ათი მცნების ათი პირობა





პოეზია

ათი მცნების ათი პირობა




შენ ხარ უფალი ღმერთი ჩემი

და არა იქნებიან ჩემდა ღმერთნი უცხონი შენსა გარეშე

თუ მეც ვიქნები შვილი შენი,

თუ არ მიმატოვებ,

თუ სხვა ღმერთებზე არ გამაშვილებ.



არა ვქმნი თავისა ჩემისაგან კერპს,

და არცა ყოვლადვე მსგავსს,

და არცა თაყუანს ვცემ მათ,

და არც ვემსახურები მათ,

თუ თვითონ არ შექმნი კერპებს,

თუ თვითონ არ დამისვამ მათ ღმერთებად

და არ მაიძულებ თაყვანი ვცე მათ.



არა მოვიღებ სახელსა შენსა ამაოსა ზედა,

თუ არ მოიღებენ სხვა შვილნი შენნი,

და მოციქულნი შენნი,

და ანაფორიანი მტერნი შენნი,

და უანაფორო მღვდელნი შენნი,

არა მოვიღებ სახელსა შენსა ამაოსა ზედა,

თუ ყოველთვის ამაო არ იქნება არა შენი,

არამედ შენი სახელის ხსენება.



და წავალ ტაძარში და მოვიხსენიებ დღესა მას შაბათსა,

თუ გასაუბრებაზე არ დამიბარებენ

და ექვს დღეს ვიმუშავებ თუ გამოწკეპილი cv-ით ხელში

ოფისებს მიღმა არ დამტოვებენ.



და პატივს ვცემ მამასა ჩემსა,

და დედასა ჩემსა,

თუ მეყოლება მამა ჩემი 

და დედა ჩემი ,

და თუ იქნებიან მშობელნი ჩემნი

და მეც ვიქნები შვილი მათი,

და არა მონა მათი.



და არ მოვკლავ, თუ თვითონ არ მომკლავენ.



და არ ვიმრუშებ, თუ სიმართლისთვის ჯვარს არ მაცვამენ.



და არ მოვიპარავ, თუ თვითონ არ მომპარავენ:

საკუთარ გრძნობებს,

საკუთარ სიტყვებს,

საკუთარ თვალებს,

საკუთარ ხელებს,

თუ თვითონ მე არ მომიპარავენ.



და არა ცილს ვწამებ მოყუასსა ჩემსა,

თუ საკუთარ სახეებს დამანახებენ,

და არ მომტაცებენ დროს მათი მახინჯი

ან ოდნავ ლამაზი ოვალების გამოსაცნობად.



და არა გული მითქმის ქმარისათვის მოყუასისა ჩემისა,

და არცა სახლისათვის მოყუასისა ჩემისა,

და არცა კარაულისა მისისა,

და არცა ყოვლისა საცხოვრისისა მისისა,

თუ მეყოლება ქმარი ჩემი,

და თუ მექნება სახლი ჩემი,

და თუ მეყოლება კარაული ჩემი,

და არა გული მითქმის ყოველი საცხოვრისისათვის მოყუასისა ჩემისა,

თუ მეც მექნება საცხოვრისი ჩემი

და არ მომინდება სხვისი და პირიქით.



და არც იქნებოდა ეს საუბარი საჭირო,

და არც შეგაწუხებდი ღმერთო,

რომ ეს ათი მცნება ათ გრძნობად გესახსოვრა ხალხისათვის.

ისევე როგორც უსახსოვრე სიძულვილი,

ისევე როგორც უსახსოვრე სიცრუე,

ისევე როგორც უსახსოვრე სიზარმაცე,

ისევე როგორც უსახსოვრე გარყვნილება, შური, სიბოროტე.

რომ ეს ათი მცნება ათ ხელად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნობა ათ ფეხად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნება ათ თვალად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ ეს ათი მცნება ათ ყურად გესახსოვრა ხალხისათვის,

რომ აღარ ესეირნათ ჩვენში ინვალიდებს!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.