ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია

რადიაციული სამება

პაატა შამუგია
20.01.2013

   


ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ ტექსტებს – გაჩეჩილები, უწესრიგოები, გამომწვევები. ასეთია „რადიაციული კლუბი“, რადიაციული სამება: გეგა აბულაძე (მღვდელი), მარი აპათია (მონაზონი), ირაკლი კირკიტაძე (დიაკვანი). მეტსახელებიც თითქოს რაღაც დე(კონ)სტრუქციის მიზნით შეურჩევიათ – ეს სასულიერო იერარქიები ხომ თანამედროვე ურწმუნო საზოგადოების მთავარი ფეტიშია. პოეზია კი (მით უმეტეს, სოციალური პოეზია) სწორედ ამ მთავარ ფეტიშებზე, „გენერალურ სურვილებზე“ დაგეშილი სეტერია. 


მართალია, ეს ტექსტები დაწმენდილი არაა, პლეონაზმებისგანაც გამოსათავისუფლებელია და პოეტიკის ზოგი სხვა ნიუანსიც თითქოს გვერდზე რჩება, მაგრამ ეს, ამავე დროს, მისი დადებითი მხარეა. აქ აკადემიური არგუმენტები არ გამოგვადგება – უნდა შევთანხმდეთ, რომ პანკ–მუსიკას კლასიკური ოპერის სტანდარტებით არ განვიხილავთ, ხოლო ბიბლიას – რეცეპტების წიგნის მიხედვით. ეს პროტესტის ენაა, სოციალური პოეზია, რომელსაც დაწმენდილ–ქოჩორგადაწკეპილი პოეტები კი არა, განაწყენებული, გაბრაზებული პოეტები ქმნიან, ისინი „სწორად“ არ წერენ, ისინი პრიციპულად „არასწორად“ წერენ. 


ერვინ პანოვსკი წერს: „კლასიკური გემოვნება მოითხოვდა, რომ მხატვრული ყოფილიყო როგორც პირადი წერილები და ოფიციალური დისკურსები, ისე გმირთა ფარები, მაშინ, როცა თანამედროვე გემოვნება მოითხოვს, რომ როგორც არქიტექტურა, ისე საფერფლე, იყოს ფუნქციური.“ სწორედ ამას ვგულისხმობდი „დადებით მხარეში“ – რადიაციულ პოეზიას აქვს „ფუნქცია“, ყოველ შემთხვევაში, გამოკვეთილი სურვილი, გაწერილ–გაანგარიშებულ რუტინაში ბზარი შეიტანოს.


და მე ვისურვებ, ეს ბზარი რაც შეიძლება დიდი იყოს.