• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თაობა

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 00 , 0000 1777
ამას
წიგნის კითხვა
ვერანაირად ვერ მიგახვედრებს,
ვერც პოლიტიკა,
ვერც სიარული ეკლესიაში,
ვერც ვერაფერი,
გარდა ერთისა -
როცა კარგ ძველ კინოს უყურებ
(სასურველია: დოკუმენტურს),
მხოლოდ მაშინ ხვდები ხოლმე,
რა შემზარავი სიტყვა არის
სიტყვა "თაობა".
როცა უყურებ
ქუჩებში ცოცხლად მოსიარულე ადამიანებს
20-იანი წლების პარიზში,
60-იანი წლების ლონდონში,
ანდა სულაც მოსკოვში ან ლენინგრადში,
მაშინღა ხვდები - რა შემზარავი სიტყვა არის
სიტყვა "თაობა" -
რა შემზარავი თბილისელი ხარ,
90-იან წლებს რომ ეკუთვნი -
მიდი-მოდიხარ,
სადღაც ვიღაცამ გადაგიღო, -
უფრო მეტად კი -
არ გადაგიღო -
მაგრამ მაინც,
მაგრამ მაინც კინო ხარ და
ხარ შემზარავი სიტყვა "თაობა" -
და გაქრები -
რათა ფირზე აღიბეჭდო და სხვა მოვიდეს,
რათა ისიც აღიბეჭდოს,
და წავიდეს...
ასე მგონია,
ახლა მართლა ასე მგონია,
დაგერმა სანამ დაგეროტიპი არ მოიგონა,
მერე კი სინემატოგრაფი ფრანგმა ძმებმა ლუმიერებმა 
სიტყვა "თაობა" არ არსებობდა,
ანდა თუკი არსებობდა,
არ იყო ისე შემზარავი,
როგორც ახლა,
როცა ზიხარ,
კინოს უყურებ,
მშვიდდები, ტკბები,
და უცებ გული გიჩერდება,
რადგან ხვდები, რომ
კინოს კი არა,
შენ უყურებ მხოლოდ "თაობას",
რომელიც უკვე აღარ არის,
ანდა თითქმის აღარ არის,
და შენს თავს ხედავ,
მხოლოდ და მხოლოდ ამ შემზარავი სიტყვის შიგნით
მოფართხალეს და
იმის მიღმა
არანაირად აღარ არსებულს...

24 დეკემბერი, 2011 წელი.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული