სიყვარული





პოეზია

სიყვარული




ბლანტი წყალია, 
ფსკერზე ურჩხულებს მშვიდად სძინავთ, 
ვერ გააღვიძებ! 
მათი სიზმრები ლურჯია და ნარინჯისფერი.
ხოლო ნაპირთან პირანიები ბინადრობენ, 
წამში ყლაპავენ ყველაფერ ცოცხალს, 
ძვლებსაც კი ხრავენ. 
თითის ჩაყოფა არც გაბედო, 
დაუფიქრებლად მოგაკვნეტენ. 
მათ თავიანთი ჩვეულება აქვთ, 
ვერ იტანენ, როცა ვინმე პირობას არღვევს,
თუკი ერთხელ მოგთხოვეს სისხლი,
მთელი ცხოვრება ვერ დაეხსნები. 
ამ ნაპირებსაც ვერ მოშორდები, 
ყოველ წელიწადს უნდა იარო. 
ნეტა იცოდე, როგორ ხარბად შეექცევიან
ამ უვარგის სისხლს გენეტიკური შიზოფრენიით, 
გენეტიკური სიმშვიდით და მცირეოდენი ებრაული წარმომავლობით. 
ისე ტკბებიან, თითქოს მართლაც მესიის სისხლში ბანაობდნენ. 
ესეც მათი ზიარება. 
ესეც მათი უჩვეულო რელიგია.
მერე იტყვიან სექტააო,
არადა მათთვის გადარჩენის ჭეშმარიტი გზა ასეთია,
ვერაფრით გადაარწმუნებ, რომ შეცდნენ. 
ზოგჯერ ძნელია მეც დამარწმუნო მათ სიმცდარეში,
როდესაც კაბას მუხლამდე ვიწევ, 
ათასობით პირანია ჩემსკენ მოიწევს, 
ფეხზე რომ ვიხდი პირებს აღებენ – მათი ხახა უფსკრულია,
თუ შიგ თამამად ჩაიხედავ, ისიც გიყურებს. 
თვალს ვეღარ მოწყვეტ მათ მეწამულ, დამშეულ პირებს. 
ნეტავ განახა, როგორ ვვარდები ამ უფსკრულში ფეხისწვერებით.
ათივე თითი მათი წმინდა გრაალია. 
აი, დანაყრდნენ. ფსკერზე მთვლემარე ურჩხულების
ნარინჯისფერი წარმოსახვები გაცილებით უსაფრთხოა,
ვიდრე მათი შიმშილი და უგუნებობა, 
ვიდრე მათი ნაცრისფერი ანარეკლი 
მოკვდავის თვალში. 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.