• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ნარდი

×
არფი ვოსკანიანი
ავტორის გვერდი არფი ვოსკანიანი 07 თებერვალი, 2024 450

– გასაოცარი ქვეყანაა სომხეთი, მსოფლიოში ცოტაა მსგავსი ქვეყანა, საერთოდ თუ არსებობს, ადამიანი მხოლოდ აქ არის თავისუფალი, ამერიკაში კი რა, ამერიკაში ადამიანი რობოტია, მონაა, – ამბობდა ღია კაფეში მჯდომი ლევონი, სადაც ერევნული საღამოების გატარება უყვარდა  და მის ნათქვამს მტკიცებულება არ სჭირდებოდა, რადგან ის იყო თავისი ნათქვამის ცოცხალი დასტური, ამერიკის უამრავი ლამაზი კურორტის ნაცვლად ზაფხულის შვებულებას სომხეთში ატარებდა. „ქვეყანა წლიდან წლამდე იცვლება“, – ამბობდა ლევონი.  

ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ის ამ ცვლილებებს „უცხო თვალით“ ხედავს. ხოლო კანონი თუ გვინდა, პატივი უნდა ვცეთ კანონს და ეს პატივისცემა, პირველ რიგში, კანონის წარმომადგენლის, პოლიციელის, პატივისცემით გამოიხატება. ასეთ ამერიკულ აზრებს გამოთქვამდა ლევონი, ჩვენ კი ვბრაზობდით, რადგან პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესიდან მოვდიოდით ხოლმე კაფეში, ან ჩრდილოეთ გამზირიდან, სადაც ოპოზიციონერები  პოლიტიკურ თავშეყრაზე გამოდიოდნენ და ხშირად ჰქონდათ შეტაკებები პოლიციასთან. ვეუბნებოდით ლევონს, რომ „უცხო თვალი“ ყოველთვის არ არის ობიექტური და მჭვრეტი და რომ ბევრი რამ უფრო ზუსტად ჩანს შიგნიდან და თუ ქვეყანა იცვლება, მხოლოდ უარესობისკენ. მაგრამ ნაწილობრივ  გაამერიკელებული ლევონი მოგვიწოდებდა, ცხოვრებისთვის ოპტიმისტურად შეგვეხედა, რაც ნიშნავს კარგის დანახვას და აღნიშვნას, ხოლო ცუდის „გატარებას“, რადგან ცუდი ყველგან არის. მისი ნათქვამიდან გამოდიოდა, რომ განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებსა და მესამე სამყაროს ქვეყნების მაცხოვრებლებს შორის განსხვავება ოპტიმიზმის რაოდენობაშია.  ლევონს  ოპტიმისტური სულისკვეთების არქონის არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, რადგან, მისი ნება-სურვილისგან დამოუკიდებლად, ის სომხეთს ტურისტის თვალით უყურებდა და  აქ მისი ერთადერთი საზრუნავი იყო კერძო სახლი კომიტასის ქუჩაზე, რომელსაც ელიტარულმა სამშენებლო ფირმებმა დაადგეს თვალი, ასტრონომიულ რიცხვებს სთავაზობდნენ, ლევონი კი  ყოველთვის მათ შემოთავაზებულზე ძვირად აფასებდა თავის სახლს, მანამ, სანამ სრულიად არ გაუფასურდა და ლევონმა საერთოდ უარი თქვა მის გაყიდვაზე.

ის უფრო ძვირად აფასებდა ზაფხულის რამდენიმე თვის სამშობლოსა და საკუთარ სახლში გატარების შესაძლებლობას, დილით ხეების ჩრდილში ყავის დალევას, შუადღისას გარე აუზში ჭყუმპალაობას, საღამოობით კაფეში ლუდის დალევას და ა.შ.

თავიდან ლევონი  ორი თვით ჩამოდიოდა, შემდეგ ორი  სამად იქცა, სამი-ოთხად, ოთხი კი ხუთად. ჰრანუშ ჰაკობიანი დაძახებას ვერ ასწრებდა, ლევონი რომ თავისი ნებითა და ინიციატივით, სულ „მოდი სახლში“[1]-ს გზას ადგა და რადგან წელიწადის ნახევარს სომხეთში ატარებდა, მანქანის გადმოყვანაც გადაწყვიტა სამშობლოში. სწორედ აქ, კერძოდ კი საბაჟოზე, იგრძნო  პირველი დიდი იმედგაცრუება სამშობლოს მიმართ.

კაფეში ლევონი გაოცებითა და დაწვრილებით ჰყვებოდა, თუ როგორ ცდილობდნენ  მანქანის განბაჟებისთვის  მისგან ფულის გამოძალვას თანამემამულე მებაჟეები და მიუხედავად მისი გაკვირვებისა, ეს ამბავი ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, ახალს არაფერს წარმოადგენდა, გარდა ფინალისა, ალბათ, რადგან ლევონმა გმირული საქციელი ჩაიდინა და საქმე წარმატებით მოაგვარა კანონის ძალით, ყოველგვარი ქრთამის გარეშე. ამასობაში მეორე ამბავი, რომელიც ამ ზაფხულს  გადახდა ლევონს და სერიალივით სამი თვე გაგრძელდა, ჩვენთვისაც კი უცნაური გამოდგა.

ამერიკიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ლევონს მეზობელთან ნარდის გაგორების სურვილი უჩნდება და ნარდის ძებნისა და ვერპოვნის მერე სახლის მეთვალყურეს ურეკავს, რომელიც მისი არყოფნის პერიოდში მის სახლში ცხოვრობდა. სახლის მეთვალყურე ეუბნება, რომ ნარდი მეზობელ პოლიციელებთანაა, წაუღიათ და უკან აღარ დაუბრუნებიათ. ლევონი გამოდის საკუთარი სახლიდან და ხედავს, რომ სახლთან მართლაც დაუყენებიათ პოლიციის საგუშაგო. მიდის  პოლიციელებთან, გამოჰკითხავს ნარდის ამბავს და იგებს, რომ ნარდი პოლიციის უფროსთანაა, სეიფში გამოკეტილი. პოლიციის უფროსი ადგილზე არაა და პოლიციის თანამშრომლები ლევონს ეუბნებიან, რომ ხვალ მოვიდეს  და წაიღოს. ლევონი მეორე დღეს მიდის, მაგრამ ნარდის უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს, სამაგიეროდ ის ახალ დეტალებს აღმოაჩენს ნარდის საქმეზე.

თურმე პოლიციის უფროსს თანამშრომლებისთვის ნარდი სამუშაო საათებში თამაშის გამო ჩამოურთმევია. ჩამოურთმევია და სეიფში ჩაუკეტავს. ლევონს პოლიციის უფროსის, გრიგორიანის, ტელეფონის ნომერი მოუთხოვია, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებს არ მიუციათ, სამაგიეროდ უთქვამთ: შენი დატოვე, გადავცემთ და თვითონ დაგირეკავსო. ლევონს დაუტოვებია თავისი ტელეფონის ნომერი  საგუშაგოში და რამდენიმე დღე მოთმინებით ელოდა ზარს. რადგან  პოლიციის უფროსს არ დაურეკავს, ლევონი დაეჭვებულა, რომ პოლიციის თანამშრომლებს მისი ნომერი არ გადაუციათ და ისევ სწვევია საგუშაგოს.

პოლიციის უფროსი ისევ არ ხვდება ადგილზე, თანამშრომლები კი არწმუნებენ, რომ ნომერი გადასცეს. ლევონი სთხოვს, გადასცენ უფროსს, რომ ნარდის მეპატრონე ისევ მოვიდა და თავისი ნარდი უნდა. პოლიციის თანამშრომლები ჰპირდებიან დაბარებულის გადაცემას, ლევონი კი კიდევ რამდენიმე დღე ელოდება ზარს. თანდათან ლევონს  სამართალდამცავების მიმართ მოთმინებისა და პატივისცემის ფიალა  ეწურება და ერთ დილას, უკვე ძალიან გაბრაზებული, ლევონი მეზობლებს სტუმრობს. უფროსი ისევ არ ხვდება  და ამჯერად ლევონი თანამშრომლებისგან უფროსის ტელეფონის ნომერს ითხოვს და თან სასამართლოთი იმუქრება.

„ესე იგი, ამ პოლიციელებს ტელეფონის ნომრის მოცემა ბოზობა ჰგონია“, – ჰყვება ლევონი, მაგრამ რადგან საკითხი  მტკიცედ დასვა, თანამშრომლები მოლბნენ  და უფროსის ნომერი „ჩაუკაკლეს“.

ამ მომენტიდან ნარდის საქმე ახალ ფაზაში გადადის. უფროსი სწორედ მაგ დღეს გადის  შვებულებაში, ლევონს თავქვეშ რბილ ბალიშს უდებს, ჰპირდება, რომ შვებულებიდან დაბრუნებისთანავე თანამშრომლებს   ნარდის სახლში  მოტანას დაავალებს. ლევონი  ერთი კვირა ელოდება, შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე ელოდება, თვალს ადევნებს საგუშაგოს და სამსახურში დაბრუნებული უფროსის დანახვისთანავე ნარდს აკითხავს. მაგრამ ერთ კვირაში პოლიციის უფროსი გრიგორიანი გადაიფიქრებს და  საქმის დახურვას  ქურდულად გადაწყვეტს.

– გამარჯობათ, – ამბობს ლევონი, – მე ნარდის პატრონი ვარ.

– რა ნარდის? – პასუხობს უფროსი.

– იმ ნარდის, თქვენმა პოლიციელებმა  რომ წაიღეს და არ დააბრუნეს  და რომელიც ახლა თქვენს სეიფშია. თქვენი მეზობელი ვარ. დავრეკე, მითხარით, რომ თანამშრომლები მოიტანდნენ.

– რაღაზე მოხვედი?

– ნარდის წასაღებად.

– შენ ჩემთვის ნარდი მოგიცია, ახლა რომ გინდა? ვისაც მიეცი, წადი და იმას მოსთხოვე, – ეუბნება პოლიციის უფროსი გაოგნებისგან გახევებულ ლევონს.

მაგრამ გრიგორიანი არ ითვალისწინებს, რომ მის წინ მდგომი საწყალი უუფლებო სომეხი კი არ არის, არამედ აშშ-ის მოქალაქე, რომელმაც მშვენივრად იცის თავისი უფლებები და თავდაუზოგავად იცავს მათ, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ საბაჟოზეც კი არ გაუძარცვავთ. ჩვენ არ ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ, რა უცნობი მუხლებით დაემუქრა ევონი რიგით სომეხ კაცს და რიგით სომეხ პოლიციელს, რითი მოალბო, რომ იმავე საღამოს დაურეკა ევონს და უთხრა – ორშაბათს მობრძანდი და წაიღეო... ლევონი ორშაბათს ელოდება, კაფეს ხალხი კი – ნარდის ისტორიის კვანძის გახსნას.

მაგრამ, აი, ორშაბათს ლევონი კაფეში აწითლებული და გაბრაზებული მოდის. იმ დღეს, ჩვეულებისამებრ, ნარდის დაბრუნების იმედით მიდის საგუშაგოში და, როგორც ყოველთვის, უფროსი ადგილზე არ ხვდება. ნარდი კი, როგორც ცნობილია, უფროსის სეიფში ინახება. თავდაპირველი შეთანხმების გათვალისწინებით, ლევონი ფიქრობს, რომ უფროსს თანამშრომლებისთვის მისთვის ნარდის გადაცემა დავალებული ექნება, მაგრამ თანამშრომლები საქმის კურსში არ არიან და ლევონი ისევ ურეკავს უფროსს.

გამარჯობა,  ნარდის პატრონი გახლავართ, ხომ ვერ მეტყვით, სად არის ნარდი?

ვანაძორში ვარ, პასუხობს უფროსი.

არ გეკითხებით, სად ხარ, მე ეკითხები, სად არის ჩემი ნარდი? – ხმას უწევს ლევონი.

–კაცო, რით ვერ გაიგე, გეუბნები, ვანაძორში ვარ, შენი ნარდი კიდევ ჩემს ბაგაჟნიკშია.

ლევონი იმ დღეს თავდავიწყებით დათვრა, ალბათ, რეალობის შეგრძნების დაბრუნების მიზნით. რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ნარდი საბოლოოდ დაუბრუნდა თავის კანონიერ მფლობელს.

– ალბათ, ძვირიანი ნარდია, ჰო? ვკითხე ლევონს.

– არა, ტო, ჩვეულებრივი ნარდია.

ლევონი ზამთრამდე აპირებდა დარჩენას, მაგრამ ახლა უკვე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ნარდის ამბავი არის ნაადრევი წასვლის მიზეზი. ლევონკი ისევ ამბობს: „გასაოცარი ქვეყანაა სომხეთი, მსოფლიოში ცოტაა ასეთი ქვეყანა...“ – ამბობს და მრავალმნიშვნელოვნად ჩუმდება.

 

2010

წიგნიდან „არ იყიდება“

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

 

[1] მოდი სახლშიერქვა პროგრამას, რომელიც წამოიწყო სომხეთის დიასპორის სამინისტრომ 2009 წელს. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ დახურა დიასპორის სამინისტრო, როგორც ცალკე უწყება.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული