• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

***

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 1967

ერთი დღე, მინდა იყოს ისეთი,

ციდან წამოსული მანანის მაგივრად,

მწიფე ბანანებს რომ შევჭამთ და ვაჭმევთ სხვებსაც.

ერთი დღე. აუცილებლად მინდა,

მხედავდე მე მეს წიაღში და არ გეშინოდეს,

ვძარცვავდეთ ფურცლებს ამერიკული სუნამოს სუნი რომ უდით

და გვიჭერდნენ და გვაპატიმრებდნენ მოპარვისთვის.

ერთი დღე. მინდა გერქვას ჩემი აგონია,

რომ შეგეგუო, როგორც შევიგუე ტრაგედიები, აპათიები, მელანქორიები

და გავხადე ჩვეული,

უმარტივესად ჩვეული,

ანუ გავაუფერულე.

ერთი დღე. მინდა მოვხსნათ ქუჩაში გადმოწოლილ

საუკუნოვან ლამპიონებს ჩამტვრეული ნათურები

და ზედ უეკლო კაკტუსები დავამაგროთ, ფესვების გარეშე.

ერთი დღე. მინდა ვიხედებოდეთ წმინდათა წმინდა მთიდან

და ვიხედებოდეთ, როგორც მოხეტიალე შეყვარებულები პარიზის ქუჩებში

და ჩანდეს მთა საოცრად ჩვეულებრივი და საოცრად უმნიშვნელო

და ვჩანდეთ ჩვენ, როგორც მოხეტიალე შეყვარებულები პარიზის ქუჩებში.

ერთი დღე. მინდა ჩემი სიზმრები დაგესიზმროს,

გამოიღვიძო ცივი ოფლით ხელებზე

და უფრო ცივი თვალებით შავად

და უფრო მოტეხილი ხელებით, ცხოვრების ყალიბში

აწყობდე შენს სხეულს შენივე ნაწილებით

და ერთი დღე (იგივე დღე). მინდა აღარ ჩანდეს შენს თვალებში

შიში, რომ მე აღარ დავუბრუნდები ადამიანურ პლასტებს,

რომ მე შემიწირავს ცათა სასუფევლისკენ ადამიანების

დაგებული გზის მტვრევა,

რომ მე მომბეზრდება გამხმარი ფესვების ღეჭვა

და ვეცდები გადავიქცე ჭოტად,

ისე, ხანდახან, შუშის თვალებით რომ გიყურო.

ერთი დღე. აუცილებლად მინდა გადავშენდეთ

ძალიან უბრალოდ.

და ნახონ შვილებმა ჩვენი გადაშენება

და მოიხსნან ჩვენს მიერ გაკეთებული თაბაშირები

და ჩადონ ჩვენი თავის ქალები წიგნებში და შემოდონ თაროებზე

და იყოს ყველაფერი გაცილებით უბრალო,
ვიდრე ჩვენი გადაშენება.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული