სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე





კრიტიკა/ესსე

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე




ქვეყნდება გამომცემლობა "სიესტას" ნებართვით

მთარგმნელი: ქეთი ქანთარია

მთელი არსებით ვეთანხმები ამ გამონათქვამს, – “საუკეთესო მთავრობა ისაა, რომელიც ყველაზე ნაკლებად მართავს” მინდა, ამ იდეის  მალე და სისტემურად განხორციელებას მოვესწრო, განხორციელებისას კი აქეთ მიისწრაფოდეს: “საუკეთესო მთავრობა ისაა, რომელიც სრულებით არ მართავს”. როცა ადამიანები ამისთვის მზად იქნებიან, ხელისუფლებაც ასეთი ეყოლებათ. საუკეთესო შემთხვევაში, მთავრობა სხვა არაფერია, თუ არა მიზანშეწონილება, მაგრამ მთავრობათა უმეტესობა – როგორც წესი, და უკლებლივ ყველა ხელისუფლება კი – ხშირად, სრულიად მოკლებულია მიზანშეწონილებას; მუდმივი ჯარის საწინააღმდეგოდ გამოთქმული მოსაზრებები, ასეთები კი ბევრია, საკმაოდ ანგარიშგასაწევიც და, მაშასადამე, არსებობის უფლებაც გააჩნიათ, ბოლოს და ბოლოს მთავრობის წინააღმდეგაც უნდა გამოითქვას. თვითონ მთავრობა, რომელიც ადამიანებს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალებად გამოუგონიათ, შეიძლება ჯარზე არანაკლებ შეირყვნას და დამახინჯდეს, სანამ ხალხი მისი მეშვეობით ქმედებას დაიწყებს. მექსიკასთან დაწყებული ახლანდელი ომი კარგი თვალსაჩინოებაა, როგორ შეუძლია ლამის რამდენიმე პირს მთავრობის გამოყენება თავიანთი მიზნების მისაღწევად, რადგან სხვა ვითარებაში ძალის ასე გამოყენებას ხალხი არ დათანხმდებოდა.

ამერიკის მთავრობა კი – რას ეფუძნება იგი, თუ არა მხოლოდ ტრადიციას, კაცმა რომ თქვას, ჯერ საკმაოდ ახალ ტრადიციას, რომელიც ცდილობს შთამომავლობას უცვლელად გადაებაროს, მაგრამ მის მთლიანობას ყოველ წუთს რაღაც აკლდება? ერთი ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა და ძალაც არ გააჩნია, რადგან თურმე ერთ ადამიანსაც კი შეუძლია თავისი ნებისამებრ მისი მოდრეკა. ხალხისთვის ხის თოფზე უფრო გამოსადეგი არაა, თუმცა, ამის გამო მის საჭიროებას არა აკლდება რა, რადგან ადამიანები ამ რთული მექანიზმის ქონას ელტვიან, უნდათ, მისი ცხოველქმედების ხმა ესმოდეთ, რათა ხელისუფლების ყოლის თანდაყოლილი მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ. მთავრობები ხომ სწორედ ამ მოთხოვნილების წყალობით ამტკიცებენ, რა ადვილია ადამიანების მართვა, თავად ადამიანებიც რა ადვილად იდგამენ მთავრობებს კისერზე უღელად – თითქოს თავისსავე სასიკეთოდ. ხელისუფლება ისე არაფერს ითავებს, თუ მონდომება მისივე ზნით და წესით დაწყებულ საქმეს არ მოახმარა. ამ ქვეყნის თავისუფლებას დამსახურებად ის ვერ მიიწერს. არც მისი დასავლეთი დაუსახლებია; მოქალაქეთა განათლებას ხელს არ უწყობს; რასაც მივაღწიეთ, ისიც სულ იმ ხასიათის წყალობით, ამერიკელ ხალხს რომ მამაპაპათაგან ერგო და ამაზე მეტსაც მოახერხებდა, მთავრობა რომ მუდამ წინ არ ეღობებოდეს, რადგან თუ ადამიანები გათითოკაცებულნი არიან, მთავრობა ამით მხოლოდ ხეირობს, ყველაფერს კი ის ურჩევნია, მათთან, ვისაც მართავს, საერთო არაფერი ჰქონდეს. ვაჭრობასა და კომერციას ინდური კაუჩუკის მოქნილობა რომ არ გააჩნდეს, იმ წინააღმდეგობებს ვერასოდეს გადალახავდა, კანონმდებლები ხელშესაშლელად წინ რომ ახვედრებენ. ამ ადამიანების განსჯა მათი საქმეების ნაყოფით კი არა, განზრახვის მიხედვით რომ შეიძლებოდეს, იმ ბოროტმოქმედთა მსგავსად უნდა დაგვესაჯა, რკინიგზებზე მატარებლებს სავალ გზას რომ უხერგავენ.

მაგრამ ჩვენ საქმეს საქმიანად მივუდგეთ, როგორც მოქალაქეს შეშვენის, არა მათსავით, ვინც თავს ყოველგვარი მთავრობისგან შორს იჭერს, და მაშინ ვიტყვი, რომ მე დღეს, ახლავე, უხელისუფლებობას კი არა, უკეთეს მთავრობას ვითხოვ. გააგებინეთ თითოეულ ადამიანს, როგორი მთავრობა იქნებოდა მისი პატივისცემის ღირსი, და იმ პატივისცემის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნება.

ასეა თუ ისე, მიზეზი, თუ რატომ მიუწვდება ქვეყნის მართვაზე ხელი ხალხს, უმრავლესობას კი შეუძლია მართოს, თან საკმაოდ ხანგრძლივადაც, ის კი არაა, რომ უმრავლესობა სხვაზე მეტადაა მართალი; არც ის, რომ უმცირესობას ეს ამბავი სამართლიანად ეჩვენება, – უმრავლესობა ფიზიკურადაა უფრო ძლიერი. ოღონდ მთავრობა, რომლის მმართველობის დროსაც ნებისმიერ შესაძლო შემთხვევაში უმრავლესობა მართავს, სამართლიანობის პრინციპებს არ ემყარება, ეს ადამიანური გაგებითაც კი ასეა. განა მთავრობა ისეთი არ უნდა იყოს, რომ მისი მმართველობის დროს  მართალი და მტყუანი სინდისით განისჯებოდეს, და არა უმრავლესობის ნებისამებრ? ხომ შეიძლება, უმრავლესობა მხოლოდ იმ საკითხებს წყვეტდეს, რომელთაც მიზანშეწონილების წესები მიესადაგება? განა შეიძლება, რომ მოქალაქემ როდესმე, თუნდ ერთი წუთით, სულ მცირე ხნით, საკუთარ სინდისზე უარი თქვას და კანონმდებელს მიაბაროს? მაშ თითოეულ ადამიანს სინდისი რაღად უნდა? მე კი მგონია, რომ ჯერ კაცნი უნდა ვიყვნეთ, ადამიანები, და ქვეშევრდომნი კი მხოლოდ ამის შემდეგ. არც კანონის განდიდება, მისადმი მოწიწება გვმართებს ისე, როგორც უფლებებისადმი. ერთადერთი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია, – და მე უფლებას ვიტოვებ, ასე ვიფიქრო, – ისაა, მუდამ იმას ვაკეთებდე, რაც სწორად თავად მიმაჩნია. უკვე საკმარისად ბევრია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ კორპორაციას სინდისი არ გააჩნია; მაგრამ სინდისიერ კაცთა კორპორაცია ხომ სინდისიერი კორპორაციაა. კანონს ადამიანი უფრო სამართლიანი ჯერ არასდროს გაუხდია; პირიქით, მისდამი მორჩილებით ყველაზე თვალსაჩინო ადამიანებიც კი ყოველდღიურად უსამართლობას ამრავლებენ. კანონის გადამეტებული მორჩილების ბუნებრივი შედეგი კი ისაა, რომ ჯარისკაცები და მათზე მაღლა მდგომი სამხედრო პირები, რიხიანად მიაბიჯებენ საომრად, საკუთარი ნების წინააღმდეგ, საღ აზრზე და სინდისზე გადაბიჯებით. ეგ სამწყობრო სიარული გაუგონარ რამედ მეჩვენება და მის შემხედვარეს გული მეკუმშება. იმათ ხომ ეჭვიც არ ეპარებათ, რომ დაწყევლილ საქმეში მონაწილეობენ. სათითაოდ ყველა მათგანს ხომ მშვიდობა ურჩევნია. მაშ, რა გამოდის, ვინ ან რანი არიან? არიან კი ადამიანები? თუ პატარ-პატარა მოძრავი ციხე-სიმაგრეები და საწყობები, რომლებიც ხელისუფლებაში მოკალათებულ სინდისდაკარგულ კაცს ემსახურება? ერთი სამხედრო პორტი დაათვალიერეთ, იქაური ქვეითი ჯარისკაცი ნახეთ, იმის განსახიერება, რაც ადამიანისგან მხოლოდ ამერიკის მთავრობას, ან შავი მაგიის მიმდევარ ჯადოქარს შეუძლია გამოქნას – ადამიანისგან დარჩენილი მხოლოდღა ჩრდილი, მისი მქრქალი მსგავსება: ჯერ ცოცხალია, ფეხზე დგას, მაგრამ, სამგლოვიარო ზალპის და მუსიკის თანხლებით, უკვე ცოცხლადაა დამარხული, თუმცა, ასეც შეიძლებოდა მომხდარიყო:

 

“არც დაფდაფებისთვის დაუკრავთ, არცა გლოვის ყოფილა ზარი,

ისე დავმარხეთ სიჩქარეში მისი ცხედარი...”

 

ადამიანების დიდი წილი სახელმწიფოს საკუთარი სხეულით ისე ემსახურება, თითქოს კაცნი კი არა, მანქანები ყოფილიყვნენ. ესენი არიან სწორედ მუდმივი ჯარის ჯარისკაცები, ჩვენი სახალხო ლაშქარი, მეციხოვნეები, კონსტებლები, შერიფის თანაშემწეები და სხვა მათი მსგავსნი. უფრო ხშირად ზნეობრივი განსჯა და გრძნობა მათ შორის არაა; საკუთარ თავს შეშას, მიწას თუ ქვას თავადვე უტოლებენ. ამდენს ხომ ხისგან გამოთლილი ადამიანიც მოახერხებდა. ამგვარი სამსახურისთვის კაცი საფრთხობელაზე ან თიხისგან მოზელილ აჯამზე მეტ პატივისცემას არ იმსახურებს, ძაღლსა და ცხენზე მეტად არ ფასობს. თუმცა, კეთილგონიერ მოქალაქეებად ხომ სწორედ ეგენი იწოდებიან. სხვანი, უფრო კანონმდებლები, პოლიტიკოსები, იურისტები, მინისტრები და ბობოლა მოხელეები სახელმწიფოს თავით ემსახურებიან, და რაკი ზნეობრივი განურჩევლობა სჭირთ, მათ მიერ გაწეული სამსახური უფრო ეშმაკის მსახურებას ჰგავს, რის განზრახვაც გუნებაში ალბათ ისევე არ ჰქონიათ, როგორც ღვთისათვის სათნო საქმეების კეთება. და მხოლოდ ერთეულები – გმირები, პატრიოტები, წმინდანები, ფართო გაგების რეფორმატორებია ის ხალხი, ვინც სახელმწიფოს თავიანთ სინდისსაც ამსახურებენ, ამიტომ ცხოვრების მეტ ნაწილს წინააღმდეგობაში ატარებენ, სახელმწიფოს არ ეპუებიან, და როგორც წესი, ამათ სახელმწიფოც მტრებივით ექცევათ. გონიერი კაცი მხოლოდ ადამიანად შეიძლება გამოდგეს,  თიხის ტიკინად, “ქარში ხვრელების საგმან მასალად” ვერავინ გამოიყენებს. სხვა გზა თუ არ იქნა, ასეთი კაცი ადგილზე და სამსახურზე უარს იტყვის:

 

“მე ზეციური ვარ წარმოშობის,

ჩემს სულს ვერავინ დაისაკუთრებს,

მორჩილ მსახურად ვერ მაქცევს,

საკუთარი განზრახვის მონად

ვერა სრულქმნილი სახელმწიფო

ვერ დამიყენებს...”

 

ვინც თანამოძმეებს თავს დაუფიქრებლად და უკლებლივ უძღვნის, იმავ თანამოძმეს უმაქნის მეთავისედ ეჩვენება, ვინც მხოლოდ ნაწილობრივ ემსახურება, კაცობრიობის კეთილისმყოფელებად და ფილანტროპებად შერაცხავს ხოლმე.

მაშ როგორ უნდა მოიქცეს დღეს ადამიანი ამერიკის ხელისუფლების მიმართ? გიპასუხებთ: თუ მასთან კავშირზე უარი არ თქვა, პატივის აყრას ვერ გადარჩება. ისეთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგორიც ჩემი მთავრობაა, რომელიც თან “მონების მთავრობაცაა”, მე ერთი წუთითაც ვერ ვაღიარებ.

რევოლუციის მოხდენის, აჯანყების უფლება ყველა ადამიანს აქვს. ეს უფლება ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე უარის თქმას და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს - ისეთ ვითარებაში, როცა ხელისუფლების ტირანია და მართვის უუნარობა ზღვარს აჭარბებს და ხალხისთვის აუტანელი ხდება. თუმცა,  ბევრს მიაჩნია, რომ ახლა მსგავსი ვითარება არ გვაქვს, 1775 წლის რევოლუციამდე კი მდგომარეობა თურმე ასეთი იყო. თუ ვინმე მეტყვის, ცუდი იყო ის მთავრობა, იმიტომ რომ პორტში შემოსულ ზოგიერთ საქონელს დიდ ბაჟს უწესებდაო, მაგაზე ვიშვიშით თავს არ დავიხარჯავ, რადგან იმ საქონლის გარეშეც გავალ იოლას.

ხახუნი და წინააღმდეგობა ყოველი მექანიზმის მუშაობას თან ახლავს, მაგრამ შესაძლოა, თვით მექანიზმის მუშაობის შედეგი ღირდეს ამად, და მისი ნაკლი გადასწონოს. ასეა თუ ისე, ყურადღების მხოლოდ ხახუნზე გამახვილება დიდი ბოროტება იქნებოდა, მაგრამ თუ ხახუნი მთელ მანქანას მოედება, ადამიანების დათრგუნვას და ძარცვას დაიწყებს, მაშინ ვიტყვი, რომ ასეთ მანქანაზე უარი გვაქვს სათქმელი. სხვაგვარად მოგახსენებთ: როცა იმ ერის ერთი მეექვსედი, რომელსაც თავი თავისუფლების ნავსაყუდელად გამოუცხადებია, მონებისგან შედგება, როცა უზარმაზარი ქვეყანა წრეგადასულ უსამართლობასა და უცხო ჯარის ბოგინს უნდა შეეგუოს, და საომარი დროის კანონებს უნდა დაემორჩილოს, მაშინ, ასე მგონია, პატიოსან კაცს ამბოხის დრო უდგება. ამ მოვალეობის აღსრულებას მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი ჰმატებს, რომ დაპყრობილი ჩვენი ქვეყანა არაა, ჩვენი სწორედ მის მიწაზე შეჭრილი ჯარია.

ფეილი, ზნეობის საკითხების დიდი გამგე და ავტორიტეტი თავისი წიგნის ერთ-ერთ თავში: “სამოქალაქო ხელისუფლებისადმი მორჩილების მოვალეობა” მოქალაქეობრივ ვალს მიზანშეწონილებამდე ამცრობს, და აცხადებს: “სანამ ამას მთელი საზოგადოების ინტერესები მოითხოვს, ანუ სანამ არჩეული ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ან მისი შეცვლა საზოგადოებისათვის ცხოვრების გაურთულებლად შეუძლებელია, ხელისუფლების მორჩილება თავად ღვთის ნებაა, მაგრამ მხოლოდ აქამდე. ამ პრინციპის მიდევნება მხოლოდ იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, თუ როგორ შედეგს გამოიღებს, რა სახის დანაკარგის და ხიფათის შემცველია წინააღმდეგობის გაწევის ყოველი კერძო შემთხვევა, რაც თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს.” მაგრამ, როგორც ჩანს, ფეილი იმგვარ შემთხვევებზე არ დაფიქრებულა, რომელთა მიმართ მხოლოდ მიზანშეწონილების მისადაგება შეუძლებელია, როცა ხალხმაცა და ცალკეულმა ადამიანებმაც, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სამართალი უნდა აღასრულონ. თუ დასახრჩობად განწირულ კაცს ხის მორი უსამართლოდ წავართვი, უნდა დავუბრუნო, თუნდაც მერე თავად დავიხრჩო. ფეილის ნათქვამს თუ მივყევით, ასეთი საქციელი ადამიანს თურმე ზედმეტ თავსატეხს უჩენს. მაგრამ ვინც თავის გადარჩენას სხვაგვარად ფიქრობს, თავს დაიღუპავს. ადამიანებმა მონების ყოლაზე და მექსიკასთან ომზე უარი უნდა თქვან, თუნდაც ამისათვის ერად და ხალხად არსებობაზე მოუხდეთ უარის თქმა.

ერები და სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, ფეილის ჭკუაზე დგანან: მაგრამ განა დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მასაჩუსეთსმა ახლანდელ კრიზისში მოქმედების სწორი გზა აირჩია?

“სახელმწიფოს, ოქრომკედით მორთულ მეძავს, მოწიწებით თან სდევთ და კაბის გრძელ კალთას უჭერთ, როცა სული აქვს ტალახში ამოთხვრილი.”

კაცმა რომ თქვას, მასაჩუსეთსის რეფორმებს ასობით ათასი სამხრეთელი პოლიტიკოსი კი არა, ასობით ათასი აქაური, ჩვენებური ვაჭარი და ფერმერი ემტერება, რომელთაც საკაცობრიო საკითხებზე მეტად კომერცია და სოფლის მეურნეობა აინტერესებთ, მექსიკისა და მონების მიმართ სამართლის აღსასრულებლად კი მზად არ არიან, ყოველ შემთხვევაში, იმ ფასად, რადაც ეს სამართლიანობა შეიძლება დაუჯდეთ. მეც შორეულ მტრებს კი არ ვერჩი, არამედ იმათ, ვინც აქვე გვყავს, გვერდით, ვისთანაც ყოველდღე გვიწევს საქმის დაჭერა და ვინც თავიანთი უმოქმედობით იმათ, შორეულთ, სამოქმედოდ ხელ-ფეხს უხსნიან; ვისაც ხშირ-ხშირად უყვარს გამეორება, რომ ხალხის მასები ჯერ მოუმზადებელია; მაგრამ უკეთესობას პირი არ უჩანს, რადგან ისინი, მცირენი, იმათზე გონიერები არ გახლავან, ვისაც მრავლობით მოიხსენიებენ. დიდი მნიშვნელობა არც იმას აქვს, რომ ბევრი იმათგანი შენსავით კარგი და კეთილია, რადგან, შედარებაზე თუ მიდგა, ასე აბსოლუტური სიკეთეც არსებობს, რომელთან შედარებით სხვა ყველაფერი ერთნაირ წუმპედ გამოიყურება. ათასობით კაცი მეგულება, ვინც შეხედულებებით მონობის და ომის წინააღმდეგია, მაგრამ მათს აღმოსაფხვრელად თითსაც არ ანძრევს; ვინც თავს უოშინგტონის და ფრანკლინის სულიერ შვილებად თვლის, მაგრამ გულხელდაკრეფილები სხედან; ამბობენ, რომ იციან, რაცაა საკეთებელი, მაგრამ არაფერს აკეთებენ; ვისაც თავისუფლების საკითხი სამომავლოდ, თავისუფალ ვაჭრობაზე მსჯელობის დრომდე გადაუდვია, ახლა კი ნასადილევს მშვიდად კითხულობენ ახალი ფასების მონაცემებს, მექსიკიდან მოსულ ახალ ამბებთან ერთად, და ალბათ, ერთიცა და მეორეც თვლემას ჰგვრით. როგორია დღეს პატიოსანი კაცის და პატრიოტის ფასი? ერთნი ჭოჭმანში არიან, მომხდარს ნანობენ და დროდადრო პეტიციებს წერენ, მაგრამ საქმიანი და გულწრფელი საქმე მათი ხელიდან გამოსული ჯერ არ გვინახავს. ასეთები სულ რაღაცის მოლოდინში იქნებიან, მაგალითად, რომ ბოროტებას სხვა მოაშთობს და ამით მათ სინანულსაც ბოლოს მოუღებს, ღვთის მოსაწონ და მართალ საქმეს კი ბევრი-ბევრი, თავიანთი იაფი ხმა და მიკნავებული მხარდაჭერა შეაწიონ. ერთ ზნეობრივ ადამიანზე ზნეობის ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი მცველი მოდის. მაგრამ მოლაპარაკება ხომ ერთ, ნამდვილ მფლობელთან უფრო ადვილია, ვიდრე დანარჩენ ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტთან, ვის ხელშიც მოლაპარაკების საგანს მხოლოდ გაუვლია.

ყველანაირი კენჭისყრა თავისებური თამაშია, შაშივითაა, ზნეობის თვალისასახვევი მოვარაყებით; ზნეობის საკითხებით იქ მხოლოდ თამაშობენ, ვითომ მტყუან-მართალს არჩევენ, და ბუნებრივია, სადაც თამაშია, იქ ფსონების დადებაც ჩვეულებრივი ამბავია. ხმის მიცემა ცალკე საკითხია. ხმა, ალბათ, ისე უნდა მივცე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია, მაგრამ სასიცოცხლოდ დაინტერესებული კი არ ვარ, რომ ჩემი უფლება შეურყვნელი იყოს. ამ უფლებას მე უმრავლესობას ვანდობ. მას კი თავის ვალად ის მიაჩნია, მიზანშეწონილების კარნახს არ გადაუხვიოს. მართებული საქმისთვის მხოლოდ ხმის მიცემა თვით საქმეს არაფერს ჰმატებს. ეს მხოლოდ თქვენი სურვილის უღიმღამო გამჟღავნებაა, რომ ამა თუ იმ საქმის გამარჯვებას უგულშემატკივროთ. გონიერი კაცი საგულშემატკივრო საქმეს შემთხვევას არ მიანდობს, და არც უმრავლესობის ღონით ისურვებს მის შესრულებას. მასების ნამოქმედარს მუდამ სიქველე აკლია. თუკი ოდესმე მონობის გადაგდებას ხმას უმრავლესობა მისცემს, ეგეც იმიტომ მოხდება, რომ მონობის საკითხისადმი გულგრილია, ან კიდევ იმის გამო, რომ იმათი ხმებით მონობის გაუქმების საქმე ბევრს მაინც ვერაფერს იხეირებს. მონობის გადაგდებას ხმის მიცემით მარტო ის კაცი დააჩქარებს, ვინც საკუთარი ხმით საკუთარსავე თავისუფლებას იცავს.

ახლა რაღაც შეკრების ამბები მომდის, რომელიც სადღაც, მგონი ბალტიმორში უნდა ჩატარდეს და რომელზეც პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა აირჩიონ. ის კრება უმეტესად პოლიტიკოსებმა და პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირებმა უნდა ჩაატარონ; მაგრამ ახლა ვფიქრობ: რად შეიძლება უღირდეს დამოუკიდებელ, გონიერ და პატივსაცემ ადამიანს გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ხალხი მიიღებს? ვითომ ასეთი კაცის გონიერებას და ღირსებას არ შეუძლია სარგებლის მოტანა? ნუთუ დამოუკიდებელი ხმების იმედი არ უნდა გვქონდეს? განა ცოტაა ამ ქვეყანაში ადამიანი, არც ერთ კრებას რომ არ ესწრება? მაგრამ არა: მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ ეგრეთ წოდებული პატივსაცემი კაცი აზრს იცვლის და საკუთარი ქვეყნის მომავლის მიმართ უიმედობა ეუფლება, მაშინ, როცა ქვეყანას უფრო მეტი აქვს მიზეზი, ასეთების იმედი დაკარგოს. ის კი ამაზე არ ჩერდება და ხმას ერთ-ერთ კანდიდატს აძლევს, ამბობს, რომ სწორედ ესაა ერთადერთი მისაღები კანდიდატურა, სინამდვილეში კი ამით მხოლოდ ადასტურებს, რომ დემაგოგიის იარაღად იქცა. მის ხმას გულგრილ უცხოელზე ან ფულით ნაყიდ მოქალაქეზე მეტი ფასი არ აქვს. ადამიანს ვეძებ, ნამდვილ ადამიანს, რომელსაც, როგორც ჩემი მეზობელი იტყვის, ზურგში ძვალი აქვს, და სხვა თავის ჭკუაზე ვერ ათამაშებს! ცდებიან ჩვენი სტატისტიკოსები, როცა ამბობენ, რომ ქვეყანაში მოსახლეობამ იმატა. ნეტავ რამდენი კაცი, ადამიანი სახლობს ათიათასობით კვადრატულ მეტრზე? ხანდახან არც ერთი. განა ასეთ მიწებზე დასახლების მსურველებს ამერიკა წახალისებას არ ჰპირდება? ამერიკელი დღეს უცნაურ არსებად იქცა – ჯოგური ინსტინქტის, ინტელექტის გამაოგნებელი სიმწირისა და იმედიან-ხალისიანი თავდაჯერების თვალსაჩინოებად, რომლის პირველი და უმთავრესი საზრუნავი გაჩენის დღიდან ისაა, მკვიდრად დგანან თუ არა ღარიბ-ღატაკთა თავშესაფრები; მამაკაცისთვის შესაფერი სამოსის ჩაცმას ვერ ასწრებს, რომ უკვე იმ სახსრის დაგროვებაზე ფიქრობს, ჯერაც დაუობლებელ-დაუქვრივებელთა შესაწევნად რომ უნდა შესწიროს დაზღვევის რომელიღაც კომპანიას, რომელიც, როდესღაც, როცა იქნება, მდიდრული და ღირსეული დაკრძალვის მოწყობას პირდება.

კაცმა რომ თქვას, ადამიანს ამქვეყნიური, თუნდაც ყველაზე აშკარა და თვალშისაცემი ნაკლოვანებების გასწორება არც ევალება; შეუძლია თავი სულ სხვა საფიქრალს მისცეს, მაგრამ ის მაინც მოეთხოვება, რომ ხელები ამ უსამართლობაში არ ჰქონდეს გასვრილი; თუ მასზე ფიქრით თავს აღარ იმძიმებს, ისე მაინც ქნას, რომ უსამართლობა მისი ნებართვით და მხარდაჭერით არ აღესრულებოდეს. თუ სხვა საფიქრალს და მჭვრეტელობას ვესწრაფვი, ჯერ იმაში მაინც უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ამ სწრაფვაში სხვა ადამიანს მხრებზე ტვირთად არ ვაწევარ, და თუ ასეა, მაშინ ჯერ ეს კაცი უნდა გავუშვა, რომ ფიქრის და მჭვრეტელობის საშუალება იმასაც მივცე. აბა დააკვირდით, როგორ შეუსაბამოებაზე ხუჭავენ დღეს თვალს. გამიგონია, როგორ უთქვამს ზოგიერთ ჩემს თანამოქალაქეს, ჩემთვის რომ მონობის დაცვა ებრძანებინათ ან მექსიკაში საომრად წასვლა, საკადრის პასუხსაც გავცემდიო. არადა, სწორედ ეს ხალხი, გინდა პირდაპირი გზით – ტანში გამჯდარი მორჩილებითა და გინდაც არაპირდაპირ, საკუთარი ფულით, ეხმარება მათსავე შემნაცვლებელს. ჯარისკაცს, რომელიც ამ უგვან ომში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ტაშს ისინი უკრავენ, ვინც ამ უგვანი ომის წამომწყებ უგვან მთავრობას მხარდაჭერაზე უარს არ ეუბნებიან; ვის ქმედებებს და ვის მთავრობასაც ის ჯარისკაცი ამტყუვნებს და პატივს არ სცემს. ეგ იმას ჰგავს, მთავრობას რომ უეცარი სინანული დაემართოს, და სანამ სცოდავს, მისსავ საგვემად ვინმე დაიქირავოს, მაგრამ დაქირავებულს თავი მსუბუქად აწკეპლინოს, რომ ცოდვილი საქმის გაგრძელებაში ხელი არ შეეშალოს. სწორედ ამგვარად, წესრიგისა და სამოქალაქო ხელისუფლების სახელით, საბოლოოდ ყველა ჩვენგანი ჩვენსავ სიმდაბლეს პატივს მივაგებთ და ხელს ვაშველებთ. დარცხვენის პირველ გაწითლებას გადავლა თუ დაააცადე, მერე გულგრილობა და განურჩევლობა მოდის. რაც უზნეობად მიგვაჩნდა, ზნეობრივი შეფასების მიღმა გვრჩება და მერე, არც იმ ჩვენს ცხოვრებაში რჩება მასზე ფიქრის და განსჯის სივრცე, რომელიც ისეთად, როგორიცაა, თავად ვაქციეთ.

პატრიოტიზმის ნაკლებობას ყველაზე ხშირად უკეთილშობილეს ადამიანებს აბრალებენ ხოლმე. მაგრამ ისინი, ვინც ხელისუფლებას ნაბიჯებს არ უწონებენ, მაგრამ ერთგულებას და მხარდაჭერას არ აკლებენ, ამას უდავოდ გააზრებით აკეთებენ. ასეთი ადამიანები რეფორმების ყველაზე დიდი ხელისშემშლელები არიან. ზოგიერთი დღეს პეტიციებს წერს და მოითხოვს, რომ შტატებმა, როგორც სახელმწიფომ, კავშირი დაშლილად გამოაცხადოს და პრეზიდენტის უფლებამოსილებები უგულებლჰყოს. ასეთ შემთხვევაში ხომ არ სჯობს, დაშლის შესახებ თავადაც გამოაცხადონ – საკუთარ თავსა და სახელმწიფოს შორის კავშირის გაუქმებაზე – და მაშასადამე, მის ხაზინაში თავიანთი წვლილის შეტანაზე უარი თქვან? სხვაგვარად, განა თავადაც ისეთ კავშირში არ იმყოფებიან სახელმწიფოსთან, როგორშიც სახელმწიფო – ხსენებულ კავშირთან? განა შტატები, როგორც სახელმწიფო, კავშირის ნებას იმავე მიზეზებით არ დაჰყვება ხოლმე, რა მიზეზითაც თავად უჭირთ სახელმწიფოსთვის წინააღმდეგობის გაწევა?

განა შეიძლება, ადამიანი მხოლოდ აზრის გამოთქმას და კამათს სჯერდებოდეს? განა ეს საქმე მცირე სიამოვნებას მაინც მოუტანს, თუკი თავს მოტყუებულად გრძნობს? მეზობელმა რომ დოლარი წაგართვათ, მხოლოდ იმის გააზრებას დასჯერდებით, რომ მოტყუებული და დაჯაბნილი დარჩით, გულს ამის მოყოლით მოიფხანთ, თუ ჭოჭმანიდან საქმეზე გადახვალთ, ვალის დაბრუნებას მოსთხოვთ და გააგებინებთ, რომ თავს მეორედ აღარ მოატყუებინებთ? პრინციპებით მოქმედება, სამართლიანობის გააზრება და ძიება მოვლენებსა და ურთიერთობებს ძირფესვიანად ცვლის; – სწორედ ესაა რევოლუციური აზროვნება და არა წარსულის მონარჩენით შეკოწიწებული მცდელობები; მან ერთმანეთისგან მხოლოდ სახელმწიფოები და ეკლესიები კი არა, ოჯახები გამოჰ­ყო, ისევე ჰყოფს ორად ადამიანსაც, და ღვთაებრივისაგან ეშმაკისეულს განაშორებს.

არსებობს უსამართლო კანონები: მაშ მათს მორჩილებას უნდა დავჯერდეთ, თუ ყველაფერი ვიღონოთ, რომ მათ გაუქმებას მივაღწიოთ? სანამ კანონობენ, დავემორჩილოთ თუ დავარღვიოთ? როგორც წესი, ასეთი ხელისუფლების შემხედვარე, როგორიც ჩვენ გვყავს, ადამიანები ფიქრობენ, რომ მის შესაცვლელად იქამდე უნდა დაიცადონ, სანამ უმრავლესობაში არ აღმოჩნდებიან; იმასაც ფიქრობენ, რომ თუ არსებულ ვითარებას შეებრძოლებიან, წამალი შეიძლება საწამლო სენზე უარესი აღმოჩნდეს. ხელისუფლებას ეს ხელს აძლევს. მაგრამ წამალი რომ საკურნავ ბოროტებაზე უარესია, ამაში თვით ხელისუფლებაა დამნაშავე. განა მთავრობას ბოროტების წინდაწინ განჭვრეტა და რეფორმების გატარება არ უნდა შეეძლოს? ან გონიერი უმცირესობის დაფასება არ მოეთხოვება? რატომ ტირის და ჭირვეულობს დროზე ადრე, სანამ ნამდვილი ტკივილები დაეწყება? საკუთარ მოქალაქეებს თავად რად არ უბიძგებს, რომ მის შეცდომებზე მიუთითონ, რათა შემდეგ მათი გამოსწორება შესძლოს? რატომ ხდება ყოველთვის, რომ ხელისუფლება ქრისტეს ჯვარს აცვამს, კოპერნიკს და ლუთერს ეკლესიიდან განკვეთს, უოშინგტონს და ფრანკლინს შფოთისთავებად აცხადებს?

როგორც ჩანს, ხელისუფლების შეგნებული და ქმედითი უარყოფა ერთადერთი რამაა, რაც მთავრობას შეუძლებელი ჰგონია და ამის გამო არასოდეს მოელის. ასე რომ არ იყოს, განა მისი უარმყოფელისთვის შესაბამის სასჯელს არ დააწესებდა? თუ საკუთრების უქონელმა კაცმა ცხოვრებაში ერთხელ სახელმწიფოსათვის ცხრა შილინგის მიცემაზე თქვა უარი, თავს მაშინვე საპყრობილეში უკრავენ – თუმცა, რამდენადაც მესმის, ამგვარი პატიმრობის ვადა არცერთი კანონით არაა განსაზღვრული და იმათ ნებაზე კიდია, ვინც ის კაცი ციხეში გაამწესა - მაგრამ იმავ სახელმწიფოს ცხრაჯერ ცხრა შილინგი რომ მოჰპაროს, ძალიან მალე გამოუშვებენ, რომ მერე უარესი დანაშაული ჩაიდინოს.

თუ უსამართლობას სამთავრობო მანქანის გარდაუვალ ხახუნად ჩავთვლით, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. რაც უნდა უხმაუროდ იმუშაოს იმ მანქანამ, ბოლოს, თქმა არ უნდა, მაინც გაცვდება. უსამართლობა რომ მისი მექანიზმის არსად გადაიქცეს და მხოლოდ საკუთარი თავის სასიკეთოდ დაიწყოს მუშაობა, ალბათ მაინც ღირს დაფიქრება, რა უფრო საზიანოა, ბოროტება თუ მისი წამალი; მაგრამ თუ ეს მანქანა, ყველა სიკეთესთან ერთად, სხვათა მიმართ უსამართლობის ჩადენასაც მოგთხოვთ, მაშინ, ვამბობ მე, კანონი უნდა დავარღვიოთ. მაშინ თქვენი ცხოვრება ხახუნის შეჩერების დაუსრულებელ მცდელობად უნდა იქცეს. ყოველ შემთხვევაში, კაცი იმ ბოროტებას არ უნდა ემსახუროს, რომელსაც თავად გმობს.

სახელმწიფოს მიერ ბოროტების აღმოსაფხვრელად მიღებულ ზომებს რაც შეეხება, მე ასეთები არ ვიცი. თუკი რამ მსგავსი არსებობს, მათ ამოქმედებას დიდი დრო ჭირდება, ამასობაში კი ადამიანის ცხოვრება გადის. საქმე მე სხვაც ბევრი მაქვს. ამ ქვეყანაზე იმიტომ კი არ მოვსულვარ, რომ ცხოვრებისთვის უფრო შესაფერ ადგილად ვაქციო, როგორიც არ უნდა იყოს ქვეყნიერება, კარგი თუ ცუდი, იმისთვის დავიბადე, რომ ვიცხოვრო. კაცი ყველა საქმესთან შესაჭიდებლად როდი იბადება, მარტო ზოგიერთ იმათგანშია მარჯვე. მაგრამ რაკი ყველა საქმეში მარჯვე ვერ იქნება, ეგ ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ზოგი რამ უხეიროდ უნდა აკეთოს. გუბერნატორისთვის და კანონმდებლებისათვის პეტიციების და მოთხოვნების წერა ჩემი საქმე სულ არაა, ისევე როგორც არც მათ მოეთხოვებათ პეტიციების ჩემთვის მოწერა. თუ ჩემი მოთხოვნები არ ესმით, მაშ მე მათი რად შევისმინო? ამგვარი შემთხვევებისთვის სახელმწიფო რჩევებს არ იძლევა; ბოროტება თვით მისი კონსტიტუციაა. ალბათ ძალიან როყიო, ხისტი და კატეგორიული ჩანს ეს გამონათქვამი, მაგრამ ვისაც მისი გაგება სურს, დაუნანებელი სიკეთითა და გულისხმიერებით გაიაზროს, ისე, როგორც იმსახურებს და როგორც უკეთ შეფასდება. ასეთივეა უკეთესობისკენ ცვლილებების ბუნებაც, დაბადება და სიკვდილიც ასე შეძრავს ხოლმე ჩვენს სხეულს.

არც დავფიქრდები, ისე ვიტყვი, რომ ყველამ, ვინც თავს აბოლიციონისტად მოიხსენიებს, მასაჩუსეთსის ხელისუფლებისგან ყოველგვარ, – როგორც პიროვნულ, ისე მისი საკუთრების მიმართ მხარდაჭერაზე უარი უნდა თქვას, და ნუ დაელოდება, როდის აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომ ძალა კანონისმიერად მოიპოვოს. თუ საქმეში ღვთის შეწევნა იქნა, უკეთესი დახმარების მოლოდინი არც ეგების. მეტსაც ვიტყვი: ყოველი კაცი, რომელიც საკუთარ გარემოცვაზე მართალია, თავად არის უმრავლესობა.

ამერიკის მთავრობას ან შტატის ხელისუფლებას უშუალოდ, პირისპირ, მე წელიწადში ერთხელ ვხვდები, მეტად არა – გადასახადების ამკრეფის სახით მომევლინება ხოლმე; აბა, ჩემი მდგომარეობის კაცი სხვაგან სად შეხვდება. ისიც, გამომეცხადება თუ არა, მიუკიბ-მოუკიბავად მოითხოვს, მაღიარეო; მასთან მოპყრობის ყველაზე მარტივი, ქმედითი და დღევანდელ ვითარებაში სრულიად აუცილებელი ფორმა ის იქნება, თუ აგრძნობინებ, რომ ამ შეხვედრით აღფრთოვანებული სულაც არ ხარ, არც მისდამი დიდი სიყვარულით იწვი, და მაშასადამე, აღიარებაზე უარს ეტყვი. ჩემი თანამოძმე და თანამოქალაქე, გადასახადების ამკრეფია სწორედ ის კაცი, რომლის მეშვეობითაც მე ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობა მიწევს – ბოლოს და ბოლოს, შეხლა-შემოხლა კაცთან გიხდება და არა სამთავრობო ქაღალდებთან – თან ამ მთავრობის ნების გამტარებლობა ხომ საკუთარი ნებით აქვს არჩეული. ახლა ამ კაცს მოსაფიქრებელი აქვს, როგორ მომეპყრას: როგორც სახელმწიფოს მსახური, თუ როგორც ადამიანი, მოყვასი – მოყვასს; როგორც მეზობელი მეზობელს, რომელსაც პატივს სცემს და გარკვეული თვისებებით გამორჩეულ კაცად თვლის, თუ შლეგად და შფოთისთავად შემრაცხოს, და სამსახურებრივი, თან ერთობ საეჭვო მოვალეობის გამო უხეშად დამელაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, მასაჩუსეთსის შტატის ათასმა, ან ასმა – თუნდაც ათმა პატიოსანმა ადამიანმა, რომელთა ჩამოთვლა სახელებითაც შემიძლია – და ვგონებ, ათი კი არა, ერთი პატიოსანი კაციც იკმარებდა – მონების ყოლაზე უარი რომ თქვას, ამის გამო ის კაცი საზოგადოებამ მოიკვეთოს და შტატის ციხეში გამოამწყვდიოს, ამერიკაში მონობა უკვე ამის წყალობით გაუქმდებოდა. ასეთ საქმეებში, რაგინდ უმნიშვნელო დასაწყისიც უნდა უჩანდეთ, ერთი ანგარიშგასაწევი კანონზომიერება მოქმედებს: რაც ერთხელ მომხდარა, შემდეგ სამუდამოდ დამკვიდრებულა. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ ხვედრს ვუჩივით, მხოლოდ სიტყვიერად. რეფორმას ბევრი გაზეთი ემსახურება, მაგრამ ადამიანი კი – არც ერთი. ჩემი პატივცემული მეზობელი, შტატის წარმომადგენელი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, თავისი ცხოვრება წარმომადგენელთა პალატაში ადამიანის უფლებების განხილვას შეალიოს, ამის სანაცვლოდ, კაროლინის საპყრობილეებით ჩვენი დაშინების მაგიერ, მასაჩუსეთსის ციხეში რომ იჯდეს, იმ შტატის ციხეში, რომელიც მეზობელს მონობის ცოდვაში ამხელდა – თუმცა, ახლა მათ შორის კამათის ერთადერთ მიზეზად ვგონებ გაქცეულ მონებთან დაკავშირებული აქტიღა დარჩა – შტატის საკანონმდებლო კრება ამ საკითხის განხილვას ზამთრისთვის არ მოიტოვებდა.

იმ მთავრობის ხელში, რომელიც ადამიანებს უსამართლოდ აპატიმრებს, მართალი კაცის ადგილიც ციხეშია. დღეს ერთადერთი შესაფერი ადგილი, რომელიც მასაჩუსეთსმა ყველაზე თავისუფალ და დაუთრგუნველ სულებს მიუჩინა, მისი ციხეებია, სადაც შტატს მათი გამწესება საკუთარი კანონების ძალით შეუძლია და სადაც ისინი საკუთარი პრინციპების გამო უკვე არიან გამომწყვდეულნი. სწორედ იქ შეიძლება შეხვდნენ გაქცეულ მონას, მექსიკელ სამხედრო ტყვესა და ინდიელს, თავისი მოდგმის მიმართ ჩადენილ უკეთურებებს რომ არ ეპუება – საგანგებოდ გამოცალკევებულ და შემოსაზღვრულ, მაგრამ უფრო თავისუფალ და საპატიო, ღირსეულ ადგილას, სადაც სახელმწიფო იმათ ამწყვდევს, ვინც მასთან ერთად არ არის, მონობის მაღიარებელი შტატის ერთადერთ სახლში, სადაც ადამიანს თავის ღირსებასთან გაყრა არ ემუქრება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს ხალხი ასე გავლენას დაკარგავს, მათი ჩახშული ხმა კი ხელისუფლების ყურთასმენას აღარ შეაწუხებს, რომ მათ, ოთხ კედელშუა გამომწყვდეულებს, მოწინააღმდეგე მტრად აღარ მოიხსენიებს, მწარედ შემცდარა. ასეთ კაცს არ ესმის, რამდენად დიდია სიმართლის ძალა, ან უსამართლობაზე რამდენად მეტი ღონე აქვს იმის იერიშს, ვისაც იგი საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ხმის მიცემისას მხოლოდ ქაღალდი კი არა, მთელი თქვენი ძალა მიეცით, გავლენა მოიკრიბეთ. უმცირესობა მანამაა უძლური, სანამ უმრავლესობასთან შემგუებლობას სჯერდება. ასეთ შემთხვევაში მას უმცირესობასაც ვერ დავარქმევ; მაგრამ როცა მთელი თავისი წონით იწყებს ზეწოლას, წინ უკვე ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება; თუ საქმე არჩევანზე მიდგება, და არჩევანი ციხეებში მათს გამწესებასა და ომის თუ მონობის აღმოფხვრას შორის ექნება გასაკეთებელი, ხელისუფლება ჭოჭმანს არ დაიწყებს. წელს გადასახადების გადახდაზე უარი ათასიოდე კაცს მაინც რომ ეთქვა, გადასახადების აკრეფას ისეთი სისხლიანი და დაუნდობელი მოვლენები არ მოყვებოდა, ახლა რომ ხდება – როცა გადასახადებს იხდიან და მთავრობას ძალადობის საქმნელად, უდანაშაულოთა სისხლის საღვრელად ხელ-ფეხს უხსნიან. სინამდვილეში სწორედ ესაა მშვიდობიანი რევოლუცია, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთს შესაძლებლად ჩავთვლით. გადასახადების ამკრეფმა, ან სხვა სამოქალაქო მოხელემ რომ მკითხოს, მაშ, როგორღა მოვიქცეთო, ვუპასუხებდი: “თუ მართლა გინდა საქმის კეთება, სამსახურზე უარი თქვი”. როცა ქვეშევრდომი მორჩილებაზე უარს იტყვის, როცა მოხელე თანამდებობიდან გადადგება, რევოლუციაც მაშინ შედგება. წარმოვიდგინოთ, რომ სისხლიც კი დაიღვარა. განა ეგ იმგვარი სისხლისღვრა იქნება, როცა სინდისია დაჭრილი? ასეთ ჭრილობებზე დგას ნამდვილი ადამიანობა და უკვდავება. მე დღესაც ვხედავ, როგორ იღვრება ასეთი სისხლი.

კანონის დამრღვევის დასჯის წესზე ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ პატიმრობა მისთვის უფრო მძიმე სასჯელი იქნება, ვიდრე საკუთრების ჩამორთმევა, რადგან, მართალია, ორივე ერთ მიზანს ემსახურება, სახელმწიფოსთან შესაბმელად საჭირო გაბედულების მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, ქონების დაგროვებაზე დროს არ კარგავენ. ასეთი ხალხისთვის ხელისუფლება მხოლოდ უმნიშვნელო ადგილებს იმეტებს ხოლმე. სულ სხვაა მდიდარი – დამამცირებელი შედარების მოტანა არ მინდა, მაგრამ ასეთი კაცი ყოველთვის იმ ინსტიტუციებსაა მიყიდული, რომელთა წყალობითაც მდიდრდება. რომ განვაზოგადოთ, რაც მეტია ფული, მით ნაკლებია სიქველე; რადგან ფული ადამიანსა და მის პირველდანიშნულებას შუა დგება, აქედან კი ვერარა სიქველე ვერ წარმოდგება. ფული კაცს ბევრ თავსატეხს აკლებს, მაგრამ მათს მქონებელს სხვა რიგის კითხვები უჩნდება, რომლებიც თავისთავად ადვილი საპასუხო არ გახლავთ, თუმცა პასუხის გაცემას კი მოითხოვს. მაგალითად, როგორ უნდა დახარჯოს ეს ფული. ამგვარად, კაცს ზნეობის საყრდენ-საფუძველი ფეხქვეშ ეცლება. სიცოცხლის შესაძლებლობა “სახსრების” მატებასთან ერთად, ამის უკუპროპორციულად აკლდება. ყველაზე დიდი საქმე, რაც კაცმა გამდიდრებისას საკუთარი საზოგადოებისთვის და კულტურისთვის შეიძლება გააკეთოს, იმ ჩანაფიქრების ხორცშესხმაა, რომელთაც სიღარიბეში გულით ატარებდა. ჰეროდეს ხალხს ქრისტემ მათი მდგომარეობის-და მიხედვით უპასუხა, როცა იმ ფულის ჩვენება თხოვა, რომლითაც გადასახადს იხდიდნენ. ვიღაცამ ჯიბიდან დინარი ამოიღო. თუ იმ ფულს იყენებ, რომელზეც კეისარია გამოსახული და რომელსაც ღირებულება და ძალა კეისრისგან აქვს, მაშინ სახელმწიფოს კაცი ყოფილხარ, და თუ კეისრის მთავრობის მიერ მონიჭებულ უპირატესობებს ირგებ, მაშინ, როცა მოგთხოვს, კეთილი ინებე და მისი საკუთრების ნაწილი გადაუხადე. კეისარსა კეისრისა და ღმერთს – ღვთისაო,– მაგრამ იმათ უწინდელზე მეტი სიბრძნე არ შემატებიათ, რადგან ცოდნა არ სურდათ.

როცა ჩემს მეზობლებში ყველაზე თავისუფალ ადამიანებს ვესაუბრები, კარგად ჩანს – რაც უნდა მნიშვნელოვან და სერიოზულ საკითხზე მსჯელობდნენ, ხელისუფლების მხარდაჭერისა და ზურგის გარეშე დარჩენა აშინებთ და იმ შედეგებს უფრთხიან, რომლებიც შეიძლება თავად მათ და მათმა ოჯახებმა დაუმორჩილებლობის პასუხად მოიმკან. მე თვითონ ისე მგონია, რომ მთავრობის ხელის შემყურე და მისი მფარველობის მაძიებელი არასდროს ვიქნები. მაგრამ თუ ხელისუფლებას საგადასახადო დეკლარაციის ხელმოწერაზე უარს ვეტყვი, საკუთრებას უსწრაფესად ჩამომართმევს, ხოლო მე და ჩემს შვილებს შევიწროებით სულს ამოგვხდის. ადამიანისთვის პატიოსნად და თან კეთილდღეობაში ცხოვრება, გარშემომყოფთა პატივისცემის შენარჩუნება შეუძლებელია. მაშ ღირს კი ქონების დაგროვება, თუ იცი, რომ მას აუცილებლად დაკარგავ? სრულიად აუცილებელია დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ცხოვრება, ისე რომ არც ბევრი საქმე გქონდეს საკეთებელი და თან ყოველ წუთს ადგილიდან დასაძვრელად და ახალი ადგილის საძებრად მზად იყო. ადამიანი სიმდიდრეს თურქეთშიც კი მოიხვეჭს, თუ თურქეთის მთავრობას ყველა თვალსაზრისით კეთილგონიერ და სანდო ქვეშევრდომად შეუდგება. კონფუციუსი ამბობს: “როცა სახელმწიფო გონიერებით იმართება, სიღარიბე და გაჭირვება სამარცხვინოა; თუ სახელმწიფოს უგუნურება მართავს, სამარცხვინოდ სიმდიდრე და პატივი იქცევა.” არა: თუ მასაჩუსეთსის შტატისგან მფარველობას სადმე, სამხრეთის შორეულ პორტში არ მოველი, სადაც ჩემს სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხე ემუქრება, ან კიდევ, წელში მოკაკვული ადგილ-მამულებს არ დავკანკალებ, მაშინ შემიძლია თავს მასაჩუსეთსის მთავრობისადმი დაუმორჩილებლობის უფლება მივცე. ხელისუფლების დაუმორჩილება და ამისთვის სასჯელის მიღება ხომ ისე ძვირი არ დამიჯდება, როგორც მორჩილება. რომ დავმორჩილდე, თავს ხომ არარაობად ვიგრძნობ.

რამდენიმე წლის წინ სახელმწიფომ ეკლესიის სახელით მომმართა და სასულიერო წოდების წარმომადგენელთა მოსაკრებელში გარკვეული თანხის შეტანა მომთხოვა იმ მღვდლების დასახმარებლად, რომელთა ქადაგებებზე მამაჩემი დადიოდა ხოლმე, მე კი არასდროს დავსწრებივარ. “გადაიხადე, – მითხრა, – თორემ ციხის გზას გაგიყენებ!” უარი ვუთხარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთმა ადამიანმა ის თანხა ჩემს მაგიერ გადაიხადა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიღოს სკოლის მასწავლებელმა მღვდლის შესაწევნად; რატომ არ შეიძლება სასულიერო წოდება დაეხმაროს მასწავლებელს. რატომ არ შეიძლება საკუთარი საგადასახადო პრეტენზია ლიცეუმმაც წარადგინოს და სახელმწიფოს მისთვის ფული ახდევინოს, როგორც ამას ეკლესია შვრება. თუმცა, ზოგიერთი ნაცნობ-მეგობრის თხოვნით თავი მაინც დავიმცირე და ამნაირი შინაარსის განცხადება დავწერე: “წინამდებარე წერილით ვადასტურებ, რომ მე, ჰენრი თორო, უარს ვამბობ ყველა იმ გაერთიანების და საზოგადოების წევრობაზე, რომლებშიც არასოდეს გავწევრიანებულვარ.” განცხადება კლერკს გადავეცი, რომელიც მას დღემდე ინახავს. სახელმწიფოს, რომელსაც შევატყობინე, რომ არ მსურს ამ ეკლესიის მრევლად ვითვლებოდე, მას შემდეგ მსგავსი მოთხოვნით ჩემთვის აღარ მოუმართავს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მიმანიშნა, ჩემსას არც მე გადავალო. ყველას დასახელება და ასავალ-დასავალი რომ ვიცოდე, სათითაოდ ჩამოვწერდი საზოგადოებებს, რომელთა წევრი არასდროს გავმხდარვარ, მაგრამ სამწუხაროდ, არ ვიცი სად ვიპოვო მათი სრული ჩამონათვალი.

სულად გადასახადს ექვსი წლის განმავლობაში არ ვიხდიდი. ერთხელ ამის გამო ერთი ღამით ციხეში ჩამსვეს; სანამ ორი თუ სამი ფუტის კედლებს შორის მივდი-მოვდიოდი, ლითონით ნაჭედ უსქეს კარს და რკინის გისოსებს ვათვალიერებდი, რომლებიც ჩემს საკანში დღის სინათლეს არ უშვებდა, ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუციების სიბრიყვეზე ფიქრი არ მშორდებოდა; მაშ მათთვის ხორცის ერთი ნაგლეჯი ვყოფილვარ, სისხლის და ძვლის ტომარა, რომელიც შეიძლება ოთხ კედელს შუა გამოკეტონ; მიკვირდა, რომ ჩემთვის ამაზე უკეთესი დანიშნულება ვერ მოიგონეს, უფრო გონივრულად ვერ გამომიყენეს. ჩემსა და ჩემს თანამოქალაქეებს შორის მხოლოდ ეს ერთი კედელი რომ ყოფილიყო აღმართული, დიდი გაჭირვებით კედელზე გადმოძრომა ან მისი გარღვევა მოუხდებოდათ, რათა ისეთი თავისუფლება ეგემნათ, როგორიც მაშინ მე გამაჩნდა. პატიმრად თავი ერთი წუთითაც კი არ მიგრძნია, ის კედლები, მისი ქვა და კირი, ამშენებლებს სულ ტყუილად დაეხარჯათ, თავს ისე ვგრძნოდი, თითქოს მთელს ქალაქში გადასახადების ერთადერთი გადამხდელი ვყოფილიყავი. არავინ იცოდა, რა მოეხერხებინათ ჩემთვის, როგორ მომპყრობოდნენ, ამიტომ ისე იქცეოდნენ, როგორც ბრიყვებს შეეფერებათ; ყოველ მუქარასა და ყოველ ქათინაურში შეცდომა მოსდიოდათ, რადგან რატომღაც გადაეწყვიტათ, რომ ყველაზე მეტად იმ ქვის კედლის მიღმა დგომას ვნატრობდი. მეცინებოდა, როცა ვფიქრობდი, რა გულმოდგინედ ურაზავდნენ საკნის კარს ჩემს ფიქრებს, რომლებიც ციხის გარეთ ლაღად და დაუბრკოლებლად დანავარდობდნენ, არადა, ჩემგან ყველაზე დიდ ხიფათს სწორედ ის ფიქრები უქმნიდნენ, სხვა კი არაფერი. რაკი მე ვერ მომწვდნენ, სხეული დამიპატიმრეს და მისი დასჯა გადაწყვიტეს; განა ბიჭებიც ასე არ იქცევიან ხოლმე, როცა იმის მაგიერ, ვისი ბოღმაც გულში უდევთ, მის ძაღლს ერჩიან? მაშინ ცხადად დავინახე, რომ სახელმწიფოს ჭკუასუსტობა დამართნოდა, რომ ისეთივე უსუსური გამხდარიყო, როგორც ვერცხლის კოვზების ამარა დარჩენილი შინაბერა, და მტერს და მოყვარეს ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებდა; მაშინ იყო, რომ პატივისცემის ის მონარჩენიც დამეკარგა, რომელიც მის მიმართ კიდევ გამაჩნდა, და შემებრალა.

ამიტომაა, რომ სახელმწიფო ადამიანის ცნობიერებას, გონების მოღვაწეობასა თუ ზნეობრივ გრძნობას ვერაფერს უპირისპირებს, ხელი მხოლოდ მის სხეულსა და შეგრძნებებზე მიუწვდება. არც გამჭრიახობა აქვს იარაღად და არც პატიოსნება, ადამიანს მხოლოდ ფიზიკური ძალით აღემატება. ოღონდ მე იმისთვის არ დავბადებულვარ, რომ ძალა დამატანონ. მე თავისუფლად უნდა ვისუნთქო, ისე, როგორც თავად მსურს. შევეჭიდოთ, – ვნახოთ, ვინ დარჩება გამარჯვებული. განა რა ძალა აქვს უმრავლესობას? ხერხად მხოლოდ ძალადობა დარჩენიათ, მაგრამ მე უზენაეს კანონებს ვემორჩილები. ძალადობენ, უნდათ, საკუთარ თავს დამამსგავსონ. ან კი როგორ ცხოვრებას მთავაზობენ? თუ სახელმწიფო გზაზე გადამიდგა და მეუბნება: “ფული ან სიცოცხლე”-ო, ვითომ ხელი მაშინვე ჯიბეზე უნდა გავიკრა? თუ გონება ამღვრევია და აღარ იცის, რა იღონოს, მე მანდ ვერაფრით დავეხმარები. საკუთარ თავს თავად უნდა შველოდეს, ისე, როგორც მე ვიქცევი. საზოგადოებრივი მექანიზმის უხინჯო მუშაობაზე პასუხს მე არ ვაგებ; ინჟინრის შვილიც კი არ გახლავართ.

ისიც ხომ ცხადია, რომ თუ რკო და წაბლი მიწაზე გვერდიგვერდ ეცემა, ერთი მეორეს არ დაუთმობს, ნიადაგში ფესვს ისე გაუშვებენ, ტანს ისე აიყრიან, გაიზრდებიან და იყვავილებენ, როგორც თითოეულის წესია, იქამდე, სანამ ერთი მეორეს არ დაჩრდილავს და არსებობის საშუალებას არ წაართმევს. თუ მცენარემ ბუნების წესს არ მისდია, დაიღუპება. ასევეა ადამიანიც.

ციხეში გატარებული ღამე კი დიდად საინტერესო სიახლე გამოდგა ჩემთვის. ეზოში ფეხი რომ შევდგი, პატიმრისხალათიანი ტუსაღები ენას იქავებდნენ და საღამოსპირა სუფთა ჰაერს სუნთქავდნენ. მაგრამ ზედამხედველმა თქვა, აბა, ბიჭებო, დაკეტვის დროაო, ესენიც წავიდ-წამოვიდნენ და საკნებისკენ რომ გაეშურნენ, მათი ნაბიჯების ხმა მესმოდა. პატიმარი, რომლის საკანშიც გამამწესეს, ზედამხედველმა “გონიერ კაცად” გამაცნო. კარი რომ დაიკეტა, თანამესაკნემ ჯერ ის მაჩვენა, ქუდი სად დამეკიდნა, და მერე იქაურ ამბებშიც ჩამახედა. საკნების კედლებს თურმე თვეში ერთხელ ათეთრებდნენ, და ისე გამოდიოდა, რომ ეს უბრალოდ მოწყობილი ოთახი ქალაქის ყველაზე ქათქათა და სუფთა ბინა იყო. ბუნებრივია, მერე იმის გაგება მოესურვა, საიდან ვიყავი და ციხეში თავი როგორ ამოვყავი. რომ ვუპასუხე, მერე თავისი ამბის მოყოლა ვთხოვე, რა თქმა უნდა, მის პატიოსნებაში ეჭვის შეუტანლად, და ასე მგონია, სწორიც ვიყავი. რა ვიციო, მომიგო, საბძლის დაწვას მაბრალებენ, მაგრამ მე არ მიქნიაო. თუ სწორად გამოვიცანი, დათვრებოდა, საბძელში დაეძინებოდა, მანამდე, როგორც ჩანს, ჩიბუხს ეწეოდა; ერთი სიტყვით, საბძელს ცეცხლი წაეკიდა. გონიერი კაცის სახელი ჰქონდა, სასამართლოს სამი თვე იყო, ელოდებოდა და ლოდინი ალბათ კიდევ მეტ ხანსაც მოუწევდა, თუმცა, იქაურობას კარგად მორგებულ-მოშინაურებული და კმაყოფილიც კი მომეჩვენა, რადგან მუქთად ჭამდა, სვამდა, და თან მიაჩნდა, რომ კარგად ეპყრობოდნენ.

იმან ერთი ფანჯარა დაისაკუთრა, მე – მეორე; მივხვდი, რომ თუ იქ დარჩენა მეტი ხნით მომიწევდა, მთავარ საქმიანობად ფანჯრიდან ცქერა მექცეოდა. მალე საკნის კედლებზე მიჩხაპნილი ყველა ტრაქტატი წავიკითხე, შევიტყვე, საიდან გარბოდნენ ადრე იმ ციხის პატიმრები და გისოსის რომელი ნაწილის გაქლიბვა ჯობდა გაქცევისას; საკნის ადრინდელი ბინადრების ამბები მოვისმინე; ასე მივხვდი, რომ იქაურობასაც თავისი ისტორია და გადმოცემები ჰქონია, რომლებიც ციხის გალავანს ალბათ არასდროს გასცდენია. ალბათ ქალაქში ეს ერთადერთი სახლი იყო, რომლის კედლებშიც ისეთი ლექსები იწერება, მერე რომ ზეპირსიტყვიერებაში გადადის, მაგრამ დასტამბვა არ უწერია. რამდენიმე ყმაწვილის მიერ დაწერილი ლექსების საკმაოდ გრძელი ჩამონათვალიც მაჩვენეს. მოლექსეები ციხიდან გაპარვის მცდელობისას გამოუაშკარავებიათ, ლექსებს კი, როგორც ჩანს, გულის მოსაოხებლად წერდნენ.

ვქაჩე და ვქაჩე ამბები ჩემს თანამოსაკნეს, რამდენიც შემეძლო, რადგან ვშიშობდი, რომ სხვა დროს ვეღარ ვნახავდი, მაგრამ იმან მალევე მანიშნა, ვიძინებო, ჩემს საწოლზე მიმითითა და სანათური სულის შებერვით ჩააქრო.

იქ ყოფნა შორ ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავდა, რომლის არსებობა მანამდე არც მიეჭვია; არადა, ციხეში სულ ერთი ღამე გავატარე. მახსოვს, მეჩვენებოდა, რომ იქამდე არც ქალაქის საათის რეკვა გამეგონა, არც საღამოსპირა სოფლის ხმები; ღამით ფანჯარა ღია დავტოვეთ, რაკი გისოსებს შიგნით, საკნის მხარეს იყო შემოღებული. იმ ღამით მშობლიური ქალაქი შუა საუკუნეების დასახლებად მეჩვენებოდა, ჩვენი კონკორდი რეინის ნაპირებად მექცა და თვალწინ რაინდების და ციხე-სიმაგრეების ყოფის სურათები მიელავდა. ქუჩიდან რომ საუბარი მესმოდა, გარდასულ დროთა ბიურგერების ხმებად ვაქციე. მეზობელ ქუჩებზე თუ ციხის გვერდზე მდგარი სასტუმროს სამზარეულოში მომხდარისა და თქმულის უნებლიე შემსწრეც შევიქენი – ჩემთვის ეგ სულ ახალი და იშვიათი გამოცდილება იყო. ჩემი ქალაქი უფრო ახლოდან დავინახე. მთელი არსებით მასში ვიყავი. ამგვარი დაწესებულებები ადრე არასდროს მენახა, თან ის, სადაც მაშინ გახლდით, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, რადგან ეს ქალაქი საგრაფოს ცენტრად ითვლება. თანდათანობით იმაშიც კი გავერკვიე, რა საწუხარი ჰქონდათ მის მკვიდრთ.

დილით საუზმე კარში გაჭრილი სარკმლიდან მოგვაწოდეს, თუნუქის პატარა, ოთხკუთხა, წაგრძელებული ჯამებით, რომლებიც თურმე ერთმანეთში იდგმებოდა. საუზმე ცხელი შოკოლადისგან და შავი პურისგან შედგებოდა და რკინის კოვზი მოყვებოდა. გამოუცდელი ვიყავი, და როცა ჭურჭლის დაბრუნების დრო დადგა, კინაღამ პურის მონარჩენიც ზედ მივაყოლე, მაგრამ ჩემმა საკნის ამხანაგმა არ დამანება და მირჩია, სადილისთვის ან ვახშმისთვის დამეტოვებინა. მალე მახლობელ ყანაში სამუშაოდ გაუშვეს, სადაც თურმე ყოველდღე დადიოდა და შუადღემდე ვერ დაბრუნდებოდა, ამიტომ გამომემშვიდობა და იღბლიანი დღე მისურვა, რადგან, როგორც თავად მითხრა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ვეღარ მნახავდა.

ციხიდან რომ გამოვედი – ჩემს საქმეში ერთი ადამიანი ჩაერია და გადასახადი ჩემ მაგიერ გადაიხადა – თავიდან ვერც კი წარმოვიდგინე, რამხელა ცვლილებები მომხდარიყო ჩემთვის ნაცნობ სამყაროში; ალბათ ასე გრძნობს თავს კაცი, ახალგაზრდა ნაცნობს რომ დაემშვიდობება და მერე ღრმად მოხუცებულს, უღონოსა და გაჭაღარავებულს შეხვდება; თუმცა, ცვლილებები, რომლებიც ჩემთვის ქალაქში, სახელმწიფოში და სამყაროში მოხდა, უფრო დიდი იყო, ვიდრე დროს შეუძლია კვალის დამჩნევა. სახელმწიფო, რომელშიც ვცხოვრობდი, უფრო მკაფიოდ დავინახე. ვნახე, რამდენად შეიძლება ენდო ადამიანებს, რომელთა შორისაც ვცხოვრობდი, და შეიძლება თუ არა ესენი მოყვასად და კარგ მეგობრებად ჩათვალო; თურმე მათი მეგობრობა ზაფხულის ამინდივით ყოფილა. სამართლიანობისაკენ მაინცდამაინც მიდრეკილები არ ყოფილან; რომ მათი მიკერძოებებისა და წარმოდგენების გამოისობით ჩემთვის ისეთსავე შორ და უცხო მოდგმას შეადგენენ, როგორსაც – ჩინელები და მალაელები; როდესაც კაცობრიობას სიტყვით მსხვერპლად ეწირებიან, სასწორზე არაფერს დებენ, თავიანთ საკუთრებასაც კი; რომ ბოლოს და ბოლოს, არც ისეთი კეთილშობილები გახლავან, თუკი ქურდს ისე ეპყრობიან, როგორც ქურდი მათ. მაგრამ იმედი აქვთ, რომ თუ გარეგნულ მხარეს გაიპრიალებენ, რამდენიმე ლოცვას იტყვიან და სწორი, თუმცა, როგორც წესი, უსარგებლო გზით ივლიან, სულებს იხსნიან. შეიძლება მოყვასს მეტისმეტი სიმკაცრით განვსჯი; ბევრმა მათგანმა არც კი იცის, რომ მათს ქალაქში ციხის მსგავსი დაწესებულება არსებობს.

ადრე ჩვენში ერთი ჩვეულება არსებობდა: როცა კაცი ვერგადამხდელთა ციხიდან გამოვიდოდა, ნაცნობები შეხვედრისას თითებს ციხის გისოსებივით გადააჭდობდნენ, შუიდან გახედავდნენ, და მოკითხვას ასე დაიწყებდნენ. ჩემი მეზობლები ასე არ დამხვედრიან; ისე მიყურებდნენ, თითქოს შორი მოგზაურობიდან დავბრუნდი. ციხეში რომ გამაქანეს, მეწაღესთან მივდიოდი: შეკეთებული ფეხსაცმელი უნდა გამომერთმია. მეორე დილას, ციხიდან გამოსვლისთანავე ის გზა გავაგრძელე, გაახლებული ფეხსაცმელი ჩავიცვი, და მოცხარის მოყვარული მეგობრების ჯგუფს შევუერთდი: ესენი მოუთმენლად მელოდებოდნენ, ტყე-ღრეში მათი გზისმკვლევი ვიყავი ხოლმე, და ახლაც მე უნდა გავძღოლოდი. ნახევარი საათიც არ გასულა – ან, შეიძლება, ცხენი მყავდა ფეხმარდი – რომ უკვე ქალაქიდან ორი მილით დაშორებულ ყველაზე მაღალ მთაზე ეკალ-ბარდებში დავძვრებოდი; და მერე სახელმწიფო ერთხელაც არ გამხსენებია.

ესეც “ჩემი ციხეების” ამბავი, თავიდან ბოლომდე.

საგზაო გადასახადის გადახდაზე უარი არასდროს მითქვამს, რადგან ჩემი მეზობლებისთვის კარგი მეზობლობის გაწევა სწორედ ისევე მსურს, როგორც სახელმწიფოს ურჩი ქვეშევრდომობა. რაც შეეხება სკოლების დახმარებას, ჩემი წვლილი თანამემამულეთა განათლების საქმეშიც შემაქვს, მაგრამ სულად გადასახადს მაინც არ გადავიხდი, რადგან საგადასახადო დეკლარაციაში არ წერია, რა გზას გაუყენებენ ჩემს დოლარს. აქ სახელმწიფოს ნებას არ დავყვები, მისგან გამოკერძოვება და განზე გადგომა მსურს. იმ დოლარის გზაც არ მაინტერესებს – სანამ ჯარისკაცის დასაქირავებლად არ გამოუყენებიათ, ან მუშკეტი არ უყიდიათ, დოლარი სუფთაა, მაგრამ, სამწუხაროდ, თვალის გადევნება მხოლოდ ჩემი დაუმორჩილებლობის შედეგებისთვის შემიძლია. არსებითად, სახელმწიფოს, მშვიდად და აუმღვრევლად, ომს ვუცხადებ, ისე, როგორც შემიძლია, თუმცა, იმ შემთხვევებში, როცა თავად ჩავთვლი საჭიროდ, კვლავაც გამოვადგები, და მისი არსებობით მონიჭებულ უპირატესობებსაც გამოვიყენებ.

თუ იმ გადასახადს, რომლის გადახდასაც მთხოვენ, სხვები სახელმწიფოსადმი თანალმობით იხდიან, ორმაგად შემცდარნი არიან, რადგან უსამართლობას იმაზე მეტად აღონივრებენ, ვიდრე მათგან სახელმწიფო მოითხოვს. ვინც გადასახადს იმის გამო იხდის, რომ საგადასახადო სისტემაში ვერ ერკვევა, ან საკუთრების დაკარგვის და დაპატიმრების შიში აქვს, მაშინ ამ ხალხმა კარგად უნდა გაიაზროს, რამდენად ღრმად შეპარვიათ საზოგადო სიკეთის ჩრდილი განცდასა და გონებაში.

ამ დროისთვის ასეთი შეხედულებები მაქვს. მაგრამ არც საკუთარ აზრზე ჯიუტად დგომაა ყოველთვის სწორი, ისევე, როგორც სხვათა აზრისთვის უმართებულოდ ანგარიშის გაწევა. ადამიანს იმაში დარწმუნება უნდა დასცალდეს, რომ საკუთარი შეხედულებებისა და დროის მოთხოვნისამებრ იქცევა.

ხანდახან ვფიქრობ, ბოლოს და ბოლოს, ამ ხალხსაც ხომ მხოლოდ სიკეთე სურს-მეთქი. ერთი ეგაა, რომ ცოდნა არ აქვთ; უკეთეს რამეებსაც გააკეთებდნენ, რომ იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ. ჰოდა, ვფიქრობ, რატომ უნდა გავაღიზიანო მოყვასი, რომ ისე მომექცნენ, როგორც ზოგადად მოქცევა არ სურთ-მეთქი. მაგრამ მერე ისევ ვუფიქრდები, ეგ ხომ იმის მიზეზად არ გამოდგება, რომ მეც მათსავით მოვიქცე. მერე ხელახლა ვეუბნები საკუთარ თავს, როცა რამდენიმე მილიონი ადამიანი, რომლებიც შენს რამდენიმე შილინგზე სახელმწიფოს უფლებას ალალად, ბოროტი განზრახვის ან პირადი დამოკიდებულების გარეშე უჭერს მხარს, ხოლო კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, რომ ხსენებული პრეტენზია გადაიხედოს ან შეიცვალოს, არ იყენებს და არც შენ გაძლევს იმის საშუალებას, სხვა რამდენიმე მილიონის საქმე მოაგვარო, მაშინ, საკითხავია, ასეთ დიდ და უხეშ ძალას რატომ უნდა დაემორჩილო? სიცივესა და შიმშილს, ქარს და წყლის ტალღებს წინააღმდეგობას არ უწევ; კიდევ ათობით გარემოებაა, რომლებიც, როგორც ბუნებრივს, მშვიდად ემორჩილები. ადამიანი თავს ცეცხლში არ ყოფს, სწორედ იმიტომ, რომ ესენი უხეშ, დამთრგუნველ ძალად ვერ ჩაითვლება, არც ის ძალაა ბოლომდე უხეში ძალა, რადგან ნაწილობრივ მასში ადამიანის ძალაც იგულისხმება, რომელიც მხოლოდ იმ რამდენიმე მილიონ ადამიანს კი არა, სხვა მილიონებსაც გააჩნიათ, და აქ ვხედავ, რომ თუ მათზე მიდგა, საქმე ჯერ მათს შემქმნელთან მექნება დასაჭერი, თავად მათთან კი – მხოლოდ ამის შემდეგ. თავი რომ საკუთარი ნებით ცეცხლში შევყო, ცეცხლს და მის გამჩენს რა მოვთხოვო, დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნები. საკუთარი თავის დარწმუნება რომ შემეძლოს, უფლება მაქვს, ადამიანები ისეთებად მივიღო, როგორებიც არიან-თქო, და ჩემი შეხედულებების და წარმოდგენების მიხედვით არ მოვთხოვო, მაშინ, ღვთისნიერი მუსლიმივით ან ფატალისტივით მომიწევდა იმასთან შეგუება, რაცა გვაქვს, ვიტყოდი, ალბათ ასეთია-თქო ღვთის ნება. და მერე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამათსა და ბუნების ძალთა უხეშ შემოტევას შორის ხომ არის სხვაობა, რომ პირველთან შეწინააღმდეგებაში რამე შედეგი ვნახო; თუმცა, სულ არ მოველი, რომ ორფეოსის მსგავსად, ქვების, ხეების და გარეული ნადირის ბუნებას შევცვლი.

არც ის მინდა, რომელიმე ერთ კაცს ან ქვეყანას წავეკიდო. არც მკაფიო ზღვრების გავლება მსურს, ან საკუთარი თავის მეზობელსა და მოყვასზე მაღლა დაყენება. მეტსაც ვიტყვი, მიზეზსაც კი ვეძებ, რომ ამ ქვეყნის კანონებს შევეწყო. წარმოსადგენზე მეტად ვარ განწყობილი, რომ ეს კანონები მივიღო და შევეგუო; ამიტომ, ყოველ წელს, როცა გადასახადების ამკრეფი შინ მომდის ხოლმე, ქვეყნის და შტატის მთავრობების ქმედებების და პოზიციის, თვით მისი ხალხის სულისკვეთების გაზიარების სურვილსა ვგრძნობ, რომ მათი შეწყნარების საფუძველი გამიჩნდეს.

მჯერა, რომ მალე სახელმწიფო ამ საკითხებზე ჩემს ნაფიქრსა და ნაჯაფს ჩემივ ხელიდან მიიღებს, თუმცა, თანამემამულეებზე მეტი პატრიოტი არც ამის მერე შევიქნები. თუ მაინცდამაინც მომთხოვნი თვალით არ შევხედავთ, კონსტიტუცია, მისი ნაკლითა და ხინჯითურთ, ძალიანაც კარგი გვაქვს. კანონები და სასამართლოები პატივისცემას იმსახურებს; თვით ეს ჩვენი სახელმწიფო და ამერიკის ეს მთავრობაც, ბევრი სხვა თვალსაზრისით, აღფრთოვანების ღირსია და მათ გამო მადლიერება გვმართებს. მაგრამ თუ შეფასების თამასას ცოტათი ავწევთ, მაშინ ესენი სწორედ ისე გამოიყურება, როგორადაც მე აღვწერე. მეორე მხრივ, თუ სულ ასე მაღლა და მაღლა ვწიეთ, მაშინ ვიღამ რა თქვას, და დარჩება კი რამ ამ ქვეყანაზე ჭვრეტის და განსჯის ღირსი?

თუმცა, უნდა ვთქვა, რომ მთავრობა დიდად არ მადარდებს და მასზე საფიქრად დრო მენანება. ცხოვრებაში, ჰო, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი, ბევრი არ მქონია ისეთი წუთი, რომ ამ მთავრობის ქვე შევრდომილი ვყოფილიყავი. თუ კაცს გონება, ცნობა და წარმოსახვა ახსნილი და თავისუფალი აქვს – თუმცა კი, სამწუხაროდ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება – უგუნური მმართველები და ასეთივე რეფორმატორები მის ცხოვრებაში ისე ჩარევას ვერ მოახერხებენ, რომ ამ ადამიანისთვის გამოუსწორებელი შედეგი იქონიოს.

ვიცი, ადამიანების უმეტესობა სხვაგვარად ფიქრობს; ხოლო ისინი, ვინც ამ და მსგავსი საკითხების შესწავლას თავს პროფესი­ისადა გამო უძღვნიან, ყველაზე ნაკლებად დამეთანხმებიან. სახელმწიფო მოხელეები და კანონმდებლები ინსტიტუციებით მთლიანად არიან მოცულნი, ამიტომ გარედან მკაფიოდ ვერ ხედავენ. ეს ხალხი საზოგადოების წინსვლაზე და მოძრაობაზე ლაპარაკობს, მაგრამ თუ მოძრაობა არ იქნა, ისე მოსასვენებელი ადგილი დაეკარგებათ. შეიძლება საკმაო გამოცდილება და გამჭრიახობაც ჰქონდეთ; ეჭვი არ არის, რთული, და დროდადრო სარგებლის მომტანი სისტემების შექმნაც კი მოუხერხებიათ, რომელთა გამო მადლობას გულწრფელად ვუხდით, მაგრამ ეს მათი სიბრძნე და კეთილისმყოფელობა, ცოტა არ იყოს, ვიწრო ჩარჩოებშია მოქცეული. ამ ხალხს დავიწყებული აქვს, რომ სამყაროს პოლიტიკა და მიზანშეწონილება არ მართავს. უებსტერი  სამთავრობო წრეებს დიდად არ გასცდენია და ამიტომ სამყაროზე ჩვენთვის სარწმუნოდ ვერ ილაპარაკებს. მისი სიტყვები სიბრძნედ იმ კანონმდებლებს ეჩვენებათ, რომლებსაც ქმედითი რეფორმის გატარება რეალური მთავრობისაგან ვერ წარმოუდგენია; ხოლო მოაზროვნე ადამიანებისთვის, სამართალზე მოფიქრალი ყველა დროის კანონმდებლებისთვის, ეს კაცი სამსჯელო საგანს კარგად არ იცნობს. ისეთი ნაცნობებიც მყავს, ვისი ჭკუადამჯდარი და ბრძნული განსჯა ამ თემებზე მათი გონების სიღრმე-განს და შესაძლებლობებს ძალიან მალე ამხელდა. თუმცა, სხვა რეფორმატორების წყალწყალა ცოდნისა და, ზოგადად, პოლიტიკოსების უფრო წყალწყალა მჭევრმეტყველების თუ ზერელე გონების შემხედვარე, ამ კაცის გაჩენისთვის უდავოდ ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ. დანარჩენებთან შედარებით ამას ძალაც აქვს, ორიგინალობაც, და, რაც მთავარია, პრაქტიკოსია. და მაინც, მისი მთავარი ღირსება სიბრძნე კი არა, გულმოდგინებაა. კანონთა შემოქმედის ჭეშმარიტება ჭეშმარიტება კი არაა, არამედ საფუძვლიანობა, ანდა საფუძვლიანი მიზანშეწონილება. ჭეშმარიტება საკუთარ თავთან ჰარმონიაშია და სამართლიანობის დამყარების სურვილი არ ღრღნის, ამან კი ხანდახან შეიძლება გარკვეული დარღვევებიც გამოიწვიოს. ამ კაცმა მისი სახელი, “კონსტიტუციის დამცველი”, სამართლიანად მოიპოვა. უფრო ხშირად დარტყმას კი არ აყენებს, დაცვის გზას ირჩევს. ლიდერი არ არის, უფრო მიმდევარია, და ვისაც მისდევს, 1787 წლის მოქმედნი პირნი არიან. არასდროს მიცდიაო, ამბობს, ასეთ მცდელობაზეც კი არ მიფიქრიაო, ის თავდაპირველი შეთანხმება დამერღვია, რომლის თანახმად შტატები კავშირში არიან გაერთიანებულნიო. თუმცა, როცა კონსტიტუციის მიერ მონობისათვის გაცემულ სანქციაზე მსჯელობს, აცხადებს, რაკი ეს თავდაპირველი შეთანხმების ნაწილი იყო, დე ასეთად დარჩეს კიდეცო. მისი განსაკუთრებული ალღო და სიმარჯვე რომ განზე გადავდოთ, გამოდის, პოლიტიკური ურთიერთმიმართებებიდან გამორიდებით, ამ კაცს ფაქტების დანახვა არ შეძლებია, გონების თვალით ვერ ზომავს, – მაგალითად, ვერ ამბობს, რა თვალით უნდა უყურებდეს დღეს აქ, ამერიკაში ადამიანი მონობას, მაგრამ სხვა, ამაზე უფრო რთულ კითხვაზე, მაგალითად, თუ რაზე უნდა იდგეს დღეს საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ახალი და ერთადერთი კოდექსი, პასუხის გაცემას კი ბედავს. “იმ შტატებმა, სადაც მონობა არსებობს,” ამბობს ეს ადამიანი, “ეს საკითხი საკუთარი მოსაზრებებისამებრ და თავიანთი ამომრჩევლის წინაშე აღებული პასუხისმგებლობის მიხედვით უნდა გადაწყვიტონ, საკუთრების, ჰუმანურობის, სამართლიანობის კანონების თანახმად, უფალი ღმერთის წინაშე. ადგილ-ადგილ წარმოქმნილ გაერთიანებებს და საზოგადოებებს, რომლებიც თითქოსდა ჰუმანურობის მოსაზრებებს ემყარებიან, ამ საკითხთან ხელი არ აქვთ. ჩემგან მხარდაჭერა და წახალისება მათ არც აქამდე ჰქონიათ, და არც სამომავლოდ ექნებათ.”

ვისაც ჭეშმარიტების უფრო წმიდა წყაროებთან არ მიესვლება, ვინც შესართავებს უფრო მაღლა, სათავისკენ არ აჰყოლია, ბიბლიაზე და კონსტიტუციაზე დგას და ხვალაც იდგება, და მათ წყლებს კრძალვით იქავ დაეწაფება; მაგრამ ვინც იცის, საიდან ივსება მისი ტბა თუ ჭურჭელი, რკინის ქალამანს ჩაიცვამს და მუხლმოსადრეკად გზას იმ წყაროს სათავისკენ გააგრძელებს.

ამერიკაში კანონმდებლებს შორის გენიოსი ჯერ არ გამოჩენილა. ასეთები მთელი მსოფლიოს ისტორიაშიც ცოტანი არიან. ორატორი, პოლიტიკოსი და მჭევრმეტყველი კი ბევრია, მაგრამ იმ მჭევრად მეტყველებისას ჯერ ჩვენთვის არავის უთქვამს, ვინ უნდა ითავოს დღევანდელობის ყველაზე მყივან კითხვებზე პასუხის გაცემა. ენამჭევრობა ჩვენ თავისთავად გვიყვარს, და არა იმ ჭეშმარიტების გამო, რომელიც მისი მეშვეობით შეიძლება გამოითქვას, ან იმ გმირული სულისკვეთებისთვის, რომლის გაღვივებაც მას შეუძლია. ჩვენს კანონმდებლებს ჯერ ვერ გაუგიათ, რა ფასი აქვს თავისუფალ ვაჭრობას და თვით თავისუფლებას, თანხმობასა და ზნეკეთილობას ერისა და ქვეყნისათვის. გენიოსობა კი არა, ნიჭიც საკმარისი იქნებოდა გადასახადების და ფინანსების, ვაჭრობის, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ასე თუ ისე მარტივი საკითხების მოსაგვარებლად. ამერიკა სხვა ხალხებს შორის იმ ადგილის შენარჩუნებას ვერ მოახერხებდა, რაც გვიკავია, ჩვენ რომ მხოლოდ კონგრესში მოქუხარი კანონმდებლების ბრძნული გამოსვლების ამარა ვიყოთ და ხალხის გამოცდილებისა და სამართლიანი უკმაყოფილებისა მათ ზედ არაფერი ემატებოდეს. თვრამეტი საუკუნეა, რაც სახარება დაიწერა, მაგრამ – შეიძლება მე ამის თქმის უფლებაც არ მქონდეს – სად არის კანონმდებელი, რომელიც კანონშემოქმედების მეცნიერებაზე ახალი აღთქმით მოფენილ ნათელს ბრძნულად და პრაქტიკული ნიჭის დატანებით ხორცს შეასხამს?

ხელისუფლების ძალა – ისეთისაც კი, რომლისადმი დაქვემდებარებას მე ვესწრაფვი – რადგან იმათ, ვინც ჩემზე მეტი იცის და ემარჯვება, სიხარულით დავმორჩილდები, ზოგიერთ საკითხში ნაკლების მცოდნესა და შემძლესაც კი – ჯერჯერობით ზნეობაზე არ დგას; უხინჯოდ სამართლიანი რომ იყოს, ჯერ იმათი ნებართვა და თანხმობა უნდა გააჩნდეს, ვისაც მართავს. ჩემს პიროვნებაზე და საკუთრებაზე მას მხოლოდ იმდენი უფლება აქვს, რამდენსაც მე მივანდობ. აბსოლუტურიდან შეზღუდულ მონარქიამდე, შეზღუდულიდან დემოკრატიამდე განვლილი პროგრესი წინსვლად მაშინ ჩაითვლება, თუ ის გზა პიროვნების ნამდვილი პატივისცემისკენ მიმავალი გზა იყო. ჩინეთის იმპერატორსაც კი ეყო სიბრძნე, რომ იმპერიის დასაყრდენად პიროვნება ჩაეთვალა. არის კი დემოკრატია, ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, ხელისუფლების გაუმჯობესების უკანასკნელი საშუალება? ნუთუ ადამიანის უფლებების აღიარებისკენ და დახვეწისკენ მეტი ნაბიჯის გადადგმა შეუძლებელია? ჭეშმარიტად თავისუფალი და განათლებული სახელმწიფო მანამ ვერ იარსებებს, სანამ სახელმწიფო პიროვნებას უზენაეს და დამოუკიდებელ ძალად არ აღიარებს, რომლიდანაც საკუთრივ მისი ძალა და ღონიერება წარმოდგება და რომელსაც ისე მოეპყრობა, როგორც პიროვნება იმსახურებს. თავს იმგვარი სახელმწიფოს წარმოსახვით ვინებივრებ, რომელიც იმას მაინც მოახერხებს, სამართალი ყველა ადამიანს თანაბრად გაუყოს და პიროვნებას მოყვასისადმი მისაგები პატივისცემით მოეპყრას; რომელსაც სიმშვიდეს ის ამბავი არ დაურღვევს, რომ ზოგიერთი მისი მოქალაქე თავს მისგან შორს იჭერს, მისი საქმეების მონაწილე არაა და თავს მასზე ფიქრით არ იმძიმებს, თუმცა, მოყვასისა და თანამოქალაქის ყველა ვალს კი აღასრულებს. სახელმწიფო, რომელიც ასეთ ნაყოფს გამოიღებს და მის მოწევნას დაელოდება, გზას კიდევ უფრო სრულყოფილ და სხივმოსილ მმართველობას მოუმზადებს; მისი წარმოდგენაც მიცდია ხოლმე, მაგრამ ნახვით ჯერ არსად მინახავს.

 

1849


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.