• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მთვარის ქრონიკებს

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2051
მე მოვხვდი ამ დაწყევლილ მიწაზე
და ამიტომ ვცხოვრობ.
მავანი მეტყვის ჩემი არსებობის
ცუდ საგალობელს,
მავანი ძალიან ადვილად მეტყვის,
თუმცა მე ვხედავ-
მკვდრები იცინიან,
რადგან მკვდრებს ცოცხლებზე
მეტად ძალუძთ სიცილი-
რიგით მერამდენე გასვენება ?
მოწყალების ბავშვში
სიმკაცრე და სიცივე ისადგურებს.
სარკის ანარეკლის პრინციპების
არ მჯერა,
თუმცა მესმის_
განსაკუთრებით ჩვენ ვსაუბრობთ
ადამიანებზე.
ჩემი მეგობარი კვლავ მირჩევს
ფსიქიატრს გავესინჯო,
დედაჩემი ცდილობს შიშნარევი ცრემლი დამალოს.
მე კვლავ გაფაციცებით ვეძებ
რაღაცას_
ველი, ვითმენ, ან ვერ ვისვენებ.
მთვარის ქრონიკებს ყოველივე
აღმაფრენადი ძალუძთ.
ცრუ მცდელობაა მხოლოდ
პათოსი ამაღლებული,
ან მაგიდაზე დარჩენილი პაოლოს დამბაჩა
ჟანგივით სველი წარსულიდან_
წინაპრები იცინიან,
მკვდრები იცინიან,
მკვდრებსაც ძალუძთ სიცილი.
მე დავიბადე,
მე ვცხოვრობ_
როცა ჩვენი ბრძოლა უშედეგოა
ბრძოლა ჰგავს არაფრისათვის ბრძოლას,
ამიტომ საკუთარი თავის ამდაგვარი პარადოქსულობა
გვირევს ამინდებს,
სამარშრუტო ტაქსში,
მეტროში,
ღრუბელში,
მხიარული ანგელოზის სარდაფში,
მე ვიწვი თამაშში.
ზოგჯერ, ისე სხვათა შორის დამრევს
სევდა ხელს_ წინაპრებს სძინავთ.
ვგრძნობ მკვდართა მოსალოდნელ ოვაციებს.
§                                  
 
ზოგჯერ კი,
ჭეშმარიტად მარტოსული ვარ,
რადგან ქალების არაფერი გამეგება,
გარდა მათი გართობის, გაბრუების,
მოპარვის, წაბილწვის, ან უმიზნოდ ხეტიალის,
რადგან ჩემი მეგობარი კვლავ
მირჩევს ფსიქიატრს ვეჩვენო,
რადგან ბიძაჩემი მღვდელია,
მე კი ღვთაებრივი ღიმილები
მიწყვია უჯრაში,
რადგან დედაჩემი ჩემს ცრემლს მალავს,
რადგან გაყინულ მოწყალების ბავშვში
თანამედროვე ვერშედგართა უპერსპექტივობა იმუქრება,
რადგან მგონია უაზროდ ვბერდები,
რადგან ხიდთან, მაშინ
გარდაცვალებაზე ვიფიქრე,
რადგან დილით ვდგები ლოგინიდან
სამშობიაროში
და
მწიფე მორგის
გოგირდისებრი
მეტროს ვაგონების სუნი
მცემს. რადგან მკვდრებიც იცინიან
ხშირად ცოცხლებზე მეტად
და ომახიანად.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული