გიჟების ჩაისსმა





პროზა

გიჟების ჩაისსმა




(ლუის კეროლიდამ)

სახლის წინ ხის ძირას გაშლილ სუფრასთან მირკნის კურდღელი და გიჟი მექუდე (1) ჩაის გეახლებოდნენ. შუაში მუთაქასავით დაეგდოთ ჩაძილქუშებული ძილგუდა, ზედ იდაყვები შემოელაგებინათ და მასლაათობდნენ. (2)

„ძილგუდამ ისე მოიკალათა საკუთარ ძილში,“ - გაიფიქრა ალისმა - „რომ ასეთი შემაწუხებელი მოპყრობა აღარც კი აწუხებს.“

სამივე მეინახე ვეება სუფრის ერთ კუთხეში შეყუჟულიყო, - ეტყობა ადგილი არ ყოფნიდათ. და რა იხილეს ვიღაცა გოგო და რა დარწმუნდნენ, რომ იგი სწორედ მათკენ მოიწევდა - ყვირილი მორთეს:

„მორჩა,  მორჩა! წადი აქედან!“

„არასადაც არ წავალ“ - დინჯად მიუგო ალისმა და სუფრის თავში ჩამოჯდა...

„ღვინო მიართვით მაგას, ღვინო!“ - ომახიანად შესძახა მირკნის კურდღელმა.

ალისმა თვალი მოავლო სუფრას, რომელზეც ჩაის გარდა არაფერი იყო.

„მე აქ ღვინოს, რაღაც, ვერ ვხედავ.“ - შენიშნა მან.

„არც არის და რა უნდა დაინახო?!“ - გადაუგდო მირკნის კურდღელმა.

„ბატონო ჩემო, ერთი ეს მითხარით - სადაური წესია ტყუილებით გამასპინძლება?“ - იკითხა ალისმა.

„სადაური წესია და იქაური, საიდანაც დაუპატიჟებელი სტუმრები მობრძანდებიან ხოლმე და ასევე დაუპატიჟებლად იკავებენ ხოლმე საპატიო ადგილს“ - მშრალად უპასუხა კურდღელმა.

„მერე და თქვენ აქ მასპინძლად ვინ დაგაყენათ? ამ ეგებ ისიც მითხრათ, რომ ეს სუფრა მხოლოდ სამ კაცზეა გაშლილი?“ - ჩაეკითხა ალისი.

„ჩემი ნება რომ იყოს, მაგ ბუწუწებს სულ სათითაოდ დაგაჭრიდი“, - როგორც იქნა ხმა ამოიღო მექუდემ. აქამდე მას არაფერი უთქვამს; იჯდა და თვალებით ჭამდა ამ საეჭვო სტუმარს. და ეს იყო მისი პირველი რეპლიკა.

„კეთილი ინებეთ და ჩემს პიროვნებას ასე უხეშად ნუ შეეხებით“ - განუცხადა ალისმა, - „ეს უზრდელობაა.“

მექუდეს ამის გაგონებაზე თვალები გადმოუცვივდა, მაგრამ ერთადერთი რაც თქვა, ესღა იყო:

„რა არის შავი ყორანი საწერი მერხისთვის, ან საწერი მერხი შავი ყორანისთვის ნეტავ რა არის?..“

„აი, ეს მესმის, ახლა კი მართლა მოვილხენო,“ - გაიფიქრა ალისმა, - „ჩაის სვამენ და ლაყბობენ, გამოცანებს იტყვიანო...“ შემდეგ ხმამაღლა დაუმატა:

„მგონი ვიცი რაც უნდა ვთქვა...“

„მაინც რისი თქმა გინდა?“ - ჩაეკითხა მირკნის კურდღელი.

„მე? მე იმის თქმა მინდა... მე, - აი, რაც ვთქვი, ის მინდა. ეს კი ერთ და იგივეა.“ - უპასუხა გოგომ.

„ეე, ეგრე არ გამოვა,“ - ჩაერთო მექუდე, - „ჯერ გაარკვიე რას ამბობ, რომ გაარკვიო - რა გინდა, რადგან ეს არ არის ერთ და იგივე; და ეს იგივე ის ერთია, რომელიც არაიგივეს არაერთია, თანახმად მეთანახმეთა თანამეხმეობისა...“

„ხოლო ის, რაც იქნება არანაირი ერთი ყველანაირიად იგივე“ - დაუმატა მირკნის კურდღელმა, - „იგივეობრივია არაერთისა, როგორც სულერთი. ასე რომ - შენ დებულება უკუიგდება უკურღვევის გზით, თუკი ცემი წინჩამოსაგდებელი შესატყვისიდანაა დაკაზმული.“ (3)

„ჰოო,“ - ძილიდან აღმოუტევა ძილგუდამ, - „როგორც შემდებარე და ქვემასმენელი...“

„ჰოო, შე სიზმარ-სიცხადის მექორწილევ შენა!“ - ჩასძახა მექუდემ და საუბარი შეწყდა.

„სუფრაზე წუთიერი დუმილი ჩამოვარდა,“ - გაიფიქრა ალისმა.

სიჩუმე მექუდემ დაარღვია:

„ერთ გავიგოთ - სადა ვართ, რა ქვეყანაში ვართ?!“ - მიუბრუნდა იგი ალისს, თან ჯიბიდან საათი ამოიღო. როგორ? კრძალვით. თითებში ოდნა შესამჩნევი ცახცახით. მზერა -  დაბინდული; ხან კი - იდუმალი... საათი ჯერ ხელში აათამაშა, შემდეგ ყურთან მიიტანა, შემდეგ ცხვირთან და დაყნოსა. შემდეგ კი ენის წვერით, რამოდენიმეჯერ გემო გაუსინჯა.

ალისი ცოტა ხანს დაფიქრდა და მხოლოს ამის მერეღა თქვა:

„აქ.“

„მძაღეა,“ - გაბრაზდა მექუდე და მირკნის კურდღელს შეუბღვირა გაწიწმატებულმა, - „მე შენგან ვითხოვდი ნაყოფს ბაგეთა, შენ კი მაინც კარაქით შეგიპოხავს!“

„კი, მაგრამ, ეს ხოომ სამსხვერპლო კარაქია!“ - თავი გაიმართლა კურდღელმა.

„შესაძლებელია! მაგრამ ეტყობა ყველაფერი სისხლში ამოისვარა“ - ჩაილაპარაკა მექუდემ, - სამზარეულოს დანით არ უნდა გექნა...“

მირკნის კურდღელმა საათი გამოართვა და თავის წინ ლანგარზე მოათავსა. მერე ლიმონის ასაღები ჩანგალი მოიმარჯვა და საათს ჩასცა. თან რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა. საათი მაღლა ასწია და წართქვა:

„Corpus Domini Nostri!” („ხორცი უფლისა ჩვენისა“ (ლათ.))

ალისი უცნაურად უცქერდა ამ უცნაურ სანახავს.

„რა სასაცილო საათია, - აღნიშნა მან, - „ადგილმდებარეობას აჩვენებს, დროს კი არა...“

„ეტყობა, ამ ქალბატონის საათი ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობას აჩვენებს.“ - თქვა მექუდემ.

„...თანაც - შიშითა და თანაგრძნობით...“ - ნიშნის მოგებით დაუმატა კურდღელმა.

„აი, ჩემი კი - მხოლოდ ალაგს,“ - ჩაილაპარაკა მექუდემ და თვალი გაუშტერდა.

ეს ყოველივე ერთობ უჩვეულოდ ჟღერდა, თუმცაღა ალისისათვის სრულიად გასაგებ ენაზე.

„ეტობა მაინცა და მაინც კარგად ვერ მიგიხვდით,“ - შენიშნა მან რბილად.

„ძილგუდას ძველებურად სძინავს,“ - თქვა მექუდემ და დრუნჩზე ცოტაოდენი ცხელი ჩაი დაასხა. გაღიზიანებულმა ძილგუდამ თავი გააქნია და თვალდახუჭულმა დაიწრიპინა:

„ჰო, ჰო, - მეც მანდა ვარ!..“

„გამოცანისა თუ გამოიცანი რამე?“ - მიუბრუნდა მექუდე ალისს.

„ვერა, ვერ გამოვიცანი,“ - აღიარა ალისმა, - „იქნებ თქვენ მითხრათ პასუხი?!“

„მე პასუხს ნუ მომთხოვთ,“ - იუარა მექუდემ.

„პასუხს დრო მოიტანს,“ - დაუმატა მირკნის კურდღელმა.

„მე კი მგონია, რომ დროის ასეთი უპასუხისმგებლო ფლანგვა არაფერს გარგებთ,“ - შენიშნა ალისმა.

„მაგას არ იტყოდი, რომ გცოდნოდა რაოდენ დიდია დრო, რომელიც ერთი ციცქნა არსებობისთვის მოგენიჭა,“ - აღაღო პირი მექუდემ დამმოძღვრავად და წაიღიღინა - „დრო მამაა ჩემი, სივრცემ - დედა ჩემი...“

„არ მესმის რისი თქმა გსურთ...“ - მართლაც ვერ გაიგო ალისმა.

„ვერც გაგიგებ,“ - დაუდასტურა მექუდემ, - „იმიტომ რომ დრო რაღაცა სახარჯი და საფლანგი და სარგებლის მომტანი გგონია. ვინ იცის, ეგებ დროის შესახებ შეკითხვის განახლების საკითხის მნიშვნელობასაც ასევე აფასებ!“ - შეჰყვირა მერე მაღლა აპყრობილი თავით.

„დროის გაგება თუ მინდა, მე ამ შეკითხვას ან კედლის საათს ვუსვამ, როცა სახლში ვარ, ან გამვლელებს, ქუჩაში,“ - გულუბრყვილოდ მიუგო გოგომ.

„სახლში ჯდომით ვერაფერს გახდები. ხოლო ყოველი გამვლელი წარმავალია, როგორც დროს აყოლილი,“ - განაგრძო მექუდემ, - „საქმეც ეგ არის, რომ შეკითხვა დროის შესახებ ხელსაწყო-საათს არ უნდა გადააბარო, იმიტომ, რომ საათმა, გინა კედლისა და გინა მაჯისამ, ლაპარაკი არ იცის. მეტყველებს მხოლოდ ის, ვინც უწყის რომ სასრულია და მოკვდავი. ხოლო უკვდავი - სდუმს და ზედაც არ გვაფურთხებს!“

(ამ სიტყვების გაგონებაზე მირკნის კურდღელმა დაამღერა:

„მზიგან დასიცხული დროის საათია,

შემხვედრ შეკითხვათა ყალბი დანათვალი!

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე...)

მექუდემ ყურადღება არ მიაქცია:

„...მაშინ საათს დროის შესახებ ყველაფერს ათქმევინებდი. ახლა კი, ა, ბატონო, (მაგიდაზე დაგდებულ საათზე მიანიშნა) - დევს აქ და დროისა კი არაფერი გაეგება, - ჰიპონის ეპისკოფოზივით!(4)“

ალისმა თანაუგრძნო:

„გატყობთ, თავის დროზე თავით დროს ბევრჯერ დასჯახებიხართ.“

„არა, მხოლოდ ერთხელ,“ - დააზუსტა მექუდემ, - „ერთად-ერთხელ, როცა მითხრეს რომ ბრალდებული ვარ. ბოროტებათა რა ჩირქიან სილამაზედ გამომიზრდია თავი!“

„ეგ როდისღა მოხდა?“ - ზრდილობისთვის იკითხა ალისმა.

„თვალგაშტერებულმა მექუდემ ამოიოხრა და უპასუხა:

„შარშან,, მარტში... ჰო, გარეთ შეშლილივით მოკვდა თებერვალი!.. (ჩაის კოვზით მირკნის კურდღელზე მიანიშნა) ეს უპატრონოც მაშინ გაგიჟდა... მახსოვს - მაგიური თეატრის სცენაზე დებიუტი მქონდა. ნაზუქის დედოფლის წინაშე გამოვდიოდი. სწორედ იმ დღემ მშვა და იმ დღემ დამამხო სწორედ. ჩემი ერთი ექსპერიმენტული ხასიათის ნაწარმოები უნდა შემესრულებინა, რომელსაც ერქვა - დროის მოკვლის მიზნით მშობელ სივრცესთან შერთვა მუსიკის მეშვეობით. ალბათ გსმენია, ასეთი სიტყვებით იწყება:

„ეს საწყალი ღამურა

ძლიერ ავად გაგვიხდა...“

„ჰო, მგონი მახსენდება...“ - იცრუა ალისმა.

„...შემდეგ გუნდები შემოდიან,“ - აენთო მექუდე:

„ჭრელო ღამურავ, გაფრინდი ნელა,

დელიავრანუნიიი...“

აქ ძილგუდა შეფართხალდა და ძილში აჰყვა:

„დელიავრანუნი, დელიავრანუნი, დელიავრანუნი, დელია...“ - და ისე გაუტია, რომ ვიდრე კურდღელმა მუჯლუგუნი არა ჰკრა, არ გაჩერდა.

„ჰოდა, იმას გეუბნებოდი,“ - განაგრძო მექუდემ, - „პირველი სტროფის დამთავრება ვერც კი მოვასწარიი, დედოფალი წამოხტა განრისხებული და იკივლა. - ეს ხომ დოდეკაფონიაა! თავი წააცალეთ! (5)“

„ღმერთო, რა სასტიკი ცენზურის პირობებში გიწევდათ მოღვაწეობა!..“ - კვლავ თანაუგრძნო ალისმა.

„შიშმა შემიპყო...“ - ხმა აათამაშა მექუდემ, „გონება დამიბინდდა, თვალები დამიბრმავდა, - რის გამოც ექსპერიმენტი ჩაიშალა და ხელში შემრჩა ფუტურო სივრცე...“ თავი ჩაქინდრა და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა:

„მას შემდეგ ჩემი საათი მხოლოდ ალაგსღა აჩვენებს, ხოლო მე კი - რაც წარსულში მიკეთებია, იგივეს კეთება მიხდება ახლაც და შემდგომშიც იგივე მომიწევს...“

„ეტყობა წარსულში სმის მეტი არაფერი გიკეთებიათ,“ - დაასკვნა გოგომ, - ამიტომაც არის, რომ ეს სუფრა ამდენ ჭუჭყიან ჭურჭელს ვეღარ იტევს.“

„ჰო,“- დაეთანხმა მექუდე - „ერთი და იგივეს მარადიული შემობრუნება... ჭურჭლის გარეცხვასაც კი ვერ მოახერხებ!“

„და სულ ასე - წრეზე ბრუნავთ?“ - ჰკითხა ალისმა.

„რას იზამ?! - მიუგო მექუდემ, - „კაცი ყველაფერს ეჩვევა...“

„ჰო,“ - დაეთანხმა ალისი, - „შეჩვეული ჭირი მარგებელია.“

„კარგი, მოვეშვათ ამას“ - შეაწყვეტინა მექუდემ და დაამთქნარა, - „მომბეზრდა. მოდი, ზღაპარი მოგვიყევი.“

„რომ არ ვიცი“, - თქვა ალისმა.

„მაშინ ძილგუდამ გვიამბოს!“ - ერთხმად შესძახეს კურდღელმა და მექუდემ, - „ძილგუდ, გაიღვიძე!“ - და ორივე მხრიდან წაუთაქეს.

ძილგუდამ ნელა გაახილა თვალი.

„მე სრულებით არ მძინებია,“ - დაიწრიპინა მან, - „და ყველაფერიც მესმოდა, რაც ითქვა ჩემი არყოფნის დროს.“

„ზღაპარი მოგვიყევი!“ - უთხრა მირკნის კურდღელმა.

„ჰო, მოგვიყევით რა...“ - სთხოვა ალისმაც.

„ოღონდ დროზე, თორემ ისევ დაგეძინება,“ - დაუმატა მექუდემ.

„იყო და არა  იყო რა, იყო ერთი სამი გოჭი“ - სხაპასხუპით დაიწყო ძილგუდამ - „სახელად ერქვათ: ტანო, ტატანო და გულწარმტანო. მეოთხეც იყო, მაგრამ სხვაგან დადიოდა... ცხოვრობდა ეს სამი გოჭი კვერცხუჯრედში.“

ზღაპრის დასაწყისმა ალისს რაღაც მოაგონა და გოგონამ იკითხა:

„იქ რომ იყვნენ, ნეტა რას სჭამდნენ?“

ძილგუდა ცოტა დაფიქრდა და უპასუხა:

„რას სჭამდნენ და ერბოკვერცხს...“

„როგორ - ერბოკვერცხს?! - გაუკვირდა ალისს.

„აბა, კვერცხუჯრედში სხვა რა უნდა ეჭამათ?! - მიუგო ძილგუდამ და დაუზუსტა - „ეს იყო უტაფო ერბოკვერცხი...“

ალისი შეეცადა წარმოედგინა ამგვარი რამ, მაგრამ მეხსიერებაში საამისოდ აღარაფერი შემორჩებოდა. შემდეგ კი უბრალოდ იკითხა:

„იქ საიდან გაჩნდნენ, ან - რატომ?“

„არ დაიბადო, აი, რა არის ყველაზე კარგი!“ - პათოსით წამოიწყო მირკნის კურდღელმა და წაუმატა - თითოც ხომ არ მიგვეღო, ჰა?!“

„მხოლოდ ჩაი და სხვა არაფერი“, - თქვა ალისმა.

„ჩაი გვაქვს, მაგრამ ეს სხვა არაფერი სად გიშოვო?!“ - ჩაერთო მექუდე.

ალისმა თავი უხერხულად იგრძნო - მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით პურს კარაქი წაუსვა და ისევ ძილგუდას მიუბრუნდა:

„მაშასადამე, თქვენ ამტკიცებთ, რომ ეს იყო უტაფო ერბოკვერცხი...“

ძილგუდამ ორიოდ წუთს არაფერი უპასუხა, შემდეგ კი განაგრძნო:

„...და ეს ერბოკვერცხი სადაფის ათინათში თავზე დასტრიალებდა გოჭუნებს. ესხნეს ხალები, მაკრძალები, ნარინჯი ორნი, ტოლნი, სწორნი და ცისფერ სისხლძარღვთა სითეთრეში მოაგონებდა მილეულს მთვარეს...“

„ასეთი რამ არ არსებობს,“ - ვერ მოითმინა ალისმა., რამაც მექუდე და კურდღელი ერთდროულად აღაშფოთა. ხოლო ძილგუდამ უთხრა:

„თუ მოსმენა არ იცი, მაშინ მე გავჩუმდები და შენ ილაპარაკე...“

„გთხოვთ მომიტევოთ. თავადაც არ ვიცი რა მემართება,“- მოიბოდიშა ალისმა და მოწიწებით მიმართა ძილგუდას:

„თქვენ ეტყობა, სიურრეალისტი ბრძანდებით, არა?!“

„მე არა,“ - გადაუგდო ძილგუდამ - „აი, ის გოჭუნები კი იპრესიონისტები იყვნენ.“

„იმიტომაც ჰქონდათ ასეთი ფერადოვანი შთაბეჭდილებები?“ - იკითხა კურდღელმა.

„არა, მაგათ მარტო შთაბეჭდილებები ჰქონდათ, - დანარჩენი მე შევაფერადე.“ - მოუჭრა ძილგუდამ, მშრალად.

„დაუკვირდით ამ ფინჯანს,“ - უცაბედად წართქვა მექუდემ და კოპწია მოძრაობით ასწია ფინჯანი, რომელშიც მღვრიე ჩაი ჩარჩენილიყო - “რა ნატიფად ეხამება მისი მოხატულობა იმ ატმოსფეროსა და განწყობას, რომელიც აქ სუფევს და ამ ლარნაკში მოთავსებულ ერთად-ერთ ყვავილსაც როგორ ეხამება, - ყვავილს უსახელოს, საგანგებოდ ჩვენი განუცხოვებისათვის შერჩეულს...“

შემდეგ აიღო და ფინჯანი კურდღელს გადააწოდა. კურდღელმა ჯერ დაიყუნცა და თავი დაუკრა, შემდეგ ფინჯანი გამოართვა, მკერდთან სათუთად მიიტანა, საკინძე ჩაიხსნა, ძუძუ გაიშიშვლა და ჩაიში ცოტაოდენი რძე გადასწურა. შემდეგ პირთან მიიტანა, მოსვა, ორივე ხელი ფინჯანი ალისს წინ დაუდგა და თავი დაუკრა. ძილგუდამ და მექუდემ ერთმანეთს დაუკრეს თავი (6).

ამის დანახვაზე ალისს გულზიდვა მოაწვა. ძლივს შეიკავა თავი და ზიზღნარევი სახით ძილგუდას მიუბრუნდა:

„თქვენ რაღაცა შთამბეჭდავს გვიამბობდით...“

„მერე ის ერბოკვერცხი გასკდა და ის გოჭებიც დარჩნენ თავისი თავის ამარა,“ - განაგრძნო ძილგუდამ.

„როგორ, სულ აღარაფერი გააჩნდათ?“ - იკითხა ელისმა.

„ხომ გითხრეს - ის ერბოკვერცხი უტაფო იყოოო...“- გაუმეორა მექუდემ, რომელსაც მობეზრდა ერთი და იგივეს გამეორება.

ალისმა მანამდეც ვერაფერი გაუგო ამ „უტაფობას“. ამიტომაც დუმილი არჩია.

„ჰოდა, თავის თავის ამარა დარჩენილი გოჭები შეერივნენ გარემოს...“ - მთქნარებითა და თვალების ფშვნეტით ამოილუღლუღა ძილგუდამ, რომელსაც ისევ ძილი ერეოდა.

„რომელ გარემოს?“ - ვერ მოითმინა ალისმა.

„ყველაფერი რაც ასო სან-ზე იწყება...“ - უპასუხა ნახევრად ძილში მყოფმა ძილგუდამ.

„რატომ მაინცა და მაინც სანზე??“ - კვლავ ჩაეძია გოგო.

„რატომაც არა?! - ჩაერია მირკნის კურდღელი - „სისტემა იყოს და სხვა ყველაფერი იქნება.“

ძილგუდას თვალები მიელულა და კვლავ ღრმა ძილში გადავარდებოდა, რომ არა მექუდე, რომელმაც კარგი მუჯლუგუნით ისევ აქეთ მოაბრუნა.

ძილგუდამ ერთი დაიწრიპინა და განაგრძო:

„ყველაფერი, რასაც შთანთქავენ უზოგადესი ცნებები: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე, სიმდაბლე, სიმრუდე, სისაძაგლე, სისასიზღრე, სისულელე, მოკლედ - სიმრავლე, სადაც გინდა ალხანა იყოს, გინდა ჩალხანა, გინდა რაც გინდა - ის. გინდა რამე, ჰა?“

„მე? მე არაფერი...“ - დაიბნა ალისი.

„ჰოდა, აბა ადექი და აქედან გაიძურწე!“ - შეუტია მექუდემ და დააყოლა. – „მონასტერში წადი, მონასტერში!“

ასეთ უკმეხ მოპყრობას ალისი ნამდვილად აღარ მოელოდა. წამოიჭრა სახეალეწილი, გაგულისებულმა კბილებში გამოსცრა - „ვიგინდარები!“ - სავარძელი გადააბრუნა და კუტიკარისკენ გაემართა.

ძილგუდას მყისვე ჩაეძინა, დანარჩენ ორს ყურიც არ შეუბერტყამს.

ბაღიდან გასვლისას ალისმა ვერ მოითმინა და უკან გაიხედა: მირკნის კურდღელი და გიჟი მექუდე ძილგუდას თავით ტენიდნენ ჩაიდანში...

 

თბილისი

1992

 

(1)არსებობს ორი მოსაზრება: ერთის მიხედვით გიჟი მექუდის პროტოტიპია ვინმე თეოფილუს კარტერი, - ავეჯით მოვაჭრე, ფრიად ექსცენტრიული პიროვნება, მუდამ ცილინდრი რომ ეკოსა თავზე; გამომგონებელი იმ ორიგინალური „მაღვიძარა-საწოლისა“, რომელიც დანიშნულ დროს ზარის დარეკვის ნაცვლად, მძინარეს იატაკზე გადმოუძახებდა ხოლმე. (ექსპონირებული იყო 1851 წლის მსოფლიო გამოფენაზე, „ბროლის სასახლის“ პავილიონში.)  მეორე მოსაზრებით, პროტოტიპად მიჩნეულია დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, სახელგანთქმული ლიბერალი - ლორდი გელდსტონი (ილია ჭავჭავაძე რომ „დიდებულ მოხუცს“ უწოდებდა), რომელიც ცნობილი იყო პარლამენტში თავისი მგზნებარე გამოსვლებითა და კიდევ იმით, რომ ასევე მუდამ ცილინდრით დადიოდა.

მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ საყურადღებოა ის ვარაუდი, თითქოს გიჟი მექუდე თავად წარმოადგენს XX საუკუნის უდიდესი მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის, ნობელის პრემიის ლაურეატის (ლიტერატურის დარგში) - ბერტრან რასელის ექსისტენციალურ წინასახეს. როგორც  აღნიშნავდა კიბერნეტიკის მამა, ნორბერტ ვინერი, „ბერტრან რასელის იერი შეიძლება სულ ორი სიტყვით ავღწეროთ - პირწავარდნილი მექუდეა!“

(2)ვინერი იმასაც იხსენებს, რომ რასელი ორი კემბრიჯელი კოლეგა - მაკტაგარტი და მური - საოცრად აგონებდნენ კურდღელსა და ძილგუდას... და საერთოდ, უნივერსიტეტში მათ „გიჟების ჩაისსმის სამეულს“ ეძახდნენ. (ინგლისური ძილგუდას სახელი - dormouse - წარმოდგება ლათ.  სიტყვიდან dormire (ძილი) და ინგლსურიდან mouse (თაგვი); პაწია ცხოველია, მღრღნელთა რიგის ციყვებრთა ოჯახიდან).

(3)მთელი ეს პასაჟი აგებულია შუასაუკუნუვანი სქოლასტიკის ტერმინოლოგიაზე დაყრდნობით. წინჩამოსაგდებელი და დაკაზმვა (ბერძ. პრობლემა და კატასკევი) სილოგიზმის სტრუქტურული შემადგენლების ქართული შესატყვისებია იოანე პეტრიწის მიხედვით.

(4)ანუ ნეტარი ავგუსტინე, რომელმაც პირველმა აღიარა დროის არსის გონებისმიერი წვდომის შეუძლებლობა. (იხ. მისი აღსარება, წ. XI, თავები 12-16)

(5)მექუდისა და ნაზუქის დედფლის კონფლიქტი პირდაპირ მიგვანიშნებს არნოლდ შონბერგისა და მისი ორი თანამოაზრის - ალბან ბერგისა და ანტონ ვან ვებერნის შემოქმედებით ნოვაციებზე, რაც დოდეკაფონური, ანუ თორმეტტონოვანი მუსიკალური რიგის ფარგლებში დროის შექცევადობის ესთეტიკურ ეფექტს გულისხმობდა.

(6)შდრ. ჩაისსმის ტრადიციული ცერემონიალი, რომელიც თან ერთვის სატრფოსთან სამურაის სამუდამო განშორების რიტუალს...

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.