ექო გაუქმებულ მაღაროებში





პროზა

ექო გაუქმებულ მაღაროებში




გაი მონტეგი ცეცხლმოკიდებული სახლიდან ტყისკენ გამოვარდა, სახე შეშლოდა. მალევე გარდაიცვალა.

   საინტერესო იყო თავად ოვალი, რომელიც ქალაქს გარშემორტყმოდა. ქალაქს კი არა, უფრო სწორად, ერთ ქუჩას, ანუ ერთ სახლს, ანუ ერთ ოთახს, რომელშიც თხუთმეტი დღის თუ თხუთმეტი წუთის წინ ეძინა.

   სიზმარში ენახა გარდაცვლილი მამა. ასე დაუბარა:" ყუთში უნდა იჯდე და ყუთის კედლებს აპირკეთებდე მხოლოდ ! " გამოიღვიძა. სააბაზანოში შევარდა და ღრმად ჩაყო თავი ბიდეში. ორსული ქალივით არწყია, იქვე, გვერდზე, მისი პირმშოც ეგდო, რომელიც უმალ გააქრო საცეცებიანმა ტაბუმ. ჯერ აკრიტიკა, შემდეგ მასას დაანახა, შემდეგ სახე მოაძრო და ცეცხლს შეუშვირა. შემდეგ ცეცხლი სახლსაც მოედო.

სიზმარი აქ გამიწყდა.

   წინა დღეს ქვევრში მჯდარმა, დიდხანს ვწერე და, ალბათ, ამან უფრო იმოქმედა ჩემზე.

ის დღე ისე გავიდა, სიგარეტი არ ჩამიქრია. საღამოს ტელევიზიით გადმოსცეს, რომ გლოვის დღე გვაქვს; რომ ყველამ უნდა ვიგლოვოთ ჩვენი დახეული და დანაწევრებული ქალამნები; მიწა რომ ქალამნებად უნდა გვქონდეს, სწორედ ისინი. შემდეგ მოიმარჯვეს კალამი და გვაჩვენეს, როგორ კეთდება ეს. კალამი ჯერ ქრისტეს ჯვარცმას დაადეს, შემდეგ "ვეფხისტყაოსნამდე" ჩამოვიდნენ. აქ შეჩერდნენ, მოიმარჯვეს მეორე ხელში ბიბლია და "ვეფხისტყაოსანს" დააკერეს. შემდეგ იყო გაპასტული სამხრეთ ოსეთიც, გაპასტული თავისუფლება (რომელიც ფეხთან მეგდო) და, რაღა თქმა უნდა, გაპასტული აგონია და გლოვა. უამრავი კალმის წრიპინი გაისმა ერთდროულად, ეკრანიდან გამოვარდა და მოიცვა მთელი ოთახი. ახლა უკვე ოთახის კუთხეებიც აწრიპინდნენ. წრიპინი მომესმა მეზობელი სადარბაზოდანაც. მხოლოდ ჩემი სამუშაო ოთახი დუმდა და, ალბათ, კიდევ რამდენიმე. ყოველივე ამის შემდეგ, გამოაცხადეს, თუ რა დაემართებოდათ მათ, ვინც რაიმე სახით პროტესტს გამოთქვამდა. ამ ნაწილისთვის აღარ მიყურებია, რადგან მონიტორში ღრმად იყო უკვე გაჩხერილი ჩემი ქუჩის ლამპიონი, რომელიც ავიღე და ვესროლე.

   მეორე დღეს ერი და ბერი ერთად წრიპინებდა. ვიღაცას მოზრდილი რომანი დაეწერა დათოვლილ სახლში გაუპატიურებულ ქალწულებზე. მისთვის ჯერ ანათემა გამოეცხადებინათ, შემდეგ კი, არალეგალად შეერაცხათ და იმის იქით გაესროლათ და რადგან იმის იქით ვერ გაფრინდებოდა, რადგან მხოლოდ ხედი ჩანდა, კედელს შეასკდა ქვეყნის წრეწირთან და იქვე გათხრილ სოროში ჩავარდა.

სოროები ნელ-ნელა მრავლდებოდნენ.

მოგეხსენებათ, ჩემი სახე ორჯერ ვიპოვნე. ერთხელ, როდესაც მთელ თბილისში შუქი გამოირთო და მეორედ, როცა ყველა აგვისტოს მოვლენებს იყო მიშტერებული. ვიპოვნე ცოტა სხვანაირი, ცოტა არაჩემეული, თუმცა საოცრად გამიხარდა და იმ წუთასვე დავმალე და დღემდე ჯიბით ვატარებ. ვმალავ, რომ არ დაინახონ, თორემ, დაინახავენ თუ არა, გადიდდება, აიმღვრევა, თვალები ჩაუნაღვლიანდება, ჩაუსისხლიანდება და რადგან სფეროს რადიუსი განსაზღვრულია, როგორც კი ზედაპირს მიუახლოვდება, გასკდება, დაიპნევა და რადგან გასკდება, პირველი სისხლი მე მომეცხება, ანუ წასულია ჩემი საქმე.

მეორე სიზმარი იყო უფრო რთული, ვიდრე პირველი:

   ჩემი თავი ვნახე. იჯდა და გახევებული ხევდა ყველაფერს, რაც კი დაეწერა (დამეწერა). შემდეგ ჭამდა, ჭამდა, ჭამდა და უკან აღარ იღებდა. მერე, თვალებჩასიებული, თავს მიწამდე ხრიდა და შიგ იმარხებოდა. შემდეგ თავი ოდნავ მაღლა ასწია, მთელ სახეზე მიწა ჰქონდა და მისი სახეც მიწა იყო. რადიოთი თხუთმეტი წუთის წინ გადმოსცემდნენ, რომ სანქციები დაწესებულიყო სხვაგვარ სახეებზე. ჩემი თავი ადგა, გავიდა გარეთ და ახლა ვერავინ ცნობდა მას; ვეღარც საკუთარი თავი, ვეღარც მე.

   გამომეღვიძა.

   ჩემი ყვირილი ჯერ კიდევ გაჭედილი იყო ჭერში. პატარა ბზარი გაეკეთებინა და იმის იქით ვეღარ მიდიოდა. რაღაც უნდა მექნა. თავს ცუდად ვგრძნობდი. ჯერ ბიდე გამახსენდა, შემდეგ საცეცები, შემდეგ ხალხი და გადავწყვიტე, აღარასდროს დამეძინა. აღარასდროს !

   ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა. ვიღაცა გაჰყვიროდა: "რწმენა, კილო ხუთ ლარად, რწმენა, კილო ხუთ ლარად." ხალხი დროდადრო მის გარშემო თავს იყრიდა და შემდეგ შარავანდედებმორგებულები აგრძელებდნენ გზას. ეს ახალი სანქცია იყო. ერთი კვირა უძილოდ ვიარე. მერე, როდესაც შინ მოსულმა, ყვავილების ქოთანი გადავამოწმე ( რომელშიც ჩანგლებს და ნათურებს ვრგავდი ). მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა. ქოთანი ავიღე და ძლიერ მინდოდა დამსხვრევა; ისე, როგორც მეორე სიზმარში, მაგრამ ცოტა ხნის მერე კვლავ კარადაში შევდგი და კარგად დავხურე ორივე კარი. ბოლოს დამეძინა.

   მესამე სიზმარი.. მესამე სიზმარი კი ძლიერ ჰგავდა რეალობას. დიდ მოედანზე გადაეგდოთ საახალწლოდ გამზადებული ცხენკაციანი "ვერხუშკა". არ მახსოვდა, მე გადავაგდე, თუ მათ. ჩემ გარშემო უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. თითით ჩემზე აჩვენებდნენ. ყველას სახეზე დუმილი ეკრა. ხარხარებდა ვიღაც კულისებიდან. მასაში ჩემი ნაცნობები და ახლობლებიც ერივნენ. ვერც ერთის თვალში ვერ ვნახე ნუგეში. იყო მხოლოდ კრიტიკა, ამიტომ, სანამ ცეცხლს შემინთებდნენ, ფენიქსივით დავიწვი.

იმ ღამით აღარ გამღვიძებია.

   დილით მხოლოდ ჩემი სხეული წამოდგა. ტანზე წარმოსახვითი წრეწირი დაიმაგრა და გააგრძელა ცხოვრება.

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.