ფ რ ა გ მ ე ნ ტ ე ბ ი





პოეზია

ფ რ ა გ მ ე ნ ტ ე ბ ი




 

(ბალადა საკუთარ თავზე)

I

სათქმელი არაფერია

ჩვენ ძალიან დავიღალეთ.

დილის ხუთი საათია

და მე Facebook-თან მჯდომარეს

საკუთარი არარაობის გააზრების მეშინია.

ვუდი ალენის ფილმს ვრთავ

და საკუთარ თავზე მეცინება.

 

დედაჩემი ფიქრობს,რომ ცუდად დავამთავრებ

რადგან ეკლესიიდან ფეხი დიდი ხანია ამოვიკვეთე,

მას უნდა მივბაძე ჩემს მეგობრებს,

რომლებიც ყოველ კვირას წირვაზე დადიან,

ლოცულობენ,მარხულობენ,ეზიარებიან.

(მოკლედ,სწორად ცხოვრობენ)

და მახსენებს „ღვთისგან გამდგარ“ პოეტებს,

რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს ცხოვრება.

 

„Мама!

Ваш сын прекрасно болен!

Мама!

У него пожар сердца.“

ეს იქით იყოს და

დედა ყველაფერი სისულელეა,

განსაკუთრებით ახლა,

როცა პოსტმოდერნიზმი სულს ღაფავს

ღმერთიც არაფერ შუაშია

(მკვდრები არაფერს აშავებენ ხოლმე)

უბრალოდ დროა საკუთარ თავს

ჩასაფრებული პოზიციიდაბნ შევხედოთ,

გამოცდილებას ყური დავუგდოთ

და რაციონალურად დავიწყოთ აზროვნება.

 

II

მე ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ

და ყოველდღე ვხედავ ასობით

ცარიელ და უინტერესო ადამიანს

მომავალ ბანკირებს,

მომავალ კარიერისტებს,

მომოვალ არარაობებს,

მომავალ ბურჟუებს

მოკლედ მომავალ ყლეებს,

მე მიჭირს მათთან ერთ აუდიტორიაში ყოფნა,

ასე მგონია დიდ კუბოში ვზივარ

და სულთათანას ვისმენ უწიგნური ლექტორბისგან.

(კაფკურ-ბუკოვსკური მონოლოგი)

 

მაგალითად,როცა სტრატეგიული მენეჯმენტის

რომელიმე დებულების სისწორეში ეჭვი მეპარება

და ჩემს აზრს საჯაროდ გამოვთქვამ,

ისინი გაკვირვებაშერეული-ბოღმიანი თვალებით მიყურებენ.

მე მესმის მათი

მაგრამ უფრო მეტად მეშინია,

მე ვიცი რომ დანძრეული მაქვს

მე ვიცი რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს.

 

III

მარტოობა საუკეთესო გამოსავალია

გასაკუთრებით ჩემს ოთახში.

ჩემი ოთახი ავტონომიური ერთეულია

მე კი მისი სეპარატისტი პრეზიდენტი

მე არ ვახდენ აღნიშნული ოთახის საკრალიზებას

და ფაქტების ჰიპერბოლიზებას

უბრალოდ საკუთარ ენაზე საუბარს ვსწავლობ.

 

ერთი კვირაა მხოლოდ ნეორეალისტურ

ფილმებს ვუყურებ.

(იტალიური ნეორეალიზმი -- მიმდინარეობა კინემატოგრაფიაში, რომელიც დაიწყო 1943 წელს ფილმით "შეპყრობილობა" და დასრულდა 1952 წელს "უმბერტო დ.-თი

მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი იყო ისტორიები ღარიბი და მუშა კლასის შესახებ, არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით მეორეხარისხოვან და ხშირად მთავარ როლებშიც.წყარო: ვიკიპედია )

და მგონია რომ ეს ჭეშმარიტი კინოხელოვნებაა.

ახლახან ვნახე ერთი ფილმი სიცილიელ მეთევზეებზე,

მოკლედ მთავარი თემა სოციალური უსამართლობაა,

პროლეტარული მასების სამართლიანი ამბოხი

რომელიც კრახით სრულდება,

შავ-თეთრი კადრები კი უფრო მეტად

ტრაგიკულს ხდიან სიტუაციას,

და უსამართლობა,რომელიც გაფიქრებინებს,

რომ აუცილებელია ჭეშმარიტად სოციალისტური რევოლუცია.

 

 

IV

ჩვენ არ გვაქვს გეგმები მომავლისთვის

რა დღევანდელ დღეს რბილად,

რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობაა.

მაგრამ მე და ბეგის ეს ფეხებზე გვკიდია

(ბეგი ადრე წერდა,

მაგრამ ახლა ეშინია,

ეშინია საკუთარი თავის,

ეშინია საკუთარი ირაციონალურობის,

ეშინია მოსალოდნელი ხელმოცარვის,

ამიტომაც დუმს

და წმინდაა მისი დუმილი.)

ანუ მარტივად გვინდა საკუთარი სილაჩრე მივაძაღლოთ

და ვაძაღლებთ კიდეც

სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელით.

და ლოგინზე მეგდებულები

ერთგვარ მედიტაციურ სივრცეში გადავდივართ

(კარლო მარქსისა და დინ მორიარტის ჰიპსტერული

დიალოგები “On the raod”-დან)

ჩვენ ვსაუბრობთ მაიაკოვსკიზე, ირაკლი ჩარკვიანზე,

გიორგი ხასაიაზე,

არტზე, როგორც რევოლუციურ აქტზე,

პოეზიაზე,როგორც ყველაზე დემოკრატიულ რელიგიაზე,

და ცხოვრებაზე,როგორც ყველაზე დიდი და ღრმა

ინსპირაციის წყაროზე.

გოგოებზე,რომლებთანაც სექსი გვქონია,

გოგოებთან,რომლებთანაც სექსი გვინდა

და გოგოებთან რომლებთანაც არასოდეს გვექნება სექსი

მათი ზედმატად მეშჩანური აზროვნების გამო

ამიტომაც ვეთანხმები ერთ ჩემს Facebook მეგობარს

რომელმაც დაწერა,

რომ „ნაშობა უნდა გასოციალისტდეს.“

 

V

ჩემი არასწორხაზოვნება უკვე ყველანაირ საზღვარს ცდება,

კარგი იქნებოდა მქონოდა სამსახური.

სამას ლარიანი ანაზღაურებით მაინც.

 

ფანჯრებიდან ხედი უცვლელია

გარეუბნის მახინჯი კორპუსები.

 

მე მიყვარს საუბარი უცნობ ადამიანებთან  სხვადასხვა თემებზე.

მაგ:არშემცირებულ ტარიფებზე,ერის გადაგვარებაზე,პატრიარქის უზომო სიწმინდეზე,პრეზიდენტის უზომო გამოყლევებაზე,ქვეყბის პოლიტიკურ კურსზე,არშემდგარ კოაბიტაციაზე,ქართველი ფეხბურთელების უფერულ თამაშზე,შორენა ბეგაშვილის საეჭვო რეპუტაციაზე

სხვათაშორის ახლახან ავტობუსში ერთ ლოთს(ყოფილ სამხედროს)

ველაპარაკებოდი კუბურ რევოლუციაზე,

ფიდელ კასტორსა და ჩე გევარაზე,

ბოლოს სიგარეტი დავუტოვე და ჩავედი.

 

განსაკუთრებით საინტერესოები

მაინც ბალზაკის ასაკს ოდნავ გადაცილებული ქალები არიან

რამოდენიმე დღის წინ

ერთ-ერთ მათგანს ვესაუბრებოდი გეგეშიძის ბაღში.

ის ამტკიცებდა,

რომ ჩვენი თაობა სიყვარულის ნაკლებობას განიცდის

და ყველაფრის მიზეზიც სწორედ ეს არის

(სხვათაშორის ამ თემაზე მეც მიფიქრია)

რომ მასობრივმა კომუნიკაციის საშუალებებმა გამოგვათაყვანა,

რომ რწმენა დავკარგეთ,

რომ რა გვეშველება არ იცის.

 

მე ვამშვიდებ და ვეუბნები,

რომ ყველაფერი გაივლის,

რომ ყველაფერი კარგად იქნება,

რომ ჩვენც ვისწავლით კარგად ყოფნას,

რომ ინტერნეტის ტყვეობას თავს დავაღწევთ

და საერთოდაც უფრო კეთილები და შემწყნარებლები გავხდებით

დამშვიდობებისას,წმინდა გიორგის ხატს მჩუქნის

მე კი ვფიქრობ

რომ დიდი სიამოვნებით მექნებოდა მასთან სექსი..

 

VI

 

ერთადერთი ადამიანი,რომელსაც ვატყუებ

საკუთარი თავია,

ამიტომაც მე ყველაზე დიდი მატყუარა ვარ.

ჩემი ისტერია ნელ-ნელა

ყველასათვის შესამჩნევი ხდება,

ამიტომაც ადამიანებთან ურთიერთობა

უფროდაუფრო მიჭირს.

მე მახსოვს საკუთარი თავი 7 წლის ასაკში

და ვხვდები,რომ არაფერი შეცვლილა

უბრალოდ შიშების,როლებისაც მეშინოდა ახდნენ,

და დროთა განმავოლობაში უფრო

დიდი ძალით ახდებიან,

გაურკვევლობები,რომლებიც მაბნევდნენ

უკვე საბოლოოდ  დამაბნიეს.

და ახლა როცა ყველა ფიქრი

ნიჰილისტური პათოსით განმაწყობს,

და მიზანთროპული ელფერი დაკრავს

ამ ყველაფერს,

და რიტორიკულ კითხვებს ვსვამ,

და ვხდები ძალიან ეკლეკტიკური

ვხვდები,

რომ ვერაფერსაც ვერ ვხვდები

და ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყო..

 


თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.