• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

 სიკვდილის ფუგა

×
ავტორის გვერდი პაულ ცელანი 00 , 0000 5335

თარგმანი: დათო ბარბაქაძე

 
შავი რძე დილასისხამისა ჩვენ ვსვამთ მწუხრიჟამს
ვსვამთ მას შუადღეჟამს და დილაჟამს ვსვამთ მას ღამეჟამს
ვსვამთ და ვსვამთ ჩვენ მას
ჩვენ ვთხრით სამარეს ჰაერთა შინ სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ
სახლში მავანი კაცი ცხოვრობს ის გველებთან თამაშობს ის წერს
წერს აბნელდება როცა გერმანეთს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა
წერს და გამოდის სახლიდან და ვარსკვლავები ციმციმებენ სტვენით უხმობს თავის ნაგაზებს
სტვენით გაიხმობს იგი თავის ებრაელებს და აიძულებს მათ მიწაში თხარონ სამარე
ახლა კი რამე საცეკვაო დაუკარით ასე გვიბრძანებს
 
დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს
ჩვენ გსვამთ დილაჟამს და შუადღეჟამს გსვამთ შენ მწუხრიჟამს
ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ
სახლში მავანი კაცი ცხოვრობს ის გველებთან თამაშობს ის წერს
წერს აბნელდება როცა გერმანეთს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა
სულამით შენი ფერფლისფერი თმა ჩვენ ვთხრით სამარეს ჰაერთა შინ სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ
 
ზოგს ნიადაგში უფრო ღრმად ჩასვლას სხვებს სიმღერას და ცეკვას უბრძანებს
წაეტანება ქამარზე ფოლადს ამოაშიშვლებს ცისფერია მისი თვალები
ნიჩბები უფრო ღრმად ჩაასეთ თქვენ კი ისევ საცეკვაოს დაკვრა განაგრძეთ
 
დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს
ჩვენ გსვამთ დილაჟამს და შუადღეჟამს გსვამთ შენ მწუხრიჟამს
ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ
სახლში მავანი კაცი ცხოვრობს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა
სულამით შენი ფერფლისფერი თმა ის გველებთან განაგრძობს თამაშს
 
ყვირის სიკვდილი უფრო ტკბილად დაუკარით სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან
ყვირის შეეხეთ ვიოლინოს მეტი სიბნელით მერე ჰაერში კვამლივით ახვალთ
მერე სამარეს ჰპოვებთ ღრუბლებში სივიწროვეს სადაც არ გრძნობენ
 
დილასისხამის შავო რძეო ჩვენ გსვამთ ღამეჟამს
ჩვენ გსვამთ შუადღეჟამს სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან
ჩვენ გსვამთ მწუხრიჟამს და დილაჟამს ჩვენ შენ გსვამთ და გსვამთ
სიკვდილი ხომ ოსტატია მისი თვალი არის ცისფერი
ის შენ ტყვიასხმულს მოგახვედრებს ის გესვრის ზუსტად
სახლში მავანი კაცი ცხოვრობს მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა
თავის ნაგაზებს ის ჩვენ გვიქსევს ის ჰაერში გვჩუქნის სამარეს
ის გველებთან განაგრძობს თამაშს სიკვდილი ხომ ოსტატია გერმანეთიდან
 
მარგარეტ შენი ოქროსფერი თმა
სულამით შენი ფერფლისფერი თმა
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული