უღირსი





პროზა

უღირსი




თარგმანი: გიორგი უგრეხელიძე
 
მისტიკოსი საიმონ იფფი, ყველაზე სიტყვაძუნწი ადამიანი იყო ჰელმლოკ კლუბში, მაგრამ ამ კაცს, მისი არაჩვეულებრივი და მომნუსხველი ძალის გამო, რომელსაც  თავის საყვარელ ფანჯარასთან ჩუმად ჯდომის დროსაც კი გამოსცემდა, ყველაფერი ეპატიებოდა. ერთხელ, შობის საღამოს, სადილის შემდეგ, "ზურმუხტის დაფის" რედაქტორმა მას კომიტეტის მიერ მიღებული ახალი წესის შესახებ  მოახსენა, რომელიც ეს-ესაა ძალაში შესულიყო, და რომლის თანახმადაც, თუ კლუბის წევრთა შორის ყველაზე ხანდაზმული რაიმე ამბავს არ მოყვებოდა, დაჯარიმდებოდა. ეს გენიალური ტყუილი გახლდათ, რომელსაც საიმონი იუმორით შეხვდა:
 
- რა ამბავი? -  ჩაიბუბუნა მან.
 
- მოგვიყევით, პირველად როდის გამოიყენეთ ადამიანთა ამოცნობის თქვენი უნარი.
 
მისტიკოსს სახე მოეღუშა:  "აი პოეტური სამართლიანობაც, თქვენ სამაგიეროს გადაიხდით იმის გამო, რომ თავხედობა გეყოთ და ახალი წესი შემოიღეთ, ისტორია საშინელია და საძაგელი. გმირული ნათება მასში სიბნელეს კიდევ უფრო აუტანელს ხდის, მაგრამ თქვენ ის უნდა მოისმინოთ ერთი მიზეზით, ვინაიდან ეს კლუბი, მაშასადამე მთელი სამყაროც(რომელიც მის გარშემო ბრუნავს) ჩემი ჩარევის შედეგად გარდაუვალ უბედურებას გადაურჩა.”
 
I.
 
1804 წელს, აპრილის თვეში, ბისკაის ყურეში მისი უდიდებულესობის შლუპი ”გრეიჰოუნდი” დაიმსხვრა, რომელზეც სერ არტურ უელსლისადმი გაგზავნილი დეპეშები იმყოფებოდა. მათ მიტანაზე პასუხისმგებელი კაპიტანი ფორტესკიუ ამ შემთხვევას საზღვაო ფლოტის სერჟანტ გლასთან ერთად გადაურჩა. ისინი დინებამ ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროზე გარიყა. დანიშნულების ადგილამდე მათ  მრავალი დღის სავალი გზა აშორებდათ. როგორღაც ისინი მეგობრულად განწყობილ პარტიზანებს შეხვდნენ, რომლებიც მათ ყველანაირად დაეხმარნენ. მაგრამ, ბედმა მაშინ უმტყუნათ, როცა თითქმის მიაღწიეს მიზანს. მოხდა შეტაკება და მასენა უკანდახევისას ისე განლაგდა, რომ მათ სერ არტურის პოზიციებთან მისასვლელი გზა მოუჭრა. ამის შეტყობისთანავე ისინი მთებისკენ შებრუნდნენ იმ იმედით, რომ გადაღმა მხარეს გადასვლისას ფრანგული არმიის ფლანგებს გაუსწრებდნენ. სამწუხაროდ, პირველ გორაკზე გადასვლისას, ისინი შენიშნეს და მსუბუქ ქვეითთა ქვედანაყოფი დაადევნეს. 
ამის დანახვისთანავე მათი ესპანელი მეგზური უკანმოუხედავად გაიქცა. ახლა მდევარს გზის აბნევაც დაემატა. მათ ბრიტანული პოზიციების განლაგება მიახლოებით იცოდნენ და სამოქმედოდ მხოლოდ ორი საათი ჰქონდათ. სხვა შემთხვევაში განწირულები იყვნენ. 
 
დევნილებმა მეორე გორაკის მწვერვალს მაშინ მიაღწიეს, როცა გრძელ ჯაჭვად გაწელილი მათი მდევარი პირველ გორაკზე გადადიოდა. ციცაბო ფერდობზე, უზარმაზარ კლდეებს შორის, ჯორებისთვის განკუთვნილი ერთადერთი ვიწრო ბილიკით დაშვება დაიწყეს და ქოხს წააწყდნენ, სადაც  გზა დამთავრდა. ფორტესკიუს ადგილი ეცნო. წინა დღით მის შესახებ გიდი ჰყვებოდა. ეს ერთი თავზეხელაღებული ყაჩაღის სახლი იყო, რომლის თავისთვისაც ფრანგებსაც და ინგლისელებსაც დიდი ჯილდო ჰქონდათ დაწესებული. ნებისმიერ შემთვევაში, შიგნით შესვლის გარდა სხვა არჩევანი არ არსებობდა, საბედნიეროდ გაუმართლათ, ყაჩაღი სადღაც წასულიყო სახლში კი ერთი მძინარე გუშაგი დაეტოვებინა, რომელიც სანამ იარაღის აღებას მოასწრებდა ფორტესკიუმ ხმლით მოათვა.
 
ორი ინგლისელი მარტო დარჩა ქოხში. მოხერხდებოდა კი აქ თავის დაცვა? შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთი ან ორი საათით. ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემთხვევაში მტერი დამხმარე ძალას გამოგზავნიდა. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ხეობაში ჩასასვლელი გზის მოძებნაღა რჩებოდა.
 
ქოხი კლდის პირას იდგა, ისინი ძირს მიმავალ ბილიკს ხედავდნენ, მაგრამ მასთან მისასვლელი გზა მოჭრილი ჩანდა. გლასი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდა. სარდაფში გასასვლელი უნდა ყოფილიყო. მან სწრაფად გაჩხრიკა ქოხი ჩასაძრომი იპოვა და კიბეზე დაეშვა. ყველაფერი კარგად იყო. იგი მოზრდილ ოთახში აღმოჩნდა, რომელიც სანახევროდ დენთიანი კასრებით იყო სავსე. პატარა კარი კი ქვემოთ, ბილიკზე გადიოდა. ”წავიდეთ!” დაიძახა ფორტესკიუმ. ”დაგვიჭერენ სერ”, უპასუხა გლასმა, ”მე აქ დავრჩები, და მათ იმდენი ხნით შევაჩერებ, რომ თქვენ წასვლა შეძლოთ”. ოფიცერს ეს მოეწონა; მისი მთავარი მიზანი დეპეშების მიტანა გახლდათ. მან გლასს ხელი ჩამოართვა და გარეთ გავარდა.
 
საზღვაო ფლოტის სერჟანტმა იცოდა, რომ დრო ერთ საათზე ნაკლები რჩებოდა, მაგრამ მას გონებაში გეგმა ჰქონდა. პირველ რიგში, დენთიანი კასრიდან კლდის ნაპირისკენ გამავალ ფანჯარამდე გრძელი ფითილი გააბა. შემდეგ მკვდარ გუშაგს უნიფორმა გახადა და თვითონაც გაიხადა. გვამს თავისი ტანსაცმელი ჩააცვა, მერე თოკი იპოვა და  სხეული შემოსასვლში ჩამოკიდა. გლასმა ყაჩაღის საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვა, მამაკაცური ნიშნების დასაფარად ფართე მანტიაში გაეხვია. იგი პირტიტველი, ლამაზი ყმაწვილი გახლდათ და წელს ზემოთ შალში გახვეული ძალიან ჰგავდა ესპანელ გოგოს. 
 
მან პოზიცია ფანჯარასთან, კარების ახლოს ისე დაიკავა, რომ მისი სხეულის ქვედა ნაწილი არ გამოჩენილიყო, და მდევარს დაელოდა. როცა ისინი გამოჩნდნენ, უკვე ბინდდებოდა. მდევართა მეთაურმა სიტუაცია სწრაფად შეაფასა: ”მეორე სადაა?” დაიყვირა მან. გლასმა ღვთაებრივად გაუღიმა. სამწუხაროდ, ინგლისურის გარდა ყველა სხვა ენაზე მან სულ რამდენიმე სიტყვა იცოდა. მაგრამ ტუჩებთან მიტანილმა თითმა და მიწვევის ჟესტმა მდევარი დაამშვიდა, ისინი ბილიკზე დაეშვნენ და ქოხში შელაგდნენ. ”გოგონა სადაა?” დაიყვირა მეთაურმა ”იქნებ ეს ხაფანგია? იარაღი მოიმარჯვეთ!”, სანამ დაამთავრებდა, ქვედა ოთახში გაქცეულმა გლასმა ფითილს ცეცხლი მოუკიდა. ”დაე სამსონი ფილისტიმელებთან ერთად მოკვდეს!” დაიღრიალა მან და თან ფანჯრიდან გადახტა. 
 
ქოხი ჰაერში აფრინდა, ყველა, ვინც შიგნით იყო დაიღუპა. ხელმოტეხილი და  დაჟეჟილი გლასი კი, ორმოცდაათი ფუტით ქვემოთ, ეკლიან ბუჩქებში აღმოჩნდა. მაგრამ, საერთო ჯამში, მას გაუმართლა. მეორე დღეს ველზე ჩაფორთხება მოახერხა, იქ ერთმა მწყემსმა სიკეთე გამოიჩინა და შემოვლითი გზით ბრიტანელთა პოზიციებთან მიიყვანა.
 
მას უკვე გმირად თვლიდნენ, ფორტესკიუმ აფეთქება დაინახა და თავისი კომპანიონის დამსახურება კარგად შეაფასა. მაგრამ, სერჟანტს მკლავი ცუდ მდგომარეობაში ჰქონდა, სათანადო მკურნალობის არქონის გამო მან კვდომა დაიწყო. იმავე საღამოს ქირურგმა გლასს მკლავი ბეჭთან მოკვეთა. 
 
სერ არტურ უელსლი გაბედულ ყმაწვილთან ჰოსპიტალში პირადად მივიდა. "გიხაროდეს, რომ ეს მარცხენა ხელია" თქვა მან მკაცრად: "ნელსონმა მარჯვენა დაკარგა. შენ კი რეგულარული არმიის ლეიტენანტად დაინიშნები" მიულოცა ბოლოს. გლასი აღფრთოვანდა, ხელის დაკარგვა აღარაფრად მიაჩნდა, თუ ბეჭებზე ეპოლეტები ექნებოდა და გვერდზე ხმალს ჩამოიკიდებდა, ამ დღიდან მოყოლებული  კი სამუდამოდ ჯენტლმენი და ოფიცერი იქნებოდა.
 
II.
 
1805 წელს კამპანიის დასრულებისას ლეიტენანტმა გლასმა ექვსთვიანი შვებულება მიიღო და ლოხ-ნესის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაპირზე, საგვარეულო ფერმაში დაბრუნდა, სადაც აღმოაჩინა, რომ მისი მშობლები გარდაცვლილიყვნენ. ამის შესახებ ინვერნესში გავლისას, მეგობარს უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, მაგრამ სინდისმა გლასი აიძულა გზა გაეგრძელებინა, თუმცაღა შვებეულების გატარება ნებისმიერ სხვა ადგილას შეეძლო.
 
ეს, მაღლა, ტბის თავზე დაჭაობებულ ველზე აგებული ქვის ოროთახიანი სახლი იყო. შორს დასავლეთისკენ მელფვურნის უდაბური ფერდობები გადაჭიმულიყო. ქვემოთ ტბის პირქუში წყლები ჰაილენდის ზამთრის სუსხით იღრინებოდნენ. რამდენიმე მილის სიახლოვეს არანაირი საცხოვრებელი არ იყო. ფერმის ირგვლივ დამუშავებული მიწის მცირე ნაკვეთი, მძიმე და მტანჯველი შრომის შემდეგ, ცოტაოდენი შვრიის და კარტოფილის გარდა არაფერს იძლეოდა.
 
მემამულე გრანტ გლენმორისტონელმა გლასის ჩამოსვლამდე ფერმის მოსავლელად კაცი გაგზავნა. მშრომელი და გულჩათხრობილი, თექვსმეტი წლის ღონიერი ბიჭი, მშვენივრად ინახავდა სახლს და ამ მოუსავლიან მხარეში მიწას ისე ამუშავებდა, როგორც ხერხდებოდა. გლასმა ის მუდმივ მებაღედ და მსახურად აიყვანა, მაგრამ ბიჭი მის მარტოობას უფრო ამძაფრებდა, ვიდრე ამსუბუქებდა. მიუხედავად ამისა, პირველ კვირას, როდესაც ის ქვემოთ, სტრათ ერიკის ეკლესიაში ჩავიდა, აღმოაჩინა, რომ მთელი მრევლის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ჩიზჰოლმმა, მკაცრი და შეზღუდული კალვინისტური სკოლის წარმომადგენელმა მღვდელმაც, იგი ქადაგებისას შეაქო, წირვის დასრულების შემდეგ კი, ოფიცერი თავის სახლში დიდის ამბით წაიყვანა, რათა მას საუზმისმსგავსი საშინლად მწირი რაღაცით გამასპინძლებოდა, რის ჭამასაც შოტლანდიელები, კვირაობით ღვთის განაწყენების შიშით ბედავდნენ.
 
ჩიზჰოლმი ქვრივი იყო. მას ერთი ქალიშვილი ჰყავდა, გამხდარი და ცივი, თხელი ტუჩებით, წვეტიანი ცხვირით, ცუდი კბილებით და ხარბი თვალებით, მაგრამ მისი ბრტყელი მკერდი კინაღამ გასკდა იმის გაფიქრებაზე, რომ იგი შეიძლებოდა ლეიტენანტი გლასის ქალბატონი გამხდარიყო. ეს მისთვის საზიზღარი გარემოსგან თავდასაღწევი გზა იყო. მიუხედავად იმისა, რომ გლასმა ხელი დაკარგა მას მამაკაცის მშვენიერი ფიგურა ჰქონდა, იგი გმირი იყო, მას შემდეგ რაც თანამდებობა მიიღო, ორჯერ იყო დეპეშებში მოხსენიებული. ძალიან მალე ის ახალ კამპანიაში ჩაერთვებოდა. დაწინაურებები იმ დროს სწაფად ხდებოდა, კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი - შეიძლება გენერალი გლასიც! ქალი სტრათ ერიკს შორს, ჩრდილოეთით ჩამოტოვებულს ხედავდა, სანაცვლოდ კი მეფის კარზე წარდგენა, ნებისმიერი სახის სოციალური აღმასვლა, მოგვიანებით დიდებულთა ვიზიტი ან რამე ამის მსგავსი, და ადგილობრივი აზნაურების დამცირება, რომლებიც მღვდლის ქალიშვილს ყოველთვის ზემოდან უყურებდნენ. მან აღმოაჩინა, რომ თავისი თევზის ბადეში გასაბმელად ოთხი თვე ჰქონდა. ღარიბსა და უბრალოს როგორიც ის იყო, მთელს მხარეში მეტოქე არ აღმოაჩნდა. გლასს, ფერმერის შვილს მიუხედავად მისი ეპოლეტებისა, ქალზე მეტი შანსი არ ჰქონდა, ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენელზე დაქორწინებულიყო. ქალი უკიდურესი საფუძვლიანობით და სიმტკიცით შეუდგა საქმეს, დახმარებისთვის მამასთან გაერთიანდა და ყველა ცნობილი ხერხით დაიწყო გლასსზე ალყის შემორტყმა.
 
თავის მხრივ, ლეიტენანტმა იცოდა, რომ შეეძლო უკეთესი შეერჩია, ლონდონის სალონები მეტად შესაფერისი საცოლეებით იყო სავსე, მისი გლეხური წარმომავლობაც იქ არავინ იცოდა. ლონდონელ დედებს კი, ყველა ჰაილენდელი მემამულე ეგონათ. მაგრამ, იმავე ინსტიქტის გამო, რომელმაც აიძულა ლეიტენანტი მიტოვებულ ფერმაში ეცხოვრა,  ახლა ლონდონში გადასახლებისგან იკავებდა თავს. მას მიწა იზიდავდა, მალე გლასმა გადაწყვიტა გრუნტში კიდე ერთი ღუზა ჩაეშვა და 1807 წელს მარტში სტრათ ერიკის ეკლესიაში ადა ჩიზჰოლმზე იქორწინა. ერთი თვის შემდეგ იგი პოლკში დაბრუნდა. ცოლი თაფლობის თვის გასატარებლად ედინბურგში ჰყავდა. ლეიტენანტი მას ლიტში დაშორდა და ქალი მამისეულ სახლში დაბრუნდა, თვითონ კი, მითითებისამებრ, ახალ საბრძოლო კამპანიაში, ევროპაში გაემგზავრა. 
 
იმავე წელს, გლასმა კაპიტნის წოდება მიიღო. კიდევ ორი წელი გავიდა სანამ იგი თავის ცოლს შეხვდებოდა. 1809 წლის ზაფხულში მან კვლავ გამოიჩინა თავი ბრძოლის ველზე და მაიორად იქნა დაწინაურებული. მძიმე ჭრილობის გამო, გლასმა ჰოსპიტალში სამი თვე გაატარა. გამოჯანმრთელების შემდეგ ავადმყოფობის  მიზეზით მოთხოვნილი, ექვსთვიანი შვებულება მიიღო.
 
მისი ცოლი ენთუზიაზმით იყო სავსე. მან ქმართან შესახვედრად ლონდონამდე მთელი გზა გაიარა, ქმარმა კი, მისი მეფის კარზე წარდგენა მოახერხა. ამ ბრწყინვალებამ ქალს საბოლოოდ დააკარგვინა თავგზა და იგი მტკიცედ შეეწინააღმდეგა შოტლანდიაში ექვსი თვის გატარებას. ამის ნაცვლად, ისინი ბატში წავიდნენ სადაც ქალი ადგილის პრესტიჟულობით ნებივრობდა. 
 
გლასი თავის ცოლზე შეყვარებული არ გახლდათ, ქალსაც შვრიის კვერზე მეტი სექსუალობა არ გააჩნდა. მაგრამ მაიორი უჩვეულოდ წესიერი კაცი იყო და ერთგულებაზე მტკიცე წარმოდგენები ჰქონდა. შესაბამისად, იგი განშორებისას ქალის ერთგული რჩებოდა, ცოლიც ისე არ ფიქრობდა ქმრის ღალატზე, როგორც ბალახის ჭამაზე.
 
1809 წლის დეკემბერში მათ ბატი დატოვეს. ხელგაშლილი ცხოვრების გამო, რომელსაც ისინი იქ ეწეოდნენ,  უნდოდა თუ არა ქალს, მაინც მამისეულ სახლში მოუხდა საცხოვრებლად დაბრუნება. მისი ქმარი, დაახლოებით ერთ წელიწადში, ალბათ პოლკოვნიკის წოდებას მიიღებდა. ამ დროისთვის შეიძლებოდა ომიც დამთავრებულიყო და მათ ლონდონში ან სხვა გამოცოცხლებულ საგარნიზონო ქალაქში ცხოვრების ბოლომდე მხიარულად ეცხოვრათ.
 
1810 წელს ივნისში გლასმა წერილი მიიღო, სადაც მისი ცოლი იტყობინებოდა, რომ მას ვაჟი შეეძინა. რადგანაც მამამისი დიდი კაპიტანი იყო, ქალმა შესთავაზა მისთვის ჯოშუა დაერქმიათ. ჯოშუას დაბადებამ როგორც ნარკოტიკებზე მიჩვევამ ან სიგიჟის შემოტევამ, გლასი მთლიანად შეცვალა. მან იცოდა, რომ პოლკოვნიკის წოდების მისაღებად დიდი ხნის ლოდინი დასჭირდებოდა . თუ შიშველი ხელებით ნაპოლეონის არ შეიპყრობდა, სხვა არანაირი შანსი არ გააჩნდა. სწრაფმა თანამდებობრივმა წინსვლამ იგი არაკომპეტენტური და სნობი ოფიცრებისათვის საძულველი გახადა. უკიდურესად თავდაჭერილი მანერები კი მას ვერ იცავდა. გლასი სძულდათ, როგორც წარმომავლობას, ღირსების გარეშე ყოველთვის სძულს ღირსება, წარმომავლობის გარეშე. ველინგტონიც კი, რომელიც ყურადღებას არ აკლებდა, ვერ ახერხებდა ასეთი სასტიკი წინააღმდეგობისგან მის დაცვას. გლასს თანამშრომლები ხაფანგს ხაფანგზე უგებდნენ, მას მთელი თავისი შოტლანდიური სიფრთხილე სჭირდებოდა, რომ ისინი თავიდან აერიდებინა.
ამ ფაქტებმა გლასის ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაამყარა. მან ათი ათასი ფუნტი უნდა შეაგრვოს. ჯოშუა ეტონში უნდა წავიდეს, და თუ ამას მისი წარმომავლობა უზრუნველყოფს, სწავლა კარგ პირობებში დაიწყოს. ამის გამო უბრალო, ხელგაშლილი და თავისუფალი კაცი ძუნწი გახდა. იმის ნაცვლად, რომ ცოლის სარჩენი ხარჯები გაეზარდა, მან ისინი შეამცირა. ხელფასიდან გადანახულ ყველა პენსს ედინბურგში ნაცნობ ბანკირთან გზავნიდა, რომელიც ხუთ წელიწადში გლასს თანხის გაორმაგებას დაჰპირდა. კვალი რომ არ აგებნეთ, აქვე გეტყვით, რომ ბანკირმა თავის სიტყვა შეასრულა.
 
III.
 
ეს ამბავი ჯერჯერობით არც ისე საზარელია არა? და როგორც ჩანს, ტრაგიკული ელემენტებიც მასში ძალიან ცოტაა. კეთილი, განვაგრძოთ. მას შემდეგ რაც ნაპოლეონი კუნძულ ელბაზე იქნა გაძევებული, მაიორი გლასი ცოლს დაუბრუნდა. ამჯერად არავითარი მოგზაურობა ბატში. ქოხი მხოლოდ ჯოშუასთვის აუცილებელი ნივთებით იყო მოწყობილი. გლასი მიწას მარტო ამუშავებდა და მოსავალს ყიდდა.
 
ამაზე ადა მწარედ ბრაზობდა. ღია დავა არ ჰქონიათ, მაგრამ ქალმა გულში ბოღმა ჩაიდო. ”მე ბანკში ექვსიათასი ფუნტი მაქვს,” ამბობდა გლასი ” რადგანაც ომი დამთავრდა, პოლკის იმედი აღარ უნდა გვქონდეს, თუ ერთი ან ორი წელი მომჭირნედ ვიცხოვრებთ, ათიათასს დავაგროვებთ, მერე კი შევძლებთ დიდებულებივით ვიცხოვროთ და ბიჭის კარიერაც უზრუნველვყოთ”. ქალი ხედავდა, გეგმა გონივრული იყო და საწინააღმდეგოს ვერაფერს ამბობდა, მაგრამ მაღალი წრის განცხრომას იგი მათ მსგავსად დახარბებოდა, ვინც ამის უფლებით არ იბადება. თავის მხრივ, ბიჭი ჯანმთელობის გამო შეშფოთების საფუძველს არ იძლეოდა. იგი ისე ამტანი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ჰაილენდელი ყმაწვილი, მაგრამ მამამისს მისი ხასიათი აღელვებდა. იგი ჩუმი და პირქუში გახლდათ, ლაპარაკსაც ძალიან დიდ ხანს სწავლობდა და როგორც ჩანდა, მოკლებული იყო განცდებს. ბიჭი იწვა თუ იჯდა, თამაშს თავის მშობლებზე ცქერა ერჩივნა. ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავებით, უბრალოდ და უმიზნოდ არ თამაშობდა. მაშინაც კი, როცა ბიჭი სათამაშოს გასტეხდა, არც ტიროდა არც იცინოდა, უბრალოდ იჯდა და დასცქეროდა.
 
1814 წლის დასასრულს მაიორი გლასი პოლკში დაბრუნდა. მისი ცოლი კიდევ ერთხელ შეეფარა მამას. მაგრამ, ერთი თვის შემდეგ, მღვდელი ლოგინად ჩავარდა; მარტში ის გარდაიცვალა. სახლი სხვა მღვდელმა დაიკავა. მისის გლასს სხვა არაფერი დარჩენოდა, ჭაობიან კარმიდამოში დაბრუნების გარდა. ბიჭი ისევ გასაცოდავებულ ფერმაში მუშაობდა. მისი და კი, ჯოშუას მოვლაში საშველად და საოჯახო საქმეებში დასახმარებლად მოდიოდა.
 
1815 წელს მაიორი გლასი ბელგიაში, გადამწყვეტ ბრძოლებში იმყოფებოდა. აქ მისი კარიერა ბედის შემთხვევამ საზარელ ტრაგედიად აქცია, რომელიც მე,თქვენივე დაჟინებით, უნდა მოგითხროთ. მაიორი იმ უკანასკნელ ნაწილს მეთაურობდა, რომელიც უგომონის დაცხრილულ კედლებს იცავდა. მან თავისი ხალხი გააერთიანა, რათა მარჯვედ შეწინააღმდეგებოდა ნაპოლეონის საბოლოო და სასოწარკვეთილ მცდელობას, ხელში ჩაეგდო ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პუნქტი.
 
ბრიტანელები ერთ წერტილში შეჯგუფდნენ. გლასი მცირერიცხოვან რაზმს სათავეში ჩაუდგა, ფრანგების მოწინავე რიგს შეუტია და გაარღვია იგი. აქ ხმლის დარტყმამ მისი პირადი მცველი დასცა, მეორე დარტყმამ კი, მაიორს მარჯვენა ხელი წააცალა. იგი სასწრაფოდ დანგრეულ ფერმაში წაიყვანეს და ჭრილობა შეუხვიეს. მაგრამ ნაპოლეონმა როგორც კი დაინახა, რომ მისი ჯარები უკან იხევდნენ, მეორე საარტილერიო თავდასხმის ბრძანება გასცა. ქვემეხის ჭურვმა შენობის დირე მოარღვია, სახურავის ნარჩენები ჩამოიქცა, მაიორს მძიმე კოჭი ფეხებზე დაეცა და გაჭყლიტა. 
 
ჩინებული ჯანმრთელობის  დამსახურებით, იგი არ დაიღუპა. ეს უმწეო, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი ტორსი, რამდენიმე თვეში ლოხ-ნესის თავზე მდგარ ქოხში მიიტანეს. მის ცოლს თავზარი დასცა ამ  ნამდვილმა, ჭეშმარიტმა საშინელებამ. როცა კაცმა უთხრა, რომ ქირურგის თქმით იგი ალბათ კიდევ ორმოცდაათ წელს იცოცხლებდა, ქალი მიხვდა რა დაუსრულებელი უბედურებაც შეემთხვა. მისი ყველა ცხოვრებისეული გეგმა განადგურდა. იგი ალბათ მთელი მისი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე, ამ საძაგელ ქოხში, ცოცხალ გვამს მიეჯაჭვა. ”განახევრებული ხელფასით” ფიქრობდა ქალი ”ათიათასი ფუნტის მოგროვებას რამდენი ლოდინი დაჭირდება?!” 
 
IV.
 
ადა გლასი, ჭკვიანი ქალი რომ ყოფილიყო, სულერთია კეთილი თუ ბოროტი,  სწრაფად რაიმე გამოსავალს იპოვიდა. მაგრამ მისი ფიქრები ნელი, დაჩლუნგებული იყო და ქალი გულში ჩაბუდებულ უაზრო სიძულვილს დაებრმავებინა. მას შემდეგ, რაც მამამისი გარდაიცვალა, მისი დღეები უსასრულოდ ერთფეროვანი გახდა. ახლა კი, ამ სიცარიელეში, ნელ-ნელა მონსტრი იზრდებოდა. მისმა ქმარმა ეს იმაზე ადრე შენიშნა, ვიდრე ქალი საკუთარ თავს გაუგებდა. ერთ დღეს, კაცმა თავის გონებაში აღმოაჩინა, რომ შეიძლებოდა  ცოლს იგი მოეკლა. ადამ დამხმარე გოგონა დაითხოვა, თქვა, რომ ახლა, ვიდრე ოდესმე, ფულს უფრო ფრთხილად უნდა მოქცეოდნენ. კაცმა თავისი მახვილგონიერებით სწრაფად შეიმუშავა თავდაცვის გეგმა. მან ბიჭს, უკვე ოცდაექვსი წლის მსუქან თანამემამულეს, ენდრიუს მოუხმო და ის ინვერნესში ვექილთან გაგზავნა.
 
ამ ადამიანთან მას ხანგრძლივი, პირადი საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც ვექილმა რამდენიმე შერჩეული ფურცელი და წერილი მაიორის პორტფელიდან, მისივე მითითებით, ამოიღო. 
 
იმ საღამოს, ვექილი სტრათ ერიკის ახალ მღვდელთან ერთად ქოხში დაბრუნდა, მან ამგვარად ჯარისკაცის ხელის მოწერის უუნარობასთან დაკავშირებული სირთულე მოაგვარა. მისის გლასი გვიან ღამით გლენმორისტონიდან დაბრუნდა, სადაც ის გაგზავნეს, რომ გზიდან ჩამოეშორებინათ, მაიორმა მას უთხრა რაც გააკეთა. 
 
„ჩემი ფული ორი საუკეთესო მეურვის ხელში მოვათავსე,“ აუხსნა მან. თუ მე დავიღუპები, სანამ ჯოშუა სრულწლოვანი გახდება, ყველაფერი ბანკში დაგროვებული დარჩება. შენ კი იცხოვრებ პენსიით, რომელსაც მიიღებ როგორც ჩემი ქვრივი. შემდეგ, ძირითადი კაპიტალი მას გარკვეული შეზღუდვებით გადაეცემა, მაგრამ თუ მე ვიცოცხლებ, ბიჭს მხოლოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ გავზრდი, ამიტომ, როგორც კი კაპიტალი ათი ათასი ფუნტი გახდება, ჩვენ მისი სათანადოდ განათლების გარდა, ასევე შევძლებთ, ვიდრე ის ბავშვია, სასურველ სოციალურ კავშირებში შევიდეს.“
 
ცოლი ამჯერადაც არ შეეწინააღმდეგა, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩაუწყდა გული.
დღითიდღე, სიძულვილი ქალის შიგნეულს ღრღნიდა, მას საზარელი კიბოს მსგავსად ჭამდა. ბოლოს იგი ფიქრიდან განზრახულ მოქმედებაზე გადავიდა, რომ მეუღლის ისედაც საზარელი ცხოვრება სანიმუშო ჯოჯოხეთად ექცია. თქვენ იქნებ იცით, რომ ჩვენი უდიდესი ტანჯვა თავისუფლად მოქმედების შეუძლებლობაა. გრძნობის ორგანოების ან კიდურების დაკარგვა პრინციპულად იმის გამოა აუტანელი, რომ ეს ჩვენს მოქმედებას ზღუდავს. ესაა სიბრმავის ან დამბლის წინაშე შიშის ძირითადი მიზეზი. გახსოვთ, გი დე მოპასანის მოთხრობა ბრმაზე, რომელსაც მისი ოჯახი ბოროტ ოინებს უწყობდა. ეს გასაკუთრებულად სასტიკი იმიტომ ჩანს, რომ მსხვერპლი უმწეოა. ახლა მთელს დედამიწაზე ველურებს შორის არავინაა მთიელ შოტლანდიელებზე უფრო მძვინვარე და მხეცური. დოქტორ ფრეზერს მოჰყავს ბევრი წარმოუდგენლად საზიზღარი ცრურწმენის ფაქტი, რომლებიც ამ საათშიც პოპულარულია, როცა ჩვენ განათლებულ ჰელმლოკ კლუბში ვსხედვართ. ”დააკვირდი რუსს და იპოვი თათარს?” ასევე დააკვირდი შოტლანდიელს და იპოვი არსებას რომელიც ფორას მისცემს და დაამარცხებს ჩინელს და წითელკანიან ინდიელს. სექსუალური ინსტიქტი კელტებში განსაკუთრებით ძლიერია; სადაც ის კეთილშობილურად განვითარდება, ჩვენ გენიოსს ვპოულობთ, მაგრამ სადაც იგი კალვინიზმის მსგავსი რელიგიით ჩაფლავდება, ყოველთვის შეშლილობით ან სისასტიკით შემობრუნდება, რომელიც თავისთავადაა სიგიჟის ფორმა.
 
დავბრუნდეთ იქ, სადაც გავჩერდით. თავისი საქმისთვის ადა გლასმა გონება მოიკრიბა. ჰაილენდის საშინელი მარტოობის პირობები ავადმყოფურ ფანტაზიას ანვითარებს მათში, ვისაც ჭეშმარიტი არტისტული სული არ გააჩნია.  ადა გლასი კი, თავისი უსქესობით  ამის მშვენიერი მაგალითი გახლდათ.
 
მან თავისი მოქმედებები უყურადღებობით დაიწყო. ქალი პასუხს აგვიანებდა, როცა ქმარი ეძახდა. იგი დაუდევარი გახდა მისთვის საჭმლის მომზადებისას. მაიორი ჩაუწვდა განზრახვას, და კვირების განმავლობაში ფიქრები სტანჯავდა. საბოლოოდ, მან გადაწყვიტა, ერთადერთი შესაძლო გზით, საჭმელზე უარის თქმით მოეკლა თავი. ქალმა ტანტალოსის ტანჯვით უპასუხა, სურნელოვანი სანელებლებით შეკმაზულ საჭმელს მის ცვხირთან ისე ახლოს ამზადებდა, რომ ქმარი რამდენიმე ხნის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ეწინააღმდეგებოდა. მათი მანერები სცენის ვერაგულობას უფრო ზრდიდა; მთელი გეგმა ორივე მხრიდან წარმოუდგენელი ფარისევლობით ხორციელდებოდა. ქალი სიყვარულის და სინაზის ისეთ სიტყვებს იყენებდა, როგორიც ქმრისთვის თაფლობის თვეშიდაც კი, არასოდეს უთქვამს. ასე დაუნდობლად მიექანებოდნენ წყეული უფსკრულისკენ. მალე, ქალს გონებაში, ალბათ ქმრისთვის მინიჭებული წამებით, შიმშილითა და წყურვილით ნაკარნახევი წარმოუდგენლად საზიზღარი იდეები მოუვიდა. იგი მრავალფეროვანი სიამოვნებისთვის კაცს ტკბილ სურნელიან საჭმელს სთავაზობდა, რომელიც გემოთი ზედმეტად მარილიანი და წიწაკიანი იყო, ისეთი, რომ მხოლოდ უკიდურესი შიმშილი თუ აიძულებდა, იგი შეეჭამა. ამავდროულად ქალი ცხარე კერძებით მისი წყურვილის გრძნობას აღძრავდა და როცა კაცი წყურვილის მოსაკლავად წყალს მოითხოვდა, შიგნით მარილს უყრიდა. მაგრამ ქალი ყოველთვის ბოდიშობდა, თავს იდანაშაულებდა, ტიროდა და პატიებას თხოვდა. კაცი თავს აჩვენებდა თითქოს ტყუვდებოდა და მის ბოდიშებს იღებდა. შემდეგ ქალი სიყვარულზე იწყებდა საუბარს, და - მაგრამ არა! ჯენტლმენებო აქ უნდა გავჩერდე, რომ ამ ამბის დეტალები თქვენ თვითონვე წარმოიდგინოთ.
 
ახლა,  თვეობით გაგრძელებული ამ უბედური კომედიის შემდეგ,  ქალს თავში მოუვიდა ქმარი ეეჭვიანებინა. (მინდა კარგად დაიხსომოთ, რომ,  თუ მღვდლის იშვიათ და ფორმალურ ვიზიტებს არ ჩავთვლით, ეს ხალხი სრულიად მარტო, ყოველგვარი გასართობის გარეშე ცხოვრობდა. და გლასი ზედმეტად ქედმაღალი და შეუპოვარი იყო, რომ იმაზე მოეთხრო, რაც ხდებოდა) ქალი მებაღის ცდუნებას შეუდგა. როგორც გითხარით, ქალს ქვაბზე მეტი გრძნობა არ გააჩნდა, მისგან კალვინიზმის დამსახურებით ყველაფერი გამოდევნილი იყო; მაგრამ მან იცოდა, როგორ ემოქმედა, იცოდა თავისი ქმრის მკაცრი შეხედულება ქორწინებაზე. იგი ფიქრობდა, რომ თავისი აღთქმების დარღვევით გატეხდა მის სულს. სწორედ ეს იყო ის, რისი მიღწევაც სურდა, თუმცა ქალი ალბათ ამას ვერც ხვდებოდა;  მას უამრავი საბრძოლო კამპანიის გმირის, ფინიას მსგავსი ჩივილის, წკმუტუნის და სლუკუნის ნახვა უნდოდა. ბევრი ქალი იღებს სიამოვნებას მსგავსი გზით. 
 
ასე რომ, მან გადაწყვიტა მებაღეს გაარშიყებოდა. ეს ადვილი ამოცანა გახლდათ. მებაღე გაუთლელი მუშა და ჯანმაგარი ცხოველი იყო. და ქალმა იგი ბატის მშვენიერი ქალბატონების მსგავსად მოხიბლა, მას ენახა როგორ აკეთებდნენ ამას ისინი თავიანთ კავალერებთან. ერთხელაც ქალმა კაცის პირველ მორცხვობას სძლია და იგი მისი მონა გახდა; ამ მომენტიდან ქალმა მომდევნო საზიზღარი კომედიის თამაში წამოიწყო. სანამ გარკვევით გაიგებდა, მის ქმარს დიდხანს უნდა ეეჭვიანა. თავისი გეგმა მან ამგვარად ჩააწყო. ქალი საათობით აკვირდებოდა ქმრის სახეზე აზრების გაელვებას. მალე მებაღე თავისი საყვარელი ბატონის მიმართ სიძულვილით განაწყო; ერთ დღეს დაარწმუნა იმ ოთახში ეკოცნა მისთვის, სადაც თივის ლეიბზე მაიორი იწვა. საწოლი დიდი ხნის წინ წაართვა. მისი გაშლა ძნელიაო აიჩემა. ქმრის სახეზე ტკივილის სპაზმი, ქალის მისამართით თქმული მძვინვარე სიტყვები, ეს მისი უდიდესი ტრიუმფი იყო. ქალმა თავისი გეგმის მიხედვით გააგრძელა მოქმედება,რომელიც უკიდურეს უტიფრობამდე მიდიოდა. მებაღე კი თავის უგრძნობელობით ფიქრობდა, რომ ეს უბრალო ხუმრობა იყო, ბოკაჩოს სტილში. ეს ყველაფერი წარმატებით გრძელდებოდა კვირების განმავლობაში; შემდეგ გლასმა მოულოდნელად გადაწყვიტა ეს აეტანა - ან მის გულში რაღაც გატყდა. სულ მცირე, ცხადი გახდა, რომ იგი აღარ იტანჯებოდა. დახელოვნებულმა ქალმა ახალ ხერხს მიმართა, იმდენად საზიზღარ საქმეს, რომ ამაზე საუბარიც კი არცხვენს კაცთა მოდგმას. მან ბავშვის გარყვნა გადაწყვიტა. ჯოშუა უკვე საკმარისად დიდი იყო იმისათვის, რომ გაეგო რას ეუბნებოდნენ. ქალი მას ფარულად აჩვევდა მამამისის სიძულვილს და ზიზღს. მან ბიჭს ფიზიკური სისასტიკით ტკბობაც შეასწავლა. (მე გითხარით, რომ ეს ამბავი საზარელია)
 
წვრთნას მოკლებული მაიორი გლასი საშინლად გასუქდა. იგი საზარელი სანახავი იყო. მუცლის უზარმაზარი გუმბათი, ჩავარდნილი მკერდი, დასიებული და გატანჯული სახე. ოთხი ტაკვი საზიზღობას მხოლოდ ხაზს უსვამდა. ამდენად, ადვილი იყო სამარცხვინო ოინების მოწყობაზე ბავშვის დაყოლიება. ამ დროისთვის, ქალმა ფარისევლობის ნიღაბი მოიშორა. ქმარს ღიად ამასხარავებდა და სასაცილოდ იგდებდა. მასზე სიძულვილის მდინარეებს ანთხევდა. აგებინებდა, რომ  სულაც არ ენატრება ბატის საზოგადოება, მოხარულია, რომ მან შეიძლება კიდე ნახევარი საუკუნე იცოცხლოს, რადგან აქამდე ქალს არასოდეს განუცდია სიამოვნება. იგი ბავშვს უმწეო მორში გრძელი ქინძისთავების ჩასარჭობად აქეზებდა. ”შენ ღორსაც კი არ ჰგავხარ” იცინოდა ერთ ღამეს ქალი ”შენ ქინძისთავების ბალიშივით ხარ!” ამ სიტყვებზე ჯოშუა ბოროტი სიცილით წამოდგა და სამი ქინძისთავი დაძაბულ მუცელში ჩაარჭო.მერე მხიარულად დედასთან გაიქცა, თან ტანჯულის უნებლიე კლაკვნებს აჯავრებდა.
 
ყოველ ღამით თამაში ახლდებოდა. იყო ინტერვალებიც, მაგრამ რაიმე უფრო საზიზღარის მოლოდინში. კაცი დიდხანს ხმამაღლა ლოცულობდა სიკვდილისთვის. ბოლოს მუდარა დაუწყო ქალს, ამაში რამით დახმარებოდა. ქალი მედიდურად დასცინოდა. "შენ რომ ფული ისე არ გაგენაწილებინა, როგორც ეს გააკეთე, ალბათ ამაზე ვიფიქრებდი, ბოლოს და ბოლოს მე კიდევ უნდა გავთხოვდე”
 
კაცმა მისთვის მოულოდნელი გამოცოცხლებით უპასუხა ”მე ამას გაგიადვილებ, ერთხელაც ღამით როცა თოვას დააპირებს, ჯოშუა ქვემოთ, მეზობლებთან წაიყვენე. მოიმიზეზე ვითომ ავად გახდი და ღამით დარჩი. როცა წახვალ კარი, ღია დატოვე. ვფიქრობ სიცივე მომკლავს. მე კი სიკვდილი ისე მინდა!”. მისი სულის სისუსტემ ქალი გაახარა.” შენ თუ ბიბლიაზე დაიფიცებ, რომ ამას გააკეთბ” აგრძელებდა ის ”მე დიდ საიდუმლოს გაგიმხელ”. ქალმა რაღაც მნიშვნელოვანი იყნოსა და იმწამსვე ყურადღებიანი გახდა. ”როცა ესპანეთში ვიყავი,” აგრძელებდა გლასი ”დაბინავებული  ვიყავით ციხესიმაგრეში რომელიც ერთ დიდებულს ეკუთვნოდა” ის მოხუცი პარალიზებული და უმწეო ადამიანი იყო,ისეთი, როგორიც დღეს მე ვარ. მისმა ქალბატონმა შემოჭრის პირველ დღეს, ოჯახის განძი საიდუმლო ადგილას დამარხა. იქ ბრილიანტები ძვირფასი მონეტები და ბევრი ოქროს სამკაული იყო. მათ ერთხელ, ეს ღამით, შემდეგ უცნაურ გარემოებაში მითხრეს...” მან შეწყვიტა. ”წყალი მომეცი! უეცრად ცუდად გავხდი” ქალმა წყალი მოუტანა. კაცმა უფრო მტკიცე ხმით განაგრძო. „ერთ დღეს ჩვენ, ფრანგული ჯარების ნაწილი - სადაზვერვო ძალები დაგვესხნენ თავს.ციხე გარშემოტყმული იყო. მე და ჩემთან ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს უკანდასახევი გზა მოჭრილი გვქონდა და მზად ვიყავით ჩვენი მასპინძლები ბოლომდე დაგვეცვა. ჩვენ სართულიდან სართულზე გვდევნიდნენ, მაგრამ ქვემოთ მწოლარე ერთმა ჩემმა კაცმა მძიმედ დაჭრილმა, გადამწყვეტ, სასოწარკვეთილ ხერხს მიმართა. მან სარდაფში ჩაცოცება მოახერხა სადაც დიდი რაოდენობით შეშის მარაგი იმყოფებოდა და მას ცეცხლი წაუკიდა. შეშფოთებული ფრანგები ნაჩქარევად უკუიქცნენ. დარჩენილ რამდენიმე კაცთან ერთად მე მათ ჭიშკრამდე ვდიე. ბრძოლა რათქმაუნდა განახლდა, მაგრამ ამ დროისთვის შორს ჩვენი დრაგუნების პლუმაჟები გამოჩნდნენ. ფრანგები თავიანთ ცხენებს შემოახტნენ და გაგვშორდნენ. საჩქაროდ უკან, ციხესიმაგრეში დავბრუნდით და ცეცხლი წარმატებით ჩავაქრეთ. ქალბატონი გაკვამლული შენობიდან ჩემი ხელით სუფთა ჰაერზე გამოვიყვანე. ჩემმა ორმა კაცმა მოხუცი გრაფი გადაარჩინა. შუადღის შემდეგ მათ ერთად ითათბირეს. და საღამოს (თქვეს) გადაწყვიტეს განძის შესახებ ჩემთვის ეთქვათ.
 
იმ შემთხვევაში, თუ ორივე მათგანს უბედურება შეემთხვეოდა, მე პირობა უნდა მიმეცა, რომ ჩემზე მონდობილ ქაღალდს პირადად გადავცემდი მათ ერთადერთ შვილის, რომელიც ჩვენს არმიაში იბრძოდა. მე უყოყმანოდ დავთანხმდი. რამდენიმე ღამის შემდეგ ეშმაკმა მაცდუნა. ქაღალდი გავხსენი. ეს უაზრო ციფრები შიფრი იყო, მაგრამ მე გასაღები მქონდა. მითითებულ ადგილზე წავედი. იქ განძი იყო ჩაფლული. მაგრამ გულმა არ გამიშვა. 
 
არ მინდოდა აქანის ცოდვაზე უარეს სიბინძურეში ჩავფლულიყავი! მიწა დავაფარე. დავბრუნდი და მთელი ღამე გულის გასუფთავებისთვის ვლოცულობდი. 
 
ცოტა ხნის შემდეგ ჩემი განლაგება შევცვალე, უკან დავიხიეთ. ჩვენი მომავალი შეტევისას დავბრუნდი და ჩემს კეთილ მასპინძლებს მოსანახულებლად ვეწვიე. ვაი რომ ისინი პარტიზანთა ჯგუფის მიერ აღმოჩდნენ მოკლულნი. როგორც მოვალეობა მკარნახობდა, მათი შვილი მოვიძიე, მაგრამ ძალიან გვიან იყო, ის ჩვენი შეტევის მესამე დღეს ბრძოლაში დაცემულიყო. საიდუმლოს გულში ჩაკეტილს ვინახავდი. რადგანაც ცდუნებას ერთხელ უკვე გავუძელი, არ მსურდა საგანძურს შევხებოდი, თუმცა ის ახლა ჩემი უფრო იყო, ვიდრე სხვისი. მაგრამ ახლა ვხედავ აუცილებლობა თავისთავად მაიძულებს. მე აღარ მეყოფა ნებისყოფა, გავუძლო იმ ტანჯვას რომელსაც ვიტან ---”. აქ მას ხმა ჩაუწყდა. ”თუ შენ ისე მოიქცევი როგორც მე ვთქვი, გასაღებს მოგცემ. როცა მოვკვდები შენ თავისუფლად შეძლებ წახვიდე და განძი იპოვო”.
 
ადა გლასმა წამსვე გონება მოიკრიბა. ის ვეღარ ითმენდა. ბოლოს და ბოლოს იყო ქვეყნად სხვა სიამოვნებებიც, იმის გარდა რითაც ქალი ერთობოდა. 
”ბიბლია აიღე”, თქვა გლასმა, ”და დაიფიცე!” ქალმა ეს უყოყმანოდ გააკეთა. მართლია ეს მკვლელობის ჩადენის ფიცი იყო, მაგრამ მსგავსი შემთხვევა შოტლანდიურ გონებას ვერ აფერხებს. 
 
”კარგია,” თქვა მაიორმა. ”ახლა უნიფორმის ყუთში შეიხედე, ჩემს მუნდირში, მარცხენა სახელოს სარჩულში ჩაკერებულ შიფრს იპოვი”. ცოლმა მორჩილად ამოალაგა ნივთები. საბოლოოდ იპოვა ის, რასაც ეძებდა _ იეროგლიფების მწკრივ გამოსახულებებიანი, პატარა რუკა. ”ახლა გასაღები მითხარი!” გლასმა მძიმედ დაიწყო სუნთქვა; იგი მისუსტებული ხმით ლაპარაკობდა ”წყალი!” დაიჩურჩულა მან. ქალმა სავსე ჭიქა მოუტანა, მან დალია და ბედნიერად ამოიხვნეშა. ”გასაღებია სიტყვა,” თქვა მან. ”რა? მე შენი არ მესმის.” ქალი მასთან უფრო ახლოს მივიდა. "გასაღები სიტყვაა, ის ბიბლიაშია, ნაწყვეტს თუ წამიკითხავ გამახსენდება. სადღაც მსაჯულთა წიგნში მოვნიშნე.” გლასი აშკარად უდიდესი ძალისხმევით ლაპარაკობდა. ქალს მაინც გაჭირვებით ესმოდა მისი. მოტანისას ბიბლია გლასს გადაატარა, მაგრამ კითხვისთვის ძალიან ბნელოდა; ამიტომ მან ლამპა მოიტანა და გვერდით, მასთან ახლოს იატაკზე დადგა. ”დაახლოებით მერვე თავი: მე ვერ ვიხსენებ” ”რომელი თავი?” ”მე ვფიქრობ მერვეა” ”მერვე?” ”ჰო” ეს იყო ყველაზე მისუსტებული ჩურჩული.  კაცი უკვე რამდენიმე დღეა ასე იყო. ახლა კი, ქალს ეს აშფოთებდა. ხომ შეიძლება  საიდუმლოს გამოუაშკარავებებლად მომკვდარიყო?  ცოტა ვისკი მოუტანა და დაალევინა. 
 
”აი, ეს”, თქვა ქალმა ”სამსონზე წისქვილში? წითლადაა მონიშნული,” ”ჰო” ისევ ძალიან სუსტად თქვა კაცმა ”მანდ წაიკითხე” ცოლი მის თავთან ჩამოჯდა და კითხვა დაიწყო. ყოველ სტროფზე ეკითხებოდა, მაიორი ანიშნებდა განეგრძო, მალე იგი მივიდა სტროფთან : ”თქვა სამსონმა: მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!” ”მანდაა” თქვა გლასმა ”ესაა ---” მისი ხმა ჩაკვდა, სადღაც მიიკარგა „ავად ხომ არ ხარ?“ შეშფოთებით ყვიროდა ქალი ”მე ვკვდები” სიტყვა-სიტყვით ამოღერღა მან. ”მითხარი სიტყვა!” კიოდა ქალი ”ღვთის გულისათვის ადმიანო ჯერ არ მოკვდე!” ”ესაა ---” მისი ხმა ერთხელ კიდევ მიწყდა. "მიდი, მიდი სცადე!” თქვა მან და ყური მაიორის პირთან მიიტანა. კაცის რკინის ყბა მყისვე, საშინელი სისწრაფით მარწუხის მსგავსად ჩაიკეტა მის ყურზე. ქალი კივილით გაიქაჩა, მაგრამ ეს იგივე იყო, ბულდოგის მოშორება ეცადა. სინამდვილეში იგი კაცს ლამპისკენ შემობრუნებაში დაეხმარა, ერთი ტაკვის გაქნევაც და ნავთი ჩალის საწოლზე აალდა. მომაკვდავი დედის კივილზე ჯოშუამ გაიღვიძა. იგი საწოლიდან გადმოხტა, ოთახში შევიდა, ალში დაკლაკნილი ორი სხეული დაინახა, მხიარულად ტაში შემოჰკრა და გარეთ თოვლში გაიქცა.
 
--------
 
”ვაღიარებ, ეს საკმაოდ შემაძრწუნებელი ამბავია!” ყვიროდა ჯეკ ფლინი რომელიც მას თვიდან გაეხუმრა "მაგრამ, ღმერთმანი, მე ვერ ვხედავ რა კავშირი აქვს თქვენთან და ჰელმლოკ კლუბის გადარჩენასთან!“
 
”იმიტომ, რომ ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, ჩვეულებისამებრ, თქვენ არ მოიღეთ მოწყალება მის დასრულებას დალოდებოდით. ის მოვლენები რომელთა შესახებაც მე გულმოდგინედ მოგითხრობდით, ეგრეთ წოდებული გეორგ მესამის უზურპაციის დროს მოხდა. (ეს კლუბის ადათი იყო, გეორგები ყოველთვის უზურპატორებად მოეხსენიებინათ) ჩემი ნაწილი 1850 წელს იწყება” 
 
ამ წელს, თებერვალში კარგად ცნობილი ფირმის მიერ, ამ მომენტში მე დამავიწყდა მისი სახელი, გამოიცა ანონიმური წიგნი სათაურით ”იჭვნეული ღმერთი”. წიგნმა დიდი აურზაური გამოიწვია რელიგიურ წრეებში. ავტორს, უსათუოდ ავტორიტეტს თეოლოგიაში, ვიქტორიანული მეცნიერების სწავლება აეღო როგორც კომენტარი, და თავის  ნაშრომში უმთავრეს მიზნად, დეიზმის განადგურების დაგვირგვინებას ისახავდა. ავტორი დაჟინებით უსვამდა ხაზს ბუნების სისასტიკეს და უგნურებას. ხაზს უსვამდა, რომ შემოქმედის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ყველა მცდელობა, უმაღლეს წერტილზე მანიქეიზმად ან დუალიზმის სხვა ფორმად იქცევა, და აგრძელებდა ღმერთის სიბრძნის ინტერპრეტაციას, როგორც მის უნარიანობას, ოინი უყოს თავის ქმნილებებს. მის ძალას, როგორც უნარს, ისინი გატეხოს და აწამოს, მის დიდებას, როგორც თავის მსხვეპლთა ძირითადად გამოუთქმელი ტანჯვისა და შიშის მოწმედ ყოფნას. რაღა დაგიმალოთ და, ავტორი, თუმც ანონიმური, თავის თავს პლიმუთის საძმოს წევრად აცხადებდა. ის ამ კლუბმა დიდებული ორიგინალურობის მქონე ღირსეულ ერეტიკოსად მიიჩნია. მე ამ საკითხის გამოსარკვევად დანიშნული კომიტეტის ყველაზე უმცროსი წევრი გახლდით. უცნობი ავტორისადმი ინსტინქტურად მტრულად განვეწყვე. მთელი ჩემი ძალებით არჩევნებში შევეწინააღმდეგე. დავამტკიცე, რომ ეს წიგნი სავსებით ორთოდოქსალურია, სხვა ყველაფერთან ერთად განავრცობს იოანეს III:16. აღვნიშნე, ისიც რომ წიგნის ძირითადი სწავლებები ჩარლზ ჰადონ სპერჯენმა მოიწონა; რომ ევანგელისტი მღვდლები მთელს ინგლისში იგივეს აკეთებდნენ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით. მაგრამ მე უკუმაგდეს. მაშინ ჩვენ წიგნის ავტორის ძიება გავაგრძელეთ;  აღმოვაჩინეთ, რომ მას ერქვა ჯოშუა გლასი.” საშინელი გრძნობის ტალღამ გაუარა მოხუცის მსმენელებს. ”მე უარი ვთქვი მომეხსნა ჩემი წინააღმდეგობა. გამოვიძიე და აღმოვაჩინე ფაქტები, რომლებიც ამ საღამოს თქვენს წინაშე წარმოვადგინე” ”მაგრამ წესებში, ასეთი საქმის საწინააღმდეგო არაფერია!” შეაწყვეტინა მსმენელთაგან ერთმა.
 
”თქვენ არ დამასრულებინეთ!”
 
”ბოდიშს ვითხოვ.”
 
”ფაქტებს ინტენსიური ყურადღებით გავეცანი. შევეცადე ყველა მხრის მიერ გამომჟღავნებული ფენომენის ჭეშმარიტი წყაროსათვის მიმეკვლია. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე. მე დავიწყე დაჯერება, რომ ამ შემთხვევაში, შეიძლება ფიზიკურისა და გონებრივ-მორალური მდგომარეობების შესაბამისობა იქნას გამოვლენილი...” 
 
”მერე?” შეაწყვენიტნა, აღელვებით თვალებგაბრწყინებულმა ჯეკ ფლინმა. ”მე დაჟინებით მოვითხოვე ფიზიკური გამოკვლევა, იმდენად საინტერესო და საშინელი სიმახინჯე ვიპოვე, რომ ჯოშუა გლასის ადამიანური წარმოშობის მიუხედავად, შეუძლებელი იყო, მისთვის ჩვენი რასის წევრობის უფლება მიგვეცა” 
 
სრული განცვიფრების ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მოხუცმა მაგმა კოლოფი გახსნა გრძელი სიგარა ამოაცოცა და მოუკიდა ”ჩემი გზით ვინმე მოდის?” იკითხა მან წამოდგომისას.
 
”თუ შეიძლება სერ, მე მოვდივარ” გამოცოცხლებულად თქვა ფლინმა, ”მინდა საათი მისტიციზმზე ვისაუბრო, რათა გუნება გამოვიკეთო.” 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.