ჰენრი როლინზის პატარა რიტუალები





პროზა

ჰენრი როლინზის პატარა რიტუალები




თარგმანი: ალექს ჩიღვინაძე
 
ჰენრი როლინზი (Henry Rollins, ნამდვილი სახელია - Henry Lawrence Garfield, დაიბადა 1961 წლის 13 თებერვალს) - ამერიკელი ალტერნატიული მუსიკოსი, ვოკალისტი, ავტორი სიმღერებისა, არტისტი spoken word-ის ჟანრში, ავტორი წიგნებისა (პროზა და პოეზია), ტელე და რადიოწამყვანი, მსახიობი. ცნობილია, როგორც ჯგუფების Black Flag და Rollins Band - ის ფრონტმენი. მოცემული ტექსტი ნაწყვეტებია კრებულებიდან "რკინა", "არტი და სულის შოკი", "ჩაგიფსით გენოფონდში", დაწერილია გასტროლებში. ქართულად ითარგმნება პირველად.
 
* * *
მე ვიყავი მამაკაცთა საპირფარეშოში, ერთ ისეთ მოზრდილ ავტოსადგომზე, სადაც შეგიძლია საწვავიც ჩაასხა, დაისვენო და დანაყრდე კიდეც. პისუართან დავინახე ექვსი მამაკაცი: მათ თითქმის სინქრონულად შეიხსნეს შარვლები და ამოიღეს ყლეები, თითქოს დახვრეტის ან მასონთა ხელის ჩამორთმევის საიდუმლო რიტუალს ასრულებდნენ. კაცები საპირფარეშოებში განსაკუთრებულად იქცევიან. ისინი ბევრს არ ლაპარაკობენ, მაგრამ თუ ლაპარაკობენ, მაშინ ისე ხმამაღლა, თითქოს უნდათ თქვან: "ჰეი, იცით მე არ მეშინია მამაკაცების საპირფარეშოში ლაპარაკის!" მათ თავი ყოველთვის ძალიან კაცურად უჭირავთ ტუალეტებში, აქაოდა არავინ იფიქროს პიდარასტები ვართო. აქ სუსტი არ არსებობს! ჩვენ მამაკაცთა საპირფარეშოში ვართ. ჩვენ ხომ ხელში ყლეები გვიჭირავს. ჩვენ ჩვენებურად ვეჯიბრებებით ერთმანეთს! დიახ! თვით ცოლის ან გოგოს კაბას ამოფარებული კაციც კი ტუალეტში მასკულინარობის მოსიარულე პრინციპი ხდება. ეს დროებითი კლუბია, სადაც კაცები მოფსმის საჭიროების გამო ერთიანდებიან.
 
* * *
ეს-ეს არის მოვრჩი სამსახურს. მე ვმუშაობ ნაყინის მაღაზიაში. ვასხამ ნაყინებს ვაფლის კონუსებში, ჭიქებში. ვდგავარ დახლს მიღმა, რაღაც ბარმენის პონტში. ვათვალიერებ ქუჩაში მოსიარულე ლამაზ გოგოებს. დღეს 11 საათი ვიდექი. ფეხები მტკივა. სამუშაო ეს-ეს არის დავასრულე, ღამის 11 საათზე. მშია და მივდივარ ერთადერთ ადგილას, რომელიც ღიაა, ((7-11)). ყოველ ღამე ერთიდაიგივეს ვაკეთებ. ვზივარ მარტო ბარდიულზე და ვჭამ. ჩემს ბინაში უნდა დავბრუნდე. ბინაში - ნიშნავს სახლში. მე არ მინდა სახლში წასვლა. სახლში სიბნელეა და თავს საშინლად მარტოდ ვგრძნობ. სახლი - ძალიან ცივი ღამისგასათევია. ყველგან წავიდოდი, ოღონდ სახლში არა. ნაყინის მაღაზიაში დამატებით სამუშაო საათებიც კი ავიღე, რომ სადმე მქონოდა წასასვლელი. მივდივარ უკან ((7-11))-ში, რომ ვიყიდო კოლა. გზა გრძელია. არ მინდა სახლში წასვლა. ბინამ იცის, რომ მე მივდივარ. ბინამ იცის, რომ სხვაგან არსად მაქვს წასასვლელი. ბინა იღიმის. ბინა რთავს გათბობას და ელის როდის გავაღებ კარს. გამოვდივარ ((7-11))-დან და მივსეირნობ ვინსკონსინ-ავენიუზე. ნაყინის მაღაზიასთან ვჩერდები, რომ შევამოწმო დაკეტილია თუ არა კარი. მე ხომ ეს-ეს არის ვიშოვნე სამსახური. ვერ ვიტან ჩემს ცხოვრებას. ვერ ვიტან საკუთარ თავს. თავს არავისთვის საჭირო, შეშლილ, საცოდავ, გულგრილ და განწირულ ადამიანად ვგრძნობ. მივსეირნობ სახლისაკენ.
 
* * *
ფანჯარიდან ვუყურებ ბიჭებს ბარში. სიბნელეში ეწევიან, სვამენ. ისინი არ ცდილობენ ცხოვრებას. სვამენ და ჩხუბობენ. მოიწყენენ და ტირიან. სვამენ, ვერ იტანენ ვერაფერს. კბილებს აღჭრიალებენ, სვამენ, თავპირს ამტვრევენ ერთმანეთს და ცხოვრობენ ნელი სიკვდილით, რომელიც ოდნავ წააგავს სიცოცხლეს. ისინი სვამენ და საკუთარ მძღნერში იძირებიან.
 
* * *
მადონა. როცა მას ვუსმენ, ლუდი მინდება. მინდება მანქანით ვიქროლო და ვითამაშო კეგლი. მის გამო მინდა გავიქცე საყიდლებზე. მის გამო მინდა ვეგეტარიანელს პანჩური ვუთავაზო. როცა მისი სიმღერა მესმის, ვიცი, რომ ის მღერის ჩემთვის. ვგრძნობ რომ მას ჩემთან, რაღაც უხამსის ჩადენა სურს. როცა ვხედავ მის სახეს, მის თვალებს, ტუჩებს, ისინი მელაპარაკებიან, მიწვევენ. მასთან საზიზღარი ვხდები. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ძალიან ბევრჯერ უნდა ავიზიდო ტანი. შემდეგ როგორმე უნდა დავიცხრო ვნებები, უნდა დავმშვიდდე. მხოლოდ ცივი შხაპის მიღება მიშვეელის ან ბრიუს სპრინგსტინის ფირფიტა.
 
* * *
თქვენი ღმერთი - ტარაკანაა. თქვენ სუსტები ხართ და აუცილებლად უნდა ილოცოთ მათზე. ისინი - თქვენთან შედარებით გაცილებით სრულყოფილ სიცოცხლის ფორმას წარმოადგენენ. თქვენ მოტყნულები ხართ თქვენი იდიოტური მისწრაფებებით. თქვენ გჭირდებათ ფსიქოანალიტიკოსები, ტრანკვილიზატორები, შვებულება. იწყებთ ომებს, ჩადიხართ სუიციდს, იპარავთ, იტყუებით, თაღლითობთ. თქვენ სუსტები ხართ და გადარჩენის შანსი ფაქტიურად არ გაქვთ. თქვენ ხომ სულ დაკავებულები - დაათრევთ უზარმაზარ ტვინებს. იძულებულები ხართ ააშენოთ ციხეები, რომ თქვენმა თანამოძმეებმა არ მოგიღონ ბოლო. თქვენ ყველაფერს ანადგურებთ. გამუდმებულ შიშში ცხოვრობთ. თქვენ არ შეგიძლიათ ისე უბრალოდ და ლამაზად იცხოვროთ, როგორც ტარაკანებმა. იკეთებთ აბორტებს, დაკავებული ხართ უაზრო საქმეებით. თქვენ სუსტები ხართ. ტარაკანები - თქვენი ღმერთები არიან. იმის ღირსიც კი არ ხართ რომ მათ საცეცებს ემთხვიოთ. თქვენ გეზიზღებათ ისინი და გეშინიათ მათი. ისინი თქვენზე მეტნი არიან. თქვენ მათ თვალსაც კი ვერ უსწორებთ, გული გერევათ. თქვენ სუსტები - ხართ. ტარაკანები - თქვენი ღმერთები არიან. მიეცით მათ თქვენი საჭმელი. გააკეთებთ ამას თუ არა, ისინი მაინც მოგინელებენ თქვენ და თქვენს სისულელესაც. თქვენ მათ განადგურებას ცდილობთ, გაზითა და საწამლავით, ისევე როგორც თქვენივე მოდგმის. მაგრამ ტარაკანები ბრუნდებიან, მეტად გაძლიერებულნი და იმუნიტეტ შეძენილნი. თქვენ უყურებთ ტელევიზორებს, კეტავთ კარს, ყიდით სხეულს, ერთმანეთის დასასახიჩრებლად ახალ საშუალებებს იგონებთ. თქვენ სუსტები ხართ. ტარაკანები - თქვენი ღმერთები არიან.
 
* * *
მე მომწონს ჩემი თავის ტკივილები, ისინი ხომ ისეთი სუფთანი არიან. ყველაზე მეტად მომწონს ისინი, ბოლო დროს რომ დამჩემდა. ტკივილი მთელს თავში მივლის. ის არსაიდან ჩნდება. ტკივილი, როგორც უეცარი განათება აღწევს ჩემს თავში. თვალისმომჭრელი და სუფთა. მე ვხედავ ტვინში ცივ, ცისფერ ნამსხვრევებს. მათგან ჩემი თავი ფართოვდება, მიჭერს და იღებს საზიზღარ ფორმებს. ხანდახან ტკივილისაგან ვიკუტები. ის ტყვიასავით არის, შედის ჩემს ტვინში და კვალავს თავის გზას, იკლაკნება, როგორც გველი, დენის ჩამრთველში რომ შეაერთო. ხანდახან მგონია, რომ ვიღაც ცდილობს ჩემს თავში შეღწევას, ხანაც პირიქით თითქოს გარეთ გამოსვლას ლამობს, როგორც ამომავალი მზე, სანატრელი, მხურვალე. ის ანადგურებს თავის ტვინის უჯრედებს. გამუდმებით ტრიალებს და იხვევა სპირალად. შეიძლება ჩემს თავში ვირთხების კოლონიამ დაიბუდა და გადააქციეს ის მიუვალ, უღრან სოროდ სიზმრებისა და ჰალუცინაციებისთვის. ისინი მიიწევენ ჩემი ტვინის შუაგულში. ტკივილი მაძლევს ძალას და ცოდნას. მაიძულებს გაგებას, აღიარებას, მასთან შერწყმასა და სიამოვნებას. მე მომწონს ჩემი თავის ტკივილები.
 
* * *
მე მივეჩვიე ჩამეთვალა, რომ წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი - ჩემი მეგობრები იყვნენ. რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, რომ თუ მოვისურვებდი, შემეძლო მეიძულებინა ეს ხაზები, წრეზე ემოძრავათ. ეხლა დავჭკვიანდი. ჩემი მეგობარი - შავი, თეთრი და სწორი ხაზია. ჩემს ოთახში თავისუფალი ვარ. ფერები ინთებიან, როცა მოუნდებათ. ხაზები უხვევენ იქ სადაც მოუხერხდებათ. ჩემი ოთახის მიღმა კი ასე არაა, სწორედ აქ არიან თეთრი და შავი ჩემს მხარეს, ხოლო სწორი ხაზი - ჩემი არჩეული მიმართულებაა. მე ვიცი, როგორ მოქმედებს ის შენზე. მე ვიცი რას გრძნობ.
 
* * *
ვზივარ მაგიდასთან და ვუსმენ ქუჩიდან შემოსულ ხმებს. ქალაქის ხმაურს. შემიძლია წარმოვიდგინო ახალი ჯუნგლები თავის ცხოველებით, მცენარეთა სამყაროთი და კანონებით. აი ერთი ბარიგა უსტვენს მეორეს, თავის განსაკუთრებული მანერით. როგორც ჩიტები ხეზე. პოლიციის ვერტალიოტები, მოტოციკლეტები, ყვირილი, ჩხუბი, გასროლა. ბოლოს სირენის წივილი. მთელი ამ კაკაფონიის გამო ვკეტავ კარს და ვერ ვიძინებ მთელი ღამე.
 
* * *
მე მესმის, რატომ ცემენ ქმრები თავის ცოლებს. მესმის რატომ ცემენ შვილებს მშობლები. მესმის რატომ დებენ ფიცს და შემდეგ არღვევენ მათ, ივიწყებენ დაპირებებს და ინანიებენ. მე არ ვიცი, რატომ არ მესმოდა ეს ადრე. ეს ხომ ასე ცხადია. ეს მათ თვალებში იკითხება, ეს სიცრუე და ყველას მაგრად კიდია. მათ იპოვეს ყველაზე უსაფრთხო და ელეგანტური საშუალება რიგში დგომისა.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.