სუპერმარკეტი კალიფორნიაში





პოეზია

სუპერმარკეტი კალიფორნიაში




თარგმანი: ქეთი თუთბერიძე

 

რამ გამახსენა შენი თავი ნეტა, უოლტ უიტმენ?!

შუა ქუჩაში, ხეების ჩრდილქვეშ მიმავალი, თავის ტკივილით

და ჩვეული თავდაჯერებით მთვარის სიმრგვალეს ვაკვირდებოდი.

შიმშილით დაღლილს, ნეონის შუქით განათებულ სუპერმარკეტში,

მაგონდებოდა შენი ლექსები.

ნახე, რამდენი ატამია, რამდენი ჩრდილი?!

ამ შუა ღამეს საყიდლებზე მოსული ხალხი!

შესასვლელები სავსეა ქმრებით!

ავოკადოს მთებთან - ცოლები! ბავშვები დგანან პომიდვრებთან!

შენ, ფედერიკო გარსია ლორკა,

რა დაგკარგვია საზამთროებთან?

 

თვალი მოგკარი მაშინ, უოლტ უიტმენ,

ბავშვის გარეშე, მარტოსული, ბებერი გლეხი.

საყინულეში ხელის ცეცებით ეძებდი უმ ხორცს

და დახლთან მდგომ ბიჭებს უთვალთვალებდი.

მესმოდა როგორ სვამდი კითხევბს:

„ვინ დაკლა ღორი კატლეტებისთვის?“

„რა ღირს ბანანი?“

„ნუთუ თქვენ ჩემი ანგელოზი ხართ?“

 

მე გზა ამებნა კონსერვების ბზინავ გროვაში, როდესაც უკან მოგყვებოდი,

სუპერმარკეტის დარაჯი კი ფეხდაფეხ გვდევდა.

და ორივენი, მიტოვებულ წარმოსახვაში არტიჩოკის ნაყოფის ღეჭვით,

ღია დერეფნებს მივუყვებოდით,

ხოლო გაყინულ დელიკატესს ისე ვსინჯავდით,

ერთი ცენტიც არ დაგვიხარჯავს. 

საით მივდივართ ნეტა, უოლტ უიტმენ?

ერთ საათში კარს ჩარაზავენ!

რომელ გზას ირჩევს დღეს შენი წვერი?

(შენს წიგნს ვეხები და ვოცნებობ ოდისეაზე სუპერმარკეტში,

და ვგრძნობ, ამანაც აზრი დაკარგა).

 

იქნებ ცარიელ ქუჩებში გვევლო, გვეხეტიალა?

ხეები ხეებს ესვრიან ჩრდილებს, ღამის სახლებში ქრება სინათლე.

იქნებ ორივე მარტოსული ვართ?

იქნებ წავიდეთ მყუდრო ადგილას,

და მაგისტრალზე, მანქანების რიგების გავლით,

გვეოცნება ამერიკაზე, ბოლო წვეთამდე რომ დაცლილა სიყვარულისგან.

 

ძვირფასო მამა, მარტოსულო, თეთრწვერიანო,

შენგან ვისწავლე სიმამაცე!

როგორი იყო ნეტა მაშინ შენი სამშობლო,

როცა ქარონმა ალმოდებულ ნაპირამდე გადაგიყვანა,

იქ დარჩენილი დიდხანს უმზერდი, როგორ ქრებოდა მისი ნავი ლეთეს შავ წყლებში.


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.