• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ბათუმი, ბათქაში და ბიძია სკრუჯი

×
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 00 , 0000 2243
ნარინჯისფერ უნიფორმებიანი მუშები ასხამენ ბეტონს. ტრაქტორები პრეისტორიული ხანის ცხოველებივით ზანტად გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან - მეორესაკენ. მზე აჭერს. ცოტა ხანში პრეზიდენტი უნდა მოვიდეს და წითელი ლენტი გაჭრას. მერე სახელდახელოდ მოწყობილ ტრიბუნასთან იმის აღწერას მოყვეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ან ექნება ამ მშენებლობას. 
 
ეს ნახატის ერთი ფრაგმენტია, რომელსაც შემდეგ აიღებენ და ისტორიის უსიცოცხლო დარბაზში მიუჩენენ ბინას. ხატვაში ყველა მონაწილეობს. ხშირად ისეთ რამის ხაზვა და გაფერადება გიწევს, რაც სულ არ გსიამოვნებს. განწირული იქნევ ფუნჯს, რომ ამაში უბადრუკი ხელფასი მიიღო. ხანდახან ხელი თავისით მოძრაობს.  მთავარი, ყველაზე დიდი ფუნჯი კი პრეზიდენტს უჭირავს. სწორედ ის ავლებს ამ წითელ ლენტებს, ის დგამს ოქროსფერ მბზინავ გუმბათებსა და ქანდაკებებს. საერთოდაც ის არიგებს და ართმევს ფუნჯებს. 
 
რათქმაუნდა, ეს ჩვენთვის კეთდება. ჰო, ეს ყველაფერი თქვენთვისაა მშრომელებო, დაძარღვული, დაკოჟრილი ხელებით, დამსკდარი კანით და ამოღამებული, ჩაწითლებული თვალებით, მთელი ღამე რომ არ წყვეტთ მუშაობს. “განა ვინმე აძალებთო?” - კითხულობს  პრეზიდენტი ტრამპ თაუერის გახსნაზე. ისინი თავისი ნება-სურვილით, თავისი ინიციატივით აკეთებენო ამას. შემდეგ ამატებს, რომ “არა, თუ საჭირო გახდება კიდეც დავაძალებთო.” აბა რა, მას ხომ აქვს ამის უფლება. 
 
ხანდახან გულდასმით, საფუძვლიანად დაგეგმილი გამოსვლიდან ერთი ფრაზა გამოიპარება ხოლმე, აი, როგორც „დაძალებაც კი შეგვიძლია“-ს მსგავსი. გამოიპარება, როგორც რობერტო ზუკო, ბერნარ-მარი კოლტესის პიესის გმირი ციხიდან და შენ ხვდები, რომ დიახ, მათ შეუძლიათ დაგაძალონ, გითხრან, რომ თუნდაც  ეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელშიც ალბათ ვერასოდეს მოხვდები, საუკეთესო ვარიანტია საუკეთესოთა შორის, იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს.
 
პრეზიდენტის მოსვლამდე ბილბორდის ქვეშ ხალხი იკრიბება. ბილბორდზე ლაჟვარდოვან ფონზე დასრულებული სასტუმროა გამოსახული და წარწერა ტრამპ-თაუერი, კიდევ ერთი უინტერესო და უხალისო რამდენიმე  ასეულ მილიონიანი ტრიუმფი. თითქმის ყველა შავ პიჯაკში გამოწყობილა. შთაბეჭდილება მრჩება,  თითქოს მაღაზიაში დავდივარ, რომელშიც ყველა ტელევიზორი ერთდროულად ერთიდაიგივე გამოსახულებას უჩვენებს. ყველა ერთმანეთს ჰგავს. მხოლოდ ზომა და ფასებია სხვადასხვა. ჩინოვნიკები ელოდებიან თავის უფროსს. მათ შორის ერთი მათხოვარი ბავშვი დადის, როგორც პატარა მაუგლი ჯუნგლის საშიშ და სასტიკ ცხოველებში.
 
აჟიოტაჟი. „სცენისაკენ გადმოიწიეთ“ - ისმის ხმა. მოშავო და მოსერო მასა, როგორც ფოთლების ჩრდილი წინ მიიწევს, თუმცა უფრო მძიმედ, რაღაც კადრს ჰგავს ფილმიდან ზომბებზე. პრეზიდენტი მანქანიდან გადმოდის. გვერდით ბიძია სკრუჯი მოჰყვება. ამ შემთხვევაში ბიძია სკურჯი - დონალდ ტრამპია, „ექსცენტრიული“ მილიარდელი ამერიკიდან.
 
სკრუჯს  თვალი ხრუშჩოვკებისკენ ეპარება, როცა პრეზიდენტის მიერ შესხმულ ქება-დიდებას ისმენს. ეს ყველაფერი სიამოვნებს ალბათ, ისეთი გაბადრული სახე აქვს.  წარმოდგენა არ მაქვს რაზე შეიძლება ფიქრობდეს. არასოდეს მქონია ურთიერთობა მილიარდელთან. 
 
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დასრულების  შემდეგ იქ შეკრებილი საზოგადოება იშლება. ზოგიერთი - კმაყოფილია, ზოგი ბუზღუნებს, ზოგს - ვერაფერს შეატყობ სახეზე. მოვალეობა მოხდილები თავის უფროსებთან, პარტიასთან ან შეიძლება სახელმწიფოსთან ნელ-ნელა იშლებიან. მშენებლობის ადგილს მეც მათთან ერთად ვტოვებ.  ბათუმის ქუჩებს მივუყვები. აქა-იქ ექსკორტი ჩაგვიქროლებს ხოლმე - დაძაბულობისა და საფრთხის სწრაფი ნაკადი. 
 
 
2
 
არაფერი შეედრება იმ სიმყუდროვეს, როცა შენი ზომის მუყაოს ყუთში შეძვრები. სიცივე იქ ვერ ატანს. არსად გეჩქარება. საშინლად კომფორტულად გრძნობ თავს, სანამ ის ფიქრი არ შემოგეპარება, რომ შეიძლება მშობლებმა ინერვიულონ. ამის გამო მერე გეჩხუბებიან. რათქმაუნდა, გესმის მათი, მაგრამ აბა, როგორ გინდა აუხსნა, რომ არაფერი შეედრება შენივე ხელით ხეზე წამოსკუპულ ამ პატარა, ერთ კვადრატულ მუყაოს სახლუკას.
 
იქვე სადაც ტრამპის კოშკი უნდა აშენდეს, პატარა გორაკია. ერთადერთი მწვანე და ამაღლებული ადგილი, რომელიც შემორჩა. გარშემო ყველაფერი მოუთხრიათ. ზედ ერთი ლამაზი ხე დგას. მის ქვეშ ბავშვები ცეცხლის დანთებას ცდილობენ.ხეზე შტაბი გაუკეთებიათ, რომელიც ფრინველების სახლსაც მოგაგონებს.  
 
იმ გრანდიოზულ მშენებლობებში ყველაზე მეტად ეს გორაკი გამოირჩეოდა. ცოცხალი, ძლიერი მეტაფორა, რომელსაც მსოფლიოს არცერთ სასახლეში, არცერთი სასტუმროს ლუქსში არ გაცვლიდი. რაღაც დაუცველი და მყიფე, მაგრამ  ძვირფასი, შეუფასებელი, რომელსაც გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება.
 
 
3
 
ბათუმიდან ღამით ვბრუნდები. „ღამის ღრუბლები ფრთხილად ეხებიან ქალაქის აურას“. მერე წვიმს. გვათენდება. ნისლიან გზაზე მიტოვებული სახლებია ჩამომწკრივებული - ანონიმური მისამართები, სადაც ობობის ქსელით დაფარული ვერცხლის ნივთები, ძველი ფოტოები, დაჩრჩილული ტანსაცმელი ინახება. სველი ბალახის და მძინარე ძაღლების სუნი. ერთად შეყრილი ცხენები, უმცირეს ხმაურზე რომ იფანტებიან, ფიქრებივით.
 
ვიხსნებ  დღის განმავლობაში ნანახს და განცდილს. როგორ ჩამოვედი ბათუმში? რა ვნახე? რა დამამახსოვრდა? რამ იმოქმედა? პასუხები ჩნდებიან, როგორც გამოცნობილი კარტები მარტივი ფოკუსებიდან - როცა შედეგი არ გაოცებს, უბრალოდ გეღიმება. 
 
დიდი ხნის წინ რომანის წერა დავიწყე. სიუჟეტი არა აქვს. მხოლოდ პერსონაჟი N1, N2... სიტუაცია N1, N2... და ასე შემდეგ. ეს პერსონაჟები და სიტუაციები ერთმანეთთან იკვეთებიან. პერსონაჟები ცდილობენ განაპირობონ სიტუაციები... ახლაც ვაგრძელებ. ბათუმიდან რამდენიმე პერსონაჟი კიდევ დაემატა.  მეგი - მსახიობი, რომელიც თავისი წითელი ველოსიპედით მშვიდად დადის ბათუმის ქუჩებში, როგორც ძველ ფრანგულ ფილმში. ლევანი პაწაწინა კაფის პატრონი, მაღალი ბიჭი გადამდები სიმშვიდით. აჩიკო, ვისაც ბათუმში ყოველი ჩასვლისას ვსტუმრობ, დილაუთენია, სანამ რამე გაიღება - სამზარეულოში გაზის წითელი „ბალონი“ უდევს, შემოჯდება ხოლმე ზედ და ვლაპარაკობთ ათას სისულელეზე. რა ხდება ქალაქში მისგან ვიგებთ ხოლმე პირველად. თაზო, რომელიც სასტუმროში მუშაობს და ამბობს, რომ მისი ღმერთი არის ცანცარა და მისთვის ყველაზე დიდი ცოდვა - სერიოზულობაა.
 
სიტუაციებიც დაემატა. ჩვენ ერთად ვიყავით იმ გორაკზე, სადაც ბავშვები შტაბს აშენებდნენ. შემდეგ ისევ აჩიკოსთან დავბრუნდით...
 
რომანში კიდევ განცდებია სიტუაციებსა და პერსონაჟებს შორის. ჰოდა, ერთი განცდაც დაემატა, იმდენად ძლიერი და ნამდვილი რომ მისი გაბათილება ვერ შეძლო ვერც გლემ-როკერივით თმააწეწილი მილიარდელის და პრეზიდენტის გამოსვლამ, ვერც „აწოწილმა“ მშენებლობებმა. განცდა, რომელიც დისტანციის აღწერად უფრო შემორჩა, იმ დისტანციისა, რომელიც ამ ადამიანებს და „ოფიციოზს“ შორის იყო.
 
იმედი მხოლოდ გარდამავალი ეტაპის გადალახვაა. და რაღაც ისეთის აღმოჩენა, რომელიც ახალ უფრო დიდ და ნათელ ეტაპს შექმნის. ეს იმედი არ გამჩენია არც თაუერების და არც შეღებილი ფასადების ხილვისას, ეს იმედი იმ ადამიანებმა, იმ პერსონაჟებმა გამიჩინეს ვინც ბათუმში ვნახე.  ჩვენ ერთად გვეჭირა ფუნჯი და რაღაც ისეთს ვხატავდით, რისი ადგილიც ისტორიის ცივ დარბაზში არ მოიძებნება. თუმცა მის გარეშე ისტორიაც არ იარსებს. რა არის ეს? კარგი შეკითხვაა, პასუხი რომ არსებობდეს.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული