მშობლიური ელეგია 





პოეზია

მშობლიური ელეგია 




ჩვენს ყოველდღიურ სილამაზეს და სიამაყეს
და მათხოვრულ სულს და მონობის ზეშთაგონებას,
მრავლად ბოძებულს, საარაკოს, საყოველთაოს,
მშობელი მხარის მთვარე მშვიდად ემშვიდობება.
და არც ხმა ისმის, არც ბოყინი და არც ყროყინი,
შობილი მშობელს არას ეტყვის, მშობელი შობილს,
და რადგან შენი იმედებიც უიმედოა
და მადლიც იცი სახედრულად მხედრული შრომის,
ნუღარ აყოვნებ, მამულის ხმებს ყური ათხოვე
და როცა სწორედ შენ გელიან ყველა ტაძარში,
ცრემლი შეიშრე, მწარე ფიქრებს დაეთხოვე და
ბადე ჩააგდე, მებადურო, სამშობლოს წყალში.
შენს ნაწყალობევ, ნაგვიანევ ძილს მოწყვეტილო,
როცა ტოროლა თავის სატრფოს სათუთად პროშნის,
ბადე ჩააგდე, მებადურო, ამ წმინდა წყალში,
და ამოზიდე კიდევ ერთი განავლის კოშტი,
რომელსაც თვალი, როგორც ლოცვა, როგორც ანდერძი,
ლურჯი ზეცისკენ აღუპყრია ალალი, ნაღდი;
რომელიც მყრალ პირს ფართოდ განხვნის და როგორც ასი,
ასიათასი, მილიონი და მილიარდი,
უფრო ზორბა და უფრო მძიმე განავლის კოშტი,
მშობელი ზეცის მზის სხივებში ამოვლებული,
შველას ითხოვს და მშობლიური წყლებისკენ ილტვის
და შიშით მოცულს განწირული უფეთქავს გული.
ო, მებადურო, ჯარისკაცო ჩამოკონკილო,
შენი ობოლი პანჩურეთის ყველა კუთხეში
ბადე ჩააგდე დამშეული ყველა ბავშვისთვის
და არ უჩვენო მაღალ მიზნებს უხეში ზურგი.
დე, ღმერთს შესთხოვე, წარმატება თან სდევდეს მუდამ
ამ წმინდა წყალში შენი მტკიცე, მჭიდროდ ნაქსოვი
ბადის ჩაგდებას, ჩაძირვას და მარჯვედ მოზიდვას,
არ გააცუდოს შენმა შრომამ არც ერთი ფსონი.
ნადავლი იყოს ნოყიერი, რათა დანაყრდეს
შენი ობოლი ჩანჩურეთის ჩვილთა თაობა,
რათა დანაყრდეს ყველა ბავშვი, რომელსაც შია,
ნადავლი იყოს ამჯერადაც უხვი და ზორბა.
ბადე ჩააგდე ჩვენთა სულთა სასიხარულოდ,
რათა განაგრძოს ჩვენს ხორცზე და ჩვენს ძვლებზე ლოცვა
აწ გარდასული, ცად წასული ბავშვების ხსოვნამ,
და შეწყდეს ჯერაც ვერმოკლულთა ჟლეტა და ხოცვა.
ბადეებმა კი უბედური მშობლების ყოფა
მედგრად მიმართონ ჯერ ცოცხალი სულ სხვა ბავშვების
მომავლისკენ და შიმშილისკენ, სადაც როკვაა
გმირული სულით შევსებული სულ სხვა ფაშვების.
ბადე ჩააგდე, მებადურო, წმინდა ღორების
წმინდა განავლით ადუღებულ უწმინდეს წყალში
და მოგვიბოძე ჩვენ საკვები ჩვენი არსობის,
რათა გაგრძელდეს, გახანგრძლივდეს მონების მარში.
ო, მოგვიბოძე სალაფავი ჩვენი არსობის,
შეზავებული კრისტალური ტალახით, ფურთხით,
რომელიც, როგორც კაცის გული ფიქრით, ოცნებით,
გაჯერებულა ამ ღორების ღორული სუნ(თქვ)ით.
წმინდა წყლებისკენ საცოდავად აჩქარებულო,
ბადე ჩააგდე, მებადურო, ჭადრის გამხმარი,
გამოფიტული ფოთოლივით მოწყვეტილი და
ფრთებდაკეცილი საქართველოს ყველა კუთხეში
ყოველდღიური შენი ხორცის, შენი სახლაკის,
დედიშენის და მამიშენის, შენი ცოლ-შვილის
დაღლილი ხორცის კიდევ ერთხელ გადასარჩენად
დიადი აწმყოს მადლით მოცულ ამ სირუხეში.
და გიხაროდეს, გიხაროდეს, რომ სამუდამოდ
დანგრეულია ყველა ხიდი, რომელიც ჩვენს სულს
სიცოცხლესთან და სიყვარულთან აკავშირებდა;
ერთ დროს ოფლით და სიმღერებით მყარად ნაგები,
მეცხრე ცასთან და ცის ფერებთან აკავშირებდა;
რომ, როგორც იქნა, ეს დღეც დადგა და, როგორც იქნა,
დაპყრობილია ყველა ტვინი, ყველა შეგნება,
რომ, როგორც იქნა, გამარჯვების ჟამმა ჩამოკრა
და გონის ძახილს აღარავინ წამოეგება;
რომ უკვე ყველა ის სიმაღლე დაპყრობილია,
რომელიც იმედს და ყველაფერს, რაც გაშინებდა,
ნარწყევს, ნაღვინარს, ნაღებინებს, სპერმის ნარჩენებს,
შენი მამულის ობოლ გულთან აკავშირებდა.
ო, მებადურო, გიხაროდეს, რომ დრო გაქრა და
ყველა სიმაღლე სამუდამოდ დაპყრობილია.


იანვარი, 2011
 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.