ანდერძი





პროზა

ანდერძი




 
კაცი, რომელმაც გამზარდა, მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო. ჩემი მშობლები მაშინ გარდაიცვალნენ, როდესაც ატაკამას უდაბნოში ყველაზე მხურვალე დღე იდგა. მამაჩემი და დედაჩემი ჩილეში, ატაკამას უდაბნოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილას, ქალაქ კოპიაპოში ცხოვრობდნენ. იმ საშინელ ცხელ დღეს, ღამე ძილი შეუძლებელი გამხდარა, მამაჩემმა და დედაჩემმა მაცივრის კარი გამოაღეს, იქვე, იატაკზე ზეწარი დააფინეს და ზედ დაიძინეს. დილით კი ორივე მკვდარი იყო. ღამით, დასაძინებლად დაწოლილებს, თავები გაღებული მაცივრისკენ უქნიათ და თურმე იმ მაცივარმა ისეთი უბედური ყინვა იცოდა, ჩემი მშობლები სამუდამოდ დააკავშირა ერთმანეთს – როდესაც მკვდრები ნახეს, ერთმანეთზე ყოფილან მიყინული. კი გაიყვანეს გარეთ, მზის გულზე, იმ იმედით, იქნებ ამ მომაკვდინებელმა მხურვალებამ გაალღვოს და დავაცალკევოს ისინი, რომ ადამიანურად დავკრძალოთო, მაგრამ ღმერთმა არ ინება, არ სურდა ჩემი მშობლების ერთი მეორესგან დაცილება. ჰოდა, ასე, ერთ განიერ კუბოში ჩააწვინეს და უდაბნოს მიწაში ჩაფლეს.
 
სიმართლე ვთქვა, ამ ისტორიის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი ნაკლებად მეტანჯა თავი და მშობლებს ძალიან იშვიათად ვიხსენებდი. უფრო სწორად კი, ჩემი მშობლების ტრაგიკულ ისტორიას.
 
კაცი, რომელმაც გამზარდა და მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, გუშინ გარდაიცვალა. მიზეზი, რის გამოც მან სიცოცხლე დაასრულა, ყველაზე გულუბრყვილო ადამიანსაც კი იმაზე უცნაურად მოეჩვენებოდა, ვიდრე ჩემი მშობლების გარდაცვალების მიზეზი იყო.
 
იმ კაცმა, რომელიც მეუბნებოდა ბაბუაშენი ვარო, ცოტა ხნის წინ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა _ ნესტოები გაიფართოვა. ოპერაციამდე ისეთი ვიწრო ნესტოები ჰქონდა, ნებისმიერი დაივერი ინატრებდა – თითქმის ვერ სუნთქავდა. ჰოდა, გაიფართოვა ნესტოები და ჩაისუნთქა ადამიანმა, ორპირივით იყო.
 
ერთი კვირის წინ, სათბურში ყვავილების მოსარწყავად გადიოდა, მაგრამ კიბეზე ფეხი აუსრიალდა და ზედ კიბესთან, პირდაპირ სახით დაენარცხა მიწას. გახარებულმა, არაფერი მომსვლიაო, მიწაზე დადებული ცხვირით ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, ისე როგორც ამას ხიფათს გადარჩენილი ადამიანები აკეთებენ. მართლაც არაფერი მოსვლია, მხოლოდ მუხლები ჰქონდა გადაყვლეფილი, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული დადიოდა გიჟივით და თავისთვის ბუტბუტებდა, ტვინი მეფხანებაო. თავს მართლაც ცხოველურად იფხანდა და ამის გამო სისხლიც ბევრი სდიოდა. თავი გაიპარსა, მიხვდა, რომ თმა ფხანაში უშლიდა ხელს და ამის შემდეგ მისი ფატალური თავი კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. გამოდენილი სისხლის მოწმენდა ხშირად ავიწყდებოდა და საშინელი სანახავი ხდებოდა, როდესაც ეს სისხლი ჯერ დედდებოდა, შემდეგ კი ხმებოდა. როგორც იქნა, ექიმთან მივიდა.
 
“ნერვების ბრალია, წმინდა ფსიქოლოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.”
 
დამამშვიდებლები დაუნიშნეს, მაგრამ მის თავს არაფერი ეშველა – ფხანა სულ უფრო ენერგიული გახდა, სისხლმაც იმატა და ბოლოს, ალბათ ნერვებმაც უმტყუნა და სისხლიც ცოტა დარჩა. სავარძელში მოკვდა, წელსზემოთ შიშველი, თავში ფრჩხილებჩარჭობილი, სხეულზე სისხლის დაკლაკნილი გამხმარი მდინარეებით. კაცი, რომელმაც გამზარდა და მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ინციდენტიდან ექვსი დღის თავზე გარდაიცვალა.
 
სურათი საზარელი იყო და სახიფათოც. მკვლელობაშიც დამადანაშაულეს, მაგრამ ექიმის და კიდევ ვიღაც-ვიღაცეების ჩვენებებმა გადამარჩინეს. გარდა ამისა, პათანატომებმაც კარგად იმუშავეს.
 
გარდაცვალების მიზეზი იყო სამი ჭიანჭველა და ერთიც ჭიამაია. ოთხივე არსება ბაბუჩემის ტვინში ცხოვრობდა და მისი უჯრედებით იკვებებოდა. ყველასთვის გაუგებარი ჩანდა, რა გზით მოხვდნენ მწერები ბაბუაჩემის ტვინში, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო: მიწაზე დანარცხებულმა, ღრმად რომ ჩაისუნთქა, თან მიაყოლა ყველაფერი, რაზეც ცხვირი ედო. ასე აღმოჩნდნენ მკვლელი მწერები ბაბუაჩემი ორგანიზმში, მაგრამ ამის ცოდნა ვერაფერს გამოასწორებდა – ბაბუაჩემი ელ პასოს საქალაქო მორგში, თავისქალაახდილი და ტვინგაკვეთილი იწვა.
 
მომდევნო დილით სახლში ადვოკატი მოვიდა. ბაბუაჩემი მისი კლიენტი ყოფილა. გადმომცა ანდერძი და პატარა გასაღები.
 
აქამდე ანდერძი მხოლოდ ზღაპრებში მსმენოდა. მაგალითად, მდიდარი მევახშე რომ კვდებოდა, შვილები ესეოდნენ და ეხვეწებოდნენ, ანდერძი დატოვეო. ზღაპრის გმირივით, მეც ქონებას ველოდი და დიდი სიხარულით გავხსენი დალუქული კონვერტი. სანამ კითხვას დავიწყებდი, გეგმაც დავსახე – გავყიდი ყველაფერს და წავეთრევი ამ დამპალი ქალაქიდან-მეთქი.
 
კაცი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ლატენტური ონანისტი ყოფილა. ონანისტი და მატყუარა: ჩემი მშობლები არც ატაკამას უდაბნოში ცხოვრობდნენ და არც მაცივარს მოუკლავს ისინი. დედაჩემი ერთი ბინძური, დალასელი ბოზი ყოფილა, რომელიც თავისნაირივე ნაბიჭვრისგან დაორსულდა და გამაჩინა. და სადაც გამაჩინა, იქვე მიმაგდო. ალბათ, ახლაც ცოცხალია და სადმე, ფურგონში ცხოვრობს. იმ კაცს კი, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ბავშვთა სახლიდან იმიტომ წამოვუყვანივარ, რომ მარტო ცხოვრება ეზარებოდა და იცოდა, მალე ასაკში შევიდოდა და ვინმე დამხმარე დასჭირდებოდა, აი, ისეთი, ლუდზე რომ გააგზავნიდა და თეფშებს დაარეცხინებდა... ერთი სიტყვით, ხელზე მოსამსახურე, რომელსაც ფულს არ გადაუხდიდა.
 
ამ კაცს ელ პასოში, მექსიკის საზღვართან, პატარა სასტუმრო და იმაზე უფრო პატარა სასადილო ჰქონდა. ფულიც საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ავადმყოფი იყო – ონანისტი: სასტუმროს ნომრების და სასადილოს ტუალეტებში ვიდეოკამერები ჰქონდა დამონტაჟებული და ყველაფერს ფირზე იწერდა. მერე ჩართავდა და უყურებდა. ადვოკატმა პატარა გასაღები რომ მომცა, სეიფის გასაღები იყო, რომელშიც ფირები ინახებოდა. მხოლოდ ეს კასეტები მერგო იმ კაცისგან და სასტუმროს ერთი ნომერი, რომელიც სათვალთვალო პუნქტი იყო.
 
სეიფიდან გამოტანილ კასეტებზე წარწერებს ვკითხულობდი. კასეტებზე სახელები, გვარები და თარიღები ეწერა. არც ისეთი დამპალი ყოფილა ეს ელ პასო – კასეტებს ისეთი ღრმადპატივცემული ადამიანების სახელები ეწერა, ათი სიცოცხლე რომ იცხოვრო, შეიძლება პარიზშიც ვერ გადააწყდე ასეთებს. იყო კასეტები, რომლებზეც უცნობი სახელები ეწერა და იყო ისეთებიც, რომელთაც წარწერა საერთოდ არ ჰქონდა.
 
მიუხედავად საინტერესო სახელებისა, რატომღაც სურვილი არ მქონია, რომელიმე ფირი ჩამერთო. უბრალოდ, ვათვალიერებდი. ერთ-ერთ კასეტაზე ჩემი, ჩემი შეყვარებულის და დამლაგებელი ბობის სახელები ეწერა. ვიცოდი, თვალიერებაში ჩემი და ჩემი გოგოს სახელსაც გადავაწყდებოდი, სასადილოს ტუალეტში ბევრჯერ გვიჟიმავია, მაგრამ ბობი რა შუაშია?!
 
ფირი მთლიანად ვნახე და ჩემი როლი, ალბათ, მაინც ეპიზოდურია, რადგან კაცის მთავარ როლს ბობი ასრულებს. ფირის ნახვის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემ შეყვარებულს, რომელიც მეუბნება, ყველაზე მეტად მიყვარხარო, ბობი უფრო მაგრად ყვარებია.
 
იმ კაცმა, რომელმაც გამზარდა და მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო, ყველაფერი შემაზიზღა, მაგრამ, აბა, რომ არა ის, სად ვიქნებოდი ახლა? უარეს შემთხვევაში, ქალიშვილობაგაგრძელებული ზედამხედველების კივილის ფონზე, ბავშვთა სახლის სასადილოში გამოვიჭრიდი ყელს. უარეს შემთხვევაში კი, იქვე მოვკვდებოდი, სადაც დედაჩემმა გამაჩინა და დამტოვა. ჰოდა, მადლობის მეტი რა მეთქმის იმ კაცისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება მეუბნებოდა, ბაბუაშენი ვარო და რომელმაც გამზარდა?! მადლობა იმისთვის, რომ ტყუილში გამზარდა, ვირივით მამუშავა, ერთი მხიარული დღე არ მაჩუქა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მაინც დამიტოვა არჩევანი – ვიცხოვრო ისე, როგორც ვცხოვრობდი, ან ნძრევით მოვკვდე.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.