ჩაი ორი კოვზი ხელოვნებით და ჭიანჭველის არომატით





პოეზია

ჩაი ორი კოვზი ხელოვნებით და ჭიანჭველის არომატით




 

რთულია, 
გემრიელად მიირთვა ჩაი, 
როცა ერთ-ერთი რიგითი ჭიანჭველათაგანი 
სრულიად უსირცხვილოდ ლაშქრავს შენს სხეულს 
და მისი მოძრაობა ხდება იმდენად გულუბრყვილო და ფაქიზი 
ძნელია, შენივე თითებით თამამად მიაჭყლიტო, 
როგორც რიგითი ნაძირალა. 
 
მე ვფიქრობ, 
რომ ჩაი საოცრად ჰგავს პოეზიას
მაგრამ არ ვფიქრობ, როგორ აგიხსნათ მათი მსგავსებები 
და ვეწაფები ჩემს ფინჯანში შეუმჩნევლად ბობოქარ ჩაის, 
რომელსაც ბოლოს ოდნავ მწარე გემო დაყვება 
და ზომიერად რაფინირებულიც. 
 
რიგითი ჭიანჭველა კვლავ მოძრაობს ჩემი სხეულის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
მას აქვს უფლება ჰქონდეს უფლებები 
მას აქვს უფლება მოიპოვოს პური მისი არსობისა 
მას აქვს უფლება იბრძოლოს გადარჩენისათვის. 
მისი ვიზა მისი სურვილია 
ჩემი მკერდი _ მარტივი გეომეტრიული მონახაზი, 
რომელიც სადღაც C წერტილში უთანაბრდება კავკასიონის უმაღლეს მწვერვალს 
და ალპური ზონის მიღმა დათოვლილი კექსის ნამცეცებით 
ფარავს უცნობ საბადოებს. 
 
მე მიყვარს ჩაი ინგლისური დასახელებით HYLEYS.
ჩაი არისტოკრატებისათვის, აწერია შეფუთვას
_ შავი ბაიხის, 
ბერგამოტის არომატით.
ეს უკანასკნელი ნამდვილი პოსტმოდერნია, 
სულ რაღაც ლარი და ოთხმოცი თეთრი ღირს 
და მარტივად ერწყმის სტიქიას, 
რომელიც დუღდება, ორთქლს უშვებს, გადმოდის, 
ფინჯანში თავსდება და მშვიდდება, 
ფსიქო-სომატური თანამიმდევრობით. 
 
რიგითი ჭიანჭველა კვლავ ლაშქრავს ჩემი სხეულის უზადო მწვერვალებს,
ასომთავრული ტრაექტორიით ეშვება დაბლობზე 
და ოსტატურად მიმასაჟებს მსოფლმხედველობის ყველა ასპექტს. 
მას აქვს უნარი გამგზავნოს მეორე განზომილებაში 
სადაც მარტივია მიირთვა ჩაი:
რათა შეიგრძნო უკვდავება, 
რათა გაუტოლდე ღმერთებს, 
ხოლო რეალობაში ექსტრადირებულმა, 
თითის მარტივი მოძრაობით გაჭყლიტო ჭიანჭველა 
_ შენივე სხეულის ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.