• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
visual-art

ელექტროენცეფალოცეკვა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3128
17 წლიდან ეპილეფსიის შეტევები მქონდა. დედამ, ექიმებთან არაფრისმომცემი ვიზიტების შემდეგ, ეკლესიაში წამიყვანა. პადრემ, დემონსა ჰყავს შეპყრობილიო და ლოცვები მიკითხა. თუმცა, ეშმაკი არა და არ გამოდიოდა, პირიქით – ჩემი სხეულის ყველა უჯრედს იპყრობდა და აუტანელი ტკივილების გამოწვევით  მაგრძნობინებდა თავის არსებობას. ეს გაგრძელდა დიდხანს, უფრო დიდხანს, ვიდრე წარმომედგინა. 33–ე დაბადების დღეზე, მორიგი, ამჯერად საიუბილეო, კრუნჩხვა ავიტანე, შეტევის გავლის მერე ჩავწექი. მაშინ მესიზმრა იესო, რომელიც სამსჭვალიან ხელებს ნიშნისმოგებით მიჩვენებდა და ცეკვავდა. ასე იყო, ის ცეკვავდა ჩემთვის. და მე ავყევი და ვიცეკვე ჩემი თანატოლი იესოსთვის.  მე ახლა 37 წლის ვარ და დღემდე ვცეკვავ. მე რიტა მარჩელო ვარ – ქორეოგრაფი და ეპილეფტიკი. 
 
შეიძლება, ასეთი ყოფილიყო რიტა მარჩელოს ჩანაწერი დღიურში, ის რომ  უფრო ღრმადმორწმუნე და ნაკლებად ავანტიურისტი  ყოფილიყო. მაგრამ რიტა ავანტიურისტი და ოპტიმისტია.  
 
ეპილეფსიური კრუნჩხვები გადათარგმნო ხელოვნების ენაზე – თითქმის წარმოუდგენელი ფაქტია, მაგრამ ეს რიტა მარჩელოს ნიშაა თანამედროვე ქორეოგრაფიაში. 
 
ეპილეფსიით გატანჯულმა მარჩელომ თავისი დაავადება გამოიყენა, როგორც ცეკვის ახალი ფორმის შექმნის მიზეზი. სცენაზე გამოსვლამდე ის, როგორც წესი, სვამს ალკოჰოლურ სასმელს (დიდი რაოდენობით), არ ჭამს, ანთებულ ნათურას დიდხანს აშტერდება, წინა ღამეს არ იძინებს და ასე უახლოვდება მიზანს – ეპილეფსიურ კრუჩხვას. 
 
არტისტები სხეულს ხელოვნების საშენ მასალად დიდი ხანია იყენებენ, ბოლოს და ბოლოს, პერფორმანსის იდეა ხომ ზუსტად ამაზეა აგებული, თუმცა, ეპილეფსიით დაკრუნჩხული სხეულის ჩართვა სახელოვნებო სივრცეში აქამდე წარმოუდგენელიც კი იყო. 
 
რიტა მარჩელომ თავისი დაავადება და მისგან გამოწვეული კონვულსიები შეისწავლა და ასე შეიქმნა ახალი „რხევები“, სხეულის განსხვავებული ენა – ტკივილისა და სიამოვნების ზღვარზე მყოფი ვიზუალური სიტყვა. 
 
კრიტიკოსი ჯო ვერენტი ციტირებს სპეციალისტის აზრს, რომ ეპილეფსიის დროს  აბსოლუტურად ყველა კუნთი მუშაობს, სხეულის უმცირესი ნაწილიც კი ჩართულია ამ პროცესში და რაც მთავარია, ძალიან მტკივნეულია. 
 
როგორც ჩანს, მართლები იყვნენ მოდერნისტები, როცა ამბობდნენ, რომ ხელოვნება მტკივნეული უნდა იყოს. 
 
 
ლირიკული P.S.
ქვემოთ ორ ვიდეოს დავდებ, ერთ–ერთში მუსიკალური ფონი გააქრო "იუთუბის" ადმინისტრაციამ (ამ კონკრეტულ კომპოზიციაზე საავტორო უფლებების უქონლობის მიზეზით). ესეც თქვენი SOPA! 
 
 
 
 
 
 
ილუსტრაცია: © რიტა მარჩელოს ოფიციალური საიტი http://www.instantdissidence.co.uk/index.htm
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული