• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ექსპრესიონისტული მანიფესტი

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2161

მე ვიყავი სამოთხეში, სადაც ვნახე პაპა კარლო, პინოქიო, შევარდნაძე და კიდევ გაზის მხრჩოლავი ბალონები. არც ისე კარგი იყო მოსასვენებლად და არც ისე საიმედო და საინტერესო. თუმცაღა შესასვლელში დიდი ასოებით, გამოკვეთილად, ეწერა "სამოთხე", ამიტომ დავიჯერე.

 

 
მე ვიყავი "სამოთხე 2"- შიც, სადაც ვნახე უამრავი მდიდარი ხალხი ერთად შეყრილი. ეს იყო ერთგვარი მომავლის სამოთხე, 2050 ან 2060 წლიდან. ყველა ერთბაშად ფიქრობდა ფულზე და ფულის შოვნის გზებზე. ყველა იყო უნიკალურად განსწავლული სხვადასხვა მეცნიერებებსა და ბიზნესში. მე არ ვიცი, რას საქმიანობდა ეს ხალხი, თუმცა შენობები იყვნენ საოცრად მოწყენილნი და შესასვლელში აქაც გამოკვეთილად ეწერა "სამოთხე", ამიტომ დავიჯერე.

 

 

 
მე შემიძლია ვიყო მასობრივი მკვლელობის მონაწილე, ან უფრო შემსრულებელიც.

 

 

 
მე შემიძლია გავხდე კილერი, რომელსაც შეიყვანენ გინესების წიგნში და იგი არასდროს იქნება დავიწყებული.

 

 

 
დიახ, მე შემიძლია ყოველივე ეს, რამდენიმე წამში, ფუნჯის რამდენიმე მოსმაში, ან რამდენიმე დაწერილ სიტყვაში.

 

 

 
ჩემი მსხვერპლი  იქნება საქმიანი, ზომბირებული ხალხი, მე მათ შუადღეს მოვკლავ, პირდაპირ საკუთარ სამსახურებში, ოფისებში, ან სახლებში აუარებელი ფულით გასუქებულთ.

 

 

 
ჩემი მსხვერპლები იქნებიან უსაქმურები, რომელთაც დღედაღამ ერთი ფიქრი აქვთ, იშოვნონ ცოტა ფული და კარგად გამოთვრნენ. მე მათ მოვკლავ შუა ღამით, როდესაც ისინი სიმთვრალის ან კაიფის კულმინაციაში იქნებიან.

 

 

 
ჩემი მსხვერპლები იქნებიან კაზინოს მოთამაშეები. მე მათ მოვკლავ საღამოს. აზარტში შესულებს. პირიდან დორბლ მომდინარეებს. გააფთრებულებს და ჯეკპოტის მოლოდინში.

 

ჩემი მსხვერპლი იქნება განათლების მთელი სამინისტრო, რადგან ის არის განათლების სამინისტრო. ერთგვარი მოწყენილი ჩარჩო, რომელიც "სამოთხე 2"-შიც იყო და ისვენებდა. მე მას მოვკლავ რამდენიმე ათეული წლით ადრე ჩემს დაბადებამდე. მე მას ყველაზე სასტიკად მოვკლავ.

 

 
მე მოვკლავ აწ გარდაცვლილ საბჭოთა სისტემას. აქ დომეინი მთლიანად ჩემი სუბიექტური მიზეზები იქნება. მე მას მოვკლავ სტალინში, ბერიაში, ხრუშჩოვში და სხვებში. მე მათ მოვკლავ საუკუნეების წინ.

 

 

 
ჩემი მსხვერპლი იქნება ამერიკის ყოვლადწმინდა შტატები, თავისი ბეიბერებით და სენატორებით, ზომბირების ერთგვარ მანიპულატორებს. მე მათ მოვკლავ ყოველდღე, ყოველღამე, ყოველ საათს, ყოველ წამს, რადგან ამერიკაში გაცილებით ხშირად ცდილობენ ჩვენს მოკვლას ფულით.

 

 

 
ჩემი მსხვერპლი იქნება ყველა უმიზნო რევოლუციონერი, რომელსაც ბავშვობაში, იმის გამო, რომ მამა ხშირად სცემდა, გაუჩნდა უმიზნო პროტესტი, გადაწყვიტა მოეკლა მამამისი, მაგრამ ვერ მოკლა, ამიტომ ათასი უაზრობით შეფუთა თავისი სამომავლო მიზნები და დაიწყო ფსევდორევოლუცია.

 

 

 
ჩემი მსხვერპლი იქნება მამამისიც, მე მას დედამისში მოვკლავ, ორსულობის დროს, დედამისთან ერთად.

 

 

 
მე კიდევ უამრავი მსხვერპლი შემიძლია მყავდეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო და ამავდროულად საკმაოდ აზრობრივი და საერთო ფონის შემქმნელი.

 

 

 
მკვლელობის უამრავი ალტერნატივა მაქვს. ეს შესაძლებელია ფერთა მარტივი სიმბოლიკით, ან ერთი უბრალო ჩანახატით, ან თუნდაც ამ მანიფესტით, რომელიც საკმაოდ სახიფათო, მიზანიმიართული და სისხლში გასვრილია.

 

 

 
და არა მარტო...

 

 

 
მე შემიძლია დავხატო იესო გაღუნული, ჩაიდანზე მჯდომი, ან კარტით მოთამაშე და ისიც ყველასთან ერთად მოვკლა.

 

 

 
მე შემიძლია დავხატო ღმერთის სიშიშვლე, რომელშიც დამნაშავე ისევ და ისევ თვითონ არის.

 

 

 
მე შემიძლია შევქმნა "სამოთხე 3"-ის მოდელი, რომელშიც ვიყავი, რომელშიც ამჯერად დამხვდა ღმერთი, რადგან ჩემი მეილი მიიღო და წაიკითხა და რომელიც ჩემი მისვლისთანავე სადღაც გადაიხვეწა, სადღაც უფრო მეტ სამოთხეში, უფრო ზემოთ და ამ ქვესამოთხეებში დამტოვა. "სამოთხე 3"-ში იყვნენ ისინი, ვინც ისედაც არიან ხოლმე რეალობაში, ვისაც ყოველდღე ცვლიან ახლები და ვინც აწარმოებენ ადამიანების მთელ ახალ კოლონიებს. "სამოთხე 3"-ში იყო უამრავი კომპიუტერი, იყო მეტრო, რომელიც პირდაპირ ღრუბლებში დააქროლებდა, იყო კოკსის მთები, ქალთა აბსტრაქტული, შავი პირამიდები. "სამოთხე 3"-ში იყო ჩემი თავიც, სახე მიწის ფერი ჰქონდა, ხელების მაგივრად ტოტები, პირი ამოკერილი, ფეხები მოკლე და მახინჯი, ის თითქმის არ მოძრაობდა, ის პირველი და მეორე სამოთხეებიდან გამოაგდეს და ახლა ანგელოზებთან ერთად უშვებდნენ ქვესკნელში საპირფარეშოების დასალაგებლად. იქნებ, იქ მაინც ჰპოვოს სიმშვიდე, გავიფიქრე და გავქრი.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული