• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

ოთარ ჯირკვალიშვილის `კანფეტი` - ანუ დიალექტიკური აზროვნება ყოფიერებაზე

×
"საბას" წიგნები
ავტორის გვერდი გიორგი ხარიბეგაშვილი 17 დეკემბერი, 2018 3979
 
ყოველი ტექსტი თავისი ეპოქის შვილია, მის განწყობებს ასახავს, მაგრამ ის ეპოქის ზუსტი, სარკული გამოსახულობა როდია... ავტორის პრიზმაში გარდატეხილი, ტექსტში მოქცეული სათქმელი, მკითხველის, ადრესატის კარამდე იმ იმედით მიიტანება, რომ ის გაგებული იქნება იმდენად, რამდენადაც მკითხველიც ავტორის მსგავსი პერსპექტივებიდან აღიქვამს სამყაროს და მისი მსგავსი კოგნიტური სქემებით განსჯის. აქედან გამომდინარე, ტექსტი ყოველი მკითხველისათვის ადგილს ტოვებს შემოქმედებითი თავისუფლებისათვის, მის სტრიქონებს შორის სივრცეში ჯიბეებს აჩენს, საიდანაც ახალი სივრცე იჩეკება ახლებური აზროვნებისათვის; ახალი შტრიხების აღმოჩენა და ინტერპრეტაციათა სიმრავლე და შინაარსების ინტენსივობის ქაოტური ზრდა რაღაც მომენტში რაციონალურ წესრიგში ექცევა, მკითხველთა პრიზმებში კვლავგარდატეხილი ტალღები ზედდებას განიცდიან და ქმნიან ცოდნას, რომელიც უკვე აღარც ავტორის ეკუთვნის და აღარც მის ინტერპრეტატორებს, ის გარდაიქმნება კოლექტიურ ფენომენად, „ყოფიერების ხმად“, რომელიც სახეზემყოფობის მიზნით ახალ სუბიექტებს აჩენს, მას სამყაროზე რეფლექსიას აკეთებინებს და შემდეგ კი ანადგურებს.
 
ცხადია, ყველა ტექსტი თანაბრად ქმედითუნარიანი ვერ იქნება. ყველას როდი შესწევს ძალა ცნობიერებას კონცენტრირება გაუკეთოს მასზე, მედიტაციის ობიექტი გახდეს, ყოფიერების რაღაცა კონკრეტული ქვესიმრავლე შეაკავოს თავის სახეზემყოფობაში და ხოლო სხვა დანარჩენი მის ფონად აქციოს, მის ნებას დაუქვემდებაროს და ამით სამყარო შეცვალოს. ამ თვალსაზრისით, კარგი ტექსტი რეფლექსიისას აღმოაჩენს ეპოქის კრიზისს და მას ადეკვატურად უპასუხებს. ის ყურადღებით აკვირდება მდუმარე ყოფიერებას, ზუსტ დროსა და ადგილს არჩევს იქამდე, სანამ არ იქცევა ჰაიდეგერის სიტყვებით რომ ვთქვათ ფილოსოფიად, შესაბამებად, „რომელიც არსებულის ყოფიერების მომართვას ამეტყველებს.“
 
ახლა განვიხილოთ, თუ რამდენადაა ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობები „შესაბამება“, ერთგვარი პასუხი იმ კრიზისისა, რომელსაც ჩვენს ეპოქაში „პოსტმოდერნული მდგომარეობა“ ეწოდა და რამდენად გადალახავს ის იმ დისკურსულ რეჟიმებს, იდეოლოგიურ კონფიგურაციებსა და აზროვნების წესებს, რომლებმაც, ჩვენი შეხედულებით, საკუთარი თავი უკვე ამოწურეს.
 
მწერალი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს თავის დამოკიდებულებას ამგვარი „ჭეშმარიტებების“ მიმართ: „ჩვენ პრინციპულად უნდა უარვყოთ რაიმე მყარ სიუჟეტურ ქარგაზე აგებული ნებისმიერი ნაწარმოები. გვეყო მკაცრი სისტემები, ხალხის შებოჭვა იდეოლოგიური მონოთეიზმებით.“ თუმცა ავტორი აქ არ ჩერდება. მისთვის სისტემის წინააღმდეგ ამბოხი თვითმიზანი არ არის. მისეული კრიტიკა კონსტრუქციულია და არა დესტრუქციული. ქაოსი მას შემოქმედებითი ენერგიების გამოსათავისუფლებლად სჭირდება და ისეთ კრედოს ადგენს, რომელიც ინდივიდს სამყაროს შესაქმის პარადიგმაში აყენებს: „მიეცი ადამიანს ქაოსი, რომ მან თავად შეძლოს სიტყვების მოწესრიგება“. მაგრამ ყველას როდი შეუძლია ქაოსი იღოს მუცლად და შვას „მროკავი ვარსკვლავი“. ჩვენს სინამდვილეში, ჰიდრას თავები ჰერაკლემ კი არ მოჰკვეთა, არამედ ცერბერმა მოაჭამა. ამიტომ ჰიდრა მარტივ მამრავლებად დაიშალა, ერთი გველეშაპის ადგილას კი ათასი მაჯლაჯუნა გაჩნდა და მთელ დედამიწას მოედო.
 
ჩვენი  ეპოქის  კრიზისის  უპირველესი  ნიშანი  „ღმერთების  მწუხრია“,  ღმერთის,
 
ავტორიტეტების, ყოვლისმომცველი ფილოსოფიური სისტემებისა თუ მოდერნულობის პროექტების(კაპიტალიზმის, კომუნიზმის და ფაშიზმის) მიმართ ნდობადაკარგული „უკანასკნელი ადამიანი“ უიმედობას მოუცავს: „რას ველოდები, ღმერთის გამოჩენას?“ - იკითხავს ავტორი და თავადვე პასუხობს „არა, ეს ერთხელ იყო როდესაც კარის სახელური ამოძრავდა, ახლა ღმერთები აღარ არიან, აღარც კარის სახელურები მოძრაობენ, რადგან კარს აქეთ მოლოდინი დაშრა.“
 
მარადიული ჭეშმარიტებების, ღმერთების, უგენიალურესი ფილოსოფოსებისა თუ ბუმმბერაზ ხელოვანთა ეპოქა დასრულდა, მაგრამ ჩვენს დროშიაც გაივლის ამ საფეხურს ავტორი და იმავეს განიცდის, რაც ღმერთის სიკვდილის მაუწყებელმა, ფრიდრიხ ნიცშემ განიცადა. „ეს იყო ჩემი აქლემობის პერიოდი, როცა აპოლოგეტების მჯეროდა“. დოგმატური აზროვნებისა და პოზიტივიზმის ფილოსოფიურ თეზისს ნიცშემ „მათრახისა და ჩაქუჩის ფილოსოფია“ - ძალაუფლების ნება დაუპირისპირა „ღვთაებრივ არად“. უდაბნოს ქვიშაში ჩამუხლულ და მორჩილ აქლემს მან შამბნარებიდან „მბრდღვინავი ლომი“ მოაგება იმ იმედით, რომ „შეგვეძინებოდა ძე“ ბავშვი, „პირველი ძვრა, თქმა ღვთაებრივი დასტურისა“ - რომელსაც სახელად დავარქმებდით.... ზეკაცს! ეგებ, ოდესმე ასეც მოხდეს, მაგრამ დღეს სახეზე ზეკაცების მაგივრად „სიმულაკრა და სიმულაციების“ ტოტალური ბატონობა, იმიჯების უსასრულო კვლავწარმოება გვაქვს. „ღმერთი მოკვდა,“ მაგრამ ის არც ნიცშეს მოუკლავს, არც ვინმე დევგმირსა და არც ზარატუსტრას, ის გააზატებული მონების გულღრძო შურისძიებამ იმსხვერპლა. ღმერთის მკვლელს ერთადერთი მოტივი ამოძრავებს, ყველას დაუმტკიცოს, რომ უღმერთოდ დარჩენილ სამყაროში, რომლის ერთი ნაგლეჯიც მას წილისყრით ერგო, მისი კერძო საკუთრებაა. ის ყველას თვალწინ უფრიალებს კვართის სისხლიან ნაგლეჯს იმის დასტურად, რომ ამიერიდან თვითონაა ღმერთი თავის სამფლობელოში და „მათრახით ხელში, ძალაუფლების ნების გამოსახატად ყველას წინაშე, თავის თავსაც უმტკიცებს საკუთრებაზე განუსაზღვრელ უფლებას, საცოდავი კაცუნა...“
 
ბისმარკის გერმანია ჰეროდეების იუდეას როდი ჰგავდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ნიცშესთვის, რომ ფორანში შებმული გახევებული ცხენის თვალებში იესო ნაზარეველი ამოეკითხა... მაგრამ ეს ხომ via dolorosa-ა, აქ შესვენებას არავის პატიობენ, მით უფრო ღმერთებს და ღმერთკაცებს. ღმერთის მკვლელმა, ამ „უმზგავსო ადამიანმა“ „არაადამიანური ძალით დასცხო ცხენს მძიმე მათრახი, რომლის მსხვილ ტყავშიც ჩატანებული იყო წვრილი რკინის ბურთულები და ცხვრის ძვლის ნამსხვრევები, ისე, რომ ყოველ დარტყმაზე ცხენის ტანზე სისხლის ზოლები რჩებოდა, ნიცშე ამის შემხედვარე ცხენის მიმართულებით გარბოდა და თან ღრიალებდა: „რას გიშვრებიან, იესო ნაზარეველო, ეს კაცუნები! ეს კაცობრიობის მტრები!“ გადმოცემის თანახმად, ფრიდრიხ ნიცშე სწორედ იმ დღეს შეიშალა ჭკუიდან, როცა ცხენის არაადამიანური სისასტიკით ცემის შემზარავ ფაქტს შეესწრო... 
 
მაშ, როგორ არის შესაძლებელი წესრიგი, როცა აღარც ღმერთები წერიან ცოცხლებში და ჯერ ზეკაციც არ მოსულა? რა უნდა ვქნათ სანამ არ მოსულა ჟამი და არ დამდგარა „დიდი შუადღე“? რა გზა უნდა განვლოს სულმა, რომ „კაცუნების“ ბატონობას დააღწიოს თავი, ანდა როგორ გაუყვეს იმ „კურდღლის სოროს“ რომელიც მას ზეკაცამდე მიიყვანს?
 
ბოლო ათწლეულებში დღემდე არსებული ყველა სოციალიზაციის აგენტი: ოჯახი,
 
სკოლა, ქუჩა, მედია, ეკლესია, კულტურა - ძირითადად ორი
 
ურთიერთგამომრიცხავი დისკურსის, ფსევდო-კონსერვატორული და ფსევდო-ლიბერალური დისკურსების კვლავწარმოებას ახდენდა. აქ „ფსევდოს“ იმიტომ ვხმარობთ, რომ „პოსტმოდერნულ მდგომარეობაში“ მოდერნის ეპოქის იდეოლოგიები სიმულაციებადაა ქცეული, დისკურსებამდეა დაყვანილი და
 
მხოლოდ ნიღაბს წარმოადგენს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული კონფორმიზმისა. ასეთ მდგომარეობაში ყველაფერი ფასადურია, (ჭრელა-ჭრულა ფასადების უკან ჩამპალი კედლებიც ხომ ფასადური დემოკრატიის გრძნობად-კონკრეტული გამოსახვაა), სიმულაციურია, რადგან ღმერთზე წმინდა „მიტრა და საკმეველია,“ ანანასზე გემრიელი ლიპიდებისა და ემულგატორების სინთეზით მიღებული საღეჭი რეზინაა „ანანასის ექსტრაქტით,“ ფსევდოა, რადგან კონსერვატიზმიცა და ლიბერალიზმიც მოწყვეტილია თეორიულ რეფლექსიებს, ქვეცნობიერ ავტომატიზმებამდეა დასული და ყოველი მათი შვილობილი „დოქტრინაც“ მხოლოდ იარაღია, ტექნეა „ძალაუფლების ნებისათვის“ საკმეველის ასაბოლებლად. იმიჯების, სურათ-ხატებისა თუ სიმულაციების მოზღვავების, მათი ჰიპერ-ინფლაციის ხანაში, ფსევდო-ლიბერალიზმისა და ფსევდო-კონსერვატიზმის დაპირისპირებაც, სიმულაციურია, თამაშია აზრის გარეშე; ამ თამაშში ფსონების დადებას აზრი ეკარგება, ვინაიდან მოგების შემთხვევაშიც კი დიდია შანსი, რომ ხელში გაუფასურებელი ბანკნოტები, „ჭეშმარიტებები“ და „ბედნიერებები“ შეგრჩეთ.
 
ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობები, მხოლოდ ამ სურათ-ხატების დეკონსტრუქცია და ავტორიტეტების დამხობა როდია. ის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ დაპირისპირებებზე მაღლა დგება, მათ გაივლის, მოიცავს კიდეც და მათ შორის განსხვავებას არაარსებითად აქცევს, მათ გადალახავს და მკითხველს აიძულებს დაიწყოს აზროვნება ყოფიერებაზე, ოღონდ ისე კი არა, რომ უბრალოდ, პასიურად უჭვრიტოს და ამით ნეტარებას მიეცეს, არამედ აქტიურად მიემართება მას სამყაროს შეცვლის, მისი გასაზრისიანების განზრახვით, რათა საბოლოოდ თვითონაც შეიცვალოს და ახალი „უნივერსალობა“ დააფუძნოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ოთარ ჯირკვალიშვილის მოთხრობები ყოფიერებაზე დიალექტიკური აზროვნების ნიმუშებია, თანაც არც ჰეგელიანური მკაცრი ცნებითი აპარატითაა დამძიმებული და არც პათეტიკურ-პოეტური მოთქმა-გოდებაა დიალექტიკური აზროვნების დავიწყებასა თუ „დაკარგულ სამოთხეზე“.
 
საინტერესოა, რომ ავტორი შესავალშივე განაწყობს მკითხველს დიალექტიკური აზროვნებისათვის; ის ფორმალური ლოგიკის ნაცვლად, კრიტიკულ აზროვნებას გვთავაზობს. ის უბრალოდ კი არ გმობს ფორმალურ ლოგიკას, არამედ აჩვენებს რომ ეს უკანასკნელი, მხოლოდ კერძო, რედუქციული შემთხვევაა დიალექტიკური ლოგიკისა. ამ არისტოტელეს „მიერ შემოგდებულ ზედაპირულ სატყუარას“ ხშირად ავტორიც მიმართვს, ოღონ არა იმისათვის, რომ გააფეტიშოს ანდა კანტის „ტრანსცენდენტალური ლოგიკით“ დაუპირისპირდეს, არამედ იმისთვის რომ ამ მეჩხერი ზედაპირიდან სიღრმეში შეგვიტყუოს და დიალექტიკის წრე შემოგვახაზინოს.
 
„ან-ანის“ ფორმალურ ლოგიკას „არათანაზომადის მოკვეთა“ და მისი სისტემიდან გარიყვა-განადგურება ახასიათებს. ამაზეა დამყარებული კონსრვატორულ-ფაშისტური აზროვნებაც - „ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია.“ მის უარმყოფელ, კანტიანურ ლიბერალურ ლოგიკას კი ყველაზე მეტად საზღვრების გავლება უყვარს, დაწყებული შემეცნების საზღვრების გავლებიდან ისრაელ-პალესტინისა და მექსიკა-აშშ-ს გამყოფ კედლებამდე (ბერლინის კედელი მათთან რა მოსატანია). რკინა-ბეტონის ეს კედლებიც იმ უჩინარი კედლის მატერიალიზაციაა, რომელიც უფრო ადრე აღმართა ლიბერალურმა იდეოლოგიამ საზოგადოებაში და ადამიანები უმრავლესობა-უმცირესობად დაყო. „იდენტობების პოლიტიკამ“ და „გონების საჯარო სივრცეში მოხმარებამ“ (კერძოს, ე.ი. ეკონომიურის უგულებელყოფით) სოციალური საკითხი იმდენად უკანა პლანზე გადაისროლა, რომ ქართველთა ერთ ნაწილს „მარტო ბორჯომით ვიცხოვრებთ“ დააჯერა, ლამის კიბორგების უფლებადამცველად აღანთო და გული აუძგერა(ამ უკანასკნელის ჭეშმარიტებაში მას „ღვთიური ინვესტორი“ არწმუნებდა ფრიად სოლიდური გრანტებით). ეს კედელი „ერთიანი სტრუქტურის მქონე, მეტაფიზიკური წარმონაქმნია“ სწორედ ის უქმნის ბარიერს დაპირისპირებულებს ერთმანეთში გადავიდნენ და სინთეზი განიცადონ. ოთარ ჯირკვალიშვილი, თავის მოთხრობაში „ხელოვანი“ ამ მეტაფიზიკური კედლის შიგნით აღწევს და როგორც აგურებს, ისე გამოიღებს მისგან ცნებებს, მოითვინიერებს და იმგვარ ენაზე მოთარგმნის, რომ მისი მთლიანობა ირღვევა, სუბსტანციურობისაგან იწრიტება, რამეთუ ცხადი ხდება, - კედლებს არანაირი კავშირი არა აქვთ ყოფიერებასთან, აკი „სამყაროს კიდე არა აქვს“. დისკურსების, როგორც იდეოლოგიების იმიჯების ძალაუფლება სწორედ ამ „ზღვრების დადებაში“ გამოიხატება. ყოფიერებასა და ძალაუფლების აპარატებს შორის გამოკიდებული ინდივიდი კი დაბადებიდანვე წინასწარ დასაზღვრულ იდენტობებში გადასაგდებადაა განწირული. საოცარია, რომ ამ მდგომარებიდან ხსნა ვინმე მესიათა ქადაგებანს კი არა, მხოლოდ სიკვდილთან გაბაასებას შეუძლია; მორიელში განსხეულებული არარა ჩვენს ტვინში იჭრება, მარწუხებს გულის სარქველებზე გვიჭერს და ყურში მაცდუდარად ჩაგვსისინებს „ის რაც რაიმეს ზღვარია, თავად ვერ იქნება რისი ზღვარიც არის“. საზღვრისთვის ნიადაგის გამოცლა, ზღვარგადასულობა ამბოხია მზვარმდებელის წინაშე. მისგან გათავისუფლებით, ზარატუსტრას „ბავშვი“ არტახებს იწყვეტს, რაც კიდევ ერთ წინ გადადგმული ნაბიჯად უნდა განვიხილოთ ზეკაცისაკენ მიმავალ გზაზე...
 
რაკიღა ერთის მხრივ, იმიჯების ავტორიტეტია უარყოფილი, მეორეს მხრივ კი, ფორმალური ლოგიკის(თეზისი) მნიშვნელობა ზედაპირულობამდეა დამცრობილი, ხოლო ტრანსცენდენტალური ლოგიკისა(ანტითეზისი) - საძირკველგამოცლილი, მკითხველს საშუალება ეძლევა მათი მოხსნითა და გადალახვის გზით მიღებულ, დიალექტიკური ლოგიკის (სინთეზი) გამოყენებით იაზროვნოს.
 
ვფიქრობ, ამ მოთხრობების დამწერიც სინთეზის სტადიაზე დგას და ამ რაკურსიდან ხედავს უკან ჩამოტოვებულ თეზისსაც და ანტითეზისსაც. კითხვისას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს გამოუვლია „ფართო გზაცა და ვიწრო გზაც“, თუმცა არც ერთს მიუყვანია დაღუპვამდე და არც მეორეს მარადიულ ნეტარებამდე; ავტორი ამ ორივე გზის ბოლოშია, იქიდან იაზრებს, ანდა ორივე მათგანს ზემოდანაც დაჰყურებს, როგორც „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“ მდგომი ზარატუსტრა და გახმამყივარებული, მთის მწვერვალიდან „გვასწავლის ზეკაცს“.
 
უკეთ რომ გავიგოთ, თუ რას ნიშნავს „მიღმურიდან მზერა“, წარმოიდგინეთ რომ ახლა 1871 წლის მარტის ბოლოა და თქვენ პარიზის მხცოვანი, ას წელს მიტანებული კომუნარი ხართ. გახსოვთ ბავშვობაში ბასტილიის აღებით გამოწვეული ხალხის აღტკინება, შემდეგ ჟირონდისტების დროინდელი იმედგაცრუება, იაკობინელების ტერორიც, გახსოვთ როგორ თქვით „ყველაფერი ამაოა“ როცა რევოლუცია იმპერიულ-ბონაპარტისტულ ფაზაში შევიდა, მერე მარცხი გახსოვთ ვატერლოოსთან და ბურბონების რესტავრაცია, თაობათა და კლასთა ბრძოლა („ყველაფერი სულ ერთია“).... აქამდე ამ ყველაფერს ქაოტური სახე ჰქონდა, მაგრამ ახლა, სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული ხვდებით, რომ ეს ყოველივერ ერთი დინამიკური პროცესის ნაწილები ყოფილა. სწორედ კომუნის დღეებში თუ დაინახავდით ისტორიის დიალექტიკურობას, თავის თეზისითა(1789-1815) და ანტითეზისით(1815-1871). სწორედ ამ სიცოცხლით „დაღლილობაში“ დაინახავდით ნათლად იმ საზრისს, რასაც მანამდე მხოლოდ „მრუდე სარკეში“ არჩევდით ბუნდოვნად. ჰაიდეგერის სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი მხოლოდ სიკვდილის წინ აცნობიერებს, რომ ის რაიმე იდენტობით კი არა მხოლოდ „სამყაროში გადაგდებულობითაა“ განსაზღვრული, მხოლოდ სიკვდილის, როგორც არარას წინაშე დგომით, მისგან თავის განსხვავების გზითაა შესაძლებელი ყოფიერებასთან მიკუთვნებულობის განცდა. ამგვარად,
 
დიალექტიკური აზროვნება ყოფიერების თვითრეფლექსია გამოდის, ყოფიერებისსავე გარეთ მდგომი სუბიექტის მის წიაღში შემოსაქცევად და ამდენად მის Dasein-ად ქცევად. ავტორის მიერ სიკვდილის გაპიროვნება, მასთან დაპირისპირებაც, სიკვდილისთვის თვალის გასწორებაც, არაარსებითს ხდის ყოველგვარ იდენტობას, არღვევს მეტაფიზიკურ კედლებს. სადაც სიცოცხლეა იქ მოძრაობაა, მუდმივი ცვლილებაა და ამდენად A=A-ს მხოლოდ უძრავ, მკვდრარ სინამდვილეშია ჭეშმარიტი. აკი სიკვდილიც ფორმალური ლოგიკის კანონებით გვესაუბრება. („მართლა გასწავლიდი, როგორ უნდა შემგუებოდი, მაგრამ ეგ არც მე ვიცი, რადგან არ ვარსებობ“). სიკვდილთან დისტანცირებით კი ფორმალური ლოგიკისაგან დისტანცირებასაც ვახდენთ. ეს უკვე მერამდენედ ყოფიერებაში გადაქანებული, ავტორის მეშვებოთ ყოფიერებას ვუბრუნდებით მასზე შესაძლო აზროვნებადკი მხოლოდ დიალექტიკურ ლოგიკას ვიხდით.
 
დიალექტიკური აზროვნების ნათელი მაგალითი და მისი სტრუქტურის სახეა მოთხრობა „მღვდელი“. ნიშანდობლივია, რომ ტექსტის პირველი და უკანასკნელი აბზაცი ერთიდაიგივეა და დაუსრულებელი. თუმცა, ეს მხოლოდ, ფორმალური და არა ჰერმენევტიკული თვალსაზრისით. ტექსტის ბოლო აბზაცი ერთსა და იმავე დროს პირველი აბზაციც არის და თან არც არის, რადგანაც კითხვის დასასრულს მასში ჩადებული შინაარსები უფრო განვითარებულ საფეხურებზე აიყვანება, თანაც რჩება განწყობა, რომ ეს დასასრული სულაც არ არის, უბრალოდ ტექსტმა იმ ადგილას მიგვიყვანა საიდანაც დავიწყეთ და შინაარსობრივად დატვირთვის შემდგომ ვემზადებით ამ უსასრულო ციკლის შემდგომ სტადიაზე გადასასვლელად.
 
ეს მოთხრობა ყოფიერების სტრუქტურას გვიმჟღავნებს და გვაჩვენებს, რომ ყოფიერება ერთიანი და ღიაა; „მარადიული კვლავდაბრუნება იგივესი“ ციკლურ დროის განცდას გვაძლევს და გვაიმედებს, რომ სამყაროსთან დაკარგული „ჰარმონიის“ დაბრუნებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცაღა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაბრუნებული ჰარმონია თვისებრივად უფრო მაღალ საფეხურზეა ასული. თავდაპირველ ჰარმონიაში ბედნიერებაც კი „ზედაპირული და წყალწყალაა.“ სრულყოფილი ადამი და ევა სინამდვილეში მუნჯი პირუტყვები არიან, რომლებიც იმიტომ კი ვერ ლაპარაკობვენ რომ ტვინში ბროკას ზონა არა აქვთ, არამედ იმიტომ რომ მათ არაფერი აქვთ ერთმანეთში სათქმელი. ამიტომაც ხვდება ადამიანი, რომ „რაღაცა ისე ვერ არის“, მის ბედნიერებას აკლია გააზრება, თვითრეფლექსია. ცალკეული, „ერთი ადამიანის“ წინაშე „შინაარსისაგან განძარცული, აბსოლიტური ერთი, არარაში ჩანთქმული“ მეტისმეტად პირქუშად და არაფრისმთმელად 
გამოიყურება. სტატიკურ ერთგანზომილებიან სამყაროში სიმოვნებაც კი შეუძლებელია, დაპირისპირების არარსებობის გამო, აქ ტოტალური განურჩევლობაა, რაც ყოველივეს აუტანლად მომაბეზრებელს ხდის. ეს სინგულარული მდგომარეობაა
 
- მათემატიკურ წერტილში ჩატეულ ვეებერთელა უნივერსუმის მასას მხოლოდ „დიდი აფეთქება“ შეუძლია და ისიც სკდება კიდეც. ის აღმოაჩენს, რომ დაძაბულობის მიზეზი მასშივეა, რომ სიკვდილი ანდა არარა მავანი კი არ არის, მისივე თავისი სხვაა,
 
აბადონია. „დემონთა ენაზე მისი სახელი ნიშნავს არავინ! ამიტომ, როდესაც ამბობს ფრაზას: მე ვარ! ამ სიტყვების მიღმა მხოლოდ არაფერი იგულისხმება“. თავის ონტოლოგიურ დაფუძნებულობაში, „მე ვარ“ არის ფრაზა, რომელიც მხოლოდ თვითკმარ არსებას, ღმერთს შეუძლია თქვას, რადგანაც სხვა ამ სიტყვების წარმომთქმელი, რამდენადაც ყოველ წამს იცვლება, „მე ვარ“-ის თქმის ბოლოს უკვე „სხვა“ იქნებოდა. ამდენად, ყოფიერება მხოლოდ და მხოლოდ მასში შთამოჭრილი და მისგან გამოსული არარას საფუძველზე დაიდგენს თავს, „თვითობას“ ივითარებს და თავადაც ვითარდება...
 
ისევე როგორც ჰეგელის „გონის ფენომენოლოგიაში“ დასმული უზოგადესი კითხვები, მის გვიანდელ ნაშრომებში გამოიშლება, განვითარდება და დაკონკრეტდება, ოთარ ჯირკვალიშვილის დანარჩენი მოთხრობებიც „მღვდლის“ დამიწება და განვითარებაა. თუკი აქამდე სამყაროულ ამბებზე ვუბნობდით, ახლა სრულიად ადამიანურს შევეხებით. ამ მოთხრობებში ადამიანის მშფოთვარე თვითცნობიერება ისევე ასახავს „სამყაროს გონის“ მოძრაობას, როგორც მიკროკოსმოსი(ადამიანი) თავისი აზროვნებით აირეკლავს მაკროკოსმოსს(სამყაროს) მის ნიშნებს გააცხადებს, სამყაროულ მოძრაობებს იმეორებს და სამყაროს წიაღში მდგომი დამკვირვებლისათვის თვალსაჩინოს ხდის. აჰა, ეს დამკვირვებელი (ავტორი) მიკროკოსმოსზეც ანალოგიური სქემით გვესაუბრება. „ვუყურებ ადამიანს, რომელიც მომწონს, იგი უცებ თავის თავს გამოეყოფა და ორ ერთი და იგივე მაგრამ სხვადასხვა ადამიანად იშვება, ვეღარ ვარჩევ, რომელია ნამდვილი და რომელი ყალბი. სულ ეჭვში ვარ, თუმცა ერთნაირად მიყვარს ორივე“. ჭეშმარიტებაში მყოფი შემმეცნებელი სუბიექტი ამ გაორებებს ვერ ამჩნევს, მისთვის შეუმეცნებადია ყოველვარი ამბივალენტობა; „მკვდარი დოგმა“ ჩვენს გონებაში ფილტრივითაა ჩაშვებული და ისიც მხოლოდ იმ ინფორმაციას ატარებს გულამდე, რომელიც შესაბამისობაშია მასთან, მხოლოდ „ყურის მაამებელი სიტყვები“ თუ შეაღწევს მასში. ამდენად, „ჭეშმარიტებაში“ დგომა კონსერვატორის პოზიციაა, მის ყურს იმის გაგონებაც არ უნდა, რომ „კეთილი ცნობა“ ამავდროულად „ბოროტი ცნობაც“ არის და რომ ყოველგვარი სიკეთე თავის თავში ბოროტებას დაატარებს. ამ ამბივალენტობის გარეშე შეუძლებელია განვითარება, სადაც „ნივთი თავისთავადს“ „თავისი სხვა“ არ დაუპირისპირდება, იქ შეუძლებელია რაიმე ახალი წარმოიშვას. სტატიკური, იდეალური სამყაროდან ყოველი წინსვლა - ნორმიდან გადახვევაა, დევიაციაა, ცოდვაა. მაგრამ ავტორი მორწმუნის პოზიციაში როდი დგას, ის მარად მოეჭვეა და ყურადსაღებია, რომ ის წერს „ვუყურებ ადამიანს“ და არა „ვუსმენ ადამიანს“, აკი კარგა ხანია ცნობილია, რომ ყური მორწმუნეა, ხოლო თვალი - მოაზროვნე. მხოლოდ ასეთ მოაზროვნე მოეჭვე არსებას შეუძლია რაღაც ახალი აღმოაჩინოს, რაიმე უნივერსალობა დაადგინოს; თუმცა ავტორი cogito, ergo sum-ის ნაცვლად წამოიძახებს 
- ეჭვით ვუყურებ, მაშასადამე ვაღიარებ, რომ ყოფიერების წიაღში ჩემის და ყოველივეს ცვალებადობა, - „სულის გავითარების ცირკულარობა,“ სამყაროს უშინაგნესი კანონზომიერებაა.
 
მიკროკოსმოსიც განვითარებისა იმავე გზას გაივლის, რასაც მაკროკოსმოსი. საკუთარ თავში გასხვისება, მისგან გამოსვლა, განვითარება და კვლავ საწყის წერტილთან შემოქცევა - „გონის განვითარების ცირკულარობა“ თავისი არსით, ჰეგელისეულ „გონის გოლგოთაზე ასვლას“ მოგვაგონებს. როგორი იყო ეს გზა ქრისტეს ცნობიერებამდე? რა აიძულებს პლატონის გამოქვაბულიდან თავდაღწეულ გონს იდეების სამყაროს დაგემოვნების შემდგომ უარი თქვას „ღვთაებრივ ნეტარებაზე“ და გზა კვლავ განაგრძოს? მოვუსმინოთ თავად ავტორს: „მან გამოაღწია გამოქვაბულიდან, თავისი სხეულის ჩრდილებს თვალი აარიდა, გამოქვაბულში დანთებული ცეცხლის მაგივრად შეერწყა მზეს, გაიარა სამყაროს სული, ლამის გადალახა კოსმიური გონება და მიუახლოვდა ერთარსება ერთს, ერთდროულად არსებულ და არარსებულ აბსოლიტურ სიკეთეს და დასვა შეკითხვა: მერე?“ ერთხელ განკაცებული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე-ღმერთი (ანდა ქრისტეს ცნობიერება) კვლავაც დედამიწაზე ეშვება, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ მისი „მეორედ მოსვლით“ მსჯავრი დასდოს წუთისოფელს, მას ამჯერად სრულიად სხვა გზის გავლა სწყურია, სახელიც კი სხვა აქვს ხელმეორედ განკაცებულს... მოდით, მას სოლომონის ცნობიერება ვუწოდოთ.
 
ამგვარად, ჰეგელისაგან განსხვავებით, ავტორისთვის ეს გონი თავის დასრულებულ სახეს არა ქრისტეში, არამედ სოლომონ-ბრძენში აღწევს. სწორედ სოლომონმა „დაიწყო დედამიწით და ზეცის გავლით, ისევ დედამიწას დაუბრუნდა.“ სანამ გონი გამოქვაბულში იყო მიჯაჭვული, ლანდები რეალური საგნები ეგონა და „ამქვეყნიურ სიამენში“ ჰპოვებდა თავის წილ ბედნიერებას. გამოქვაბულიდან გამოსვლის შემდგომ კი მას „ყოველივე ამაოა“ აღმოხდა, მან ეს სიცრუენი შეიზიზღა და „ჭეშმარიტებას მიეკრო.“ ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც კი ის იდეების სამყაროში გადავიდა, ყოველივეზე ამაღლდა და ზემოდან გადმოიხედა ერთი რამ აღმოაჩინა: ქვემოთ ყველაფერი უზომოდ დაპატარავებული და ერთობ უმნიშვნელო იყო ...ამაოების ჩათვლით. გონი აცნობიერებს, რომ „ამაოება ჩვეულებრივი, მყარი ცხოვრებისეული კატეგორიაა.“ თუკი მიწაზე ყოფნის ჟამს ამქვეყნიური სიამენი ამაოება გამოდგა, ზეციდან ამაოებაზე გოდებაც უმნიშვნელო ფაციფუცად აღიქმებოდა. მაშასადამე, უარყოფის უარყოფამდე მივედით. „სიამოვნების პრინციპი,“ მის უარმყოფელ „ყოველივე ამაოა“-სთან ერთად „ყოველივე სულერთიაში“ გადაილახა, მათ შორის არსებული წინააღმდეგობა მოიხსნა; დაპირისპირება, აქამდე სისხლისმხვრეპავი ომი რომ გვეგონა, ბავშვების ღლაბუცობა აღმოჩნდა; ზეციური რაკურსიდან მზერა ფენომენებს სერიოზულობას უკარგავს, აკი ნათქვამია „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“.
 
გასაგებია, რომ „სიამოვნების პრინციპს“ „ყოველივე ამაოა“ ისევე მიემართება როგორც თეზისს ანტითეზისი, როგორც რაიმეს ჰოყოფას, მისივე უარყოფა, მაგრამ ეს სინთეზი სადღა ჯანდაბიდან „გამოტყვრა“? მივყვეთ „ეკლესისატეს“ ავტორისეული წაკითხვის დინამიკას: „როდესაც ასეთ აზრებს გამოხატავ - კაცის და ცხოველის ხვედრი ერთია, ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს და ყველას ერთი სული უდგასო - ეს უკვე იმის ნიშანია, რომ „ამაოებამ“ ამოფრქვევისთვის განწირული ვულკანივით მოქმედება დაიწყო და გადადის შემდეგ ფაზაში „ყველაფერი სულერთიაში“.“ ამდენად, უარყოფის უარყოფა რაღაც გარედან მოსული რამ კი არ არის, არამედ უარყოფის უარყოფითი ბუნებიდანვე გამომდინარეობს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი უარყოფა, ადრე თუ გვიან, თავის აპოთეოზს თვითუარყოფაში აღწევს. სოლომონ ბრძენის შემთხვევაშიც ასე მოხდა: ის ცამდე იყო ამაღლებული და ამ ამაღლებამ საბოლოოდ იმ წერტილამდე მიიყვანა, საიდანაც დაიწყო“ - მიუხედავად ამისა, დიალექტიკური წრის შემოწერისას, პირველ წერტილთან დაბრუნების მომენტი, თვისებრივად სხვა, უფრო მაღალი დონის საფეხურია. თუ სოლომონისათვის სიამოვნება თავდაპირველად „სტიქიური მოვლენა,“ მძაფრი შეგრძნებების განცდის წყურვილი იყო, აქ უკვე „ჰედონისტურ მსოფლმხედველობად“ ქცეულა. პოეტური პათოსით დაწყებული თხრობა-ცხოვრება იყო სოლომონი თავისთავად, „ყოველივე ამაოა“(სტოიკური თვითცნობიერება) - მისი თავისი სხვა, ხოლო როგორც კი თვითცნობიერებამ „ყველაფერი სულერთიას“ სახე მიიღო- ის გახდა სოლომონი თავისთვის. „კვლავაც თხრობის დასაწყისს ვუბრუნდებით. ოღონდ უფრო პროზაულად“.
 
ცხადია, ამით ყველაფერი არ სრულდება, აკი ჰეგელთანაც ბატონისა და ყმის დიალექტიკის გადალახვაც არ სრულდება „ჰეფი ენდით“. ჰეგელთან, თვითცნობიერების „უბედურ ცნობიერებაზე“ გადასვლის მსგავსად, სოლომონიც თავისი „ცხოვრების უინტერესო ინერციის წერტილს“ – „დაღლილობას“ აღწევს. სოლომონში პროეცირებულ „სამყაროს გონს“, ამ დროისათვის ერთადერთი საზრუნავიღა რჩება: სიცოხლით სიმაძღრე - სიხარბედ არ ექცეს და ამან უღირსი არ გახადოს. „სული ტკბილიას“ არ უნდა შეეწიროს სულის ღირსება. გონება, გონამდე უნდა ამაღლდეს, თვითცნობიერების ჭეშმარიტებას მიაღწიოს, საფეხურს, როცა განსხვავება საბოლოოდ წაშლილია სუბიექტსა და ობიექტს, ცნებასა და საგანს, ტრანსცენდენტურსა და იმანენტურს შორის. „უბედური ცნობიერება“ მხოლოდ „მარად უცვლელთან“ შეკავშირებით მოიხსნის საკუთარ პარტიკულარობას და ამ მოხსნით ყოფიერების ჰარმონიულ პულსაციაში, მისი გამოისობით გაჩენილ, სისტემის ხმაურს შეაჩერებს.
 
ყოფიერებაში თვითჩაძირვის პროცესი არ უნდა იწელებოდეს მომაბეზრებლად, თორემ ნარცისიზმი გარდაუვალი იქნება. უარსაყოფ „ეგოზე“ ჩაბღაუჭებას, ჰეგელი ცნობიერების განავალზე ფოკუსირებას ადარებს. სიცოცხლით „დაღლილობის ჟამს,“ თავის „ეგოს“ რომ დაჰფოფინებს, „ბედკრული და გასაცოდავებული“, ანალურობაზე ჩაციკლული ცნობიერება, თავადაც განავლად გადასაქცევადაა განწირული. „უბედური ცნობიერება, რომ „საზიზღარ ცნობიერებად“ არ იქცეს, თვითმოკვდინების რიტუალი უნდა აღასრულოს. როგორობამ, ერთი ხელის მოსმით(ანდა ხმლის ერთი დაკვრით) უნდა განიცადოს ტრანსფორმაცია და გააკეთოს ნახტომი რაობაში.
 
ამდენად, დასრულებული გონი თვითმკვლელობამდე მიდის. ეს არაა ბერიკაცის ემოციური გადაწყვეტილება, როცა საკუთარი განვილი გზით უკმაყოფილო მოხუცს, ყელში ბურთი აწვება და მუჭა-მუჭა იყრის პირში წნევის დამწევ წამლებს. პირიქით, ეს სწორედაც რომ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი, ბრძენი-სამურაის ჰარაკირია. მას საკუთარი სიკვდილის თითოეული, ყველაზე უმიშვნელო წვრილმანიც კი წინასწარ აქვს გათვლილი და გაანგარიშებული. მისთვის, სიკვდილი მხოლოდ საშუალებაა სამყაროს აბსოლიტურ გონთან შერწყმისა, ამოცანად კი ის დაუსახავს, რომ კი არ ჩაძაღლდეს, არამედ ღირსეულად მოკვდეს; მოკვდეს თანაც ისე, რომ ფიზიოლოგიურმა პროცესებმაც კი ვერ შეძლონ მისი შებღალვა. მაშინაც კი, როცა სეკუნდანტი, მუცელში ხმალგაყრილ სამურაის თავს გააგდებინებს და ტვინიც ყოველგვარ კავშირს გაწყვეტს სფინქტერის კუნთებთან, ექსკრემენტებმა ვერ უნდა შეძლონ მისი წაბილწვა, უნებლიე დეფეკაცია არ უნდა მოხდეს, ღირსებამ გვამური პროცესებიც კი უნდა გადალახოს! „იმ ადგილას, სადაც მან ჰარაკირი გაიკეთა სისხლის ერთი წვეთიც ვერ იპოვეს,“ „ხოლო სხეულის დათვალიერების დროს აღმოაჩინეს, რომ თვითმკვლელს უკანალი ბამბის გორგალით ჰქონდა დაცობილი“.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული