საერთო განცდების პროგრამა





პოეზია

საერთო განცდების პროგრამა




 

მთარგმნელი: კაკო ჩიქობავა, ვაკო ნაცვლიშვილი
 
წაკითხვისთანავე გადაეცით ხელიდან ხელში
 
 
1. მზად ვართ საერთო განცდებისთვის?
 
2. თუ მზად ვართ _ კარგია.
თუ არა _ დროის საქმეა.
 
3. მოცემულ მომენტში ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის _ მოცემული მომენტი, ასევე ყოველივე ის, რაც მასთან კავშირშია.
 
4. ჩვენ გვესმის, რომ მოცემულ მომენტთან ბევრი რამ არის დაკავშირებული.
 
 
5. გავერთიანოთ ძალისხმევა მოცემული მომენტის მეტნაკლებად ზუსტი განსაზღვრისთვის.
 
6. არ დავიშუროთ ძალისხმევა,  მოცემული მომენტის კონტექსტში ყოველივე არსებულის მეტნაკლებად ზუსტი თვითფიქსაციისთვის. 
 
7. განა ჩვენ არ ვიცით, რომ მოცემული მომენტის განმსაზღვრელი ფაქტორის ძიება ძალზედ მტანჯველი პროცესია? მაგრამ განა დავზოგავთ ძალისხმევას?
 
8. ყურადღება!
შეტყობინება.
 
9. ყურადღება!
ავტორი თქვენ შორისაა. 
                                      ავტორი.
 
 
10. გარემოება, რომ ავტორი ჩვენ შორისაა, მოცემულ მომენტს განსაკუთრებულ აზრს სძენს.
 
11. თუმცა, შეგვიძლია, ეს გარემოება მხედველობაში არ მივიღოთ.
ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.
 
12. მაგრამ ის, რომ ზუსტად მოცემულ მომენტში ჩვენ ვიმყოფებით ზუსტად აქ და ზუსტად ამ შემადგენლობით, მშვენიერია.
ამის დავიწყება არ ეგების. 
 
13. ზოგჯერ ჩვენ გარეგანი იმპულსები გვამოძრავებს.
  მოცემული მომენტში - ?
 
 
14.  ხშირად ჩვენ განვიცდით წარმოსახვით მოვლენებს.
მოცემულ მომენტში კი _ ძალზედ რეალურს.
ასე არ არის?
 
15. ზოგჯერ ჩვენ საკუთარ თავს განსხვავებულ შეკითხვებს ვუსვამთ.
მაგრამ ახლა ერთზე შევჩერდებით.
რა იქნება შემდეგ?
 
 
16. ჩვენ ხშირად არ ვიცით, რა პასუხი გავცეთ ამა თუ იმ შეკითხვას.
მოცემულ მომენტში კი პასუხი სულაც არ არის საჭირო.
 
17. ძალიან ხშირად ჩვენ არ ვიცით, რა ვუთხრათ ერთმანეთს.
მოცემულ მომენტში _ ვიცით.
 
18. მოცემულ მომენტში ჩუმად ვართ.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არაფერი გვაქვს.
 
 
19. ჩვენ ზოგჯერ ვფორიაქობთ.
 მაგრამ მოცემულ მომენტში ამას არც კი ვიხსენებთ. 
 
20. არის მომენტები, როდესაც აშკარად ვერ ვართ.
მაგრამ არა - მოცემულ მომენტში.
 
 
21. ზოგჯერ, მეტიც, უფრო ხშირად, ჩვენ არ ვიცით რა - როგორ.
მოცემულ მომენტში კი დარწმუნებული ვართ, რომ ვიცით.
რაც, სავარაუდოდ, ასეცაა. 
 
22. ყურადღება!
რიგი შეტყობინებებისა.
 
 
23. ყურადღება!
მოცემული მომენტის მთელი ხიბლი მოცემულ მომენტშია.
                                                                ავტორი.
 
24. ყურადღება!
აბსოლუტურად ყველაფერში არის რაღაც.
                    ავტორი.
 
25. ყურადღება!
უცნობია, რითაა მიჯაჭვული არტისტი ხილულ სამყაროს.
                 ავტორი.
 
26. ყურადღება!
ადამიანი, რომელმაც არ იცის, როგორ მოიქცეს,
ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებს.
  ავტორი.
 
27. ყურადღება!
დაღლილი მოგზაურის სულს სავანე ისე მოსწყურდა.
 
28. ყურადღება!
წელიწადის დროების უპირატესობა სამყაროს ნაწილაკებზე იმდენად ნათელია, შეუძლებელია ეს განხილვის საგანი არ გახდეს. 
 
29. ყურადღება!
სახლიდან გასვლისას  გულისხმობ დაბრუნებას.
ავტორი.
 
30. ეს გზავნილები ჩვენკენ მოემართება.
ისინი ჩვენთვისაა. 
ვინ იცის, იქნებ,  სწორედ ისინი წარმოადგენენ მოცემული მომენტის მთავარ სამხილს.
 
31. ის, რაც მოცემულ მომენტში ჩვენ თავს ხდება, შესაძლოა, აღარასოდეს განმეორდეს.
 
32. მოცემული მომენტის განცდები აღწერას თითქმის არ ექვემდებარება.
 
შეიძლება, აღწერო - ისიც გაჭირვებით – მხოლოდ ბუნდოვანი ვარაუდი იმის შესახებ, რაც ხდება 
 
33. რასაც ჩვენ ახლა განვიცდით, შეუძლებელია, მომავალში არ აირეკლოს.
 
34. ყურადღება!
შეტყობინება.
 
35. ყურადღება!
ავტორი მადლობას უხდის ყველას გულწრფელი მონაწილეობისთვის.
  ავტორი.
 
36. დაშლა არ გვინდა.
ეს კარგია.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.