• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ონლაინ "რანდომიზაცია" 

×
ავტორის გვერდი რომან ცხოვრებაძე 00 , 0000 1701

მოკლედ რა ხდება? ჯდები კომპიუტერთან, ხსნი Facebook-ს, ჩამოყვები შენი მეგობრების სტატუსებს, დააკოპირებ რამდენიმეს, მერე დომინოს ქვებივით აურევ, ფრაზებს გონებაში შეათამაშებ და ასე დაალაგებ. რა გამოვიდა? სტატუსებს კი არა ლექსებს მიწერ "მეგობარო". 

26(3)

ჟურნალიტებო გთხოვთ გულმოდგინედ მოეკიდეთ ამ საქმეს...
რა უნდა ქნა, რომ გაიღვიძო, როცა არ გძინავს?
ხუთჯერ დავწექი დასაძინებლად და ხან ვინ გამაღვიძა, ხან ვინ
ღმერთო როდემდე უნდა მენატრებოდეთ
არ მიყვარს როცა ადამიანებს ნერვები ეშლებათ და შუაზე იხევიან
თუ ვინმემ ბედნიერების რეცეპტი იცით, მოიწერეთ რა.



ავტორი: Facebook

"ცხოვრება ვაჭრობაა" (მორალისტი ავტორი) 


12:25 ადგილობრივი დრო და გლობალური გაუგებრობა, მაშინ როდესაც გადაღლილი ტვინის უჯრედები, სამხრეთიკენ, ქვემოთ - გულში ტურისტებად ჩადიან, მხოლოდ მაშინ მინდება ხოლმე რომ ეს სიტყვები გადმოვაფურთხო. მერე? თეორიები, ეს დასტებად დაწყობილი მოხუცი მეცნიერების მიერ მარტოობაში დაწერილი სტატიები ტოპ ჟურნალებიდან და თვითდაჯერება რომ მილიონჯერგათამაშებული სიტყვების კომბინაციები ცხოვრების დონეს აუმჯობესებენ. ადამიანებს წყალზე მეტად ხომ საკუთარი ლეგიტიმაცია წყურიათ. ჩემი თუ არ გჯერა, დააკვირდი შენს ყოველდღიურ ქმედებებს კარგად დააკვირდი. აი ისინიც, ყველაზე საშიშები, თუმცა შინაგანად მორცხვები. სწორედ ისინი ფლობენ სრულყოფილად "მალვის ხელოვნებას" და საკუთარ ეგოს სხეულის უკან ეფარებიან. ეფარებიან და ეფერებიან საკუთარ არსებობას. სულებში ღრმა ჭაბურღილებს თხრიან და იქედან ყოველდღიური საარსებო ჟანგბადი ამოაქვთ. რა შეიძლება იყოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე უფრო საინტერესო ამ სამყაროში?

მარტივი თაობა, წვიმიან ამინდში სახლში დარჩნილი ქოლგის საჭიროება, წითელთმიანი ვიქტორიანული გარეგნობის გოგოს თვალები ბიბლიოთეკიდან, სიმართლის საბოლოო ვერსიის თავაჯერებული მფლობელები, ონლაინ მომაბეზრებელი იდეოლოგების გაზიარებული სტატიები, ავტობუსის გაჩერებებზე დაყრილი დაჭეჭყილი ცარიელი ლუდის ქილები, არტ-გალერიის კაფეში ყინულიანი ჯეკ დანიელსის ფონზე შექმნილი თეორია გულის, როგორც სიმართლის დეტექტორის ფუნქციაზე. წარმოდგენები ტვინის სპერმით შექმნილ სუპრანაციონალურ ადამიანებზე. ეს უკვე განვლილი სერიებია.

არა, მაინც რა შეიძლება იყოს ადამიანებზე უფრო საინტერესო ამ სამყაროში? ან ბავშვობიდან საყვარელი ნაყინის მზიან სანაპიროზე ჭამაზე უფრო გემრიელი? იმ პირობით რომ ნაყინი არასოდეს თავდება. ხო, იმ არსებებზე მინდა ვატრიალო ეს სიტყვები (ხაზებად და წინადადებებად) საკუთარი არსებობით პინგ-პონგს რომ ათამაშებენ ტვინს და გულს. იცი რომლები? რომ გგონია მთელი ცხოვრება იცნობდი. აი ისინი, იშვიათ რომ საუბრობენ. მზიან ამინდში სასეირნოდ მარტო რომ მიდიან კომუნალურ პარკებში და იქვე იაფი ყავით ხელში სკამზე რომ ჩამოჯდებიან ხოლმე მზისკენ სახით. ადამიანები, არავის რომ არ აწუხებენ საკუთარი თავის გარდა. ბევრს რომ ფიქრობენ და ცოტას აკეთებენ. აი ისინი, არც ეროვნება, არც რელიგია, არც რასა, არც კლასი ან რაიმე მსგავსი სოციალურად კონსტრუქტირებული იდენტობა რომ არ გააჩნიათ და მხოლოდ ბავშვობიდან სახელდახელოდ გამოწერილი "ჟურნალებით" ირთობენ თავს. ხო ზუსტად ისინი, არც მზრუნველი მშობლები, არც კონფორმისტი ნათესავები, არც ხმაურიანი მეზობლები, და წარმატებული მეგობრები რომ არ ყავთ და მხოლოდ მათში ამოზრდილ პრინციპებს ენათესავებიან. გაურბიან ბრბოს, მასას, იდეოლოგიებს, რელიგიურ-კულტურული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წერტილებს. ისინი არავის "ეტენებიან", არც ტექნიკური პროგრესი აოცებთ, არც გლობალური კრიზისიდან გამოსავლის გზებს ეძებენ და არც პატარა თუ მომრცო სიმართლის მაძიებელი ჯგუფების მანიფესტების თუ მანიფესტაციების სჯერათ. გამარჯვებებს ისეთივე განწყობით ხვდებიან როგორც დამარცხებებს. სახლიდან უმისამართოდ გადიან, უზარმაზარ სავაჭრო ცენტრებში შეჯგუფებულ ბრბოებში მოდიან გონზე, პირველივე გასასვლელს თვალებით ეძებენ. გზად შინისაკენ არტ-გელერეაში შეივლიან, უბრალო რძიან ყავას უკვეთავენ, ჯიბიდან მეორად ბიოგრაფიულ რომანებს ან გვერდებამოხეულ დღიურებს ამოიღებენ და ნახევრად იღიმებიან. 

აბა მეტი რა უნდა ვთქვათ ამ არსებებზე? მათ ხომ ბევრი საუბარი არ უყვართ.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული