• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ჟანრის კანონი [9 ლექსი]

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3057

 

პუნქტუაცია

 

წერტილი მძიმეა;

 

 

ჟანრის კანონი

 

„პატარა ადამიანო, მე ვიცი,

დიდი მომენტებიც გქონია ცხოვრებაში.“

რაიხი  - „პატარა ადამიანი“

 

ეს კვალი ჩემი კი არაა, ყავარჯნისაა,

მე რიგითი ვარ, კვალს არ ვტოვებ და „მარჯვნისაა-

-კენ!" – რომ მეტყვიან, მარჯვნისაკენ მივეფორთხები.

ასეთია ვინაიდან ჟანრის კანონი.

 

არ ღირს, გამოჩნდე რამე აზრის ოპოზიციად,

რომ არ დაირღვეს ჰარმონია, კომპოზიცია.

ვარდის და ნეხვის, რომ იტყვიან, ალქიმიური

ქორწილი რომ არ ჩაიშალოს. რომ ჩაიშალოს,

აირევა ჟანრის კანონი.

 

ვილაპარაკოთ ლაფონტენზე, ზუთხზე, ლოქოზე,

იყოს პათოსი უფრო მეტი, ვიდრე ლოგოსი,

ოღონდ სიმართლეს ნუ მივახლით ადამიანებს,

რა საჭიროა? ბოლობოლო, უხერხულია,

თან სულ სხვა რამეს გვეუბნება ჟანრის კანონი.

 

აგერ კაცი რომ მიიპარება,

წყვილი ბატი არ მიიბარება,

მაგრამ ის მუდამ მართალი არის,

და მე ვიტყოდი, ცამდე მართალი,

ასეთია ვინაიდან ჟანრის კანონი.

 

ყველა, ყველა და, მე კი ვიცი, მაშასადამე,

რა საერთო გვაქვს მუშასა და მე,

ან ნებისმიერ ვინმესა და მე

ჩვენ ჟანრის კანონს ვემორჩილებით

და მორჩილების რუტინას ვავსებთ

ახალ-ახალი ფერმკრთალი ხაზით

ასეთია ვინაიდან ჟანრის კანონი.

 

მე ვიღებ ყველა გარეგან პირობას,

როგორც შინაგან კონსტიტუციას,

ავტორიტეტის ბეჭდით დაბეჭდილს:

მიმყავს ბულდოგი

მომყავს ცოლი

გამყავს ცხოვრება

ასეთია ვინაიდან ჟანრის კანონი.

 

გაზაფხული იყო

 

ასეთია გაზაფხული

მოულოდნელ ადგილებში _

ვთქვათ, ასფალტზე _ ამოიკივლებს ხეებს და ბალახებს

და გამვლელების მოუქნელ ჩრდილებს,

ასეთია გაზაფხული

ახალი სუნებით ფხაჭნის ჰაერს

და შეგრძნებებს პირს უმახებს

ასეთია გაზაფხული

აჩქარებს მოლეკულებს სხეულებში

და სახიფათო სიყვარულის შესაძლებლობებს

ასეთია გაზაფხული

ქარებს ხეებზე არიგებს და გულებს გულებში არიგებს და

ხელებს ხელებში არიგებს, და ასეთია, აი ასეთი...

რაც, საბოლოოდ, ნიშნავს სიყვარულს,

ხოლო ის, რაც ნიშნავს სიყვარულს

გარდა იმის, რომ ნიშნავს სიყვარულს,

ნიშნავს ასევე სისხლს და არეულ

სიზმრებს და ლოგინს

ასეთია გაზაფხული,

მე მივიქნევ ჩემს გალეულ ჩრდილს,

როგორც ომებში ნათრევ დროშას,

და ვფიქრობ, რომ დროა შევეშვა,

დროა შევეშვა სუყველაფერს ან სუყველაფერს

არ შევეჭიდო

და დავტოვო ადგილები მარტოყოფნისთვის,

ჩემი თავისთვის, ბოლო-ბოლო, ან იქნებ ჯობდეს,

წამოვიწყო რამე ბიზნესი,

ვთქვათ, სასაფლაო გავაშენო

(ღვთის მადლით, ხალხი კი იხოცება ყოველდღიურად),

ან დავწერო ლექსი გაზაფხულზე _

არასწორი რიტორიკით,

მაგრამ სწორი მგრძნობელობით.

თანაც, არასდროს დამიწერია ლექსი გაზაფხულზე,

და ცხადია, მმართებს დავწერო ლექსი გაზაფხულზე

და აი, მე ვწერ ლექსს გაზაფხულზე…

 

 

Ars Poetica

ჩემო ლექსებო, ჩამოდით მიწაზე,

ისწავლეთ ხეების ენა,

წაქცეულთა და უნებოთა სიბრალული,

გაზულუქებული მღვდლების, მინისტრების,

პოეტების და ძალაუფლების მქონეთა დაცინვა,

ისწავლეთ მიტოვებული სახლების,

ჩემი მეზობლების,

ჩიტების და ბავშვების ენა,

ისწავლეთ კონფლიქტი საკუთარ ცდუნებებთან,

ამბიციებთან და მოუთმენლობასთან,

ისწავლეთ სიძულვილის და სიყვარულის გარჩევა,

და ისიც _ რომ გარკვეულ შემთხვევებში

ეს ერთსა და იმავეს ნიშნავს

ისწავლეთ სიცილი _ ტკივილებთან გასამკლავებლად

და ტირილი _ ტკივილებთან გასამკლავებლად

ისწავლეთ სიტუაციების პოეტიკა,

რაც ნიშნავს შინაგანი კავშირის აღდგენას

გარეგან მოცემულობებთან,

ანუ საგანთა ჩრდილების ჩაქრობას

და მათი ფსკერის გამოკვეთას.

ნაკლები პათოსი, მეტი ლოგოსი...

ისწავლეთ მოწმედ ყოფნა

ისწავლეთ კითხვები

და პასუხებს გამოერიდეთ

(არაფერში გამოგადგებათ)

ისწავლეთ ხალხი, გადით ხალხში,

შეერიეთ, მაგრამ არასდროს დაემსგავსოთ,

იყავით მხოლოდ ჯაშუშები _

ნათან ჰეილები, ჯეიმს ბონდები, მატა ჰარები _

ხალხის ფარული სურვილების

ფრაგმენტები აღმიდგინეთ,

მათი საიდუმლო საუბრები,

მათი სუნთქვის და სიზმრების არქიტექტურა,

დეტალები, დეტალები,

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

და აი, ვიცი ყველაფერი

ყურში ჩამესმის ფარული ხმები _

ექსკლუზიური ღალატი

ინკლუზიური ერთგულება

მამაო ჩვენო

სამყაროს პულსი

ცემს ჩემი ლექსის რიტმის კვალდაკვალ.

და ვწერ ამ ყველაფერზე...

 

თქვენ ბრწყინვალე ჯაშუშები ხართ

ოღონდ ორმაგი ჯაშუშები _

ჩემი ამბებიც გაგაქვთ საქვეყნოდ.

 

 

 

CV

(მეტაკიჩი)

 

„я победил всех врагов

я выебал всех“

ვ. ნუგატოვი

 

მე ძლიერი ვარ და ჩემი ძალა

სულიწმინდასავით განფენილია ყოველ წერტილში

ხალხი მიმღერის და ოდებს მიძღვნის

 

ნაციონალურ კუპიურაზე

დატვიფრულია ჩემი პროფილი

და გოგონების მთელი არმია

მოიწევს ჩემკენ ხელაპყრობილი

 

მე შემიძლია, ვიყო მოწყალე

და ზედმიწევნით ვპასუხობდე მათ წარმოდგენებს გმირის შესახებ,

და ამიტომაც მე მათ ვუყვები

ზღაპრებს ბრუს ლის ან ზევსის შესახებ

 

მე ძლიერი ვარ,

უსათუოა,

დაბერილია ჩემი კუნთები,

და თელავიდან თელავივამდე

ჩასვლას სულ ხუთი წუთი ვუნდები,

 

რადგან მარდი ვარ აქილევსივით.

ირგვლივ ყველას აქვს ჩემი იმედი

ჩემს ნაფეხურზე ჩნდება ქალაქი

და მას საზეიმოდ ხსნის პრეზიდენტი,

 

ჩემზე ლოცულობს მთელი ელიტა,

მიტროპოლიტი, კოსმოპოლიტი,

სანგვინიკი და ალკოჰოლიკი,

 

მე ძლიერი ვარ, ჩემი ძალები

ივსება თავად ღმერთთან დუელში,

მე ჭკვიანი ვარ _ წაკითხული მაქვს

ჩომსკი, დერიდა, ფერლინგეტი და ირვინ უელში

 

და რაც არა მაქვს წაკითხული, მენდეთ, არცა ღირს,

საკმარისია ცოტა ლიტე-ანუ-რატურა,

რა საჭიროა უსარგებლო მაკულატურა?

მაგისტრატურა... ასპირანტურა... დოქტორანტურა...

 

ამის გარეშეც ძლიერი ვარ, ჩემს აგარაკზე

მე მაქვს ნივთები ანტიკვარული,

ამავდროულად, თანამედროვე მოწინავე ხელოვნების

ნამეტანი ვარ მოყვარული

 

ფეხს რომ გავუყრი ფანტოცის შლოპანცს,

მხნედ ვიწმენდ მონა ლიზას დედანზე,

მუნკი კარებზე მიკიდია, ასე განსაჯეთ,

და დიუშანის პისუარში ვფსამ.

 

ეს ყოველივე განამტკიცებს ჩემს ძლიერებას

მე ძლიერი ვარ

მე მედიის ნებიერა ვარ,

ჩემთან არ წყდება ჟურნალისტთა რიგი ჩვეული,

„რუსთავი 2“-ის ანონსებში ხშირად ირწევა

შემაშფოთებლად სიმპათიური ჩემი სხეული

 

მე ლამაზი ვარ, სიყვარულში მიტყდება ყველა,

ვინც კარგად იცის, ახლა რა მინდა.

და შრიალებენ გამხელილი მნიშვნელობები,

როგორც კაბები ჰოლივუდური მელოდრამიდან.

 

ბაბილინას სულის მოსახსენიებელი

 

უფალო, აცხოვნე ბაბილინა,

მან კაცი მოკლა, თავისი საყვარელი,

ჩაქუჩით თავი გაუჭეჭყა,

როგორც ამბობენ, კედლები სულ სისხლით იყო გაგლესილი,

მაგრამ აცხოვნე, უფალო, ბაბილინა,

მართალია, ის შეურაცხადად არ ცნეს

და პოლიციასაც დაკითხვის დროს, ამბობენ,

კარგადაც მიუბეგვავს,

მაგრამ აცხოვნე უფალო, ბაბილინა,

ის ჩაქუჩი იყო ბედისწერის ხელში,

ურო იყო, არბალეტი და მაგნუმი იყო ბედისწერის ხელში

და აცხოვნე აცხოვნე ბაბილინა

მას შეეძლო გამოეწვია საშიში შეგრძნებები

და მონადირეებისთვის გზა-კვალი აებნია

და კლდეში გადაეჩეხა

მაგრამ აცხოვნე უფალო ბაბილინა

ის ცვილი იყო ბედისწერის ხელში _

თვინიერი და უნებო და დრეკადი

ის შიგადაშიგ კვდებოდა კიდეც,

შარშანაც მოკვდა,

და საკმაოდ საფუძვლიანად

და როგორც ჩანს საბოლოოდაც

აცხოვნე უფალო, ბაბილინა.

 

 

ავტორიტეტული სიყვარული

 

რომ არ დავიმოწმოთ, ვთქვათ, სოლომონი

ან ეპიკურე, მაგალითად,

ანდაც სულაც ჟიჟეკი და რუსო და ლოსევი

და სხვა რომ არაფერი, ელიოტის მოხმობა რომ არ მოგვიწიოს

ნისლიანი ალბიონიდან,

რომ არაფერი ვთქვათ, უელბეკზე

ან რომ არ მოვდგეთ პლატონს და მეტაფიზიკური ძილი არ

დავუფრთხოთ

და საერთოდაც, მოკიმარე ბეგბედერი

რომ არ შევაფხიზლოთ

და ბოდრიარი რომ არ დავიხსნათ სიმულაკრის ბორკილებიდან

და ენცესბერგერი რომ არ ავფხიკოთ

კუსტარული ლეთარგიის ფსკერიდან

ან სულაც ფერლინგეტის ან ჩომსკის რომ არ შემოვუაროთ

მარცხნიდან

და კასტანედას ან ოშო რაჯნიშს რომ არ ჩავეყუდოთ

და დიოგენე რომ არ გამოვაგდოთ ფსუტიანი კასრიდან

და ბოლო-ბოლო, გორკის რომ არ ვესესხოთ

პოლიტკორექტურის ჟანგიან ეტლში შებმული

ფრთიანი აზრები

და ალისტერ კროული რომ არ გამოვიხმოთ ჯოჯოხეთიდან

და დანტე ალიგიერი - სამოთხიდან

და ზიდჰარტა გაუტამა - საკუთარი თავიდან

და, ღმერთმა დაგვიფაროს და, ჩარლზ მენსონის ფრაზები

რომ არ დავახვავოთ

და ისედაც ჩვენზე გამწყრალი ღმერთი სულ რომ არ გადავრიოთ

და უკვე გახრწნილი პრიგოვი რომ არ ამოვიღოთ „დონსკი

კლადბიშიდან“

და ბუკოვსკის ჩამოხსნა რო არ მოგვიწიოს რომელიმე ფანის

ძუძუებიდან

და ჭაბუა ამირეჯიბი რომ არ მოვაცდინოთ წერას და

ლოცვით მედიტაციას

და ამირი ბარაკა რომ დავივიწყოთ

და სხვა რომ არაფერი, ბლანშოს და გრამშის სენტენციები

რომ დავივიწყოთ

და ყველა მწერალი, ფილოსოფოსი და მსგავსი ვინმე დავივიწყოთ

და ისე, უბრალოდ, ავტორიტეტების გარეშე რომ ვთქვათ _

„მე შენ მიყვარხარ!“ -

ხომ არაფერი დაშავდება?!

 

მე შენ მიყვარხარ!

 

 

 

პაქტი

 

ჩვენ მოვიპოვეთ უფლება,

ვიყოთ მაღლები,

და საკუთარი ყოველდღიური

გამარჯვებების კენწეროდან

ვუყურებდეთ მავანთა დაცემას.

და დღეიდან ჩვენ გვაქვს უფლება,

შევატოკოთ მძინარე ქალაქი

გამჭოლი კივილით

და წარმოსახვის ურბანული საშო

გავაპოთ ურცხვად, დაუდევრად, დაუნანებლად,

რომ ათასობით კივილი

ათასობით ყურში დარიგდეს

და

სხეულის ყველაზე პროვინციული მიდამოები

აითვისოს ჟრუანტელმა

და ცნობიერების ყველაზე მიუდგომელ ადგილებში შეატანოს

ახალმა ცოდნამ უძველესი სირცხვილის შესახებ

და მდაბალი იყოს ჩვენი აზრები,

რადგან ისედაც მდაბალია ჩვენი აზრები

და რაკი ასე მდაბალია ჩვენი აზრები,

გვქონდეს უფლება,

ვიყოთ მაღლა,

წარმოსახვაზე და სიცილზე მაღლა, და მაღლა

ავწიოთ თავი, როგორც დროშა, როგორც ნადავლი

და გვეფრქვეოდეს

სტრატოსფეროს ბუნდოვანი ანარეკლი.

და ჩვენ მიერ

მიწაში საიმედოდ ჩათესილმა მკვდრებმა

გაიხარონ,

ყლორტები გამოიღონ,

ხელებზე ხილ(ებ)ი გამოებათ და ვიხილოთ ხილი,

და ნაყოფი თანდათანობით დამძიმდეს ფიქრით,

და დაიმტვეროს ჩვენი მოშვებული წარმოსახვით

რომ ისინიც გავიყოლოთ

ყოველდღიური გამარჯვებების კენწეროსკენ

და ასეთ დროსაც

გვქონდეს უფლება,

ვიყოთ შესაძლებელი

და გვიყვარდეს ერთმანეთი,

მაშინაც კი, როცა არ გვიყვარს ერთმანეთი.

 

 

 

გმირი

 

ძალა, რომელიც მკლავებში ცხოვრობს,

დაცალე ქმედებისგან,

ბრაზი გამოკიდე ქარების კუდზე,

იყავი დრეკადი სიზმრის მიმართ,

და მყიფე და უხერხული – სინამდვილის წინაშე,

დათესე გვალვა მწიფე ხახაში,

და მოიმკე წყალი, ღვინო, კოკა-კოლა,

სულერთია. რამე თხევადი.

ამოგზაურე მუხლისთავები

ლოგინიდან ლოგინში,

გააყალბე სიზმარი,

გახდი გმირი!

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული