გამჭირვალე ქაოსი





პოეზია

გამჭირვალე ქაოსი




 

ყვითელი. #6.
 
შენ ყოველ დილით მგზავრობ ყვითელი ავტობუსით, 
პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.
და რატომღაც პირში ყოველთვის ლიმონის გემოს გრძნობ,
როცა უყურებ ნაბახუსევ მძღოლს 
მელოტ თავზე როგორ ეზრდება ციური რკალი,
სარკესთან სადაც მიკრულია იესოს ხატი,
ცალი თვალი რომ აქვს წითელი, ანთების გამო.
და როგორც ვეშაპის მუცელში იონა, ელოდები,
როდის გადმოგანთხევს რკინის ურჩხული ოფისთან, 
სამსახურში, სადაც მოგბეზრდა ყოფითი ყოფა.
მანამდე კი 
უნდა ისუნთქო ოფლი სტუდენტი გოგოსი,
რომელსაც არ აქვს აბაზანა ნაქირავებ ბინაში.
და როგორც აფიშა გაცრეცილი კარზე აკრული, 
შენ ლიმონივით იწურები “გაჩერებებზე”
ხალხი ამოდის, 
ხალხი ჩადის, 
ხალხი ვიშვიშებს.
ხედავ ფეხზე მდგარი ყმაწვილის თვალებში
მოჩუხჩუხე წყაროები როგორ ეძებენ გზას
ქალის ძუძუს ღარში რომელიც სკამზე ზის
და დარდობს წლების მატებას, ანდაც
ფასდაკლებაზე ვერშეძენილ პლედს და ბიუზჰალტერს.
ხედავ და თავს ხრი, არ გსურს დაინახო
პენსიონერის ჭუჭყიანი პარკინსონიანი თითები
როგორ იღებენ ბილეთს, რადგან ხშირად
ნახულობ სიზმარში ხელებს, რომლებიც გთხოვენ
პურს და საძილე აბებს. ხედავ და თავს ხრი,
ხუჭავ თვალებს და გსურს, ერთხელ მაინც
გადაუხვიოს ავტობუსმა სხვაგან, ქალაქგარეთ,
დაარღვიოს განრიგი, და უფრო მეტი
გამოისხას ფრთები და გაფრინდეს ცისკენ
გადაუქროლოს მწვანე ტყეებს, მთებს, ხევებს, მინდვრებს,
თუნდაც მდინარეს გაყვეს, როგორც პატარა ნავი
და თეთრი აფრით გადაცუროს ზღვები, ნისლები.
მაგრამ იცი, რომ ეს ავტობუსს არ შეუძლია
მას ევალება ა, წერტილიდან მისვლა ბ, პუნქტამდე,
როგორც შენ სახლიდან სამსახურიში და სამსახურიდან სახლში.
ის სვამს სალიარს, როგორც შენ ლუდს და
გარკვეული დროის შემდეგ ორივეს ჩამოგწერენ.
მას სახელმწიფო, შენ კი ცხოვრება, რადგან
დროს არ უყვარს რაც ძველდება, რაც ლპება.
და შენ ყველა მგზავრის წუთობრივი მწუხარებითა და
წამებრივი სიხარულით იბერები, როგორც ყვითელი ბუშტი
იბერები და იმხელა ხდები, რომ ქალაქს იტევ
და გინდა აფრინდე მაღლა ღრუბლების იქით,
სადაც თვითმფრინავები და ანგელოზები დაფრინავენ.
აფრინდე და უეცრად გასკდე, რომ ერთი წამით,
სულ ერთი წამით შეახსენო თავი ვიღაც უხილავს,
რადგან მგზავრების ფიქრებმა იმის თვალებში დაკარგეს ფერი
და გინდა უთხრა, რომ ყოველ დილით პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან
თავისუფლების მოედნამდე შენ ფიქრობ ანაზე,
რომელმაც სიმართლისთვის ზედმეტად ძვირი გადაიხადა.
ის კი იცინის, როგორც ახლა კონდუქტორი რომელიც
ბოტკინიანი თვალებით განიშნებს _ თქვენ გაქვთ ბილეთი?
დიახ პასუხობ _ აი, დაღი #6.
 
 
 
 
 
 
 
გამჭვირვალე ქაოსი
 
 
თქვენ მეკითხებით, როგორ ვწერ ლექსებს,
ისე, უბრალოდ, თვალებში შემოდიან
საგნების ხატებები და გულის დარბაზების გავლით
თითების მტევნებიდან იწურებიან ბგერებად,
სიტყვებად, ცრემლებად, 
ფიქრებად, კივილად,
ტკივილად შემოდიან ჩემში
მკვდრები, ცოცხლები, კუბოებითა და აკვნებით,
სახლებით, ქოხებით, 
ხანჯლებით, თოფებით,
ხანძრებით, ტაძრებით, 
ნაძვებით და წვება სიჩუმე ბავშვივით მშვიდად
ფერადი სიზმრების მომლოდინე,
ჭუჭყიან ხელებში შერჩენილი პურის ნატეხით
ვანდება ღამე 
და ღვიძლში მთვარე იწყებს წყევლას, ვარსკვლავთა ცვენას.
ვენების მაგისტრალებზე ინსულინის ბაიკერები 
ტოვებენ ლურჯ კვამლს. გვამს
გვემულ იუდას შეავედრებს დემონი ზენარს
და ყველა სცენას დაუთმობენ იესოს სოლოს,
ნიღბების იქით დააკვდება სალოსი ტუჩებს,
იმ ქალის ტუჩებს, ვინც ტკივილით იყვირებს – “yes”,
ისე, რომ ჩემში შემოუშვას ადამის მოდგმა.
არა თუ დოგმა, მისხალიც კი არამაქვს რწმენის,
ვიხდი სამოსელს, ვაცმევ კაენს შიშველ ნეკნებზე,
რომ მოხუც ევას გავუმზადო საწოლი სელის.
შემოდის ჩემში არწივის ფრთით ბებერი ლომი
და მისვამს ნექტარს ჯირკვლებისას წებოვან ენით,
თან გადაღლილი აქლემივით აფურთხებს კოცონს,
რომ ყველა კოცნა, ატეხილა რისთვისაც ომი,
აღმართოს სულში ტროად, თებედ, გომორად, კანად.
და ჩემში მოდის განგი, როგორც ღმერთების ცრემლი,
მომდის რაინიც შუბლზე მდორედ ევროპის ოფლი.
ყველა ქალწულის სისხლი ძარღვში ტბად ჩამეღვარა,
როგორც კანადის ბარძაყებში წვეთავს ჰურონი.
გადმოსხმულია ჩემში თესლი მხცოვან აბრაამის
და იორდანედ საფეთქლებში მიედინება.
ფეხის ტერფიდან კეფამდე მაქვს გადაჭიმული
კანი პოლუსის და ფორების მერიდიანი.
როგორც მორფინის ჭიანჭველა ფეხისგულებში,
ისე დაცოცავს ჩემში ახლა ყველა ქალაქი,
სადაც დალაქი სამართებელს ლესავს მზის გულზე
იქ კატმანდუში ახსნილია თეთრი ქარაგმა,
რომ ჩემ მაზერებს დაცლილი აქვთ ხსოვნის ემბაზი.
ტენზინ გიაცო, უკეთ რომ ვთქვათ - დალაი ლამა
ეჭვიან თვალებს გააყოლებს იმ შავ სველ ნაბადს,
მე რომ ახლა მასხია მხრებზე 
და რომ გავყვირი: დალა, დალა, 
დალა, დალა, დალა, დალაი,
შემოდის ჩემში რვა ურჩხული თორმეტი რწყილით
და ვყვირი, 
ვყვირი იოგების დაწყვეტამდე, დალა, დალაი. 
ძნელია ცოდნა, როცა მკვდრები გლოვობენ ცოცხლებს,
ძნელია დალა, ვინ გაიგნებს ბნელ ტყეში ბილიკს.
შემოდით ჩემში, როგორც ზღვაში
მდინარიდან თევზების გუნდი.
მე ვიღებ ნებით ამ გოლგოთას, რადგან პოეტი
დასაბამიდან არრა იყო, თუ არა ღმერთი.
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.