• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მელოდია ნინასთვის

×
ავტორის გვერდი ლევან მეტრეველი 00 , 0000 2011

 

სამუსიკო სკოლის წინ ყოველთვის ნახავ შეწუხებულ შეყვარებულს. ის ბოლთას სცემს, საათს უყურებს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და აზრადაც არ მოსდის, რომ გოგონამ ფანჯრიდან დაინახა და მისთვის თავი რომ აერიდებინა, უკანა კარიდან გაიპარა.

ნინამ სანოტო რვეული მხარზე გადაიკიდა, კლასის წინ შეკრებილ მეგობრებს გამოემშვიდობა და ბუფეტში ჩავიდა, საიდანაც სამომსახურეო კარი პარალელურ ქუჩაზე გაიყვანდა.

ბუფეტის წინ ჟურნალისტს შეეჩეხა.

-         უკაცრავად, ერთი წუთი, - გზა გადაუღობა ჟურნალისტმა.

-         დიახ, - ნინას ტელევიზორში გამოჩენის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

-         თქვენ თუ გაგიგიათ რამე მოჩვენების შესახებ, რომელიც თურმე ღამღამობით ფორტეპიანოზე უკრავს?

ჟურნალისტი სკოლაში მოარულ ჭორს გულისხმობდა, რომელიც დარაჯის გამონაგონად ითვლებოდა. არტურამ - დარაჯმა - ერთხელ - დიქტოფონზე ჩაიწერა აჩრდილის  დაკრული. როგორც ამბობდნენ, შესრულება უსუფთაო და სამარცხვინოდ მდარე იყო. ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ თვითონ არტურა აწვალებდა ინსტრუმენტს.

-         დიახ, გამიგია, როგორ არა, - გაიღიმა ნინამ.

-         მოგისმენიათ მელოდია?

-         სამწუხაროდ, არა.

გაწბილებულმა ჟურნალისტმა მიკროფონი დაუშვა.

 

ქუჩის კუთხიდან მანქანა გამოგორდა და ნინას წინ გაჩერდა.

-         დავაი, დაჯექი, - გამოსძახა გაგამ.

ნინამ ღვედი გადაიჭირა.

-         კარგად ვიქცევით?

-         დამიჯერე, ჩვენ ყველაზე ლამაზი ოჯახი გვექნება.

 

ნინასთვის უცხო იყო ოჯახური დრამა, არასდროს უნახავს ჰაერში მოფარფატე თეფშები და ლოგინზე დაგდებული დედა, რომელსაც შემოხეული ტანსაცმლიდან ქამრით მიყენებული სისხლიანი ჭრილობები გამოუჩნდებოდა.

მისი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მათი ლამაზი გოგონას ბავშვობა და ახალგაზრდობა სწორი მიმართულებით წარმართულიყო. კვირაში ოთხჯერ დადიოდა მუსიკის გაკვეთილზე, სამჯერ ინგლისურის მასწავლებელთან, ერთხელ ცურვაზე და თითქმის ყოველდღე პაემანზე. წლების განმავლობაში იცვლებოდნენ მასწავლებლები, სასწავლებლები და შეყვარებულები, თუმცა უცვლელი იყო ხარისხი.  ნინას არასდროს ჰყოლია ისეთი მასწავლებელი, რომელთანაც ნებისმიერი შეძლებდა სიარულს, მისი შეყვარებულების თვიური შემოსავალი კი ყოველთვის ოთხნიშნა რიცხვით გამოიხატებოდა.

21 წლის გათხოვდა. 8 თვის შემდეგ გამოიქცა.

გაგა, ოცნების მამაკაცი რბილი ხასიათით და მყარი ხელფასით, ერთ დღეს კვირების განმავლობაში გაურეცხავი ჭურჭლის მტვრევის ხასიათზე დადგა. აბაზანიდან სუნიანი წინდები გამოიტანა, ნინას სახეზე ააფარა და მის გაგუდვას შეეცადა.

ნინამ გათხოვილ დაქალთან შეაფარა თავი.

დაქალს ნატა ერქვა. სკოლაში ერთად სწავლობდნენ. სკოლის დამთავრებისთანავე მწვანე თავიან მუსიკოსს გაყვა, სანდო წყაროების ცნობით, ნარკომანს და ლოთს.

სმით მართლა ყოველდღე სვამდა [გაგასგან განსხვავებით], 24 საათში სამი კოლოფი სიგარეტის მოწევას ასწრებდა და გადამწვარი ნათურის გამოცვლას მეგობრებთან ერთად ოთახში ჩაკეტვა და გვიანობამდე ახალ კომპოზიციებზე მუშაობა ერჩივნა.

მისი მეგობრებიც მუსიკოსები იყვნენ, თუმცა ინსტრუმენტზე უკეთ კომპიუტერს ფლობდნენ.

მოკლედ, ელექტრონულ მუსიკას აკეთებდნენ  და ზუსტად იმ დროს, როცა მე-19 საუკუნის, მაღალჭერიან ბინაში ნინა შესახლდა, პირველ ალბომზე მუშაობდნენ.

თავისუფალი ოთახების სიმცირის გამო ნინა სასტუმრო ოთახში, ძველებურ დივანზე იშლიდა ლოგინს.

პირველ ხანებში სამუშაო ოთახიდან გამოსული მუსიკის ხმა თავს ატკიებდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დაფტპანკისეული რითმების გარეშე ძილი ვეღარ წარმოედგინა. 

როცა ბიჭები მუშაობას ასრულებდნენ, ნინა ძილის ყველაზე ღრმა ფაზაში იყო გადასული.

ბიოლოგიური საათი ექვსის ნახევრიდან უკუთვლას იწყებდა და ზუსტად რვაზე გამაყრუებელი სიჩუმე აღვიძებდა. იმ დროს სამუშაო ოთახის კარი ღია იყო და ფანჯრიდან შემოსული ჯერ ისევ სუსტი სინათლის ფონზე საწერი მაგიდა, სკამები, კომპიუტერი და რამდენიმე MIDI ინსტრუმენტი ბუნდოვნად ჩანდა.

ნინა ბალიშს ისწორებდა და სანამ ძილი თავიდან არ მოერეოდა, ოთახს უყურებდა. იმ ოთახში ოდესღაც მისთვის მიუღებელი მუსიკის, ტიპების და ზოგადად ცხოვრების სუნი იდგა. მისაღები არც გაგასგან გამოქცევის შემდეგ გამხდარა, თუმცა გრძნობდა, აღარც ძველიცხოვრება იზიდავდა. ამაზე ფიქრში სასოწარკვეთა ეპარებოდა, ღიზიანდებოდა და ქაოსურ სიზმრებში იძირებოდა. ხელახალი გამოღვიძებისას ოთახის კარი უკვე გამოხურული იყო, სამზარეულოდან ტელევიზორის ხმა ისმოდა - ნატა შუადღის სერიალს უყურებდა, თან ქმრისთვის სადილს ამზადებდა.

ნინა ნელ-ნელა ჩამოდნა. ქერა საღებავი გადაუვიდა და თმამ ბუნებრივი წაბლისფერი დაიბრუნა.

ქუჩაში სულ სამჯერ გავიდა. პირველად სამუსიკო სასწავლებელში იყო მისული აკადემიური შვებულების ასაღებად, მეორედ გინეკოლოგს გაესინჯა, რომ დარწმუნებულიყო ორსულად არ იყო, მესამედ ნატამ სამეზობლო მარკეტიდან პროდუქტის ამოტანა სთხოვა, თვითონ სიცხიან მეუღლეს თავთით ეჯდა და პირსახოცით ოფლიან შუბლს უმშრალებდა. ამის დანახვაზე ნინამ თავი საზიზღრად იგრძნო. გაგასთან ცხოვრებისას რამდენჯერმე მისი საქმროც გახდა ავად, მაგრამ ნინას არასდროს მოსვლია აზრად თავთან დაჯდომოდა ან რაიმე სხვა ფორმით გამოეხატა ყურადღება. პირიქით, გაღიზიანებული იგესლებოდა, რახიტს და სირისტიანს ეძახდა. თავს მიგდებულად გრძნობდა. თითქოს მთელი მისი მომხიბვლელობა უფერულდებოდა და აღარაფერი იყო გარდა ნევროზიანი დედაკაცისა.

-         ორი პური, წითელი „მალბორო“, ნახევარი კილო ფარში და ერთი კილო ხახვი, - გაიმეორა პროდუქტების სია.

-         ფარში საქონლის იყოს, - თქვა ნატამ.

-         საქონლის? - გაიმეორა ინსტინქტურად, - სხვა რისი შეიძლება იყოს?

-         ჰა? - გაოცებული მოუტრიალდა ნატა.

ნინამ კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი. იმ მომენტში თავისი კლასელი, რომელიც სილამაზით არ ჩამოუვარდებოდა, ორჯერ უფრო ლამაზად მოეჩვენა. ოჯახური ცხოვრების შუქჩრდილმა მისი სილამაზის კონტურები თითქოს ახალი კუთხით გამოკვეთა და ოდნავ ტლანქი, შემოდგომის მდორე ტონები შესძინა.

ნატა სხვა საფეხურზე იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა უფრო მაღალ თუ დაბალ საფეხურზე. რაც მთავარია, მისმა ცხოვრებამ ფერი იცვალა.

 

„ფარში საქონლის...ფარში საქონლის...ფარში საქონლის“ იმეორებდა ნინა და რიგს მიყვებოდა.

ხორცის სექცია მეტლახით იყო მოპირკეთებული. ნინა საკუთარი გამოსახულების კონტურს უყურებდა. მეტლახის გლუვი ზედაპირი სხვის გამოსახულებასაც ირეკლავდა. ის ადამიანი თითქოს ნინას უკან იდგა და იმავდროულად მის წინაც. მოულოდნელად უცნაური სითბო იგრძნო. დაძაბული სხეული მოუდუნდა. ძარღვებში სისხლი გათბა. შორიდან სუსტი გულის ცემა მოესმა. ნინას სხეულში ერთდროულად ორი გული ფეთქავდა. შემდეგ სითბო ნელნელა დაშორდა. ნინა მისი მიმართულებით შეტრიალდა და დაინახა, როგორ გაუჩინარდა შემინულ კარს მიღმა უფერული აჩრდილი.

 

იმ საღამოს ბიჭები არ მოსულან. ნინას ცუდად ეძინა. მთელი ღამე ერთ გრძელ სიზმარს ხედავდა. მაღალ კორპუსებს შორის მიაბიჯებდა. მეგზურობას მარკეტში ნანახი აჩრდილი უწევდა.  მთვარის შუქზე ნინამ თანამგზავრის კონტურები გაარჩია. მაღალი იყო. უჩვეულოდ გამხდარი. თავზე წამოფარებული კაპიშოუნიდან ხრწნის და შმორის სუნი იფრქვეოდა.

  მაღალ კორპუსთან გაჩერდნენ. ბიჭმა ხელით ანიშნა, აქ დამელოდეო და სადარბაზოში გაუჩინარდა.  ათიოდე წუთში დაბრუნდა. ერთ ხელში შავი პარკი ეჭირა, მეორე ხელში სისხლიანი ბებუთი. ნინას თვალი ჩაუკრა და კვლავ ერთფეროვანი კორპუსების ლაბირინთს შეერივნენ.

სიზმარი მეორე დღესაც განმეორდა. ამჯერად ნინას კლინიკის წინ მოუწია ლოდინი. დათოს შეაგვიანდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაბრუნდა სისხლიანი ბებუთით. პარკი აღარ ეჭირა, თუმცა ბენზინის სუნი ასდიოდა.

ნინა გულისრევის გრძნობამ გამოაღვიძა. წამოხტა და ტუალეტში შევარდა.

სამზარეულოდან ტელევიზორის ხმა არ ისმოდა. არც საძინებელში ხმაურობდა ვინმე.

ნინამ სახე მოიბანა, თმები გადაივარცხნა და.....ისევ იგრძნო მეორე გულის ცემა

კარი ნახევრად გამოაღო, ღრიჭოში გაძვრა და სამზარეულოსთან ფეხაკრეფით მიიპარა. მაგიდას კაპიუშონიანი ბიჭი ეჯდა. წინ გაპრიალებული ბებუთი ედო. თვითონ გაზეთს კითხულობდა და იღიმოდა.

 

....დედაჩემი დარტყმებს მაგრად მოკუმული ტუჩებით ხვდება. ქამრის მოქნევიდან მოქნევამდე ჰაერს იმარაგებს და ცდილობს თავის 3 წლის შვილზე იფიქროს, რომელსაც მეზობელ ოთახში სძინავს.

რკინის ბალთა ნაზ კანზე სისხლიან კვალ სტოვებს. დაკუნთული მამაკაცი ხვნეშის. მას წამალი უნდა, მაგრამ არ აქვს. ოქროულობა უნდა, რომ წამალში გაცვალოს, მაგრამ უკანასკნელი საყურე წინა კვირას გაიცვალა ორი დღის სამყოფ წამალში.

მშობლების ოთახის ზღურბლზე ვდგავარ. შიშისგან ხმას ვერ ვიღებ. დედა ინსტინქტურად ტრიალდება და გაოგნებული მიყურებს. სამუდამოდ მამახსოვრდება სიშავე მისი თვალების გარშემო და  ნესტოდან ტუჩისკენ გაკლაკნილი სისხლიანი ბილიკი.

........

გინდოდა შენი ნაკვთები შემოდგომის ტონებით შეფერადებულიყო. შვილისთვის გესწავლებინა პიანინოზე დაკვრა და არ გინდოდა შენს შვილს „დაფტპანკი“ ჰყვარებოდა.

შენმა შვილმა ნახა დედის სხეულზე დამჩნეული ჭრილობები.

შვილები ამას არ უნდა ხედავდნენ. ვინც ნახა, მკვლელად ან შიზოფრენიკად გაიზარდა. მეც მკვლელი და შიზოფრენიკი ვიქნებოდი, მაგრამ ერთხელ, როცა დაკუნთული მამაკაცი შინ არ იყო და შენი სამი წლის შვილს ეძინა, პიანინოსთან დაჯექი და პირველი და უკანასკნელი საკუთარი ნაწარმოების დაკვრა დაიწყე. ნახევრამდე რომ მიხვედი, დაკუნთული მამაკაცი დაბრუნდა. შეკამათდით. მან ხელი გკრა, წონასწორობა დაკარგე, თავი პიანინოს ჩამოარტყი და უსულოდ დაეცი. ნაწარმოები დაუსრულებელი დარჩა.

 

 

-         შემოდი, გხედავ, - თქვა ბიჭმა კითხვის შეუწყვეტლად.

-         ვინ ხარ? - ამოიხრიალა ნინამ.

-         ნუ გეშინია, - დაამშვიდა ბიჭმა, - ეს ნახე რა.

გაზეთი გაკეცა და ნინასკენ გაიშვირა.

-         ვინ ხარ? - გაიმეორა ნინამ.

-         კონტრაქტორი მკვლელი, - გაიცინა ბიჭმა, - დაჯექი და წაიკითხე.

ნინა სკამზე ჩამოჯდა. თვალში მოხვდა დიდი შრიფტით ნაბეჭდი გაზეთის  გამოშვების თარიღი.  გაზეთის ის ნომერი  ხუთი წლის შემდეგ უნდა გამოსულიყო.

-         23-ე გვერდი ნახე.

ნინამ გაზეთი მითითებულ გვერდზე გადაშალა.

„თბილისში  პარანორმალური მოვლენა დაფიქსირდა - სამი წლის ბიჭი ერთ ღამეში  20 წლით გაიზარდა და გარდაიცვალა“. სტატიას თან ერთვოდა გარდაცვლილის ფოტო. ძნელად, მაგრამ მაინც გაირჩეოდა ფოტოზე გამოსახული ბიჭის იერი. ის იმ წუთას ნინას პირდაპირ იჯდა.

„....ზოგჯერ რაც დაწერილია უნდა შეიცვალოს, მაგრამ ღმერთებს ძალა არ შესწევთ. ადამიანის ბედს მხოლოდ ადამიანი ცვლის.

როცა კუბოში ჩაგასვენეს ოთახში უფორმო აჩრდილები შემოცურდნენ. სასახლის გარშემო ჩაიჩოქეს და გაინაბნენ. ადამიანები გლოვობდნენ. აჩრდილები მეუფეს - ჰადესს - ელოდნენ. თვითონ სიკვდილის ღმერთი გაგიძღვებოდა ლეთესკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მანამდე ჰადესი ჩემ ლოგინთნ შეჩერდა.

-         ზოგჯერ რაც დაწერილია უნდა შეიცვალოს, მაგრამ ღმერთებს ძალა არ შესწევთ. ადამიანის ბედს მხოლოდ ადამიანი ცვლის. შეცვალე რამდენიმე ადამიანის ბედი და საშუალებას მოგცემ დედაშენმა მელოდია დაასრულოს  

 “

-   ეს მისი საჩუქარია - ბიჭმა ბებუთს დაადო ხელი - ბოლო გვერდი ნახე

ნინა ინსტინქტურად მიჰყვა ბიჭის რჩევას და გაზეთი ამოატრიალა. მაშინვე შეამჩნია გვერდის მეოთხედზე ნაბეჭდი ნეკროლოგი. დამწუხრებული ნათესავები ნინა დობროვას ტრაგიკულ გარდაცვალებას იუწყებოდნენ.

ნინას თვალები აუჭრელდა. ხელში საკუთარი ნეკროლოგი ეჭირა. კიდევ ერთხელ წამოაზიდა. ადგომა უნდოდა, მაგრამ ვეღარ მოახერხა. სკამზე შექანდა და მეტლახით მოპირკეთებული იატაკისკენ გადაიხარა. ბიჭი წამოხტა, ხელი მიაშველა და ცივ იატაკზე ნაზად მიაწვინა.

ირგვლივ ყველაფერი წყვდიადში იძირებოდა. ნინამ უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და თვალები ფართოდ გაახილა. გაზქურიდან მომწამვლელი აირი იფრქვეოდა. მის წინ ჩაჩოქილ ბიჭს ცრემლები მოსდიოდა.

-         მაპატიე, დედა... ამაზე უმტკივნეულო ვერაფერი მოვიფიქრე, - თქვა ჩურჩულით.

წამოდგა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და პირით დასავლეთისკენ შეტრიალდა.

-         მორჩა, - დაიძახა ხმამაღლა, - პირობა შესრულებულია! შენი რიგია ჰადეს!

რაღაცამ დაიგრუხუნა. ბიჭი აალდა. ტუჩები მაგრად ჰქონდა მოკუმული, ზუსტად ისე, როგორც დედამისი მოკუმავდა 3 წლის შემდეგ, მას რომ გარიგება არ დაედო სატანასთან და დედა მანამ არ მოეკლა, სანამ ქმრის საბედისწეროდ მოქნეული მარჯვენა მოკლავდა.

  

სამუსიკო სკოლის წინ ყოველთვის ნახავ შეწუხებულ შეყვარებულს. ის ბოლთას სცემს, საათს უყურებს, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და აზრადაც არ მოსდის, რომ გოგონამ ფანჯრიდან დაინახა და მისთვის თავი რომ აერიდებინა, უკანა კარიდან გაიპარა.

ნინამ სანოტო რვეული  მხარზე გადაიკიდა, კლასის  წინ შეკრებილ მეგობრებს გამოემშვიდობა და ბუფეტში ჩავიდა, საიდანაც სამომსახურეო კარი პარალელურ ქუჩაზე გაიყვანდა.

ბუფეტის წინ ჟურნალისტს შეეჩეხა.

-         უკაცრავად, ერთი წუთი, - გზა გადაუღობა ჟურნალისტმა.

-         დიახ, - ნინას ტელევიზორში გამოჩენის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

-         როგორც გავიგეთ, მომავალი წლიდან ბერკლიში ისწავლით...

-         დიახ....

რამდენიმე წუთის შემდეგ ბუფეტში იჯდა, ცხელ ყავას სვამდა და თავის პირველ ნაწარმოებზე ფიქრობდა, რომელსაც ალბათ „მელოდიას ნინასთვის“ დაარქმევდა

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული