ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
არტი & ტექნოლოგიები

ბიო-არტი

ზურა ჯიშკარიანი
09.07.2011

   



[სტატია დაიბეჭდა ჟურნალში "Tabula Art"  .ტაბულა არტის საიტზე ნაწყვეტები დევს, აქ ვდებ მთლიან ვერსიას]


1. კომპიუტერი ჩვენი ფუნჯია, ორგანიზმი – ჩვენი ტილო

“ჩვენ არ ვქმნით სახე-ხატებს, ჩვენ ვქმნით ორგანიზმებს” წერდა 1920-იან წლებში ალექსანდრ სვიატოგორი, “ბიოკოსმისტური” პარტიის ფუძემდებელი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პარტიის მთავარ მიზნებად სახავდა მომავლის ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით პირადი უკვდავების მიღწევას (იმორტალიზმი),  კოსმოსში გადაადგილების თავისუფლებას (სივრცის დამარცხება) და გარდაცვლილების გაცოცხლებას (პლანეტარული სამართლიანობის აღდგენა).

იმავე მანიფესტში სვიატოგორი თავის თანამოაზრეებს მოიხსენიებს შემოქმედებად, რომელთა სამუშაო მასალა და ინსტუმენტები ცოცხალი უჯრედებია,  მიზანი კი ორგანიზმების შექმნა. ის თვლის, რომ ”პოეტი-ბიოკოსმისტი” არის სიცოცხლის მომღერალი, მეომარი სიკვდილის წინააღმდეგ ამბოხებულთა რაზმებში, რომელიც ილაშქრებს სივრცის დიქტატურის დასამხობად.  “მისი ქუსლებიც კი შეიარაღებული უნდა იყოს ტელესკოპებით” წერს სვიატოგორი “ახალ ხელოვანზე”,  გარეთ კი 1923 წელია.

მოგვიანებით ბიოკოსმისტების ამ საოცარმა პარტიამ მშრომელი კლასის გადმობირებაც კი სცადა ევოლუციური ავანგარდის რიგებში, მაგრამ ეს უკვე სხვა, არანაკლებ საინტერესო, თუმცა ტრაგიკულად დასრულებული ისტორიაა.

ამ უცნაურმა ჯგუფმა შექმნა მანიფესტი, რომელიც თავისი ფანტასტიურობის გამო ერთი შეხედვით შესაძლოა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ ის საოცრად აქტუალური და ადეკვატურია. საკმარისია თვალი მივადევნოთ უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში მეცნიერებისა და თანამედროვე ხელოვნების ფლირტს, მათ გადაკვეთაზე წარმოქმნილ ტერიტორიებს, შევისწავლოთ ამ ახალი სივრცის გეოგრაფია, შევამჩნიოთ მარტოხელა მუტანტები, წარმოუდგენელი, უნიკალური არსებები, ახალი, უცნაური პარადიგმები, რომლებიც უკვე სახლობენ ამ მიწებზე.

“აჩრდილი დადის პლანეტაზე, ბიო-ტექნოლოგიური რევოლუციის აჩრდილი” - ეს სტატია სწორედ ამ აჩრდილზე იქნება.

ჩვენ პერმანენტული რევოლუციის რეჟიმში ვცხოვრობთ. პოსტ-ინდუსტრიულმა, ტექნო-ინფორმაციულმა რევოლუციამ ბიოლოგიური მეცნიერებები ახალ დონეზე აიყვანა. გენეტიკური კოდის გაშიფვრამ, ახალი ტექნოლოგიების ზომების შემცირებამ, მათი სიმძლავრის გაზრდამ და ფასების შემცირებამ აბსოლუტურად რევოლუციურ სინთეტიკურ ბიოლოგიამდე,  გარაჟულ, ექსპერიმენტულ ბიო-ჯგუფებამდე, 2010 წელს კი უკვე პირველი ხელოვნური უჯრედის, ხელოვნური სიცოცხლის შექმნამდე მიგვიყვანა.

რა კავშირშია ეს ყველაფერი ხელოვნებასთან?

არტისტი იუჯინ თეკერის აზრით, ტერმინი “ბიოტექნოლოგია” გულისხმობს ბიოლოგიური ნაწილებისა და პროცესების ტექნოლოგიურ გამოყენებას. ძალზედ გავლენიანი ბრაზილიელი ბიო-არტისტი ედუარდო კაცი ბიო-არტს განსაზღვრავს როგორც ახალ არტ-ფორმას, რომელიც იყენებს სიცოცხლეს არა როგორც მეტაფორას, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი, ბიოლოგიური მნიშვნელობით. სხვა ბიოარტისტი მარტა დე მენეშესი თვლის, რომ ცილები და ცხიმები  ბიოლოგიური სკულპტურებია, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ახალი მიმართულება. ციფრული კომპიუტერული ტექნოლოგიების შერწყმა ცოცხალი სისტემების ბიოლოგიასთან ქმნის სივრცეს, რომელსაც არტისტი და დოქტორი როი ასკოტი “სველ ტექნოლოგიებს” უწოდებს.

ამ შემთხვევაში ხელოვნება სოციალური თუ ონტოლოგიური კომენტარის, კრიტიკის, სამყაროს უბრალო აღწერის თუ მოდელირების სფეროდან გადადის აბსოლუტურად ახალ სფეროში – ეს არის სიცოცხლის შექმნისა და დიზაინის კომპეტენცია. სიტყვა “შემოქმედი” მრავალსაუკუნოვანი მიგრაციის შემდეგ პოულობს ახალ სახლს, ახალ მნიშვნელობას. ხელოვანი მეცნიერია, სამეცნიერო ლაბორატორია – მისი ოდესღაც ფუნჯებით დასვრილი, ეხლა კი რობოტიზებული ხელსაწყოებით დატვირთული სახელოსნოა, რომელიც სავსეა სტერილური სინჯარებით, რომლებშიც იგი ინახავს ახალგამოყვანილ უწყინარ ბაქტერიებს ფერების საწარმოებლად, სხვადასხვაგვარი დნმ-ის ნაგლეჯებს ახალი ორგანიზმების დასაპროექტებლად და ახალ სინთეტურ ნარკოტიკებს უიქენდებზე დასატესტად.

იმ ხელსაწყოების ჩამონათვალი, რომლებსაც იყენებენ თანამედროვე ხელოვანები, ძალზედ მრავალფეროვანია - დაწყებული ფუნჯიდან და დამთავრებული ციფრული ვიდეოკამერებით. მათგან განსხვავებით, ბიო-არტისტები იყენებენ ბიოტექნოლოგიებს – გენეტიკურ ინჟინერიას, კლონირებას და ა.შ.

დიდია ხელოვანთა მიერ გამოყენებადი მასალების ჩამონათვალიც, დაწყებული ტილოდან და დამთავრებული ვებ-ინტერფეისით,  მაგრამ ბიო არტისტები იყენებენ უფრო მეტს - უჯრედებს,  ცოცხალ კანს,  დნმ-ს, პროტეინებს, ცილებს, ცხიმებს.

მოვყვეთ მაგალითებით:

ა] ჯო დევისი – “ვაგინალური პოეტიკა” და “მიკროვენუსი”

უკვე  დიდი ხანია NASA კოსმოსში გზავნის რადიოსიგნალებს, რომლებიც შეიცავენ კოდირებულ ინფორმაციას კაცობრიობის, ჩვენი პლანეტის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ამის გარდა NASA-მ გააგზავნა რამდენიმე ხომალდი, მათ შორის ერთერთი “ვოიაჟერი”, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერაც კი დაიტია თავის კოსმიურ საპრეზენტაციო სლაიდშოუში. ასეთი სახის პლანეტარული თვითრეკლამა მიზნად ისახავს უცხო ცივილიზაციებისთვის არა მხოლოდ ზოგადკულტურული დეტალების გაზიარებას, არამედ ჩვენი ფიზიოლოგიის პრეზენტაციასაც. ასე მაგალითად ხომალდ “პიონერს” თან გააყოლეს ევროპეიდული რასის წარმომადგენელი, შიშველი მამაკაცისა და ქალის გამოსახულებები.

გაგზავნილი სიგნალების უმრავლესობა ისეთი ვარსკვლავური სისტემებისკენაა მიმართული, რომ მათი სიშორის გამო ჯერ კიდევ არაა მისული ადრესატებამდე. ზოგიერთის მისვლას ჩვენ, ზოგიერთს ჩვენი შვილიშვილები, ზოგს კი მათი შვილიშვილებიც ვერ მოესწრებიან. მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. გაცილებით უფრო დრამატული არის ის, რომ ყველა მათგანს ახასიათებს ძალზედ სასაცილო, კონსერვატორული, კულტურული პროგრამირების შედეგად ჩანერგილი, ფაქტიურად სკოლის ასაკიდან გამაყოლილი ნაკლი - არცერთ გამოსახულებაზე, რომელზედაც წარმოჩენილი იყვნენ სქესები, არ იყო ნაჩვენები სასქესო ორგანოები, ერთში კი იმდენი მოახერხეს, რომ სასქესო ორგანო მარტო მამაკაცს აღმოაჩნდა.

არავინ იცის, თუ რა არგუმენტებით ხელმძღვანელობდნენ NASA-ს მეცნიერები აღნიშნული ქმედებისას, ადვილი შესაძლებელია უზრდელობადაც კი მიაჩნდათ გამოსახულებებზე სასქესო ორგანოების დატანა, მაგრამ ფაქტია, სხვა ჰიპოთეტური ცივილიზაციისადმი საკუთარი არსებობის შესახებ გაგზავნილი ინფორმაცია არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას ან თუნდაც მინიშნებას ჩვენი სასქესო ორგანოების შესახებ. იცნობდეთ - ჯო დევისი არის ის ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ეს ‘’აღმაშფოთებელი’’ ფაქტი. თუ წარმოვიდგენთ, რომ სადღაც ოდესღაც რომელიმე შორეული ცივილიზაცია შეძლებს ჩვენი სიგნალების დაჭერას და გაშიფვრას,  მათ ეცოდინებათ, რომ ჩვენ უსქესო ორფეხა არსებები ვართ. ჯო დევისი ხუმრობს: ”მერე უკვირთ, რატომ ატარებენ უცხოპლანეტელები სექსუალური სახის ექსპერიმენტებს”.

ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად დევისმა გადაწყვიტა ოთხი უახლოესი მზისმსგავსი ვარსკვლავისკენ რადიოსიგნალის სახით ვაგინის გამოსახულება გაეგზავნა. ეს ვარსკვლავები დედამიწისგან 10-იდან 40-მდე სინათლის წელიწადით არიან დაშორებული. პროექტისთვის დევისს თითქმის იდეალური ჯგუფი ყავდა,  კარგი იუმორის გრძნობით, ცნობისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით აღჭურვილი არქიტექტორები, პროფესიონალი მოცეკვავეები, ინჟინრები, ელექტრიკოსები, ფილოსოფოსები და მხატვრები. თუმცა, სამწუხაროდ, რადიოტრანსლაციის დღეს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა აკრძალა სამუშაოების გაგრძელება. მაგრამ ყველაზე სახალისო ცნობა არის ის, რომ, როგორც დევისის ჯგუფის წარმომადგენლები ამბობენ, მათ მაინც მოასწრეს რამდენიმე საცდელი სიგნალის გაშვება – სანამ პატივცემული მისტერ ვაგინალური პარანოია ანუ სამხედრო-საჰაერო ძალების ზემოთნახსენები პოლკოვნიკი პროექტს ოფიციალურად დახურავდა.

საპასუხოდ, დევისმა ახალი პროექტი წამოიწყო, სახელად “მიკროვენუსი”, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს სტატიასთან, რადგან ის ერთ-ერთი  პირველი ექსპერიმენტული არტ-პროექტია, რომელიც უშუალოდ დნმ-ის ფორმით იქნა წარმოდგენილი.

დევისმა გადაწყვიტა ინფორმაცია ბიოლოგიურ მატარებელზე ჩაეწერა. მან იცოდა, რომ არსებობენ ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ არსებობა სიცოცხლისთვის ყველაზე აუტანელ პირობებშიც, კი. ასეთ ბაქტერიაზე ჩაწერილი კოდირებული ინფორმაცია ფაქტიურად უკვდავია და რა თქმა უნდა გაცილებით უფრო გამძლეა, ვიდრე თანამედროვე (განსაკუთრებით დევისის მიერ განხორციელებული პროექტის თანამედროვე (80-იანები)) მყარი დისკები.

ბიოლოგიური მატარებელი მასში ჩაწერილი ინფორმაციით ასეთივე წარმატებით შეიძლება გააგზავნო კოსმოსში. დნმ-ში ჩაწერილი ინფორმაცია შესაძლებელია თაობების განმავლობაში გადაეცემოდეს სახეობას. ფაქტიურად დევისმა ამით ინფორმაციის გადაცემისა და შენახვის ახალ მეთოდს მიაკვლია. ბაქტერია, თავიდან იქნა აღმოჩენილი, როგორც პოტენციური ცოცხალი ბიოლოგიური არქივი,  მუზეუმი.

ჯო დევისმა უმარტივესი ბაქტერიის დნმ-ში შეძლო ჩაეკოდირებინა გრაფიკული სიმბოლო, რომელიც ქალის გენიტალიის სიმბოლოა და ამავდროულად ემთხვევა ძველი გერმანულ რუნას, რომელიც აღნიშნავს დედა- დედამიწას.

სამწუხაროდ ასეთი ბაქტერიული გზავნილისთვის დევისს მაშინ ფული არ აღმოაჩნდა. თუმცა ამის მიუხედავად,  მან შექმნა საფუძველი ახალი ხელოვნებისთვის - ბიო,  ტრანსგენური არტისთვის და ძალიან საინტერესო და გამომწვევი იდეები დაუტოვა დასამუშავებლად მომავალ თაობებს.


ბ] ედუარდო კაც-ის “დაბადება”

მეცნიერება თანამედროვე ხელოვნების ავანგარდია ან პირიქით. მაგრამ ხელოვნება არ არის ზუსტი მეცნიერება, ის უფრო პირადი, არადოგმატური, ხშირად სპეციალურად  შეცდომითი კვლევაა. შესაბამისად ხელოვანი მეცნიერულ ველში ორმაგად საინტერესო მოვლენაა, რამდენადაც ხშირად მომავლის არასტაბილური, საეჭვო აჩრდილების დატესტვა პროფესიონალი მეცნიერისთვის ეთიკური ან პროფესიული მარგინალიზაციის ზონაა. მაგრამ ეს მაღალტექნოლოგიური მარგინალური ზონა იდეალური პერვერტული სივრცეა თანამედროვე ხელოვანისთვის.

არტისტი და კრიტიკოსი სტეფენ ვილსონი ჯერ კიდევ ათეული წლების წინ განიხილავდა ხელოვანის ახალ ექსპრიმენტალურ როლურ მოდელს - ხელოვანი, როგორც მკვლევარი, მეცნიერი. სახიფათო ზონების ტარკოვსკისეული სტალკერი. ადამიანი, რომელიც ცდილობს ათასობით წლების განმავლობაში დაგროვილი არტისტული მეთოდების და სასაზღვრო მეცნიერული კვლევების მონაცემთა სინთეზით შეამოწმოს სავალი გზები დანაღმულ ველზე.

1999 წელს ედუარდო კაცმა თავისი ინტერდისციპლინარული ინსტალაციით "დაბადება" სათავე დაუდო ახალ მიმდინარეობას სახელად - ტრანსგენური არტი (ბიო არტი-ს მეორე სახელი).
პროვოკაციული ინსტალაციის "დაბადების" კონცეპტი ერთდროულად მოიცავს რელიგიას, ინტერაქტიულ, ინტერნეტ არტს და გენეტიკური მეცნიერების მიღწევებს 1999 წლისათვის. 1999-ც სიმბოლურად დაემთხვა. დასავლური სამყაროს მილენიუმის ბოლო წელი.
კაცმა თავისი კონცეფციის გამხმოვანებელ ტიტრად აიღო ფრაზა ინტერნეტში განთავსებული ბიბლიის პირველი წიგნიდან "დაბადება".
მეექვსე დღეს, როდესაც ღმერთი გადაწყვეტს ყველაზე "ცუდი ცხოველის" გაჩენას, დაბადება იუწყება: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს”.
სწორედ ეს, ადამიანის "ბუნების მეფედ" გამომცხადებელი ფრაზა აიღო ედუარდო კაცმა თავისი ნაშრომისთვის.
არტისტული სამუშაოს შემდეგი პროცესი დაახლოებით ასეთი იყო: ინგლისურ ენაზე დაწერილი ბიბლიური ფრაზა ედუარდომ გადაიყვანა მორზეს ანბანში, მორზეს ანბანის ხაზებად და წერტილებად წარმოჩენილი ფრაზა კი გადაიყვანა უკვე დნმ-ის ბლოკების ენაზე და ასეთი სახით რეალურ დროში ჩაწერა უმარტივესი ბაქტერიის E.ცოლი-ს დნმ-ში. ამიერიდან გენეტიკურ კოდად გადაქცეული ბიბლიური ფრაზა გახდა ინსტალაციაზე წარმოჩენილი ბაქტერიის ბუნებრივი ნაწილი. ბიბლიური ბაქტერია მოთავსებული იყო დარბაზის შუაგულში და მის სანახავად მოსულ ან ინტერნეტით ჩართულ ადამიანს უნდა გაეკეთებინა არჩევანი - ან აენთო ულტრაიისფერი განათება, რომ დაეთვალიერებინა ბაქტერია, ან არა. არჩევანის მთავარი შინაარსი იყო, ის რომ ულტრაიისფერი ნათურის ანთება იწვევდა ბაქტერიის მუტაციებს გენეტიკურ დონეზე, ანუ ამავდროულად მუტაციას განიცდიდა მის გენეტიკურ ნაწილად ქცეული ბიბლიური ფრაზაც, რომელიც არტისტმა ბიბლიის ინტერნეტ ვერსიიდან გადმოაკოპირა. ყველა გაგებით ‘’ცოცხალი’’ ინსტალაციის ფინალური ნაწილი იყო ბიოლოგიურ ორგანიზმში ჩაწერილი ინფორმაციის "უკან დაბრუნება". ანუ ამჯერად დნმ-დან ინფორმაცია გადაიყვანეს მორზეს ანბანში და მორზეს ანბანიდან ინგლისურში. საინტერესო იყო, რომ ფრაზა შეიცვალა, მუტაციებმა რომლებიც განიცადა ცოცხალმა ორგანიზმმა შეცვალეს სიტყვები თავდაპირველ მესიჯში, გადაანაცვლეს ასოები.

რა თქმა უნდა ასეთი "პერფორმანსი" ბევრ კითხვას აჩენს - ეს არტია? ეს ეთიკურია? რისი თქმა უნდოდა არტისტს? ეს ადამიანური ყოვლისშემძლეობის იდეის დაცინვაა თუ ამ იდეის გაფეტიშება? როდის მოვა ის დღე, როდესაც აკრძალული ინფორმაციის საზღვრებზე გადატანა შესაძლებელი გახდება საკუთარი სისხლით, კანით? გახსოვთ ჯონი მნემონიკი, რომელსაც ტვინით დაქონდა აკრძალული ინფორმაცია და სასოწარკვეთილად არ ჰყოფნიდა გეგაბაიტები? ასეთი სახის პრობლემა არ შეექმნებათ ახალი დროის მნემონიკებს, თუ ისინი ინფორმაციას გადაინახავენ საკუთარ გენეტიკურ კოდში. მასზე ცოტა ქვევით.

გ] მარტა დე მენეზიშის  "ბუნება?"

მარტა დე მენეზიშმა შექმნა უნიკალური არტ პროდუქტი: პეპლების განვითარების ბიოლოგიურ მექანიზმებზე ზემოქმედების შედეგად დაიბადა პეპელა უნიკალური ფრთის დიზაინით. დიზაინით, რომელიც მანამდე ბუნებაში არ არსებულა. მარტამ შექმნა პეპლები, რომლებსაც ჰქონდათ ერთი ბუნებრივი,  გენეტიკური ფრთა და მეორე ოდნავ ასიმეტრიული, ხელოვნური ჩარევის შედეგად მიღებული.

საინტერესოა ისიც, რომ დე მენეზიშმა არ დაარღვია ევოლუციური დინამიკა, ანუ არცერთი შეტანილი ცვლილება არ გადავა მემკვიდრეობით.

დე მენეზიშის მიერ გამოყვანილი ყოველი პეპლა უნიკალური არსებაა, უნიკალური მოხატულობებით ფრთებზე, რომლებიც ბუნებაში არ მოიპოვება და მისი ნახვა შეუძლებელი იქნება მოცემული ორგანიზმის გაქრობის შედეგად. მაგ. ახლა, როდესაც ამ სტატიას კითხულობთ, ისინი უკვე აღარ არსებობენ.

ესეში “ლაბორატორია, როგორც სახელოსნო” ის წერს: "ხელოვნების ამ ფორმას გააჩნია საკუთარი ხანგრძლივობა და ის შემოსაზღვრულია პეპლის არსებობის ხანგრძლივობით. ეს არის ხელოვნების ფორმა, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხლობს და კვდება. ეს ერთდროულად ხელოვნებაცაა და სიცოცხლეც. არტი და ბიოლოგია."

არტისტი ჰანთერ ქოული ქმნის ნახატებს მანათობელი ბაქტერიებით, ავსტრალიელი გენიოსი სტელარკი ხელში იზრდის მესამე ყურს რომელიც აღჭურვილია ბლუთუსით, მიკროფონით და ინტერნეტ-წვდომით, იგივე ედუარდო კაცი ქმნის ყვავილს, რომელიც ჩვეულებრივი ყვავილისა და არტისტის დნმ-ის ჰიბრიდია,  მუსიკოსები ქმნიან გენომურ მუსიკას, ჯგუფი “ბიოკინო” აკეთებს “ცოცხალ ეკრანებს”, რომლებიც მუტირებენ და იცვლებიან ვიდეო-გამოსახულების ცვლილებებთან ერთად ...



რამ გამოიწვია ეს რევოლუციური ტალღა? შეიძლება თუ არა არტისტი ერეოდეს “სიცოცხლეში”? რა არის სიცოცხლე? რა არის ბუნებრივი და რა ხელოვნური? რას ნიშნავს ბაქტერიის დაპროგრამება? დნმ-ში სიტყვების კოდირება? ბაქტერია კომპიუტერია? დნმ მანქანაა? სად მთავრდება არტისტი და სად იწყება მეცნიერი და პირიქით? სად არის აქ ეთიკის ადგილი? არსებობს თუ არა ბიო-საფრთხე, არსებობს თუ არა ბიოპოლიტიკა? და საერთოდ,Aარსებობს თუ არა ბიო არტი?

2. ჩვენ არ ვქმნით სახე-ხატებს, ჩვენ ვქმნით ორგანიზმებს და Mycroplasma mycoides JCVI-syn 1.0  არის პირველის სახელი

“თავდაპირველად იყო კოდი და კოდი იყო ღმერთთან; ძალიან მალე ბევრი მივიდა დასკვნამდე რომ კოდი თავად იყო ღმერთი” 
მარკ პესკე
“ჩვენი მომავლის ფუტურისტული თეატრი იქნება: სინთეტიკური!”
 მარინეტი, სეტიმელი და კორა, “ფუტურისტული სინთეტიკური თეატრი”

“GATCAATGAGGTGGACACCAGAGGCGGGGACTT” კოდის ნაწყვეტი ადამიანის გენომიდან. 
ავტორი უცნობია

ბიოლოგიური ორგანიზმი მანქანაა. ძალიან რთული, წარმოუდგენლად მაღალორგანიზებული, მაგრამ მანქანა. დნმ-ი საინსტრუქციო სახელმძღვანელოა,  კოდი,  ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მორიგი ორგანიზმის არსებობის, აგებულების და განვითარების შესახებ.
ყველაზე კარგად ამ მარტივ ჭეშმარიტებას ბიოლოგიის ახალი რევოლუციური დარგი – სინთეტური ბიოლოგია ხვდება.
სინთეტური ბიოლოგია მრავალდისციპლინარული სივრცეა და ჩემი ნება რომ იყოს, მთელ ამ დარგს თანამედროვე, ახალი ან მომავლის ხელოვნების ისტორიაში ჩავწერდი, რამდენადაც ის გულისხმობს ინჟინერიისა და არქიტექტურის მეთოდების გადმოტანას გენეტიკასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში ყველაზე თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების, კომპიუტერის და უსაზღვრო ფანტაზიის დახმარებით.

ენდრიუ ჰესელი  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრესტიჟული  “სინგულარობის უნივერსიტეტისთვის” ზოგად ლექციაში სინთეტიკური ბიოლოგიის შესახებ ამ მიდგომას ასე გამოხატავს:
ჩვენ შეგვიძლია ბიოლოგიურ სისტემებს შევხედოთ როგორც კომპიუტერულ ქსელებს. უჯრედები – ინფორმაციული პროცესორებია. დნმ – პროგრამირების ენაა. ბაქტერიები, ორგანიზმების მრავალფეროვნება – აპლიკაციებია. ბარიერები სახეობათა შორის – ფაიერვოლებია.
შესაბამისად, თუ დნმ-ი პროგრამირების მორიგი ენაა, ხოლო უჯრედები ინფორმაციული პროცესორებია – ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ეს ენა და გავხდეთ სიცოცხლის პროგრამისტები.
სინთეტური ბიოლოგია უკვე საკმაოდ ძლიერი მოძრაობაა. ყოველწლიურად აშშ-ში ტარდება “გენეტიკურად ინჟინერული მანქანების” ფესტივალი, სადაც სტუდენტური ჯგუფები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბაქტერიების დაპროგრამებაში.
ძალიან საინტერესო ხასიათი მიიღო ე.წ. DIY [Do It Yourself] ბიო-ჯგუფებმა. ეს ახალგაზრდული, არადოგმატური, გარაჟული სახის ჯგუფებია, რომლებიც თავისი ძალებით ცდილობენ “სიცოცხლის კოდის” დაჰაკვას. მაგალითისთვის შეგიძლიათ გაიხსენოთ კომპიუტერული რევოლუციის ვიზიონერები – სტივენ ვოზნიაკი და სტივ ჯობსი, ბილ გეითსი და გუგლის ბიჭები თავიანთი კარიერის დასაწყისში. ჰაკინგის ეს ახალი ფორმა პოტენციურად უდიდესი ძალაა, რამდენადაც როგორც ჰესელი ამბობს, რაც უფრო მეტად გადის დრო უფრო იაფი ხდება ბიოტექნოლოგიები. იგივე გენეტიკური კოდის გაშიფრვა თუ ადრე მილიონობით დოლარი ჯდებოდა, რამდენიმე წელიწადში, ტექნოლოგიების განვითარების ასეთი ტემპების მიხედვით, ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე.
ამის გარდა სინთეტურ ბიოლოგიას ერთი დიდი პლიუსი აქვს. მან ციფრული, კიბერპანკ-ჰაკერული კულტურიდან ე.წ. “ღია კოდის”, Open Source-ს კონცეფცია აიღო. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ჯგუფის კვლევა და მიღებული პროდუქტის კოდი  ღიაა სხვა ჯგუფებისთვის. ასე რომ განვითარება ორმაგად სწრაფია, რადგან ჯგუფებს არ უწევთ ველოსიპედების თავიდან გამოგონება და ერთმანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით ვითარდებიან. ენდრიუ ჰესელი ამბობს რომ ლაბორატორიების ავტომატიზება და გაციფრულება ბიოლოგიაში გაუთვითცნობირებელ ადამიანსაც კი საშუალებას მისცემს შექმნას თავისი “ორგანიზმები” კომპიუტერის ეკრანზე. ის მას “Push Button Biology”-ს ეძახის. თუ ჩაიხედავთ მაიკროსოფტის მომავალი სამუშაო პროექტების ჩამონათვალში, აუცილებლად ნახავთ ასეთს - “პროგრამული ენა ცოცხალი უჯრედების გენეტიკური ინჟინერიისთვის”. იგივე ჰესელი თვლის, რომ მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიები აუცილებლად დაპატარავდება iPhone აპლიკაციებამდე. “სინთეტიკური ბიოლოგია – მომავალი IT ინდუსტრიაა”.


ჰესელის ხსენებული ლექციის შემდეგ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი გარღვევა, რომელსაც მისი პოტენციალური შედეგებიდან გამომდინარე ადამიანის მთვარეზე დაჯდომასაც კი ადარებენ. შარშან, 2010 წელს კრეიგ ვენტერმა შექმნა პირველი ცოცხალი ხელოვნური უჯრედი [Mycroplasma mycoides JCVI-syn 1.0 ], ახალი სიცოცხლე. ანუ თუ აქამდე ბიო-არტისტები და მეცნიერები არსებულ ბაქტერიებთან მუშაობდნენ, ვენტერის გამოგონების შედეგად, ფაქტიურად უკვე რეალურია აბსოლუტურად ახალი ორგანიზმების დაპროექტება. ვენტერმა შექმნა სინთეტიკური უჯრედი, რომელიც არ განვითარებულა ევოლუციური გზით, რომელიც არ შეუქმნია ბუნებას – ყველაზე დიდ ბიოარტისტს. უჯრედი, რომელიც აქამდე არასოდეს არსებობდა და რომელიც ცოცხალია, ოღონდ შექმნილია ადამიანის მიერ. “გენეტიკური ნათესავების ნაცვლად, ვისგანაც სხვა უჯრედი განვითარდებოდა, მისი მშობელი კომპიუტერია” - ამბობენ ვენტერის მეგობარი პროფესორები. ოდესღაც სამყაროში “პირველი სიცოცხლის” შექმნას მითები და რელიგიები აღწერენ,  “მეორე სიცოცხლის” შემნას კი ბიბისი და ნიუ იორქ თაიმსი აშუქებენ. “დააპროექტეთ საჭირო გენეტიკური მესიჯი სწორი წყობით, ჩასვით ის სწორ გარემოში – და ის გაცოცხლდება” - აცხადებს პრეს-კონფერენციაზე ვენტერის ჯგუფი.

აქ ჩნდება საინტერესო კითხვა: თუ მეცნიერება მივიდა იქამდე, რომ შესაძლებელია ”სიცოცხლის შექმნა”, ხოლო ბიო-არტისტები ცდილობენ კრეატიულად ან კრიტიკულად შეისწავლონ ეს ახალი შესაძლებლობები, ხომ შეიძლება ვინმემ სინთეტიკური ბიოლოგია, ეს არტ-მეცნიერული ჟანრი, ბიოტერორიზმისთვის გამოიყენოს?

რა თქმა უნდა შესაძლებელია და სწორედ ამ მომენტში თავსდება ეს სივრცე ბიუროკრატიული, პოლიციური რეგულირების პერსპექტივაში. თემა იმდენად ახალია, ხოლო მოსახლეობის დიდ ნაწილი იმდენად შორსაა ამ მიღწევებისგან, რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება მისი ადეკვატური გაანალიზება. თუმცა პირველი რეაქცია, რაც ჩნდება საგანთან ახლო გაცნობის შემდეგ, ძირითადად ადმიანებისათვის ჩვეული – სიახლის შიშია. და ასეთი “გაუგებრობის” პირველი შემთხვევაც უკვე მოხდა, როდესაც აშშ-ში ბიოტერორიზმის ეჭვით დააპატიმრეს ამერიკელი არტისტი სტივ ქართსი.ღამით ცოლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო გამოძახებულმა 911-ის გუნდმა არტისტის პირადი ლაბორატორია შენიშნა და შეშინებულმა შესაბამის ორგანოებს დაურეკეს. ლაბორატორია, ისევე როგორც ცოლის სიკვდილი, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, არავითარ კავშირში არ იყო ბიო-ტერორიზმთან. უბრალოდ რიგით პოლიციელებს წარმოდგენა არ ქონდათ, რომ შესაძლებელია გქონდეს პირადი ლაბორატორია პირადი ექსპერიმენტებისთვის, რომელსაც სტივი ხილზე და პროდუქტებზე აკეთებდა, რამდენადაც იმ პერიოდში არტ-ჯგუფი გენმოდიფიცირებული პროდუქტების დატესტვით იყო დაკავებული. ამ საქმეს დიდი გამოხმაურება ჰქონდა და ერთ-ერთი პირველი საქმე იყო, სადაც ბიოტექნოლოგიების პირად გამოყენებას სახელმწიფო კონტროლის სისტემა შეეხო, ხოლო გადაკვეთის წერტილი არტისტი აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ასეთ საქმეებს ახლო მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ, რამდენადაც ამ თემის ფართოდ განხილვა – არც არტში და არც საზოგადოებრივ დონეზე ჯერ არ მომხდარა.
არტისტს მოუწია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ სჭირდებოდა ლაბორატორია, რას ნიშნავს ბიო-არტი და რომ ხელოვნება მხოლოდ ფერწერა და თეატრი არ არის.
როგორც  ფილოსოფოსი ბორის გროისი წერს “ბევრი ავტორი – დაწყებული მიშელ ფუკოდან და ჯორჯიო აგამბენადან დამთავრებული ანტონიო ნეგრით და მიჰაელ ჰარტით  წერდა ბიოპოლიტიკაზე, როგორც ზონაზე, სადაც დღეს პოლიტიკური ნების მანიფესტირება და საგნებისთვის ფორმის შეცვლის შესაძლებლობის დემონსტრირება ხდება. სხვა სიტყვებით, თუ დღეს სიცოცხლე უკვე არ აღიქმება, როგოც ბუნებრივი მოვლენა, როგორც ბედისწერა, როგორც ფორტუნა, არამედ როგორც ხელოვნურად წარმოქმნადი და ორგანიზებული დრო, მაშინ თავად სიცოცხლე ავტომატურად პოლიტიზირდება, რამდენადაც ტექნიკური თუ არტისტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებიან სიცოცხლის გარდაქმნას, ამავდროულად უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებებია.”

ესეც ბიო-არტის საწყისი ფილოსოფია, რომელსაც წინ დიდი გზა აქვს განვითარებისთვის და ბევრი კითხვა, რომლებსაც ჭირდება პასუხი. კიბერპანკური, ციფრული პოსტმოდერნი იცვლება ახალი ჰიბრიდით, რომელიც მოდერნს და შესაძლოა, რენესანსულ კონცეფციებსაც კი ეთამაშება. ოღონდ გაცილებით ძლიერი ტექნოლოგიებით, მრავალფეროვანი კონტექსტით და ერთი შეხედვით ფანტასტიური, თუმცა სავსებით რეალური პოტენციალით. ზოგი თანამედროვე ფილოსოფოსი ამ ახალ პარადიგმას – მესამე კულტურას ეძახის, ზოგი ხელოვნებათმცოდნე კი – მესამე მოდერნს, 1920-იან წლებში კი ვინმე ალექსანდრ სვიატოგორი - ბიოკოსმიზმს ეძახდა.