• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ციალის გაცოცხლება

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 05 მარტი, 2024 688

ამას ვინ წარმოიდგენდა?! მოკვდა უეცრად 4 წლის ცქრიალა გოგო, ჩაბნელდა უცებ ბატარიკთ წუთისოფელი. დუმდა და გლოვობდა მამა – ბატარიკთ გიორგი, ბულალაური, იგივე „ნაგირგელა“, დედა - ბატარიკთ ნინო, იგივე თუშათ ნინო მამისეულად, ძმები - იოსები და შალვა, ბიძებივით დიდები უკვე, დაინათელა, ისაც კარგად წამოზრდილი, სკოლის მოსწავლე; კიდევ დაი ელო, უკვე სასკოლო; ვარდიკო კი რას იგლოვებდა, ჯერაც აკვანში იწვა!

 

ბატარიკთ კარ-გარეშამოში ქუჩობდნენ კანატივლები, აქეთ-იქითავლები, თორმეტივე კომლი. პატარა ხევი ჰყოფდა შუაზე ამ მთის სოფელს, ცაზე ჩამოკიდებულს. აქ ხევს ეძახდენ, არაგვამდე კი მომძლავრდებოდა ტყის წყაროებით და „კანატიურად“ იქცეოდა. კანატიის კომლებს მეტ-ნაკლებად ნახევარ კილომეტრ აშორებდა ერთურთისაგან და გადაძახილით დაუარა  ცუდმა ამბავმა მთელ სოფელს, ფერდობებზე გადაპენტილს: „ქალთამზე გასჯავრდომია ციალსა, რადგან ამდგარა ქალაი სისხამზე, გამაურეკავ ბაკშიით თხა-ცხვარი და მიუგეზებავ ქალთამზიაის გასადევარ-ბოსტნისადა, აბა რა ესმოდა უმეცარ ბალღსა?“… გამასდგომია ვითომ ქალთამზე, ვითომ შაუშინებავ, დევ რო ამაილის საღამოზე, იმას ვაჩუქებ შენ თავსა, მაინც ეშმაკი ხარ შენაცა და იმან გაგზარდოსო! ყველამ იცოდა რო ახალშაბინდებულზე, გაუთლელთ გორზე, იქითა და აქათა სოფლის გამყოფ ციდა მთაგრეხილზე, დევ ად-ჩადიოდა, ზოგისათვის ხევგაღმა, ზოგისათვის ხევგამოღმა. ბევრს გადაჰყრია და აი ახლაც, თუშათ ნინოს უყვებოდა სანუგეშებლად მოსულ დობილი - ბაზიერთ მარიამი, იგივე ხიდუათ მარიამი, ცაბაურთიდან მოყვანილი კანატიაში: „სახვეტს მივდიოდი შარშასწინ მთაშია, - ალპურ მთაში ღამეა ხვეტისა, - და ემა საკირეში შამამეყარა, გადავხტი, შიშით გადავვარდი ხევის ნაპრალშია, ისაც გადმოდგა ბექზედა და ჩამამხედავდა ზემოდანა!“ ... „დაგმათრახოს წმინდამ გიორგიმა, დაგლახტოს გმირმა კოპალამა!“ - ამოსძახა მარიამმა და უცებ გაქრა ის იმხელა დევკაცი. ეს წმინდა ფორმულა – „დაგმათრახოს წმინდამ გიორგიმა, დაგლახტოს გმირმა კოპალამა!“ არ უნდა დაგვიწყებოდა, დევთან შეხვედრისას დამუნჯებამდე არ უნდა შაშინებულიყავ!

 

აი ასეთ და მსგავს ამბებს მასთქომდენ კანატივლები, დასტიროდნენ ციალს. დერეფანზე იდგა ჟიპიტაურით სავსე ჩარექიანი და ეწყო კეცეულები, რიგ-რიგობით ადიოდენ კაცები და ილოცებოდენ…

 

მოდიოდენ და მიდიოდენ…

 

მოიდა ბაზიერთ მიხაი, უძილაური, ხმელ-ხმელ, სიტყვაძუნწ კაცი, ნაომარი და ჩხუბში უებრო, ხანჯლის შუბლში სიბრტყეზე დაკვრას რო ვერავინ ასწრებდა ჯეელობაში. „ერთხელ მელუტასა და მიხას გაუხდა, ისაც მაგარ მეჩხუბარ იყვის, წაიღო ხანჯრისაკ ხელი და გასდგა კიდევაც შუბლშია მიხაის ხანჯრის ტყრაშანი!“ - ჰყვებოდა ბასილ პაპიაშვილი. სისწრაფე ისე ძაან ფასობდა მთაში, რომ შეიძლებოდა ერთ სწრაფ მოქნევას ლეგენდად ექციე კაცი!

 

მოიდა თუშათ დავითო, გოგოლაური, საქმიანი, დედაკაცებიანი და სიბერემდე ბიჭისსახიანი, ციალაის ალალ დედისძმა.

 

მოიდა დიდხნის ჯუთუათ პავლე, ბაზიერთ მიხაის ნათლიაი, მარტოკაცი, დედაკაც – დედიკათ ნინო მაჰკვდომიყო რახანია. ლაზათიან იყო მაინც პავლე, ფშაურ ჩოხით, ქამარ-ხანჯლითა და პაჭიჭებით შემოსილ-შემკული. პირველ მსოფლიო ომის ამბებს ჰყვებოდა ბერხენი, იცოდენ კანატივლებმა მის სისუსტე და ხშირად ეკითხებოდენ:

- გინახავ ნიკალაი? იმპერატორზეა საუბარი.

- რასარ მინახავ, აი როგორც შენა გხედავ, ესრე! მერე მოუნაცვლებდნენ ხოლმე კითხვას ეშმაკურად:

- იმის დედაკაც სადამ გიხვევდის წყლულებსა!?

- მაშაა, მაშაა! - დასძენდა და აქვითინდებოდა თან პავლე. ჰოსპიტალშიაც წოლილა დაჭრილ პავლე. მოსაუბრის მიზანიც მიღწეულია, პავლეც ბედნიერი და დაფასებული, რასაც ბოლო, დამაგვირგვინებელ შეკითხვა მაჰყვებოდა:

- ლამაზ დედაკაც სადამა ჰყვანდის ნიკალასა!

- აბა რასარა, რასარა! და თან ჯეილდებოდა ამისმთქმელ პავლე; რუსეთის იმპერიას კი არ მისტიროდა, თურმე იმპერატრისაზე ყოფილა შეყვარებული ჩვენ პავლე! ეტყობა ძაან ხელამოდ თუ უხვევდის წყლულებსა!

 

მოდიოდენ და მიდიოდენ კანატივლები…

 

მოიდა თახათ გიგო, უძილაური, თითქმის ახალყოილი, მთისიქითა ხორხიდან პირმშვენიერ ეთერ ჟიჟიაშვილის მთადამთა გადმამვლევი და ცოლადშემრთველი. გუდებით ეკიდათ ჩვილ გოგოები ორივეს – გიგოს და ეთერს: ელდინო და ჟუჟუნა

 

გიგოს და ეთერს მალე ბასილიც მაჰყვა, მართასთან ერთად; ბასილ პაპიაშვილი, შორსმჭვრეტელი და ენერგიული, უმაღლესდამთავრებული და ხევსურეთს მასწავლებელი. ბასილმა და მართამ ბალღებიც მაიყოლეს: მედიკო და ლამარი, ხოლო დაახლოებით ციალასხნის მერაბ შინ დაუტოვებიათ აკვანშიმწოლ ნუგზარის გასართობად.

 

მოიდენ გენჯელანი. პაპა დავითო ვეღარ მოიდოდა, მაგრამ მოიდა ნინო ბერიკაული, გულკეთილ ბებო, 109 წელ რო იცოცხლა, და მორეკა შვილები: ბუთლა, ნიკო და გიორგი, სუყველა უძილაურები, დავაჟკაცებულები. ბერიკაულის ქალებიც მოიდენ: ქეთავანი და თამარი. თამარმა ნანულიც მაიყოლა თავის, უკვე სასკოლო და ბევრ იტირა ნანულმაცა…

 

ჩამაიარა ხოშიამ, ციალის მამიდამ, რა შორს ის იყო, ბატარიკთ ზემოთ, გორაზე  ცხოვრობდა, სადევო ბილიკის პირას და პატარა იზოლდაიც მაიყვანა ხოშიამ. ჩემო მზეოო, - დაატირა ციალს ხოშიამ, - ნეტა ხვალ მზესავით ამოხვიდოდე და გასცოცხლდებოდეო!

 

ანუკაიც მოიდა, ბასილის სიდედრი, ანუკა მუშტაშვილი, ხმამაღალ საუბრითა და  ზარიან ხმით რო გამაირჩეოდა!

 

მერე მოიდა სოვათ გიორგი, ცქიფაშვილი, იმის დედაკაც თათართ ნინო და იმათაც დაიტირეს. ბალღებიც მაიყოლეს: გულიზარი, მერი და ჯემალი.

 

მოდიოდენ, ტიროდენ და მიდიოდენ კანატივლები…

 

მოიდა ქურსიკათ ქეთავანი, ქურციკივით ცქვიტი და ლამაზი, თექვსმეტჯერ გათხოილი და გამოთხოილი, ბოლოს ქურსიკათ იაკობის კერიის პატრონი.

 

მოიდა მამა, თვარელაი, ბულალაური და შვილ ნიკო, ქურსიკათ ქეთავანის ძე. მარტო ცხოვრობდა მამა-შვილი სოფლის განაპირას, გუტიათ ზემოთ. ნიკო ლექსობდის, ნიორ უყვარდა, თავისა რო გამაელეოდა გრძელ ზამთარში, გამაილიდა მაშინ ბაზიერთას და მაიკითხვდა: „აღარ აირია ნიორი?!“ ბალღობისას ნიკოს კატა ჩაუსვია ყუთში და აუტანია ცაცხვის კენწეროზე. კნავის კატა ისე რო სუ ზანზარებს იქაურობა, მაგრამ ვერ იგებს თვარელა საიდან ესმის კატის ანუ ციცაის ჩხავილ-კნავილი! ციცა მფრინავ ყოფილა თურმე, ყუთ კი – აეროპლანი! მაგრადაც მაჰხვედრია ამ პერფორმანსის გამო ნიკოს მამისაგან.

 

მოიდა თახათ ივანე. მაჰყვა დედაკაციც - კოტულათ თამარი და შვილები: იოსები, შვიდწელიწადსდედისძუძუსმწოველი და ვაჟა-გიორგი, დედასავით წარბებგადაბმული და პირეშხიანი.

 

სულ იქით, საწიფრანოსაკენ მცხოვრებ გუტიანიც მოიდენ. გუტიათ ხვთისო და იმის დედაკაც თამარი, ჯოხისბჯენით, ხნიერები. ამათ ქალ მარიამიც მოიდა და იტირა. მოიდენ დაცოლშვილებულ ვაჟებიც: გუტიათ გიორგი, გუთიათ პაპი და გუტიათ ნიკო; დასაცოლშვილებელ ვარლამიც მოიდა.

 

მოდიოდენ, ტიროდენ და მიდიოდენ…

 

ვერ მოიდა გიგოს სანაქებო ძმა ლეგა, თითქმის 20 წლის წინათ, მეორე მსოფლიო ომში დაკარგულიყო.

ვერ მოიდენ იაკობ და თორღვა უძილაურები, გაუთლელთგორისპირას მცხოვრებნი, დახოცილიყვნენ დევისა თუ ბედის ულმობელ ბრუნვაში.

 

სუ ბოლოს ნავროზათ ბერა გამოჩნდა, იგივე ლევან ნავროზაშვილი. კანატიის გაღმა, კუდოსმთისძირას მცხოვრები, ტყე-ველიანში, თავის ბებოიანად  და დაიკო ქეთოიანად, მეძებრებიანად და თოფ-იარაღიანად

 

არვინ ელოდა, მაგრამ ზაქარამაც ჩამაიარა, ქისტაურმა, ქალთამზეს ქმარმა, ქალთამზე ცხენიანად რაღაც წამალზე გაიქცაო მისან-მკურნალთან!.. სინანულ ეტყობოდა  ქალთამზეს სიტყვის გამო, ცალკე, მორცხვად იდგა ზაქარაი.

 

მოიდა…

 

ვერ მოიდა…

 

დროდადრო გადაჰკრავდენ დერეფანზე, მერე ჩამოიდოდენ, ეზოში გაიშლებოდენ კაცები და ბოლოს ისევ პავლესთან მიქუჩდებოდენ. ისაც უყვებოდა: საჩქვეფთ თავს ქერსა ვმკიდით და უცებ გამოჩნდა აეროპლანიო! დაიქცენ კანატივლები ტყისაკა და მე კი ვმკიდოდი ისივ ი ყანასაო! …

- არას გიქამთ, ეგ  აეროპლანია, სხვაკან მიფრინავს! - გაჰკიოდა პავლე თავის დამფრთხალ თანასოფლელებს, მაგრამ ვინ უჯერებდა ნაომარ და ცივილიზებულ ჯუთუათ პავლესა?

 

მოშუადღევდა, იკბინება გაზაფხულის მზე. გაუთლელთ გორზე ბალღ რაიმ გამოჩნდა, გამაჰღვიძებია და წამოსულა ბაზიერთ მალხაზი დედის - მარიამის საძებნელადა. იმას უფროს და-ძმებიც მაჰყვენ: არჩილი, ვახტანგი და ეთერი. გიორგი კი ვერ მოიდოდა, ყველაზე უფროსი, ისაც ციალისხნისა მამკვდარა, ციალივით უცნაურად, პირქარ ეცაო თუ ცხენმა ჰკრა წიხლიო!?

 

მოდიოდენ და მიდიოდენ კანატივლები...

 

მეორე დღეს წიფრანლებმაც იწყეს მოდენა. წიფრან-კანატია გვერდისგვერდ სოფლობდენ, ტყე ჰყოფდა უღრანი და ტყეზე გამავალ, სამკილომეტრიან ბილიკ აკავშირებდა.

 

გადმაიარა წიფრანიდან ტრუკათ სოლომანმა, ბულალაურმა, ბაზიერთ მიხაის ნათლულმა, გერგილიანმა ვაჟკაცმა.

 

გადმაიარა ტრუკათ ხვთისომ, ტრუკათ გიორგიმაც, თავის ბაბალეიანად.

 

გამოჩნდა ბახუხვთ სვიმანი, ძლიერ მადურაშვილი, ხევისბერი. იმას დედაკაციც მაჰყვა, მაშო, ხელთ ატატებულ პატარა როსტომითურთ.

 

გადმოჩნდა წიფრანელ მიხა ბულალაური, ზედწოდებით „ბაბურაული.“ როგორც ერთობ მოწესე ხევისბერს შეეფერებოდა, შორს დადგა ბაბურაული, გაუთლელთ გორის გადმოსახედზე და დაიჩოქა, მაღლა მთისწვერზე დაბრძანებულ ადგილის დედისაკ იქცია ჯერ პირი და ვედრება აღუვლინა! მერე სადევო ბუნაგს -  ეშმაკთხევას მიუბრუნდა და არისხა რაც შეეძლო! რისი და ვისი? - მაინც დევის ნამოქმედარ ეგონა ბაბურაულს ციალის უეცარ გარდაცვალება.

 

უფრო ჩამოთბა მაისის მზის ძალითა. ეზოში ყოოდენ იანი, გვირილები, ფურისულები და კესანენი. დაკუნტრუშობდენ ბატკნები, ციალს შეჩვეულები მოდიოდენ კარებზე და უბღაოდენ: ბეეე, სად დაიკარგე ჩვენო მშვენიერო  მეგობაროო?!

 

მოდიოდენ, იცრემლებოდენ და მიდიოდენ წიფრან-კანატივლები.

 

გადმაიარეს წიფრანიდან ლაშქარათ ქალ-ვაჟებმაც, ლამაზებმა: ნინომ, თამარმა,  მართამ, ირაკლიმ და ბოლოს ნიკომაც, თავის ქალთათავიანად. ჭრუღათვალებიან მართას ქარვის სქელ მძივ უმშვენებდა ძარღვიან ყელსა.

 

გადმაიარეს ხაშმელთ ნინომ და ლევანმა, კოხტა და-ძმამ, ნორჩებმა, ქავთარაძეებმა.

 

გადმაიარა პაპიათ არჩილმა, მხიარულ ჯეელმა და პაპიათ მარომაც გადმაიარა თავის განუყრელ ბედაურითა, მკვირცხლმა და სანდომიანმა.

 

გადმაიარა მოსეთ თამარმა, პაპიათ როლანდისა და მალხაზის დედამ.

 

გადმაიარა თათართ ნიკომ, უძილაურმა, სოფლის მასწავლებელმა, თავის მართაიანად, ომახიანმა და ხმაურიანმა.

 

ვერ გადმაიარეს ძმებმა: ზელიმხან და გუგულა უძილაურებმა. ზელიმხანიც ლეგასავით 20 წლის წინათ მეორე ომში დაკარგულიყო,  ხოლო გუგულა, ღვთისმოსავ-მოწმინდარი, მოგვიანებით, სიცოცხლეშივე ამაღლებულიყო ზეცად!

 

ვერ გადმაიარა კოტულათ ბატარამ, ხმამაღლა დამტირებელმა დედისამ, მოულოდნელად მამკვდარმა ჭაბუკმა. მაგრამ ბატარა მაინც იქ იყო, ციალის სატირალზე: იმის დის, თამარის დაბინდულ თვალებში რომ ჩაგეხედათ, მიხვდებოდით, ნათლად დაინახავდით რომ ისევ ცოცხლობდა ბატარაი, სუ ცოცხლობდა თავის დის თვალებში!

 

გადმაიარა წიფრანიდან...

 

ვერ გადმაიარა წიფრანიდან...

 

მესამე დღეს ახლო-მახლო სოფლებიდანაც: კუდო-ხილიანიდან, ბუსნისჭალიდან და კანატიისძირიდან იწყეს მოდენა. მხედრულად თუ ფეხით. ცხადია, მაშინ კანატიასა და ის მოსაზღვრეებს ბუნებრივ, მყუდრო ყოფა-ცხოვრებას არც სამანქანე გზა ურღვევდა, არც ელექტრონი და უამათობა კი არ აშორებდა, არამედ უფრო აახლოვებდა რამდენიმე ათეულ მოსახლეს, კერძო მესაქონლეობას  რო დაბრუნებოდენ ისევ, რადგან  კერძო საკუთრებისა და ზოგადად ადამიანადყოფნის უბოროტეს მტერს - სისხლისმსმელ წითელ ურჩხულს თავგზა არეოდა, მოწამლულიყო უთვალავ მსხვერპლთა სისხლით და კვდომა-აღსასრულის 30 – წლიან ფაზაში შესულიყო უკვე.

ამაისუნთქეს, მაისიდან მთიელები ლაღ მიმოსვლას იწყებდნენ ხოლმე ერთურთთან თუ ერთ-სხვასთან  და ამ ფერხულში ჩაბმულიყო ადამიანიცა და პირუტყვიც, თხა-ცხვარი და ხარ-ძროხა, ცხენი და მარხილი, ხვნა-თესვა, საძოვარი და სათიბი, ცელის წკეპა და თივის დაგულება,  დალოცვილ  ხატობა და ხატობაზე ფერხისაი, ცეკვა-თამაში; სკოლაც, სხვაგან, მოდიდო სოფელში და ამ სკოლისაკენ მიმავალ ბილიკებს მძიმებივით ასხმულ ბალღებიც, არდადეგებზე რომ ჟრიამულით იკლებდნენ შინაურობას!.. მოკლედ, სოფლურ ცხოვრებისა და გლეხურ შრომის მთელი ორკესტრი...

 

ეტყობა სიკვდილს გზა დაებნა, თორემ აბა რა დაჰკარგვოდა მას ამ ნეტარ გარემოში, მითუფრო  ოთხ წლის ციალთან!? თანაგრძნობის ზვავს ფარულ იმედ ასულდგმულებდა: იქნებ სულ ტყუილია ეს ამბავი, იქნებ მთლად ანუ სულ არ მამკვდარა, ეგებ სულიც არ გაჰყრია, ეგებ სულაც ეძინა?!.. 

 

ამაიარა ხილიანიდან მთიულთ ნინომ, თურმანაულმა, გუდა ეკიდა, ხოლო გუდიდან თავ მაუჩანდა პატარა ომარ თურმანულს და შავ, საცრისოდენა თვალებს აქეთ-იქით აბრიალებდა.

 

ამაიარეს  ხილიანიდან ახოვანმა ბეწინამ,  ბულალაურმა, და ტანმორჩილმა ტონათ ხვთისომ, ბაიაშვილმა, თავის სელაიანად.

 

ამაიარა კუდოდან ციალის მეორე მამიდამ - დარიამ.

 

ამაიარა ხილიანიდან მიშა რახმანოვმა, მწყემსმა კეთილმა: გულმ არ გამიძლოო!

 

ამაიარა ხილიანიდან ჯეკამ ანუ ბუბათ გიორგიმ, ბაიაშვილმა; ბუბათ თამარმაც ამაიარა, სათნომ, ბულალაურმა, და ამაიქვითინა.

 

ძიუნათ პავლემაც ამაიარა ხილიანიდან, ნაყეურმა. იმის დედამაც ამაიარა, მართამ და დედაკაცმაც, ნინომ.

 

წელათ მარიამმაც ამაიარა ხილიანიდან, თავის ვაჟ ალექსანდრესთან ერთად.

 

ამაიარა კანატიისძირიდან ბაზიერთ მართამ, თავის ბიჭ ვალერთან ერთად.

 

ბუსნისჭალიდან ამაიარა თახათ ხვთისომ, ლეგაის უმცროსმა ძმამ, ყოჩაღმა, ენაწყლიანმა და გონიერმა ვაჟკაცმა.

 

კუდოდან მაღაროსკარის მასწავლებლებმაც ამაიარეს: ვარა გედეხაურმა და თამარ ცქიფაშვილმა.

 

მაჩხურათ ჭრელასაც მაელოდენ, კანატიისძირს ჩასახლებულსა და სიკვდილისაგან ბევრად დაღონებულს: დიდ პოეტია, ისეთ სიტყვას გვეტყვის, სიკვდილს მაჰკლავსო!

 

ამაიარეს კუდოდან მღვდლის ქალებმაც: მალალომ, ეთერმა და ნინომ. სატირლად ესენ წიგნიანად დადიოდენ, მამისეულით: სიცოცხლის წიგნიაო! არვინ უგდება მათ ყურსა იმ უღმერთოობის ხანაში და უღმერთოების ხელში, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდენ! აი ახლაც გადაშალეს და სამ ხმაში იწყეს გალობით:

 

„და ჰრქუა მათ: სადა დასდევით იგი?..“

 

 

 

მოდიოდენ და მიდიოდენ...

 

მოიდა...

 

ვერ მოიდა...

 

გადმაიარა...

 

ვერ გადმაიარა...

 

ამაიარა...

 

ვერ ამაიარა...

 

მზე მთათა იქით მიისწრაფვოდა, მაგრამ ტატნობზე დაყოვნდა, ქვაკაცაის მთის წვერზე შამამჯდარი.

კანატიელი და სტუმარი, კაცი და ქალი, ბებო და ბერიკაცი, ვაჟკაცი თუ ბალღი ყველა რაღაცას ისეთს ელოდა თუ ვიღაცას. მზემ რაღაც იცოდა: კიდევ უფრო დააჭირა!

 

ამ დროს მაისმა ახალდანალულ ცხენის თქარა-თქური და ზემოდან გადმოჩნდა ქალთამზეც. დაეშვა ფერდობზე თეთრკაბიან მხედარი, ბატარიკთ კარებზე მიაგდო ლურჯა უსწრაფესად, ჩამოქვეითდა და დასჭექა:

 

- ციალო, გამო გარეთ,  შავრიგდეთ, კამფეტებ მოგიტანე!

 

ციალიც ადგა და გამოიდა.

 

ასე გაცოცხლდა კანატიელ ციალი. ნამდვილ ამბავია.

 

 

16-22 თებერვალი, 2024.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული