ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა

კერამიკა

ივა ფეზუაშვილი
02.03.2013

   


 

კერამიკა - უბალოდ ლამაზი სიტყვა.
იმ ადამიანს ეძღვნება...
 
სამსახურიდან წამოვედი! 
მუშაობას რომ ვიწყებდი ვფიქრობდი  - ჩემი უფროსის ცუდ ხუმრობებზე არ გავიცინებ-მეთქი.
სამი თვის მერე ვფიქრობდი - არა, ამ სისულელეზე რა გამაცინებს-მეთქი.
ოთხი თვის მერე ყალბად, მაგრამ მაინც გავიცინე.
წინა კვირას კი გულიანად  ვიხარხარე. მივხვდი, რომ რაღაც არასწორად იყო.
  
ორშაბათს მესიჯი მომივიდა. სამშაბათობითაც მომდის მესიჯები, მესიჯები ხშირად მომდის და იშვიათად ვპასუხობ, ალბათ იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მობილურ ოპერატორებს უფრო ხშირად ვახსენდები ვიდრე მეგობრებს. ამ ბოლო დროს მობილური ოპერატორები ნულ თეთრიან ტარიფს მთავაზობენ, ალბათ იციან რომ უმუშევარი ვარ. მოკლედ, ამ ყველაფერს რა მნიშვნელობა აქვს, ორშაბათს მესიჯი მომივიდა, ხელში ფანქარი მეჭირა და ბლოკნოტში რაღაცას ვხატავდი, საბოლოოდ ის რაღაცა ძალიან მოწყენილი კაცუნა გამოვიდა. არასდროს დამიხატავს ძალიან მოწყენილი კაცუნა, ლოგიკურია რომ არასდროს ჩამიხედავს ჩემი დახატული მოწყენილი კაცუნისთვის თვალებში და უფრო ლოგიკურია რომ არასდროს ვყოფილვარ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში, როგორც იმ წამს და იმ წამს მერე აგერ უკვე ერთი კვირაა. 
 
 
კერამიკაა ლამაზი სიტყვა!
იმას ეძღვნება ვინც მოწყენილ კაცუნებს ხატავს.
 
ორშაბათს მესიჯი მომივიდა. როგორ ხარ? მომენატრეო მწერდა. მოდი-მეთქი მივწერე. მოვიდა. 
 
ხდება ხოლმე ეგეთი უცნაურობებიც, რომ მოდიან და ისეთები მოდიან რომლებიც წესით არ უნდა მოდიოდნენ, მაგრამ რაღაც შიგნით ეუბნებათ - მიდი, მიდი. მოდიან, შეიძლება რაიმე ახალი უნდათ ან შეიძლება ძველი მობეზრდათ. რაიმე ახლის ნდომა და ძველის მობეზრება ერთი და იგივე არ არის. შეიძლება ძველი არ მოგბეზრდეს,  მაგრამ ახალი მაინც გინდოდეს ან შეიძლება ძველი მოგბეზრდეს და ახალი მაინც არ გინდოდეს ან შეიძლება ძველიც მოგბეზრდეს და  ახლის ნდომაც მოგბეზრდეს.  რადგან მე მომწერა და რადგან ჩემთან მოვიდა ესე იგი ბოლო კატეგორიას უფრო მიეკუთვნება. 
 
მოვიდა და ორი დღე მიყურებდა, ტელევიზორის წინ საათობით როგორ ვიწექი და სამეცნიარო შემეცნებით გადაცემებს ვუყურებდი ან კომპიუტერის წინ მჯდომს როგორ მისრუტავდა სოციალური ქსელი. დაასკვნა - დეპრესია გაქვსო.
 
მომწონს სიტყვა კერამიკა.
 
პირველი თავი
 
დეპრესია - სრული სისულელე! საიდან მოიტანა რომ დეპრესია მაქვს? არ ვიცი. საერთოდ დეპრესია კი არ აქვთ, ჭირთ ხოლმე. თუ აქვთ? დეპრესია მჭირს თუ დეპრესია მაქვს? სასაცილოა დეპრესიის ქონა, რატომ უნდა გქონდეს ისეთი რამე, რაც ხელს გიშლის?
 
ავუხსენი რომ დეპრესიის ქონა სრული სისულელა, მან კიდე რაღაც მეცნიერული ახსნა განმარტებები მოიშველია დეპრსესიას სისხლში კორტიზოლის რაოდენობის ზრდა იწვევსო. აბა მე რა ვიცი კორტიზოლი რა არის? დავგუგლე. ვიკიპედიიდან ვერაფერი სასარგებლო ვერ გავიგე, ჰორმონებზე იყო სტატია, კორტიზოლი მხოლოდ ერთხელ იყო ნახსენები, გავაგრძელე ძებნა და საკმაოდ კარგ ახსნას წავაწყდი -  კორტიზოლი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვალი. მისი მომატება იწვევს მძიმე დაავადებას.  დეპრესია მძიმე დაავადებაა?  მპასუხობს, რომ ზოგიერთს დეპრესია თვითმკვლელობით დაუმთავრებია. კიდევ ერთი სისულელე, ვერასდროს ვერ მოვიკლავ თავს, ვერ კი არა არ. რატომ უნდა მოვიკლა თავი?  ეს კიდევ მებურტყუნება რაღაცეებს დეპრესიაზე, მე ისევ კორტიზოლზე ვკითხულობ სტატიას, მოკლედ ეს კორტიზოლი რამდენად კავშირშია დეპრესიასთან არ ვიცი, მაგრამ ვისაც ჭარბად აქვს სისხლში იმან თუ დროზე არ უმკურნალა და ენდოკრინოლოგთან არ მივიდა შეიძლება თირკმელზედა ჯირკვალი გაუფუჭდეს. სად თირკმელზედა ჯირკვალი სად დეპრესია?  ყავა მაგიდაზე დადო -  დეპრესია თუ არ გჭირს ჩაიცვი გარეთ გავიდეთო, რა მინდა გარეთ? ტყუილად რატომ გავიდე? სამი კვირაა მკაცრად შემოსაზღვრულ არეალში ვმოძრაობ. ტელევიზორიდან კომპიუტერამდე და კომპიუტერიდან მაღაზიამდე. მაღაზიაშიც ერთხელ ვიყავი სულ გასული, სიგარეტი გამითავდა და იმდენი მოვიმარაგე, რომ დიდი ხანი აღარ მომიწევს გარეთ გასვლა.  ფოტოები  გადავიღოთო, ამ ქალაქში არაფრისთვის არ ღირს ფოტოს გადაღებათქო ვპასუხობ, იდიოტი ხარ და მეტი არაფერიო მეუბნება, იდიოტი ვარ და მეტი არაფერი, დეპრესიულობას ისევ იდიოტობა სჯობს, ყველაზე კარგი ის იქნებოდა, რომ შემეძლოს ავუხსნა, რომ ესეთ მდგომარეობაში იმ მოწყენილი კაცუნის თვალების გამო ვარ, მე რომ დავხატე, მაგრამ იმას ვერ ვუხსნი დეპრესია რომ არ ამქვს და ეს რომ ვუთხრა შეიძლება მაშინვე სასწრაფოში დარეკოს და სახანძროც კი გამოიაძახოს.
 
ოთახში დადის, კედლებს ათვალიერებს, კედლებზე თაბახის ფურცლებია გაკრული და რამდენიმე მონახაზია ჩემი შემდეგი მოთხრობისთვის, ერთ ერთს კითხულობს "ნებისმიერი საგანი, რომელსაც ჩვენ არ ვუყურებთ თავის მხრივ შიზოფრენიკია." მეკითხება - რას ნიშნავს?  ზუსტად რას ნიშნავს არ ვიცი, რომელიღაც სატელევიზიო გადაცემაში მოვისმინე და ჩავნიშნე. მერე ჩემებური ინტერპრეტაცია მივეცი მაგ ყველაფერს. ვუხსნი - შენს უკან საათი კიდია, შენ იცი რომ შენს უკან საათია, მაგრამ ვერ ხედავ, ასე რომ იქ შეიძლება საათიც ეკიდოს და ქვაბიც. მპასუხობს, რომ სისულელეა, შეიძლება სისულელეა, მაგრამ მაშინ ისიც სისულელე გამოდის როდესაც ბავშობაში დაფისკენ სახით შეტრიალებულ მასწავლებელს ვეჭყანებოდით ხოლმე, მასწავლებელი ამას ყველაფერს მაინც ვერ ხედავდა და რა აზრი ჰქონდა? შეიძლება მაგაში ის აზრი იდო, რომ კლასელებს ვუჩვენებდით რა მაგარები ვართ, მაგრამ ეგეც სისულელეა, ჯობდა კლასელებისთვის ჩვენი სიმაგრე, სახით ჩვენსკენ შემოტრიალებულ მასწავლებელთან დაჭყანვით დაგვემტკიცებინა, პრინციპში ეგეც სისულელეა, პრინციპში ყველაფერი სისულელეა, აი ამას რომ კვანტური მექანიკის შესახებ ველაპარაკები, რომელიც მე თვითონ არ ვიცი ეგ ყველაზე დიდი სისულელეა.
 
უკვე ვეჭვობ ცუდი იდეა იყო მისი აქ მოსვლა თუ გადმოსვლა, ხმამაღლა ვერ ვეუბნები.  კომპიუტერთან ვჯდები და სოციალურ ქსელში შევდივარ. ჩამოვყევი სიახლეებს და  უცნაურ რაღაცას წავაწყდი, ჩემი მეგობრის ყოფილმა ცოლმა, თავისი ეროტიკული ფოტოები დადო. ცუდად მომხვდა თვალში, მექანიკურად მაუსს კინაღამ დავაჭირე, აზრზე მოვედი და ამ ფოტოების დაბლოკვა გადავწყვიტე, როდესაც ჩემი და ჩემი მეგობრის (რომლის ყოფილმა ცოლმაც დადო ეს ფოტოები) საერთო მეგობარმა, ვგულისხმობ რეალურ და არა ინტერნეტ მეგობარს ეს ფოტოები მოიწონა... რაო რას ამბობდა შექსპირი მეგობრებზე? ესეთ მეგობრებს ისევ მობილური ოპერატორები ჯობს.  უცნაურია? შეიძლება არცაა უცნაური. მე მეუცნაურება, ვერაფრით ავეწყვე ამ ახალ კომპლექსებისგან თავისუფალ ცხოვრებას, ისევ ისე მაღიზიანებს ტელევიზიით სექსზე რომ ლაპარაკობენ და ისევ ისე მაღიზიანებს სექსზე ხმამაღლა საუბარი რომ უკომპლექსობად ითვლება. აი, ეგეთი ძველმოდური და ჩამორჩენილი ვარ, ძელმოდური ჩამორჩენილი და უმუშევარი, უკვე ვნანობ რომ ჩემი უფროსის ხუმრობებზე თავიდანვე არ ვიცინოდი, არადა მთელი გულით, მელოტი თავით და ოცდათორმეტივე თეთრი კბილით ცდილობდა კარგად ეხუმრა...  სისულელებს მივედ-მოვედები უკვე, ჯერ ჯერობით ცოტა ფული მაქვს და სამსახურის დაკარგვაზე ფიქრი არ ღირს, თან მითუმეტეს ესეთი უცნაური და დამაფიქრებელი ამბები ხდება სოციალურ ქსელში... ხო, ძველმოდური და ჩამორჩენილი ვარ  და სიმართლე რომ ითქვას საერთოდ არ მიყვარს სექსზე საუბარი, არც სექსი არ მიყვარს დიდად ამასწინათ რომელიღაც საიტზე წავაწყდი ინფორმაციას რომ, თურმე მხოლოდ დელფინებსა და ადამიანებს სიამოვნებთ სექსი, დანარჩენი არსებები მხოლოდ გამრავლების მიზნით ჟიმაობენ. მე სექსით სიამოვნებას ვერ ვიღებ, არც გამრავლებაზე ვზრუნავ. სიმართლე რომ ითქვას, არც ადამიანი გამოვდივარ და არც დელფინი, საწყენია დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი დელფინი.   
 
 დელფინიც ლამაზი სიტყვაა, მაგრამ ყველაზე ლამაზი სიტყვა მაინც კერამიკაა.
 
-  "რატომ ხდება ის რაც უკვე მოხდა და რატომ არასდროს არ ხდება ის რაც არ მომხდარა?" - ძვლივს ვიპოვნე რამოდენიმე წამიანი მომენტი, როდესაც საერთოდ არაფერზე არ ვფიქრობდი და უცებ ძალიან დიდ რამეზე ჩამაფიქრა, თან დაამატა - აქ შეცდომაა, სტივ ჯობსი ხომ მოკვდა, აქამდე ხომ არ მომკვდარა, ესე იგი მოხდა, რაც არ მომხდარა" - სტივ ჯობსი მართლა მოკვდა, მაგრამ ესეთი გლობალური პრობლემის ასე ვიწრო ასპექტში დანახვა ძალიან დიდი თავხედობაა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ მისი  (გად)მოსვლა შეცდომა იყო. არ ვიცი რა ეპითეტით შევამკო და ვეუბნები - გომბიო ხარ! - გომბიოა! არ ვიცი რას ნიშნავს სიტყვა გომბიო, დავგუგლე - გომბიო (Bombina)  უკუდო ამფიბიების გვარი მრგვალენიანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი.  გომბიო - ბაყაყი. მიპასუხა - გომბიო შენ ხარ! ვკითხე -  იცი მაინც რას ნიშნავს გომბიო?   ბაყაყიაო.  მე გამოვდექი გომბიო. არადა დელფინობა მინდოდა, გომბიოს თუ ეპითეტად ვიხმარ, გომბიო დელფინი გამოვდივარ, ჩემი მეგობრის ყოფილი ცოლი კი გომბიო ნაშაა, ჩემი მეგობარი კი რომელმაც მისი ფოტოები მოიწონა გომბიო მეგობარი გამოდის, ყველანი გომბიოები ვართ. მოსემ რომ ბაყაყების წვიმა მოიყვანა ნეტა გომბიო ბაყაყები ცვიოდა ეგვიპტის ციდან?  გავხალისდი ამ სიტყვით... 
სიუჟეტი -  დაწყებითების კლასში შედის, ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს სიტყვა გომბიო უნდა აუხსნას - აბა ბავშვებო, დღეს შევისწავლით ახალი სიტყვას - გომბიო, გომბიო ორმარცვლიანი სიტყვაა და ჩვენი სკოლის დირექტორს ნიშნავს - კლასი დადუმებული უსმენს, მასწავლებელი კი აგრძელებს - დიახ, დიახ ჩვენი სკოლის დირექტორი გომბიოა!!! ასევე გომბიოა შიუკაშვილის მამა, რომელმაც ჩემი დაბადების დღის საჩუქარზე ორმოცდაათი ლარის ნაცვლად ოცდაათი დადო. ასევე გომბიოა შიუკაშვილიც, იმიტომ რომ მამამისის შვილია და როგორც მოგეხსენებათ გომბიობა შვიდი თაობა გრძელდება ანუ შიუკაშვილის შვილი, შვილიშვილი, შვილთა შვილი და კიდე სამი თაობა გომბიოები იქნებიან...  - მასწავლებელი კიდევ  ჩამოყვება ყველაფერს, რასაც გომბიო ნიშნავს, გომბიო კი ბევრ რამეს ნიშნავს, მაგალითად -  მაგარი გომბიობაა ტელევიზიით სექსზე საუბარი, მაგარი გომბიობაა სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოების დადება და თბილისში თოვლი, ისევ ბაყაყების წვიმა ჯობს, თან თუ ის ბაყაყი დაგვემთხვა რომლის კიდურებსაც ფრანგულ რესტორნებში დელიკატესად თვლიან ხომ ავშენდით, ბაზარზე ბაყაყის კიდურების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები გავხდებით. 
 
სოციალურ ქსელში ჩემი არც თუ ისე ახლო მეგობრის საინტერესო სტატუსს წავაწყდი "მინდა რომ ვაშლის ღვეზელი ვიყო და ვინმემ მაცივარში შემინახოს" - მშვენიერი სურვილია ვერაფერს იტყვი, მეც მომნდომებია მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ესე საქვეყნოდ არ გამიჟღერებია, როდესაც ეგეთ გემრიელ რამეს მოიფიქრებ შენთვის უნდა შეინახო, თორემ მერე ვიღაც ისე დააშეარებს, თან ისე რომ (C) - საც არ მიაწერს.
 
 - გეხვეწები მარკერი აიღე და ჩაინიშნე რა რასაც გიკარნახებ - ზლაზვნით წამოდგა საწოლიდან და კედელთან მივიდა - "მინდა რომ ვაშლის ღვეზელი ვიყო და ვინმემ მაცივარში შემინახოს" - სიცილი აუტყდა, რა ჯანდაბად გინდაო? არ ვიცი რამეში შეიძლება გამომადგეს-მეთქი. მაინც რაშიო? სადმე მოთხრობაში ჩავაკვეხებ. წერს, ტრიალდება და ისევ საწოლისკენ მიდის. წვება, ფეხებს კედელზე აწყობს და მთავაზობს ვიყო დელფინი. დღეს უკვე ერთხელ ვიყავი დელფინი, უფრო სწორად გომბიო დელფინი.
 
-----
ლამაზია. მძინარე განსაკუთრებით, უკვე ვფიქრობ შეცდომა იყო რომ ვფიქრობდი რომ შეცდომა იყო რომ (გად)მოვიდა.  ისეთი მშვიდი და თანაბარი სუნთქვა აქვს თითქოს ყველაფერი რიგზეა, თითქოს ყველაფერი შეიძლება რიგზე იყოს. პრინციპში ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ რიგია უცნაური. უცნაური რიგი, უცნაური ფიქრების, უცნაური ფიქრები უცნაურ რიგში. ალბათ ეგრეც უნდა იყოს, ადამიანი პირველად მაშინ რომ დაფიქრდები, როდესაც შენ მიერ დახატულ მოწყენილ კაცუნას  ჩახედავ თვალებში მეტის ღირსი ხარ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, ყველა ფიქრი რიგში დგას და თავის ჯერს ელოდება. ყველაფერი წყნარადაა. თავაზიანი ფიქრები - ყველა თავის ჯერს ელოდება. უბრალოდ ხანდახან ისე ხდება, რომ ერთი ფიქრი მეორეს და მესამეს დაუძახებს ხოლმე, მესამე - მეოთხეს და მეოთხე - მეასეს. სხვა ფიქრები ამას არ აპროტესტებენ, ჩვეულებვრივი ამბავია, მე ვხდები ხოლმე ცუდად, როდესაც ბევრნი მოდიან ერთად თორემ ფიქრებს რა? ფიქრებს რა დალევს? რიგია, უსასრულო რიგი, რომლისთვისაც ზოგი ადამიანი არ იცლის, მაგალითად ეს გოგო, რომელსაც ძინავს და რომელიც ლამაზია და რომელიც ისე სუნთქავს თითქოს ფიქრები არ არსებობდნენ, ესეთ სიტუაციაშო ცოდო მე ვარ - ამ გოგოს ფიქრებიც ჩემთან გადმოდიან, თუ შემოაღწიეს ჩემივე ფიქრებში მერე უფრო რთულდება, ორი სხვადასხვა ორგანიზმი იწყებს მოქმედებას. გარეთ გავიდეთო მეუბნება, გარეთ ხალხია. მე ვერ გავიგე ხალხი, რაც არ მესმის იმის მეშინია, თან ხალხში ბევრია ისეთი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს და იმათი ფიქრებიც ჩემსკენ მოდიან ხოლმე, ეტყობა ფიქრებში ჭორი გავრცელდა, ესა და ეს პიროვნება იფარებს იძულებით გადაადგილებულ ფიქრებსო. არ ვიცი, კეთილი ვარ ალბათ, ან უსაქმური ან უბრალოდ არაფრის თავი არ მაქვს და ფიქრებს ვაბრალებ. 
 
შეიძლება სამსახურიდან არ უნდა წამოვსულიყავი... სამსახურიდან რომ არ წამოვსულიყავი მაშინ უნდა მეცინა, მე კიდე არ მიყვარს დასაწყისში სიცილი, რა იცი იქნებ ბოლოს გავიცინო.  ეს მეუბნება დეპრესია გაქვსო, სისულელეა. არაფერი არ მაქვს უბრალოდ ფიქრია ცხოვრება ან ცხოვრებაა ფიქრი. ზუსტად არ მესმის რა განსხვავებაა ამ ორს შორის, მაგრამ ვიცი, რომ არის და ვიცი რომ ეგრეა. ვიცი რომ ეგრეა და არ მეშინია, ცოდნა არ მაძლიერებს, ცოდნა არავის აძლიერებს, უბრალოდ ნაკლებად გეშინია იმის რაც იცი. ერთადერთი სიკვდილია რაც იცი, მაგრამ გეშინია. სხვა ყველაფერი რაც იცი არაა საშიში. ამიტომ არ ეშინიათ ადამიანებს ქუჩაზე გადასვლის, იმიტომ რომ იციან შუქნიშანი მათ გზას აჩვენებს, მაგრამ ეშინიათ ფიქრის, იმიტომ რომ არ იციან რას მოიტანს ეს ფიქრი. მართლებიც არიან. შეიძლება გჯეროდეს რომ ყველაფერი კარგადაა და უცებ დაფიქრდე და ნაგავში აღმოჩნდე. ბევრს მოსვლია ეგრე. შორს რატომ წავიდე მე თვითონ ამის აშკარა მაგალითი ვარ. მეგონა მესმოდა ადამიანებს, ახლა ვხვდები, რომ ადამიანის გაგება შეუძლებელია, ამიტომაა ადამიანი - საშიში. ფიქრები ჩემშია, ჩემს თავს ვერ ვავნებ. სხვა ადამიანს კი შეუძლია გავნოს, შეუძლია და თან როგორ შეუძლია, თვითონაც რომ ვერ გაიგებს ისე გავნებს, განზრახ არა - შემთხვევით, უნებლიეთ. 
 
----
 
ბავშვობაში ზღაპრებს გვიყვებოდნენ.
 
რატომ გვიყვებიან ზღაპრებს მთელი ცხოვრება? ზღაპრები წესით იმიტომაა კარგი რომ ბოლოს ლხინი  და ფქვილი იქნება აქ. ყველა ზღაპარი ეგრე მთავრდება ყველა ზღაპარი გვპირდება ლხინს და ფქვილს. უცნაურია ლხინი - სანახაობაა, ფქვილი - პური. მიეცი ხალხს ლხინი და პური ან სანახაობა და ფქვილი და ხალხი კარგად იქნება. ნაცადი ფორმულაა, მაგრამ ის ზღაპრები, რასაც რეალობაში გვიყვებიან დაუსრულებელია წერის პროცესშია და არ ვიცით ამ ზღაპრის ბოლოს მთიდან დაგორებული ურემი სიკეთით დაგვაბერებს თუ ლავიწის ძვალს მოგვტეხს. ზღაპრების სიუჟეტი არასდროს მომხდარა მაგრამ ყოველთვის იქნება. ყოველთვის კომბლით დაისჯდება ცხვრის მჭამელი მგელი და ყოველთვის სამართლიანობა გაიმარჯვებს.
 
რატომ გვიყვებიან ზღაპრებს მთელი ცხოვრება?  მიყვარს ზღაპრები, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი სისასტიკე და შეუსაბამობაა. რატომ სდრუზა და სდრუზა კომბლემ კომბალი და რატომ გაუჭრა მუცელი და რატომ უნდა წარმოუდგეს ბავშვს ეს ყველაფერი ძილისწინ თვალწინ? რატომ არ უნდა შეჭამოს მგელმა ცხვარი? რა უნდა ქნას აბა? ბალახს ხომ ვერ მოძოვს? ან სრულიად უსაქმურ კაცს, რომლის ერთადერთი ფეტიში კომბლების თლა და ჭერში შეწყობა იყო საიდან ყავდა სამი ცხვარი? ან საიდან ქონდა ესეთი საშიში კაცის რეპუტაცია ტყეში?  რატომ უკბინა ასფურცელამ დედას ეგრე მწარედ ძუძუზე? საშიშია ეს ყველაფერი, ამ ზღაპრების მერე  კიდევ ნორმალური ფსიქიკის პატრონი გავიზარდე.  გასაკვირი არ იქნებოდა სადისტად რომ ჩამოვყალიბებულიყავი. 
 
რატომ შეეძლო ხუთკუნჭულას ოთხკედლიან ოთახში დევს დამალვოდა, როგორ გადადიოდა იქ მეხუთე კუნჭულში, როგორ გადიოდა საკუთარი ზღაპრიდან, საიდანაც მეც დიდი სიამოვნებით წავიდოდი. სადაა მეხუთე კუნჭული? ოთახის ცენტრში ალბათ, ალბათ მაშინ იკარგები, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანხარ, ან ეს მეხუთე კუნჭული იქნებ პარალელური სამყაროა, ან სხვა დრო ან ტელეპორტია იქნებ. რას გაიგებ... ზღაპარია, ყველაფერი ზღაპარია, მაგრამ ცუდი ზღაპარი, ზღაპარი რომელსაც მოგიყვნენ და ამორალურია ან ზღაპარი, რომელიც შენთან ერთად იწერება და შენთან ერთად დამთავრდება და თუ ამ ზღაპარში დევს გაუცინებ და შეეგუები იმ ფაქტს რომ უნდა უცინო თორემ შეგჭამს, სამაგიეროდ გექნება ფქვილი და ლხინი თუ არადა უძღები შვილივით ქატოს თქვლეფა მოგიწევს ღორებთან ერთად, რომლებმაც სამი ცდიდან ერთი, მაგრამ მყარი სახლი ააშენეს და კიდევ ერთხელ მოუკლეს მგელს გადარჩენის იმედი. მაგრამ რა უნდა ქნა, როდესაც მგელი ხარ და სამი გოჭი, სამი ცხვარი და წითელქუდა სატყუარას გესვრიან? მათაც უნდა გაუღიმო და გზა დაუთმო იმიტომ რომ ვიღაც კომბლის მთლელმა და ბრაკონიერი მონადირემ შეიძლება მუცელი გაგიფატროს? მეხუთე კუნჭულში მინდა, საკუთარი ზღაორიდან გასვლა მინდა! 
 
აუტანელი გახდა ფიქრები და გავაღვიძე, ზღაპარს მოგიყვებითქო. კაიო.
 
იყო და არა იყო რა... არა, ეგრე არ გამოვა... თუ იყო უნდა ყოფილიყო და თუ არ იყო არ უნდა ყოფილიყო და თუ იყო იმდენად უნდა ყოფილიყო რომ არავის ეკითხა იქნებ არ იყოო და თუ არ იყო იმდენად არ უნდა ყოფილიყო რომ არავინ დაფიქრებულიყო იქნებ იყოო? იყო თუ არ იყო? ჩაეძინა. 
 
 
თავი მეორე
 
საათნახევარი მეძინა. ხმაურმა გამაღვიძა. გაზის ინკასატორს ან ვიღაც მსგავსს ეჩხუბებოდა. გაზი ჩამიჭრეს. დენის გამათბობელი არ მაქვს. აცივდა. პლედ შემოხვეულები ვსხედვართ და ვუყურებთ ტელევიზორს. ტელევიზორში სულ რაღაც ხდება, ძირითადად ის ხდება რაც უკვე მოხდა, იშვიათად ხდება ის რაც იმ მომენტშია აქტუალური. პირდაპირი ეთერი მარტო რაღაც გარდაუვალ შემთხვევებშია, იმიტომ რომ ძნელია აკონტროლი ის რაც აწმყოა და ძალიან ადვილია გააკონტროლო უკვე მომხდარი. ამიტომ სწავლობენ ადამიანები  დაშვებულ შეცდომებზე და ამიტომ არ შეუძლიათ არ დაუშვან შეცდომები. წარსული ადვილია, ადვილი და კონტროლირებადი, ადვილი კონტროლირებადი და მონტაჟს დაქვემდებარებული, ამიტომ წარსული ყოველთვის ლამაზია, ამიტომ ვიხსენებთ ჩვენ ბავშობას ესე თბილად, ბავშობას, რომელშიც სადისტურ ზღაპრებს გვიკითხავდნენ. ძალიან უნდა ეცადო რომ წარსული დაიმახინჯო, რამე ძალიან ცუდი უნდა დააშავო ან დაუშავო საკუთარ თავს რომ წარსული არ გელამაზოს. აი მე მომწონს ჩემი წარსული, მომწონს რომ მუშაობა დავიწყე ისეთ ადამიანთან, რომლის ხუმრობებზეც ვერ გავიცინებდი, მაგრამ მაინც გავიცინე. სამაგიეროდ არ მომწონს ჩემი პირდაპირი ეთერი, სადაც ვუყურებ ტელევიზორს რომელიც უკვე მომხდარს და დამონტაჟებულს აჩვენებს ანუ არ მომწონს აწმყოში, ლამაზი წარსულის ყურება, არადა წარსული მომწონს, მაგრამ მე ჩემი წარსული მომწონს ტელევიზორში კი ვიღაც ამერიკელი ბორტგამცილებელი გოგოს წარსულს აჩვენებენ, კიდევ იმიტომ არ მომწონს რომ არც სამეცნიერო გადაცემაა და არც შემეცნებითი, მოდაზეა,  საცოდავ, არც თუ ისე ლამაზ, ალბათ ოცი წლის ქერად შეღებილ  ბორტგამცილებელს ტანსაცმელს გადაუყარეს და ხუთი ათასი დოლარის ჩეკს აძლევენ, რომლითაც სხვა ტანსაცმელები უნდა იყიდოს, რა თქმა უნდა, გადაცემის გმირმა ზუსტად იგივენაირ ტანსაცმელები იყიდა, როგორიც  მანამდე ჰქონდა გარდერობში. წამყვანები ეჩხუბებიან, დიახ, ეჩხუბებიან და ბოლო დონის გომბიოდ გამოყავთ იმის გამო რომ მათ თვალში გომბიურად აცვია. უცნაურია, რატომ თვლიან რომ თვითონ კარგად აცვიათ ან ვინ აწესებს ამ მოდას, მოდას რომელიც ტანსაცმლის სფეროს უკვე დიდი ხანია გაცდა და თითქმის ყველგან შეაღწია, ჩვენთან სამსახურში მოდური იყო განვადებით ახალი მანქანის გამოყვანა და სამჯერ გადაკოცნა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეგრე იყო. მოდა ალბათ იგივე საზოგადოებრივი აზრია. თუ ხალხის რაღაც რაოდენობა შეთანხმდება, რომ ვარდისფერი გომბიობაა, ვარდისფერი გომბიობა იქნება. იგივეა მოდაზეც თუ ათასი კაცი ჩაიცმევს ბოტკინისფერ ვილვეტის შარვალს, შენც იძულებული გახდები იგივე ჩაიცვა თუ არადა გომბიოდ გამოჩნდები, ისევე როგორც ეს  საცოდავი ბორტგამცილებელი გოგო. 
 
 ეს გოგო ძალიან მეცოდება. ეჩხუბებიან, შენი მაკიაჟის და ჩაცმულობის გამო, მგზავრები სერიოზულად არ აღგიქვამენ,  არ გისმენენ როდესაც ინსტრუქციას უხსნი ისინი მხოლოდ შენ ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელს და ძალიან ბევრი ტონალურისგან გაყაყისფრებულ სახეს აკვირდებიანო. იმდენი ქნეს რომ აატირეს. მერე დააწყნარეს და თავის გემოვნებით აურჩიეს რაღაც ტანსაცმელები. საცოდავი ბორტგამცილებელი ისედაც არ ყოფილა ლამაზი გოგო და ამ ახალი ტანსაცმლით საერთოდ საფრთხობელას დაემსგავსა, პრინციპში თვითონ ძალიან უხაროდა და იღიმოდა, როდესაც სარკეში იყურებოდა, ფერია ვარო ამბობდა. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ყველაზე უცნაური ბოლოს მოხდა, რომელიღაც ძალიან ცნობილი ბრენდის ჩანთა აჩუქეს, ჩვეულებვრივი პროდაქთ ფლეისმენთი,  წამყვანი ქალი ეუბნება რომ ეს ყველაზე სექსუალური ჩანთაა ახალ კოლექციაშიო... ჩანთა როგორ შეიძლება იყოს სექსუალური? ჩანთა ხომ ჩანთაა და მეტი არაფერი. ყველას პირზე აწერია ეს სიტყვა და არა მარტო ჩვენთან ამერიკაშიც ეგრე ყოფილა, მგონი იმ ქვეყნებში სადაც ეს სიტყვა  ტელევიზიაში აქტიურად გამოიყენება  სექსის სერიოზული დეფიციტია, ან უბრალოდ პროპაგანდაა, მაგრამ ეგ პირველს არ გამორიცხავს - თუ სექსს პროპაგანდა სჭირდება ე.ი. იშვიათობაა. ან რა ჯანდაბად უნდა რეკლამა იმას, რაც დელფინებსაც კი სიამოვნებთ. 
 
მთელი მსოფლიოს ტელევიზია ნაგავია და მეტი არაფერი. ნაგავი და ბოროტების ბუდე, ნაგავი ბოროტების ბუდე და ხალხის დასაჩლუნგებლად გამოგონილი. იმ საცოდავ ბორტგამცილებელს რაც წამყვანებმა დააკლეს - ამ გოგომ დაუმატა, თან ნერვებმოშლილი იყო, ციოდა და მთელი ბრაზი, მასზე ამოიყარა. ხან მოსიარულე კატასტროფას ხან კიდე წადი თავი მოიკალის ეძახდა. იმ ფაქტმა რომ შეცივდა და წესით უწყინარმა გადაცემამ ამხელა აგრესია გააღვიძა ამ გოგოში, წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი უყურებს ტელევიზორს და რამდენ ადამიანს აქვს უფრო მეტი პრობლემად და წარმოიდგინეთ რამხელა აგრესია იღვიძებს მათში, თუგინდ ყველაზე უწყინარი გასართობი გადაცემის ყურებისას. ნაგავია ტელევიზია და მეტი არაფერი. 
 
საინტერესო სანახავი იქნებოდა ჩემი ყოფილი უფროსი როგორ უყურენს ოჯახთან ერთად ტელევიზორს, როგორ კომენტარებს უკეთებს ნანახს, ალბათ ისევ ისე უაზროდ ხუმრობს, მაგრამ ოჯახის წევრები სიცილით კვდებიან, იმიტომ რომ ყველა მისნაირია, ექვსი თვე ვიმუშავეთ ერთად და მე დავემსაგვსე, ოჯახის წევრები კი ალბათ ტყუპისცალებივით ჰგვანან. ცუდია ადამიანი სხვა ადამიანს რომ ემსგავება, უფრო ცუდია ადამიანი ცუდ ადამიანს რომ ემსგავსება. ყველაზე ცუდი კი ის არის, ადამიანი რომ ხვდება რომ ცუდ ადამიანს დაემსგავსა და ისევ თავის თავად ქცევას ვერ ახერხებს. ყველას არ შეუძლია დახატოს უცნაურად მოწყენილი კაცუნა და თვალებში ჩახედოს, უფრო სწორად ყველას შეუძლია დახატოს უცნაურად მოწყენილი კაცუნა, თვალებში ჩახედოს და არაფერი  შეცვალოს. 
 
საერთოდ ცვლილებები უცნაური რამეა, შეიძლება არაფერი არ შეიცვალოს ირგვლივ და შენ შეიცვალო, ან შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ირგვლივ და შენ იგივე დარჩე. მე რომ ვაკვრიდები ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ და მეც ვიცვლები. ვიცვლები მაგრამ ამ ცვლილებებმა რა შედეგი უნდა მოიტანოს არ ვიცი, საერთოდ მოაქვს თუ არა ცვლილებებს შედეგი არც ეგ არ ვიცი, წესით უნდა მოიტანოს, ცვლილების შედეგი მხოლოდ ცვლილება ვერ იქნება, მეტამორფოზის შემდეგ მატლიც კი პეპელად გარდაიქმნება. ცვლილებები პროცესია, მაგრამ მეტამორფოზისგან განსხვავებით მხოლოდ პროგრესირებადი არა, არასდროს არ იცი როგორ შეიცვლები, ამიტომ ერიდება ადამიანი ცვლილებებს შინაგანსაც და გარეგანსაც, ურჩევნია იყოს ის რაც არის ან ის რაც უნდა იყოს, რასაც მისგან ითხოვენ. ადამიანისგან კი იშვიათად ითხოვენ რაიმე რთულს, ითხოვენ რომ გაიცინოს, როდესაც იხუმრებენ თორემ აუცილებლად დადგება ცვლილებების საჭიროების წინაშე და ადამიანიც იღიმის, იმიტომ რომ ცვლილებების ეშინია.  
 
ნელ-ნელა ვხვდები ადამიანს, მაგრამ ვერ ვხვდები მე რატომ არ ვარ ეგეთი, რატომ ვერ მივაძახებ იმ ბორტ გამცილებელს რამე საზიზღრობას? რატომ არ ავიღებ ფოტოაპარატს და შიშველი არ გადავიღებ ფოტოებს ამ გოგოსთან ერთად? რატომ ვარ განსახვავებული და კაია თუ არა ეს განსხვავებულობა?
 
თავს ვანებებ ტელევიზორს და სამზარეულოს მაგიდისკენ მივდივარ, სიგარეტს და სანთებელას ვიღებ. სანთებელა არ ინთება. გაბრაზებული ვისვრი. მექანიკურად გაზისკენ ვიხრები, რომ მოვუკიდო, გაზი არ არის, სანთებელა კარადის ქვეშ შევარდა, მივდივარ ვიხრები და ვცდილობ გამოვიღო, კარადის ქვემოთ რაღაც ყუთი დევს, ვიღებ სანთებელს და ყუთსაც. ძლივს-ძლიობით ვუკიდებ. ვხსნი ყუთს, ყუთში ჭიქა დევს.
 
ლამაზია კერამიკა
იმ ადამიანს ეძღვნება ყველაფრის მიუხედავად კერამიკა რომ ელამაზება.
 
სიგარეტი გათავდა და მაღაზიაში გასვლა მომიწია. ყველაზე ახლო მაღაზიაში ის სიგარეტი არ იყო რასაც ვეწევი. შორს წასვლა მომიწია. ცუდია რაც ახლოს გეგულება შორს რომ აღმოჩნდება, კარგია რომ სიგარეტი მეგულებოდა და არა რამე უფრო მინიშვნელოვანი. 
 
ქუჩაში - ხმაურია. მანქანები უფრო ხმაურობენ თუ ადამიანები ვერ გაიგებ. დაძაბული და შეშინებული ვარ, პატარა გადასასვლელი უნდა გადავიარო, რატომღაც ამეკვიატა ფიქრი რომ მანქანა დამეჯახება და მოვკვდები, დიდი ხანი ვიდექი ერთ ადგილას, შუქნიშანს ველოდებოდი, მართლა ვიწრო გადასასვლელია, მაგრამ შიშმა ამტანა და ვერ გავრისკე გადარბენა, შვიდი ან რვა წლის პატარა ქერა გოგო ამომიდგა გვერდით.  ძალიან თეთრი სახე ჰქონდა. ტანზე თხლად ეცვა, ფეხზეც ჩუსტები მხოლოდ, ციოდა და სახე გაფითრებოდა. ერთად გადავედით გადასასვლელზე, ის სირბილით, მე ფრთხილად. მაღაზიაში შეირბინა, მე თასმას გამოვდე ფეხი და წავბარბაცდი, ძვლივს შევიკავე წონასწორობა, კინაღამ დავეცი. 
 
ფიქრი უფრო ადვილია, ვიდრე ქუჩაზე გადასვლა, ფიქრში უფრო დაცული ხარ ვიდრე ქუჩაში. მაღაზიაში რომ შევედი გოგონა უკვე დახლთან იდგა, სარეცხ ფხვნილს ყიდულობდა, ათი თეთრი დააკლდა, საღამოს დედაჩემი შემოიტანსო, გამყიდველმა უხეშად გაისტუმრა, წადი სხვაგან ნახე იქნებ უფრო იაფად იყოსო. ხანდახან ბოროტია ადამიანი.  მე დავუმატებ იმ ათ თეთრს-მეთქი - გამყიდველს ვუთხარი. ბავშვმა ისეთი თვალებით შემომხედა და ისეთი ხმით მითხრა მადლობა რომ მგონი ყველაზე კარგი საქმე გავაკეთე მთელი ჩემი არსებობის განმავლობაში. თვალებია - ადამიანი. გოგონას თვალებში პატარა ცეცხლი ენთო, გამყიდველს - ნაცარი, ტყუილია - თვალებში ნაცრის შეყრა, თვალები თითონ ინაცრება, და ერთადერთი კარგი რაც ეგეთ თვალებშია ისაა, რომ ოდესღაც იქაც  იწვოდა რაღაც. იწვოდა ისე ტყუილად და უბრალოდ, როგორც ტყე იწვის და როგორც სახლები იწვიან და როგორც ფურცელი იწვის, რომელზეც ყველაზე კარგი ლექსი დაგიწერია. 
 
წერა - წამებაა. სახლის დაწვაც წამებაა და ტყისაც, თვალები-ნაცარიც წამებაა, მაგრამ მაინც არსებობენ პოეტები, ცეცხლისწამკიდებლები და უყურადღებო ხალხი, რომლებსაც თვალებში არ ქონდათ ცეცხლი და ტყეში დაანთეს. ჯობს ტყე ჩაიწვას, ვიდრე თვალები. მართალია! რატომ გაუქრა ამ გამყიდველს თვალებიდან ცეცხლი? რატომ ხდება ადამიანი ბოროტი? არ ვიცი, მე მაქვს ჭიქა, რომელიც კერამიკისაა. ლამაზია ჭიქა და ლამაზია სიტყვა კერამიკა და თუ ეს გამყიდველი იპოვის ლამაზს იმ ყველაფერში, რამაც თვალებიდან ცეცხლი გაუქრო, კეთილი გახდება, თუ არადა ცეცხლისწამკიდებელი.  მესიჯი მომივიდა. მწერდა, რადგან გახვედი ბარემ საჭმელიც მოიტანე რამეო. მივწერე რა რამეთქო. მაკდონალდსიდან რამეო. სიგარეტს მოვუკიდე და მაღაზიის წინ კიბეზე ჩამოვჯექი. ცხოვრება უცნაურია - სავსე უცნაური შემთხვევითობებით. მე ამ პატარა გოგოს ვიცნობ, უფრო სწორად ნანახი მყავს, ნანახი მყავს მაკდონალდსში, ნანახი მყავს ისეთი ბედნიერი, როგორიც მე არასდროს არ ვყოფილვარ, როგორიც იშვიათად ყოფილა ვინმე. დედამისთან ერთად ვნახე, დიალოგიდან გავიგე, რომ პირველად იყო მაკდონალდსში და სულ მენიუს უყურებდა ბევრი რომ არ დაეხარჯა, მაშინ რაღაცა მომიკვდა შიგნით, რაღაცეები კვდება ხოლმე ისე რომ ვერ გაიგებ რა იყო და ძნელია ეგ რაღაცეები, სახელი არ აქვს, ან მე არ ვიცი რა დავარქვა. ათი წლის ვიყავი მე დედაჩემი და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით. საშინლად გვიჭირდა, მაღაზიაში ვალები და არანაირი იმედი. მაშინ დრო იყო ეგეთი, პრინციპში ეხლაც იგივე დროა, უფრო სწორად იგივენაირი დროა, ან შეიძება იგივე დროც კია, რას გაიგებ? 
 
შეიძლება გარეგნულად შეიცვალა დრო და შიგნით იგივე დარჩა, იგივე შნაარსის მატარებელია და უბრალოდ ციფრები მიემატა. ციფრები კიდეც არაფერს ცვლის ცხოვრებაში. ციფრები - მათემატიკაა, ცხოვრება კიდევ რაღაც სხვაა, ტკივილია მგონი, ცარიელი ტკივილი. 
 
ათი წლის ვიყავი და ბარბარობა იყო, ბარბარობასთან ერთად რატომ არ ვიცი, მაგრამ ბედობასაც აღნიშნავენ. დედაჩემის მეგობარი მოვიდა, რაღაცეები მოიტანა, შოკოლადი და ყავა მგონი. სიგარეტი არ ჰქონდა და მე გამაგზავნა, გრძელი გზით წავედი მაღაზიამდე, იმიტომ რომ ძაღლი დაძრწოდა ქვემოთა ქუჩაზე და მეშინოდა იმ ძაღლის... მოკლედ ამბავი ეგეთია, რომ სიგარეტიდან რაც ხურდა დამრჩა დედაჩემის დაქალმა არ გამომართვა, მაშინ ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება ფული დამებედებოდა, დაქალი რომ წაუვიდა დედაჩემმა ლობიანის საყიდლად გამაგზავნა საცხობში, ეგეც ტრადიციასავითაა ბარბარობას ლობიანი უნდა იყოს რატომღაც ოჯახში. ლობიანი კი არა პურიც კი არ გვქონდა მგონი. საცხობი მაღაზიის გვერდით იყო, გრძელი გზით წავედი ისევ, ძაღლს რომ არ შევხვედროდი, ვიყიდე ლობიანი და საკმაოდ დიდი ნაწილი მოვატეხე, ალბათ მაგიტომ დავისაჯე იმ დღეს ეგრე ძალიან საცხობიდან გამოსულს ის ძაღლი შემხვდა. მომიახლოვდა დამსუნა შემეშინდა და ის მოტეხილი ნაწილი გადავუგდე. სახლში რომ ავედი დედაჩემს ვუთხარი მე ვჭამე უკვე-თქო, დედაჩემმა მაინც სამ ნაწილად დაჭრა ლობიანი, ამ დროს ჩემი პატარა ძმის მეგობრები შემოცვივდნენ და ორ წამში გააქრეს ცხელი ლობიანი. ვისხედით მე და დედაჩემი და რაღაც სხვანაირად გვეცინებოდა, რაღაც სხვანაირად. 
 
ყელში რაღაც მომაწვა. აბაზანაში შევედი და დიდხანს ვტიროდი... მაინც ლამაზი სიტყვაა კერამიკა და იმ გოგონას არასდროს გაუქრება თვალებიდან ცეცხლი. მერე რა რომ ახლა მისთვის დგას ის დრო, ჩემთვის რომ იდგა, ცუდია რომ ეგეთ რაღაცეებს უნდა წააწყდე, მაგრამ კარგია რომ ეგეთი რაღაცეები ჩაივლის, კარგია რომ თვალებში ცეცხლი იქნება და არა ნაცარი. კარგია რომ ადამიანი კარგია, ცუდია რომ ადამიანს რაღაც აფუჭებს. ჩემი დახატული მოწყენილი კაცუნა უნდა ვანახო ამ ქალს. მინდა თვალებში ჩახედოს და ისევ ცეცხლი მოეკიდოს.
 
მაგიდასთან ვიჯექი, ყავას ვსვამდი და კერამიკას ვუყურებდი. მართლა ლამაზია კერამიკა. ჩემს წინ იჯდა. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უკმაყოფილო სახით მიყურებდა. თვითმფრინავის გადაფრენის ხმა იყო, ვიღაც წავიდა, ან ვიღაც ჩამოვიდა, მაგრამ მაინც ყველაფერი იგივენაირად იქნება, იგივენაირად და რთულად. ლამაზია ჩემი კერამიკა და უფრო გემრიელია მასში ყავა. ლამაზია-თქო, ვეუბნები. მიყურებს. არ ვუყურებ.ლამაზია კერამიკა. მიყურებს. არ ვუყურებ. თვითონ სიტყვა კერამიკაც ლამაზია. მიყურებს, ალბათ ისევ ისე უკმაყოფილოდ. ალბათ უკვე დაჯდა თვითმფრინავი. ჭიქას ვეხები თითებით. თბილია ჭიქა და მსიამოვნებს შეხება. ლამაზია და თბილი კერამიკა. მიყურებს, სწრაფად იღებს ჭიქას. ვიცი რაც უნდა ქნას, ვთხოვ არ დაამტვრიოს. ლამაზია ხო? მეკითხება. კი ვპასუხობ. ჭიქას იატაკზე ანარცხებს. ფეხებით დგება. მაინც ლამაზია კერამიკა, ლამაზი და მსხვრავადი.
 
ადამიანი რომელიც სილამაზეზე ფიქრობს და აფასებს აუტანელია. ლამაზი სიტყვაა კერამიკა, ლამაზი და მსხვრევადი. იცმევს და მიდის, ვეუბნები რომ ღამეა და შეუძლია დარჩეს. მიდის. არც უნდა მოსულიყო. არ მწყინს, რომ მოვიდა. არ მწყინს, რომ მიდის, თვითონაც ლამაზია, მაგრამ ბუტაფორიული, უცეცხლო და უნაცრო თვალებით. არ უნდა მოსულიყო, ძველის მობეზრება ახლის ატანის უნარს ვერ მოგცემს. 
 
ლამაზია კერამიკა. ლამაზი და მსხვრევადი.  ჩემმა უფროსმა დაბადებისდღზე კერამიკის ჭიქა მაჩუქა. ჰქონდა თუ არა ჩემ უფროსს ცეცხლი თვალებში? საერთოდ რა შუაშია ჩემი უფროსი? სად იწყება პრობლემა და სად პრობლემები. ვრჩები ისევ მე და ჩემი კაცუნას მოწყენილი თვალები, რომელიც უფრო ნაცარია ალბათ და ვიდრე ცეცხლი. ვრჩები მე და ჩემი დახატული მოწყენილი კაცუნას თვალებში წაკითხული ფიქრები. 
 
ხომ ლამაზი სიტყვაა კერამიკა?
 
 
© პირველად გამოქვეყნდა გაზეთ "24 საათში"