ბრმად





პოეზია

 ბრმად




თარგმანი: დათო ბარბაქაძე

გამარჯვებით აღსავსე
იქნება საქმე თვალხილულთა
მათ ცალთვალები
მოასხდნენ კისერზე
ძალაუფლება ხელთ იგდეს
და ბრმა გაამეფეს

ჩაკეტილ საზღვართან დგანან
თვალდახუჭობანას მოთამაშე პოლიციელები
დროდადრო ანტისახელმწიფოებრივი
ხრიკებისთვის ძებნილ
თვალის ექიმს იჭერენ ხოლმე

ყველა მმართველ ბატონს
შავი სალბუნით დაუფარავს
მარჯვენა თვალი
ბრმათა გამძღოლი ძაღლების მიერ ნაპოვნ
უპატრონო მადიდებს და სათვალეებს
ნაპოვნი ნივთების უწყებაში აბლაბუდა დაპატრონებია

ბეჯითმა ახალგაზრდა ასტრონომებმა
შუშის თვალები ჩაისვეს
შორსმჭვრეტელი მშობლები
თავიანთ შვილებს წინდაწინ ასწავლიან
დაელმების პროგრესულ ხელოვნებას

მტერი თავისი აგენტების ხელით
ბორის წყალს აპარებს კონიუნქტივიტის გამოსაწვევად
მაგრამ კეთილგონიერი მოქალაქეები
ვითარებათა გათვალისწინებით თავს ფხიზლად იცავენ
და არ ენდობიან თავიანთ თვალებს
სახეში იყრიან პილპილს და მარილს
აცრემლებულები ეხებიან ღირშესანიშნაობებს
და ბრმების ანბანს ეუფლებიან
ცოტა ხნის წინ მეფეს გამოუცხადებია
რომ ის მტკიცე რწმენით გაჰყურებს მომავალს


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.