• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მეტამორფოზა

×
ავტორის გვერდი ლუკა აქიმიძე 00 , 0000 1753

 

მეტამორფოზა
 
შენს ხელის გულზე ამ ქალაქის პანორამაა
და მას დაჰყურებს ვიღაც, ციგანი ქალი.
 
შენ ზიხარ უსასრულო დერეფანში,
რომელიც სავსეა კარებით და ვერც ერთში შედიხარ.
ქარს მიაქვს ეს დერეფანი და ჩერდება სადღაც, მთვარის თავზე.
 
მე ვწერ იმას, რასაც ვხედავ,
მე არაფერს ვხედავ და არც არაფერს ვწერ,
მე ვწერ მკვდართათვის და მათ გამოცოცხლებებზე.
 
გზა, რომლის ნისლში თველემენ ჯვრები და ანძები;
გზა, რომლის ცაზე იწერება ცხოვრების წიგნი;
გზა, რომლის თავზე არაფერია;
გზა, რომელიც არსაით მიდის, ყველაზე გრძელია.
 
ჩვენ ვცხოვრობთ, რათა დავიხოცოთ
და ვიხოცებით, რათა ვიცოცხლოთ.
ვერც ერთი მთვარე, ან ზღვების მიმოქცევა ვერ შეცლის ამას.
 
-მკვდრები ხართ და მკვდრებად მოკვდებით!
ყვირის შეშლილი ღმერთი.
მას მხოლოდ ერთი ლუდის ბოთლი და სამი ღერი სიგარეტი დარჩა.
ის ცხოვრობს სხვენში, ნაქირავებ ბინაში 
და ყოველ კვირა აკითხავს ბინის მფლობელი და ავსებს უაზრო საყვედურებით,
ის ყოვედდღე უყურებს ხიდებიდან და სახუავებიდან მოფარფატე
მშიერ სხეულებს,
ისინი მღერინ დაცემისას სევდიან სიმღერებს სიჩუმეზე
და იმაზე, რომ მკვდრები ვართ და მკვდრებად მოვკვდებით!
 
ხარხარებს ამ ყველაფრის შემხედვარე შეშლილი ღმერთი
და მიირწევა მიმი ჩრდილი ამ უძრავ ღამეში.
 
ხოლო ის დერეფანი,
რომელშიც შენ ზიხარ, სავსეა კარებით, ქარს მიაქვს 
და ჩერდება მთვარის თავზე
და შენ ხედავ მასზე ამოკაწრულ საკუთარ შიშებს და ოცნებებს,
ყველა იმ მომენტს,
როცა შენი სისუსტე შენზე დიდი გახდა და
ვერ შეძელი ყვირილი ხმის ჩახლეჩამდე
და სიტყვებს, რომლებშიც პოულობს საკუთარ თავს
და სიტყვებს, რომლებშიც სამყარო პოულობს საკუთარ თავს, საკუთარ შიშებს
და ხვდები, რომ შენ ხარ სამყარო,
რომ შენ გარეშე არც არაფერი იქნებოდა,
რადგან შენც არ იქნებოდი
და ხვდები, რომ ის ღმერთი,
რომელიც სხვენში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს,
ყოველ კვირა აკითხავს ბინის მფლობელი, ავსებს უაზრო საყვედურებით
და ყოველდღე უყურებს ხიდებიდან და სახურავებიდან მოფარფატე მშიერ სხეულებს
და რომლის ჩრდილი მიირწევა ამ უძრავ ღამეში,
შენ ხარ ის ღმერთი, რომელიც შეიყუჟა საკუთარ სხეულში, არაფერს დაელოდა 
და განაცხადა:
- მკვდრები ვართ და მკვდრებად მოვკვდებით
და ყველა აქტი, რომელსაც იტევს ადამიანის სხეული,
სიკვდილს აღწერს!
შენ ხარ ის ღმერთი, დაყუდებული უსასრულო დერეფანში,
რომელიც სავსეა კარებით და რომელიც ქარს მიაქვს და ჩედრება სმთვარის თავზე...
 
შენს ხელის გულზე ამ ქალაქის პანორამაა,
და მას დაჰყურებს ვიღაც ციგანი ქალი, ამბობს:
-გზა, რომელიც არსაით მიდის, ყველაზე გრძელია.
 
 
ნევროზი 
 
"კითხვაზე პასუხის არგაცემაც კითხვაზე პასუხის გაცემაა"
იმანუელ შმიდტი
 
"მე პოეტი ვარ და საკუთარ ნევროზებს ვყიდი"
პაატა შამუგია
 
მე ვსვამ კითხვებს
რომლებზე პასუხი არ არსებობს, რადგან შეგვაშინეს, დაგვაჯერეს და გვითხრეს - ასეუკეთესია.
მე ვსვამ კითხვებს რომლებზე პასუხი ყველამ იცის და არავინ ამბობს.
მე ვსვამ კითხვებს 
რომლების გამოც
სხეულადქცეული ანგელოზები გარბიან საშინელ ღამეებში,
მღვდლები ჯვრებს თავებში უკაკუნებენ,
პოლიციელები დამშეულ ზურგებს აწევენ ტყვიებს...
და მე ვსვამ კითხვებს
რადგან სიჩუმე გახდა გაუსაძლისი
და ამ ჭაობში ერთადერთი საზრდო ერთმანეთის სხეულებია,
რომლებიც ადრე თუ გვიან, სიგიჟის ზღვარს გადასულები,
შემოდგომის ფოთლებივით დასცვივდებიან ასფალტს,
მათი სისხლით მოირთვება 
ომში საკუთარ თავთან გამარჯვებული ქალაქი,
საზეიმო ნათურები აინთებიან ჩვენს ცარიელ სხეულებზე,
სანახაობით აღტკინებული საზოგადოება დაგვიკრავს ტაშს 
და ჩვენ,
ციდან მომღიმარენი ავივსებით უსაზღვრო სიამაყით
და გაბადრული ღმერთიც ალბათ ძუნწად შეგვაქებს.
 
და მე ვსვამ კითხვებს, რადგან ჯერ აქ ვართ
და ქუჩაში ყოველ გასვლაზე მხვდება უამრავი პერსონალური ჯოჯოხეთი,
რომლებიც მიდიან არსად
უბრალოდ დგანან,
რიგითი ქანდაკებებივით,
რომელთა მნიშვნელობა ყველამ დაივიწყა.
მე ვსვამ კითხვებს რადგან უშიშროება გახდა საშიშროება,
რადგან სძულთ რადგან ეშინიათ,
რადგან კლავენ რადგან ეშინიათ,
რადგან ეშინიათ გამარჯვების, ერთმანეთის, საკუთარი თავის, გარშემო საგნების...
რადგან სიყვარულს ცვლიან საგნებში,
რადგან ოჯახური სითბო მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებშია,
რადგან სიმართლეს მხოლოდ სადარბაზოებში ამოკაწრული ზღაპრები გვიყვებიან,
რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო (რომლებიც არ მინახავს 
და შესაბამისად არც მიყვარს),
რადგან მეშინია,
რადგან მძულს,
რადგან მიყვარს,
რადგან მომბეზრდა,
რადგან ომებში დაღვრილი სისხლი,
რომელიც დაიღვარა არაფრისთვის, რომელიც დაიღვარა არაფრისთვის,
რომელიც დამახინჯდა არაფრისთვის, 
რომელმაც დაგვიტოვა ამაყი პრეზიდენტი, კინოშედევრი, ღიმილშემხმარი ხალხი...
რადგან მიმხმარი ღიმილი პირზე (შვეიცარი აღებს კარს და ბათუმი ლამაზია),
რადგან ომი და სიჩუმე,
რადგან ლუდი; სიგარეტი; არაყი; გათიშვა; ბებიაჩემი; უნიტაზი; ტაშტი; სკოლა; მანდატური
და მისი მყიფე თვალები და ზიზღი თავისუფლების (მე მიყვარს ჩემი მანდატური),
რადგან მამების ნაბიჭვართა და მკვლელთა თაობა
და რადგან ჩვენი ვერაფრისმთქმელი სა უმოქმედო თამობა,
რადგან სამართალი - 
ო, სამართალო, მე ოდესღაც მართლა მჯეროდა შენი...
რადგან აღარ არსებობენ პოეტები - არსებობენ წმინდანები და ანტიწმინდანები,
რადგან ჩარაზული კარებები ყველაფრის მიღმა,
რადგან ერთმანეთის გრძნობები, რომელიც აღარსად გვიშვებს
და რადგან სიჩუმე გახდა გაუსაძლისი
ჩვენ ვსვამთ კითხვებს. 
 
ფოტო: ანდრო ერაძე
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული