რად იქცა პოეზია





პოეზია

რად იქცა პოეზია




 
ბოლოს რომ გამთვარდი შემომჩივლე:
წყლად ყოფნა ჯობდა და 
წყალი უკეთ ანუგეშებდი შენწაღებულ პოეზიას.
მთვარის თვალით კი უხილავია
გზად ჩაფლული უცხო თესლები
რომლებიც მალე აფეთქდება
გულისსიღრმიდან ამოისვრის 
მანათობელი არსებების თანამგზავრ ნაყოფს.
ყვავილებივით გაიშლება სიტყვები ცამდე
და როგორც თავის მხარზე ჩამოდება
ვანილის სევდით აივსება 
გროტესკულ ღეროებს მიბჯენილი,
ცისკენ აზიდული კიბეები.
და სიტყვები იქნებიან ყვავილები 
და ყვავილები იქნებიან შეუცვლელი მედიუმები
სამყაროსა და პოეტებს შორის.
ახლა კი, რად იქცა პოეზია…
 
 
 
დაშლა
 
იქნებ ამინდი ვარ და ხეებივით აყვავდა ქარში გაზაფხული
თვალებად მთვარეებს დავატარებ ქუთუთო წამწამებით მომეღრუბლა
და ზუსტად ისე ჩანს ეს ფერმკრთალი, ბამბის ქულებში გაბლანდული ორი მთვარე, როგორც დღის ცაზე დასიზმრული ღამის ესკიზი მე
დავიშალე. და აღარ ვიცი სად ვმთავრდები ან სად ვიწყები ან თუ არსებობს დასასრულის თუ დასაწყისის ფუჭი ცნებები. უბრალოდ აქ ვარ
მთვარე ვარ მზე ვარ მიწა ვარ ცა ვარ წყალი ვარ თევზი 
რომელსაც უყვარს სიზმრების მწყემსვა ფერადი ფსკერის ფაფუკ ქვიშაზე მე
დავიშალე. და აღარ მახსოვს რა ქვია გრძნობას რომელიც უდრის ტკივილის ფორმას
დაცემის სხეულს წაქცევის ხმაურს დრამატულ ბგერას.
მე დავიშალე უამრავ ნიშნად რომლებსაც ალბათ დავახარისხებ და ამოვარჩევ
მხოლოდ შვიდს მათგან: მთვარეს, მზეს, ღრუბელს, წყალს, ქვიშას, სიზმარს
ცას და გავხდები გაზაფხული რომელიც მოდის. და რა იცვლება? არაფერი
ეს ნიშნებიც ხომ უკვე არსებობს - გვერდს ვერ აუვლი ვერ შექმნი ახალს
სრულიად უცხოს, მოუხელთებელ ოცნებას გავს ფიქრობდე ლექსზე
და ვერასოდეს ვერ წერდე ისე, რომ გაზაფხული
ყვაოდეს წყალში - ახლადგაფოთქილ თევზებს არხევდეს
და ყველაგნ, სადაც თვალი მიწვდება ხედავდე სურნელს
გადაპენტილი ატმის ხეების.
 
 
 
სიკვდილის ფერი
 
ჯიუტად ვცდილობდი მზე დამენახა ლურჯი
თვალებს ვხუჭავდი, წარმოვიდგენდი, ისევ ვახელდი
და მოუთმენლად ველოდი ლურჯ მზეს
მაგარამ უეცრად
ცეცხლისფერი სფეროც დავკარგე.
ვიძირებოდი უკუნეთში
და არ ვეძებდი ხელჩასაჭიდს
არ ვცდილობდი რამის შეცვლას
მსურდა სიბნელეს შევჩვეოდი. დამვიწყებოდა
ჩემს გონებაში არსებული ყველა ფერი, ნათება,
რწმენა, ყველა განწყობა; მერე თავიდან
გამეხილა თვალი, დამეჭირა მზე
რომელიც იბრდღვიალებდა ლურჯად. 
დიდხანს მივქროდი საოცარი სისწრაფით
სადღაც. დამდევდა განცდა, რომ მოგონებებს,
ილუზიებს, ცოდნას, შეგრძნებებს
გზადაგზა ბნელეთს ვუტოვებდი, ვიფილტრებოდი 
ვიფიტებოდი, ვმჩატდებოდი, ვქრებოდი, მოვკვდი.
კუნაპეტიდან დავიბადე თვალი შევავლე
ახალ სამყაროს. მაგრამ მზე ისევ ცეცხლისფრად ღელავს
მე ისევ ლურჯი მზე მინდა ვნახო
და ვკარგავ ფერებს - ისევ წყვდიადი, ისევ თავიდან, სიკვდილი
ისევ. დაუსრულებლად...თუმცა ვიცი რომ
ლურჯ მზეზე სურვილს თუ დავივიწყებ
მაინც მოვკვდები. არსებობს სხვა გზაც? 
 
 
 
სიჩუმის ტრაექტორია
 
სამყარო ღრუბლებით დანაღმული 
დიდი ოთახია და იქ
ნათურასავით მზე ირწევა შუქს 
ახარისხებს. ეს არ არის
ცხრაკლიტული უკვდავებით ვერ 
დახოცავ გმირებს, 
მითუმეტეს  -  ვერც დიალოგით,
ვერ გახდება ერთი პერსონა 
მეორის სარკე, ვერც - 
ჯოჯოხეთი.
თუმცა, ხანდახან, ასეც ხდება.
არ ვიცი რატომ. მე
ღმერთი არ ვარ
ოთახიდან შორს ავტოფიქრები
შლიან სისხამ ფრთებს
და სიზმარივით ფერმკრთალდება
ჩემი გონება. ღრუბლები
ყვავილების მტვრით გაჟღენთილან
ალივლივებენ სიტყვისფერ წვიმებს
ამავე ფერის ბალახი მოჰყავთ
ბალახი ფესვებს ზეცაში იდგამს
ისხამს ვარსკვლავებს 
რომლებსაც სიზმრის სურნელი აქვთ
ვწყვეტ და ვინახავ გამჭვირვალე
ფლაკონწვეთებში. 
მე დავბრუნდები ცხრაკლიტულში
სუნამოს ვისხამ თვალებთან ახლოს:
უფრო ლამაზად დავინახავ 
დახუჭვასა და გახელას შორის 
დაჭერილ ყოფნას. სიჩუმეს. სიკვდილს.
 
 
 

თანამედროვე ფილოსოფია, ლიტერატურა, ესეისტიკა, სიურრეალისტური გლემი, ჰორორი,პორნოგრაფიული ზღაპრები, პოლიტიკური პროვოკაციები, ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეურაცხყოფა... ასევე კიბერ-კულტურა, ქართული გლ(ი)ამური, ურბანული ფოლკლორი, მედია-კრიტიკა, შავი იუმორი, შოკი და ა.შ.