ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა/ესსე

ფრაგმენტები პირადი გამოცდილებიდან

დათო ბარბაქაძე
01.08.2011

   


1. მე ვფიქრობ, ადამიანური ცივილიზაციის ის ფაზა, რომელსაც დღეს უკვე თითქმის სტერეოტიპულად მოიხსენიებენ, როგორც პოსტგუტენბერგულს, თეორიებისთვის და წინასწარმეტყველებებისთვის უფრო მეტ მასალას აგროვებს, ვიდრე – ხელოვნებისთვის. თუ ნარცისიზმი (იმ შინაარსით, რომლითაც ეს ფენომენი მაკლუენმა დატვირთა) ტექნოლოგიებთან ურთიერთობაში გახანგრძლივდა, ამის ერთ-ერთი არსებითი მიზეზი ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებელთა საზოგადოების უთანაბრო მატებასა და ამ ტექნოლოგიების განვითარების ტემპის დამოუკიდებელ რეჟიმს შორის დისბალანსშიც არის საძიებელი. მართალია, ეს თემა ციფრული ტექნოლოგიების სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის სფერო უფროა, ვიდრე – ესთეტიკის ან კრიტიკის, მაგრამ ასეთი კუთხით საკითხის დასმას მაინც შეუძლია ბევრი საკითხის ნათელყოფა.
2. ციფრული ტექნოლოგიების მომხმარებელთა საზოგადოების კოგნიტური კომპეტენციები ფუნქციონალურად ისევე იცვლება, როგორც ეს გუტენბერგის ეპოქაში ხდებოდა. როგორც ტრადიციულ, ისე პოსტტრადიციულ საზოგადოებებში საკომუნიკაციო ფუნქციების შინაარსი ხელშეუხებელი რჩება. მარტივად რომ ვთქვა, საზოგადოების საბაზისო მეტაფიზიკური და სოციალური ფუნქციები არ იცვლება, მხოლოდ მათი ინტენსიფიკაციის პროცესი ჩქარდება. შესაბამისად, საკითხის პირწმინდად ფილოსოფიურ ჭრილში განხილვას თუ მოვინდომებთ, ხელთ ფორმალურად სახეცვლილი, უფრო კი გაღარიბებული და სახალხო ჟურნალისტიკის კანონებზე მორგებული იგივე მეტაფიზიკური სისტემები შეგვრჩება, რომლებიც „ტრადიციული“ საზოგადოების ფუნქციონირების მექანიზმებს ნათელი გონებით აღწერდნენ (მარტო ჰობსის გახსენებაც კმარა; ან ლაიბნიცი რატომ უნდა დაბნეულიყო, მისთვის რომ ე. წ. პოსტგუტენბერგული საზოგადოებრივი კოსმოსის საფუძვლადმდებარე მექანიზმების შესახებ შეკითხვა დასვათ?). ჩემი აზრით, ყველა ტრადიციული მეტაფიზიკური ინსტრუმენტარი წარმატებით გამოდგება პოსტგუტენბერგული ეპოქის საზოგადოების ფუნქციონირების ასახსნელად.
3. ასეთი დაზუსტების აუცილებლობისკენ, არც მეტი და არც ნაკლები, სწორედ ნარცისიზმის ფენომენის თანამედროვე პრაქტიკული აპლიკაციები მიბიძგებს, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა არის ის, რომ ციფრული ტექნოლოგიები ადამიანური არსებობის საბაზისო ფუნქციებს ცვლის. ეს დაახლოებით იგივეა, დღეს რომ ვინმემ ამტკიცოს, მანქანამ ცხენი კი არა, დრო ჩაანაცვლაო. დღეს, როცა უკვე ტექნოლოგიური ეპოქის „სასწაულების“ ირგვლივ არსებულ ინფორმაციებზე მეტად ადამიანს „ადაპტირებული“ გაჯეტები უფრო დიდ სამსახურს უწევს, ის მტკიცებაც უშინაარსო გამოთქმად (საუკეთესო შემთხვევაში კი ცუდ გემოვნებაზე მიმანიშნებელ მეტაფორად) არის გადაქცეული, თითქოს კომპიუტერი დროს აჩქარებს. ტექნოლოგიურ ეპიცენტრებში ეს ბავშვური ასაკი გავლილია და გაცილებით მნიშვნელოვანია საკითხი „დაჩქარებული“ დროის ათვლის წერტილის და მიმართულების შესახებ, ანუ ახალი აქტუალობა შეიძინა შუმერული ენის სიბრძნემ, რომელშიც „თავისუფლებას“ დაესმოდა არა კითხვა „რა?“, არამედ კითხვა – „რა-საით?“. სოციუმში ახალი ტექნოლოგიების ფუნქციონირების აღმწერ ფილოსოფიას არანაკლებ აინტერესებს ის, რაც პოსტგუტენბერგულ ეპოქას გუტენბერგის ეპოქასთან აკავშირებს, ვიდრე განსხვავებები, რომლებიც ფუნდამენტურ შეკითხვებზე ერთმნიშვნელოვან პასუხებს ისევე ვერ იძლევა, როგორც – „ტრადიციული“ მეცნიერული კვლევები. მითუმეტეს, რომ „ახალი“ ტექნოლოგიების „მოქმედების“ არც დრო და არც სივრცე ერთადერთი არ არის და ის დრო, რომელიც საჩუქრად ეძლევა „ახალი“ ტექნოლოგიების რიგით მომხმარებელს, სულ მცირე, ჩამორჩება, მაგალითად, სამხედრო კვლევების სამყაროში ახალი ტექნოლოგიების განვითარების დროსას და მიზნებსაც.
4. პირადად ჩემთვის ფუტურიზმი, რომელიც ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება, შინაგანად უცხოა. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ პირადად მე ციფრული სამყაროს მიღწევებით შექმნილი ხელოვნება და მისი ფილოსოფია თითქმის არ მაინტერესებს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილი რეალობის (მაგალითად, ციფრული მიღწევების გამოყენებით შექმნილი ხელოვნების ან პროგრამების, როგორც ხელოვნების ნიმუშების) ესთეტიკით ტკბობას მოკლებული ვარ ან კომპიუტერზე, კომპიუტერულ პროგრამებზე და ინტერნეტზე დამოკიდებული არ გახლავართ ან ინტერნეტის პირწმინდად პრაგმატულ სარგებელს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩემი საჭიროების ფარგლებში, ყოველთვის ვცდილობ, ავითვისო და გამოვიყენო ციფრული სამყაროს მიღწევები. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ინტერნეტი და პროგრამები ჩემთვის მხოლოდ ინსტრუმენტებია სავსებით ტრადიციული სახელოვნებო და კოგნიტური ამოცანების გადასაწყვეტად და ჩემს საქმეში მათ ამაზე დიდ როლს არ ვანიჭებ. ხშირად ეკრანთან მუშაობა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე – წიგნთან (ეს უპირობოდ ეხება სალექსიკონო და ენციკლოპედიურ მასალას, ინფორმაციებს, და ამ დროს ბუნებრივად ვსარგებლობ ციფრული ტექსტის ორგანიზების ბევრი სიკეთით), გააჩნია სამუშაოს. მაგრამ მთლიანობაში, ყველა შინაარსი და საბოლოო მიზანი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც ციფრულ ტექნოლოგიებს ვიყენებ, ტრადიციულია, იქნება ეს საკომუნიკაციო თუ საარქივო, წიგნების დასაკაბადონებელი თუ ბევრი სხვა ფუნქცია.
5. ჩემი დაკვირვებით, მწერლები და არტისტები, რომლებიც ტექნოლოგიური ფუტურიზმის სულისკვეთებით იცავენ პოსტგუტენბერგულ რეალობას, განათლების დონით და გემოვნებით ბევრად ჩამორჩებიან იმათ, ვინც ასე არ იქცევა და უფრო კრიტიკულია ახალი რეალობის მიმართ. თუნდაც იმიტომ, რომ ის, რის გასავითარებლადაც უმდიდრესი ადამიანები მილიარდებს დებენ – თანაც დაჩქარებული ტემპით – და სახელმწიფოც თავისი ძლიერების ერთ მთავარ საყრდენად სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას მიიჩნევს, ბრიყვულ მდგომარეობას ჰპირდება ყველას, ვისაც გუტენბერგის სამყაროსგან პოსტგუტენბერგული რეალობის დაცვაზე უფასო ადვოკატის როლში ყოფნა უხარია. არის ამაში, ყველაფერთან ერთად, რაღაც შემაწუხებლად რეტროგრადულიც.
6. ფილოსოფიაში ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ იმის ახსნა, რაც ცხვირწინ გიდევს, უნდა ეძიო იმაში, რაც ცხვირწინ არ გიდევს. ჩემთვის, როგორც თავისუფლების მიმართულებით გეზაღებული მწერლისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემი გონების ჰიგიენას, რაც, პირველ რიგში, გამოიხატება ინფორმაციული სიჭარბისგან თავდაცვაში. ამ თვალსაზრისით, იმდენად ძველმოდური ვარ, რომ მიჯობს, ამ ძველმოდურობას დავჯერდე და ჩემი საკუთარი ცრურწმენები სხვების საუკეთესო რწმენებზე არ გავცვალო. მაგალითად, მე ბავშვობიდან არ ვუყურებ ტელევიზორს. ბოლო წლებში, ჩემგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო, ზოგჯერ მიწევს ჩართული ტელევიზორის თანხლებით ვახშმობა ან სადილობა. და მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ამ გზით ჩემს მეხსიერებაში, ჩემგან დამოუკიდებლად, უნდა შემოვიდეს ვინმე პრიმიტივი პარლამენტარის თუ მინისტრის, ქურდის, ყაჩაღის, მსხვერპლის, პროპაგანდის სამსახურში მყოფი ჟურნალისტების გვარ-სახელი ჩემთვის უინტერესო ინფორმაციულ ნაგავთან ერთად, უკვე უარყოფითად განმაწყობს ამ შემთხვევითი რეალობის მიმართ. ციფრული ტექნოლოგიების მიმართაც იგივე დამოკიდებულება, ცხადია, ვერ მექნება, სწორედ რომ პირიქით. ხოლო რაკი ამ უკანასკნელის შემთხვევაში საკუთარ ინტერესებზე და მიზნებზე ციფრული ტექნოლოგიების მორგება თავისუფლად შეიძლება, მეც შესაბამისად ვიქცევი. დიგიტალურ ლექსიკონებს ვიყენებ იმიტომ, რომ დროს მიზოგავს. ციფრულ ფორმატში არსებულ მხატვრულ ლიტერატურას ინტერნეტში ვკითხულობ იმიტომ, რომ წიგნის შესაძენი ფული არ მაქვს და ვერც ბიბლიოთეკაში მოვიძიე.
7. რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება იმის მტკიცება, რომ ციფრულმა ტექნოლოგიებმა სოციალურ-კულტურული კოსმოსი არ შეცვალა (ბოლოსდაბოლოს, რასაც ეს ცვლილებები შეეხო, იმასთან ურთიერთობა უკვე ისეთ შინაარსებს ბადებს, რომლებიც ცვალებადობის კანონს ვერსად გაექცევა). მე მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდა, რომ ვინც ისტორია ასე თუ ისე იცის (ფილოსოფოურ კლასიკას მხოლოდ სალექსიკონო მოთხრობების დონეზეც რომ იცნობდეს), ის ციფრული ტექნოლოგიების ბიზნესის მიღმა იოლად დაინახავს, რომ კაცობრიობის ისტორიაში უკვე მომხდარი ტექნოლოგიური აფეთქებების რიგში ციფრული ტექნოლოგიების სასწაულები მხოლოდ ერთ-ერთია. ბოლოსდაბოლოს, მანქანა იმიტომ არ მოუგონიათ, რომ მეცნიერი ტაქსის მძღოლად გადაიქცეს. არც ციფრული ტექნოლოგიების ჯინი ამოუშვიათ ბოთლიდან რჩეულთათვის, მას მილიონები მოიხმარენ.
8. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ დადგება დრო, როცა, უბრალოდ, აეკრძალება ადამიანს, მიერთებული არ იყოს მართვის ციფრულ (ან ზეციფრულ ან რაღაც ერთი შეხედვით სიურრეალისტურ) ცენტრებზე. მე აცდენილი ვარ ამ ჯოჯოხეთს და ვტკბები ჩემი თავისუფლებითაც და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითი ესთეტიკითაც, სულ ეს არის. დამწერლობის შწარმოშობის ძირითადი იმპულსი შეიძლება მართლაც ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის უკეთ გაკონტროლება და მისი შრომითი პოტენციალის უკეთ მართვა იყო. მაგრამ სადაც ტანკია, ნაღმსაც აუცილებლად იგონებენ. ამიტომ არსებობს გილგამეშიც ეპოსი. ეს კანონზომიერია და ციფრული ტექნოლოგიებით შექმნილ ხელოვნებასაც განვითარების საკუთარი გზა აქვს გასავლელი. მე ეს არ მეხება იმ აზრით, რომ ჩემი ესთეტიკა მთლიანად გუტენბერგის კოსმოსში არსებობაზეა ორიენტირებული და ჩემი ყველა არსებითი ესთეტიკური ტკბობა ტრადიციული, დასტამბული წიგნის სამყაროს უკავშირდება (კიდევ ერთხელ ვაზუსტებ, რომ ვგულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას), ჩემთვის კულტურის სიმბოლო წიგნია და არა ციფრული ტექსტი (თუმცა, როგორც რუსთაველი ამბობს: „ჩვენ მათიცა გვეამების“). ამ საკითხში იდეალისტი ვარ და ვირტუალური სამყაროს მატერიალიზმიც მხოლოდ გუტენბერგის სამყაროს გაძლიერების ფუნქციად წარმომიდგენია. მაგრამ ეს უკვე მეთოდის საკითხზე მსჯელობის აუცილებლობას გულისხმობს, რაც წინამდებარე სახელდახელო ესკიზის ამოცანა არ ყოფილა.
9. მე არ ვიცი, როგორი იქნება მომავლის მკითხველი, მაგალითად ის მკითხველი, რომელიც, ჩემგან განსხვავებით, მოკლებული იქნება საკუთარი წიგნებით სავსე თაროების გარემოცვაში წერა-კითხვის ფუფუნებას (ასეთი ფუფუნება ზოგიერთ ჩემს მეგობარ უცხოელ თუ ქართველ პოეტს ახლაც არა აქვს), მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე – ის, რომ ჩვენს მიერ შექმნილმა წიგნებმა დროს გაუძლონ და მომავლის ელექტრონულ სოფლებამდე და მომავლის დაჩიპულ მკითხველებამდე მიაღწიონ.

დათო ბარბაქაძე
18.03.2011