• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

უტოპია

×
ავტორის გვერდი ჰანს მაგნუს ენცენსბერგერი 00 , 0000 1867
თარგმანი: დათო ბარბაქაძე
 
ძლიერებით აღსავსე დღე მხრებში იშლება
და ბრჭყალებით მიმოფლეთს ღრუბლებს.
მერძევე თავის სარძევე სონატებს 
არაკუნებს: საქმროები ექსკალატორებით 
ზეცისკენ მიდიან: ველურად მძლავრად
დააქნევენ შავ და თეთრ ქუდებს.
ფუტკრები გაფიცულან. რწმუნებულები 
ღრუბლების გავლით ყირაზე დგებიან,
სამერცხულიდან რომის პაპები ჟღურტულებენ.
ყველგან გულაჩუყება და დაცინვა და
აღტაცება გამეფებულა. იალქნიან გემებს 
შედგენილი ბალანსებით კრავენ.
კანცლერი მაწანწალასთან კოჭს აგორებს
და ფსონად საიდუმლო ფონდს ჩამოდის. სიყვარული
პოლიციის მიერ ნებადართულია,
გამოცხადებულია ამნისტია
სიმართლის მთქმელთათვის.
ხაბაზები მუსიკოსებს ფუნთუშებს
ჩუქნიან. მჭედლები 
რკინის ჯვრებით ნალავენ
ვირებს. როგორც ამბოხს, 
უხუვლია ბედნიერებას და ლომივით ბრდღვინავს.
მევახშენი, ვაშლის ყვავილით 
და ბოლოკით შემკულნი,
გაქვავებულან. ხრეშად მიმოფშვნილნი,
ისინი შადრევნებს და ბაღებს რთავენ.
ცაში ყველგან საჰაერო ბურთები ადიან,
სალაღობო ფლოტი გასასვლელად უკვე მზად არის:
აბა, ადით, მერძევეებო,
სასიძოებო და მაწანწალებო,
გასწით! ძლიერებით აღსავსე 
დღე 
    მხრებში იშლება.
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული