რაფსოდია თვითმკვლელთათვის  





პოეზია

რაფსოდია თვითმკვლელთათვის  




საწოლის ზამბარები,მეოცნებე მოგზაურთა დაღლილი ნეკნებით.
სააბაზანოს შინაბერა სარკეები,რომელთაც არ გააჩნიათ მეორე მხარე.
მამა ღმერთის არასასურველი შვილები,ანდა პირიქით...
ხრინწშეპარული საგალობელი,მგალობლის მერამდენედ გადაგდებული სიგარეტის ხარჯზე,
პოლიტიკოსთა უდარდელი სიფათები,მსგავსი ძროხებისას ინდოეთში.
ტოკიოელი მეძავი გოგო და მისი ჩამოფასებული კიმონო,
რომელშიც ცალად დარჩენილ ფრთას მალავს...
შინაური კინოქრონიკის გათამაშება,სამზარეულოს დროით ზუსტად თორმეტზე,
როცა ბავშვებს სძინავთ,ანდა პირიქით...უფროსებს...
ტკივილები,რომლებიც ვერაფერს ცვლიან და
მხოლოდ მახსოვრობის კედლებს ეწებებიან, გადაგდებული პრეზერვატივივით.
სამოთხე,რომელიც ზედმეტად სრულყოფილია,იმისთვის,რომ რეალური იყოს.
ჯოჯოხეთი ზედმეტად ყოველდღიური,რომ შეგვეშინდეს.
ჩვენი სხეულების მშობლები,
რომლებიც ჩვენი სულების მშობლებინ არ არიან.
ეს ყველაფერი-
ადამიანური კომედიის დაუსათაურებელი თავები,
რომელშიც არაფრისმქონე მდიდრები იკლავენ თავებს!
და ისინიც,ვისნც მთვარეზე სახლები იყიდეს და ხეები დარგეს.
(მე პირადად იუპიტერს ვარჩევდი,შენ მითხარი,
მასზე რმადენიმე მთვარე და მუდმივი ქარიშხლებია)
სამართებლის თავებივით ბასრი იდეალები,
რომელთათვისაც აღარაფერს წარმოვადგენთ,
ისინი, ჩვენ არ აგვირჩევენ, მზის ჩასვლისას,
როცა უკანასკნელი შიშის წინაშე აკანკალებულნი,
იმიჯს გადავცვლით ნეკროლოგის ასლზე.
რომელიც ცივილიზაციამ McDonalds სოუსით დაალაქავა.
ამ დროს კი სადღაც არკანზასელი ქალწული,
ღიპიან კინოპროდიუსერს,რომლის ნეკნებს ქვემოთ,
ზამბარები ჭრიალებენ…
მკერდს მოუშიშვლებს და თავის ბავშვობაზე
მოუყვება...
ანუ-
ილუზიებს უნაყოფო თესლივით მოაბნევს ჯერ
საწოლის,მერე გზის და ბოლოს საფლავის პირას…
თქვენსავით-
ჩემო აკანკალებულო თვითმკვლელებო!


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.