგაჩახუტებული,

ან სულაც უქოლგო,

მობუზული გამვლელ - გამომვლელები.

 

ვერაფერი გვიცავს სისველისგან _

ვერც სახლები,

ვერც ხეები,

ვერც ერთი ფოთოლი,

ვერც ერთი ჭერი ვერ გვიცავს ერთმანეთისგან,

ვსველდებით,

ვხდებით გამჭვირვალენი

და ვხედავთ საკუთარ თავს.

მერე გვხედავენ სხვებიც _

 

ზუსტად ისეთებს, როგორიც ვჩანვართ,

გვიღებენ ისეთებს, როგორიც ვართ,

როგორიც აღმოვაჩინეთ საკუთარი თავი

წვიმაში, დელგმაში, წარღვნაში –

აღმოვაჩინეთ სხეულს მიღმა.

 

 

და ასეთი _

გამჭვირველე,

გახსნილი და

გარინდებული –

ვუყვარდებით ან არც ვუყვარდებით,

მოდიან ჩვენთან, ანდა

გარბიან ჩვენგან

და გვეჩvევიან ისეთებს,

როგორი ყოფაც ჯერ

ჩვენთვისაც უცხოა _

მაგრამ უცხოა

მხოლოდ ჩვენთვის,

სხვები კი

გვეძებენ, გვხედავენ და გვიღებენ ასეთს.

 

ხეები კი ისევ ისხამენ ქოლგებს,

რომლებიც ვაშლებივით მწიფდებიან,

იზრდებიან,

იბერებიან

და ფერადდებიან,

და რომლებიც რჩებიან მერეც,

როცა წვიმა გადაიღებს _

რჩებიან და

თავისი კალთის ქვეშ გვიფარებენ.

 

2010წ. ივლისი

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.