• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წასვლის ერთ-ერთი წესი

×
ავტორის გვერდი ეკა ქევანიშვილი 00 , 0000 2097

მე შემეძლო ხმამაღალი განცხადებების გაკვრით ხეებზე.

მე მომწონდა მოულოდნელი ზარების შემდეგ მიტოვება.

საფოსტო ყუთში წერილების გაჩრა და გავლა.

ყურადღების მიქცევით წასვლა.

როცა იცი, თვალს გაყოლებენ.

როცა იცი  - დაასწარი.

 

იცი, როგორი ეფექტურია,

სამარისებულ სიჩუმეში ჭიქას თუ ამსხვრევ?

საღამოს ლოცვის იდუმალებას უმიზეზო ხარხარით ლეწავ.

როცა მუდმივად ვიტრინაში დგახარ და დგახარ,

სხვები ტკბებიან, შენ იბერები, შენ სუქდები ამპარტავნებით,

საკუთარი ხორცის ალერსით

და გგონია, შენს საყურებლად მუდმივად მოვლენ.

 

მაგრამ უეცრად ისე გბეზრდება და  იქვე ტოვებ

საგანგებოდ მორგებულ კაბას და ჭრელაჭრულა

ტანსაცმლის გროვა რჩება შენგან სანახაობად.

იცი, როგორი ადვილია ნგრევით წასვლა.

გახედავ უკან - ჩამოშლილია მყარი კლდეები

გახედავ უკან - იწვის ხიდები.

და ზუსტად იცი, სხვის მფეთქავ გულებს - გაქცევამდე

ფეხი ზუსტად იმ დროს დაადგი,

როცა შენი ფანების ჯარმა თავი გვერდზე მიატრიალა.

ანუ განგებ.

ანუ გათვალე.

 

შემდეგი წასვლა იქნება მშვიდი.

 

ხელუხლებლად დატოვებ გაშლილ წიგნს მაგიდაზე,

დაუდევრად მიყრილ-მოყრილ ხელნაწერებს,

სარკის წინ  გამოფენილ სუნამოს ბოთლებს,

უხმოდ ჩაუვლი.

და ისე, რომ კარის ჩხაკუნით არ გააღვიძო

და ისე, რომ ვერ შეამჩნიონ,

ფანჯარას აღებ.

აღებ ჯოჯოხეთს.

 

და თუ მოგინდა,

თუ მოასწარი - ჰაერს მიაწერ:

რა დამრჩენია სამოთხეში,

იქ მე მაინც არავის ვიცნობ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული