ლურჯი





პოეზია

ლურჯი




სახმელეთოა ეს შენი გზები, სახმელეთო,
აქ ზღვა არ არის,
დაუსერავთ ცა ლიანდაგებს.
წითელი შეგხვდე- მზერა ჩადგი
არ ამაცილო.
თვალის კუთხესთან ჩამოგიჯენ-
დაგაბინადრებ.
ნაწამწამარზე გადაუწვავს ცეცხლს ველ-მინდვრები
თეთრ ჰორიზონტზე ნაკვერჩხალი წითლად ელვარებს
ახლა რა გინდა, თქვი: წერილი, თუ სიხარული.
ხელის შეხება. Gგაპარება თვალის. სიელმე.
არის საღამო და უფსკრული ჩემი თვალების
წყალს ტალღა-ტალღად ჩაუღვრია
დასალიერზე.
 
ყვითელი შეგხვდე-
დამიბრალე შემოდგომად და
ხელჯოხზე მძიმედ არ დამეყრდნო
მორყეულია.
მოსავალს აქ ჯერ ვერ იღებენ. ჯერკიდევ ბევრი
გადმოსაყრელი მტვერი დარჩა სოფლის ყორედან.
ჯერ ბაბუები იშორებენ ბალანს ყურიდან
ზედმეტ წლებად და ზედმეტ ტვირთად ამოწვერილებს.
არადა, უკვე მოსავალი გაყიდულია
არადა, ნისლი აღარ შერჩათ ზევით მწვერვალებს.
არის საღამო და უფსკრული ჩემი თვალების
წყალს ტალღა-ტალღა ჩაუღვრია
თვალსაწიერზე.
 
მწვანედ შემოგხვდე- 
აქ შეჩერდი, არ გაიარო.
ყველა ბილიკზე, ყველა გზაზე ყრია ნაღმები.
გაზაფხული ჯერ არ დამდგარა, თუმცა ირაო
შემოჰკრა დილამ ზამთრიანი სუსხის ამღვრევით.
დატოტილ ხელებს ჩვენს ქოთნებში ვეღარ ვატევთ და
მიწის ზევიდან აჩხა-ბაჩხა გვიჩანს ფესვები.
ვინ გზას მიჰყვება თავისთვის და ვინ მატარებელს
ცხოვრების ბოლოს წუთისოფლის გადაფასებით.
არის საღამო და უფსკრული ჩემი თვალების
წყალს ტალღა-ტალღა ჩაუღვრია
დიდი პეშვებით.
 
სახმელეთოა ეს შენი გზები, სა-ხმე-ლე-თო
ხომ გითხარი-
აქ ზღვა არ არის.
სადმე მიაბი ეგ შენი ნავი.
ხმელი ფოთლების ნაკველევი შალე აქა-იქ.
ლეღვივით მწიფე მღვიმედ დაგხვდეს ჩემის ხეული
ჩემი სხეული იყოს მღვიმე მწიფე ლეღვივით
თორმეტი ყვავი მესეოდეს
თორმეტი ყვავი მეხვეოდეს
თორმეტი ყვავი ნისკარტიდან ტკივილს მაღვრიდეს.
 
თორმეტჯერ გული ჩერდებოდეს
თორმეტჯერ მიწა იხსნებოდეს
თორმეტჯერ ვიღაც ლოცულობდეს მერე მაღლიდან
 
თორმეტჯერ ისევ ვთენდებოდე
თორმეტჯერ წყალი დიდდებოდეს
თორმეტჯერ ნავში ვერ ასწრებდე შესვლას დაღლილი.
 
სახმელეთოა ესშენი გზები, სა-ხმე-ლე-თო-ა
ხომ გითხარი-
რომ ზღვა აქ არის.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.