- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მცირე ხნის წინ ერთმა ონლაინ ჟურნალმა მცირე ზომის წერილის დაწერა მთხოვა რომელიმე ერთ ლექსზე, რომელსაც „გულთან ახლოს ვატარებდი“ ამ რთულ დღეებში. თუმცა მშვენივრად ვიცოდი, რომ ამ კონტექსტში პაუნდის „უზურა“ კანტოს წარდგენა სირთულეებს წამოჭრიდა, უკან არ დამიხევია, რადგან ფიქრებით სწორედ ამ ლექსთან ვიყავი ბოლო დღეების მანძილზე. როდესაც გავბედე და ჩემს წერილში არანაირი იარლიყი, სტანდარტული თუ აშკარა ეპითეტი არ მივაკერე პაუნდს, რედაქტორისგან მივიღე მოთხოვნა, გამომესწორებინა ეს, ისე, თითქოს ერთგულების ფიცის დადებას მთხოვდნენ - ხოლო ამის ოდნავი სურვილიც არ მქონია. ახლა, როდესაც სიტყვიერი გამოხატვის დაშვებული ზომები უფრო და უფრო იზღუდება, იზრდება ჩემი მადლიერებაც იმ ავტონომიური ზონის მიმართ, რომელიც Dispatches from the Poetry Wars-მა შექმნა.
* * *
ძალიან დიდი ხანია, რაც თან მსდევს ეზრა პაუნდის ეს სრულებით გამორჩეული კანტო და ამ დაუსრულებელი პანდემიის დროს მას ისევ და ისევ ვუბრუნდები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები ტრილიონების ოდენობით ახალ-ახალ რიცხვებს ასახელებენ, ხოლო ბანკირები და კორპორაციები სიამით ტუჩებს ილოკავენ იმის გაფიქრებაზე, რომ ახლად დაბეჭდილი ფულის ფაქტობრივად ულევი მარაგი და შესაბამისი ფინანსური ხრიკები მეტ და მეტ სიმდიდრეს მოუხვეჭს ნაკლებ და ნაკლებ ხალხს.
პაუნდს რისხვას ჰგვრიდა სწორედ ის საშინელი ზემოქმედება, რომელიც კერძო ბანკებს ფულის ბრუნვაზე დარიცხული უზარმაზარი პროცენტის საშუალებით აქვთ საზოგადოებაზე. და სწორედ ამ პრაქტიკაში მიაკვლევდა ადამიანთა თემში დამახინჯებისა და ღირებულების კარგვის ერთ-ერთ პირველმიზეზს.
რა აზრისაც არ უნდა იყო ამ ყველაფერზე, უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი სტრიქონის ჭეშმარიტება, როგორიცაა „უზურა აშთობს ჩასახულ შვილს დედის საშოში“ სწორედაც რომ პირდაპირი მნიშვნელობით და სიტყვასიტყვით უნდა გავიგოთ, რამდენადაც მარაგების მოხმარებისა თუ სესხების შესაძლებლობა სწორედ თვით სიცოცხლის შესაძლებლობაზე ზემოქმედებს. მაგალითად აიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის „რეორგანიზაცია,“ რომელსაც მასობრივი არეულობები მოყვა, საკვების უკმარისობის მიზეზით, ეგრეთწოდებულ „განვითარებად ქვეყნებში,“ ანდა წითელი ხაზი, დაწესებული იმისთვის, რომ წინ აღუდგეს აფრო-ამერიკელების მიერ სიმდიდრის მოხვეჭას, რომ დავასახელოთ მხოლოდ რამდენიმე აშკარა მაგალითი. თუ ინტერესს მოვიაზრებთ, როგორც სოციალური წარმართვის საშუალებას - როგორც თერმოსტატს, რომელის ზემოქმედებაც ისეთივე მძლავრი და ფართო შეიძლება იყოს, როგორც ომის ან შიმშილობისა - პერსპექტივა უეცრად შეგვეცვლება: საპროცენტო განაკვეთს ხალხებისა და მთელი თაობის ბედის განსაზღვრა შეუძლება.
ცნობილია, რომ პაუნდი 1945 წლის მაისში შეიპყრეს იტალიაში, ის დაკითხა აგენტმა, რომელიც FBI-ს დირექტორის, ჯ. ედგარ ჰუვერის მიერ იყო დანიშნული, რის შემდეგაც საპყრობილეში ჩააგდეს - უფრო სწორად, პიზაში, ამერიკულ სამხედრო მოსამზადებელ ბაზაზე მდებარე 1,8 x 1,8 მეტრიან ღია ცის ქვეშ მოთავსებულ ფოლადის გალიაში, - და, საბოლოოდ, ღალატისთვის დასდეს ბრალი მუსოლინის მხარდასაჭერი რადიო გამოშვებების გამო. LXXX კანტოში პაუნდი წერს, რომ პიზაში, გალიაში გამომწყვდეულს „ტივი დამემსხვრა და წყლებმა დამფარა.“
რასაც იშვიათად ამბობენ ამ რთული ამბის შესახებ ისაა, რომ თუკი პაუნდი იმ თითო-ოროლა ამერიკის მოქალაქეს შორის იყო, ვისაც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღალატისთვის განაჩენი გამოუტანეს, იმავე თვეში, 1945 წლის მაისს, საკვანძო მნიშვნელობის ნაცისტი ოფიცრები, დაზვერვის თანამშრომლები და მეცნიერები მშვიდად გადააცურეს ვაშინგტონში და სწრაფად ზრდად ეროვნული უშიშროების სამსახურში ჩააყენეს, რის შედეგადაც ისინი მონაწილეობდნენ ისეთი შემზარავი და აბსურდული სახელწოდებების ოპერაციებში, როგორებიც იყო Overcast, Paperclip, Pajamas, Dwindle, Apple Pie, Panhandle, Credulity, და Sunrise. ერთი სიტყვით, მაშინ, როდესაც პაუნდი (ისე, რომ სასამართლო პროცესი არც ჩატარებულა) სასჯელს იხდიდა სენტ ელიზაბეტის საავადმყოფოში „კრიმინალურად შეურაცხადთათვის“ (შენობაში, რომელიც, დღესდღეობით, ნაწილობრივ ეროვნული უსაფრთხოების შტაბადაა ქცეული), ხალხი, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკულ ვითარებაში მართებულად იქნებოდნენ მოაზრებულნი ომის დამნაშავეებად, საკვანძო ფიგურები გახდნენ აშშ-ს ცივი ომის პოლიტიკაში და მის საიდუმლო ოპერაციებში, რომლების მიზანსაც ლიდერების დახოცვა, ხალხების და ეკონომიკების მოსპობა და ამერიკული იმპერიისა და ამერიკული დოლარის ჰეგემონიის განმტკიცება წარმოადგენდა.
დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ყველა ჯურის პოლიტიკოსი მაყურებლის გულის მოსაგებად ყოყოჩობს და დიდ ძალისხმევას ახმარს საკუთარი კოლექტიური კეთილყოფის განაღდებას, კარგს ვიზამთ, თუ გადავიაზრებთ საყრდენის (GROUND) არსებით საკითხებს: ვის საყრდენს ემყარება ძალაუფლება? რაშია დაბანდებული ამ ძალაუფლების ინტერესი? იმ ისტერიკისა და ნარცისიზმის მიღმა, რომელიც ახაისათებს ჩვენი ამჟამინდელი ოფიციალური პოლიტიკური დისკურსის მთელ სპექტრს, სად შეგვიძლია „ჩვენ, ხალხმა,“ საერთოდ, ვიპოვოთ წარმომადგენლობა? პირადად ჩემთვის, რაც არ უნდა არამოდურად ჟღერდეს, პაუნდის კანტოებთან მიბრუნება თვალების ამხელ და შემაშფოთებელ წყაროდ იქცა.
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ