• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

უფალი, განავალი, კიჩი

×
ავტორის გვერდი მილან კუნდერა 00 , 0000 4750

 

ნაწყვეტი მილან კუნდერას რომანიდან "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"

თარგმანი: პაატა შამუგია

„მხოლოდ 1980 წელს ამოვიკითხე „სანდი ტაიმსში“, როგორ მოკვდა სტალინის შვილი, იაკობი. მეორე მსოფლიო ომის დროს დატყვევებული იაკობი ბანაკში ინგლისელ ოფიცრებთან ერთად მოათავსეს. მათ საერთო ტუალეტი ჰქონდათ. სტალინის შვილი ტუალეტს მოსვრილს ტოვებდა, ინგლისელებს კი არ სიამოვნებდათ განავლით მოსვრილი ტუალეტი, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანის შვილის განავალი იყო. შენიშვნა მისცეს კიდეც იაკობს, რაზეც ის გაბრაზდა. საყვედურები არ შეუწყვეტიათ და ტუალეტის გაწმენდას აიძულებდნენ. იაკობი გაბრაზდა, ეჩხუბა. ბოლოს ტყვეთა ბანაკის უფროსთან შეხვედრა მოითხოვა. უნდოდა, მას გამოეტანა სამართალი. მაგრამ პატივმოყვარე გერმანელმა ოფიცერმა განავალზე ლაპარაკი არ ინდომა. სტალინის შვილმა დამცირება ვერ აიტანა, რუსულად შეიგინა, ბანაკს შემოვლებული დენის მავთულებისაკენ გაიქცა და ზედ მიეკრა. მისი სხეული, რომელიც ვეღარასოდეს დაუსვრიდა ინგლისელებს ტუალეტს, მავთულებზე მიკრული დარჩა.“

„სტალინის შვილი განავლის გამო მოკვდა. მაგრამ განავლისთვის სიკვდილი აზრს სულაც არაა მოკლებული. გერმანელები, რომლებიც იმისთვის კვდებოდნენ, რომ თავიანთი იმპერიის საზღვრები აღმოსავლეთისკენ კიდევ უფრო გაეფართოებინათ და რუსები, რომლებიც იმისთვის იხოცებოდნენ, რომ მათი სამშობლოს ძლიერება დასავლეთით გავრცელებულიყო, – დიახ, ესენი მართლაც სისულელისთვის კვდებოდნენ, მათი სიკვდილი მნიშვნელობასა და ზოგად კანონზომიერებას მოკლებული იყო. და პირიქით – სტალინის შვილის სიკვდილი მთელ ამ ომის უაზრობაში ერთადერთი მეტაფიზიკური სიკვდილი იყო.“

„პატარაობაში გუსტავ დორეს გრავიურებიან, ბავშვებისათვის გამოცემულ ძველ აღთქმას ვათვალიერებდი. ვხედავდი  ღრუბელზე მდგარი მამაღმერთს – მოხუც კაცს, თვალებით, ცხვირით, გრძელი წვერით და ჩემთვის ვამბობდი,  თუ პირი აქვს, მაშინ უნდა ჭამდეს კიდეც, თუ ჭამს, მაშინ ნაწლავებიც ექნება–მეთქი. მაგრამ ეს აზრი მაშინებდა. მიუხედავად იმისა, რომ ურწმუნო ოჯახიდან ვიყავი, ღმერთის ნაწლავების წარმოდგენა მკრეხელობად მიმაჩნდა.

ყოველგვარი თეოლოგიური მომზადების გარეშე, უკვე ბავშვი, ვაცნობიერებდი ღმერთისა და განავლის შეუთავსებლობას და შესაბამისად, მაეჭვებდა ქრისტიანული ანთროპოლოგიის საბაზისო თეზისი იმის შესახებ, რომ ადამიანი „ხატად და მსგავსად ღვთისა“ არის შექმნილი. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე: ან ადამიანი ღმერთს ჰგავს და მაშინ მას ნაწლავები აქვს, ან ღმერთს ნაწლავები არ აქვს და ადამიანი მას არ ჰგავს.

ძველი გნოსტიკოსები ამას ისევე კარგად გრძნობდნენ, როგორც მე – ხუთი წლისა. უკვე მეორე საუკუნეში ბრწყინვალე გნოსტიკოსი ვალენტინი, ამ წყეული საკითხის განხილვისას, ამტკიცებდა, „იესო ჭამდა, მაგრამ არ გამოყოფდა“-ო.

განავალი უფრო რთული თეოლოგიური პრობლემაა, ვიდრე ბოროტება. ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა და ჩვენ შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს დავუშვათ, რომ ადამიანის ბოროტმოქმედებაზე პასუხისმგებელი არ არის. თუმცა კი, განავალზე პასუხი მთლიანად მან უნდა აგოს, ვინც ადამიანი შექმნა.“

„წმინდა იერონიმე მეოთხე საუკუნეში უარყოფდა, რომ ადამი და ევა სამოთხეში წყვილდებოდნენ. ამის საპირისპიროდ, იოანე სკოტუს ერიუგენა, მეცხრე საუკუნის დიდი თეოლოგი, ასეთ აზრს უშვებდა. ოღონდ ამატებდა, რომ ადამს სასქესო ორგანოს „მოძრაობაში მოყვანა“ ისევე შეეძლო, როგორც ხელის ან ფეხის, ერთი სიტყვით: როცა და როგორც უნდოდა. ამ სპეციფიკურ წარმოდგენაში ნუ დავუწყებთ ძებნას იმპოტენციით დაშინებული კაცის აკვიატებულ წარმოსახვებს. სკოტუს ერიუგენას ეს მოსაზრება სულ სხვა შინაარსითაა გავსებული. თუ ფალოსის  ამოძრავება ტვინის უბრალო ბრძანებით შეიძლება, გამოდის, რომ აღგზნება სრულიად უსარგებლო რამე ყოფილა. ფალოსი იმიტომ კი არ ერეგირდება, რომ ჩვენ აღგზნებულები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მას ვუბრძანეთ. დიდი თეოლოგისათვის სამოთხესთან შეუთავსებელი არაა არც სექსუალური ურთიერთობა იყო და არც მასთან დაკავშირებული ტკბობა. სამოთხესთან შეუთავსებელი იყო აღგზნება. გვახსოვდეს: სამოთხეში არსებობდა ტკბობა, მაგრამ არა აღგზნება.

სკოტუს ერიუგენას მსჯელობაში შეგვიძლია ვიპოვოთ განავლის ერთგვარი თეოლოგიური გამართლების გასაღები (იგივე: თეოდიცეა[1]). სანამ ადამიანს სამოთხეში ყოფნის უფლება ჰქონდა, ან განავლის გამოყოფა არ სჭირდებოდა (ქრისტესავით, როგორც ვალენტინი ამტკიცებს), ან (რაც უფრო სარწმუნო ჩანს) განავლის გამოყოფა არ აღიქმებოდა ზიზღის გამომწვევად. როდესაც ღმერთმა ადამიანი სამოთხიდან გააძევა, მას ზიზღის უნარი უბოძა. ადამიანმა დაიწყო იმის დაფარვა, რაც ერცხვინებოდა, მაგრამ გახდისთანავე დიადმა ნათელმა თვალი მოსჭრა. მაშასადამე, ზიზღის შეცნობისთანავე ადამიანმა აღგზნებაც შეიცნო. განავლის გარეშე (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) არ იარსებებდა სექსუალური სიყვარული ისე, როგორც ვიცით: გულის ცემისა და ტვინის გათიშვის თანხლებით...“

ყველა ევროპული სარწმუნოება, რელიგიურიც და პოლიტიკურიც, „შესაქმის“ პირველ თავს ემყარება, საიდანაც ვიგებთ, რომ სამყარო სამართლიანად შეიქმნა, რომ ცხოვრება კარგია და ამიტომაც ვალდებულები ვართ, გავმრავლდეთ. ამას არსებობის აპრიორული მიღება ვუწოდოთ.

არც ისე დიდი ხნის წინ წიგნებში სიტყვა „განავალი“ მრავალწერტილით აღინიშნებოდა და ეს მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ მომხდარა. იმის მტკიცებას ხომ არ მოვყვებით, რომ განავალი ამორალურია. განავლის აუტანლობა წმინდად მეტაფიზიკური საკითხია. ფეკალიების გამოყოფის წუთები ქმნადობის (შესაქმის? მთარგმნელი) მიუღებლობის ყოველდღიური მტკიცებაა. ორიდან ერთია: ან განავალი მისაღებია (და მაშინ ტუალეტში ნუ ვიკეტებით!), ან ჩვენ მიუღებელი გზით ვართ შექმნილნი.

აქედან გამომდინარეობს ის, რომ ყოფის აპრიორი მიღების ესთეტიკური იდეალი არის სამყარო, რომელშიც განავალი მიჩქმალულია და ყველა ისე იქცევა, ვითომც ის არც არსებულა.

ამ ესთეტიკურ იდეალს  ეწოდება კიჩი.



[1] თეოდიცეა – რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ცდილობს შეათავსოს ქვეყნად ბოროტებისა და უსამართლობის არსებობა და ამავე დროს, ღვთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის იდეა (მთარგმნელი) 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული