• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

დეპოლიტიზირებული პოლიტიკურობა და აპოლიტიკურობის პერსპექტივები

×
ავტორის გვერდი იოანე ჯიბლაძე 16 ნოემბერი, 2020 2798

არის დისკურსები და ჟესტები, რომელთა კოდი და რიტორიკა, ყოველგვარი ნიშანთვისებით, ძალზედ პოლიტიკურია, მაგრამ, რომელთა განჭვრეტადი დათანხმებაც გაცვეთილი პროგრამებისადმი, ჩემთვის, სერიოზულად აპოლიტიკურად ან მადეპოლიტიზირებადად მოჩანს. და პირიქითაც, თუ გსურთ.

ჟაკ დერიდა,  
„გარკვეული ‘სიგიჟე’ აუცილებლად უნდა დარაჯობდეს აზროვნებას“ (1995)

 

როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში იმთავითვე გაქვავდა და გამოიტვიფრა პოლიტიკურობისა თუ პოლიტიკური აქტივობის ის შესაძლო და/თუ აუცილებელი ნიშნეულობები, ჟესტუკულაციები თუ დისკურსები, რომელთა გარეშეც გარდაუვლად იქცევი აპოლიტიკურობისა თუ პოლიტიკური ინდიფერენტიზმის დაღით დანიშნული, რომელიც იმთავითვე იქცევა მორალური დაქედნების, დამუნათბისა თუ ზემოდან ყურების მიზეზად, რადგან მსგავს განსაზღვრულ-გაქვავებულ ჟესტიკულაციებსა თუ დისკურსებზე დაუმთხვევლობა „მმართველი პარტიის“ მომხრეთა (ყოველ შემთვევაში „ხელშემწყობთა“) რიგებში გათავსებს; „მმართველი პარტიის“, რომლის კრიტიკაც და „აღწერაც“, ასევე, უკვე თავისთავადად მოცემულად და ბეჭედდასმულად საღდება, მაშინ, როცა ყოველი ამგვარი კრიტიკა მხოლოდ იმეორებს, — თანაც, იმეორებს სიტყვა-სიტყვით, — ოპოზიციის მხრიდან წარმოებულ (ყოველ შემთხვევაში გააქტიურებულ) რიტორიკას.

„მმართველი ძალის“ ოპიზიციის მიერ წარმოებული დისკურსიდან გაკრიტიკება კიდევ უფრო ამყარებს და ხელახალ სიცოცხლეს სძენს იმ დახავსებულ და მაინც „მარად რეპრეზენტირებად“ დიქოტომიას, რომლის მიხედვითაც საქმე ევროპულსა და არაევროპულ, დასავლურსა და „რუსეთუმე“ ძალებს შორის ჭიდილს ეხება. სწორედ ამდენად, ევროპელობის დაკარგვის, „ევროპული გზიდან გადახვევის“ საფრთხით შეშფოთებული კულტურული და ინტელექტუალური „ელიტა“ იმთავითვე ჩაბმული აღმოჩნდება ამ ბრძოლაში, „დასავლური ღირებულებების“ დასაცავად, რადგანაც, როგორც ჩანს, მათ ინტელექტუალური შემძლეობა არა აქვთ არც „საკუთარი“ დისკურსის წარმოებისა და — რაც კიდევ უფრო სავალალოა, — არც იმის გაცნობიერებისა, თუ როგორ არიან გამოჭერილები ოპოზიციის რიტორიკაში (თუმცა, ცხადია, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ, თავის დროზე, სწორედ ეს ინტელეტუალური ელიტა იყო, ვინც ამგვარი ევროპული/არაევროპული-ს დიქოტომიით დაიწყეს ოპერირება). ამდენად, ამგვარ „ელიტათა“ მცირე ნაწილი თავადვე ეწევა მსგავსი დისკურსის წარმოებასა და რეპრეზენტირებას, მეორე ნაწილი კი, რომელიც თავადვე ხდება გამოჭერილი ამ რიტორიკაში და რომელსაც გულწრფელი ინფანტილობით სჯერა ქართული ოცნების „რუსეთუმეობა“, თავიანთ „ფეისბუკ პოსტებში“ უწყვეტად რეპრეზენტირებენ ოპოზიციის რიტორიკას და ამავდროულად, სრულიად არაკონტრადიქციულად ეჩვენებათ „მთავარი ოპოზიციური პარტიისადმი“ „კრიტიკული დამოკიდებულება“; ეს გულწრფელი ინფანტილები, დგანანა რა ევროპულობის სადარაჯოზე, მორალურად ამუნათებენ როგორც მმართველი ძალის მხარდამჭერებს, ისევე იდიფერენტულად განწყობილ, „აპოლიტიკურ“ ადამიანებს.

მაგრამ ამგავრი დიქოტომიის წამოყენება, პრობლემის ერთ, მჭიდროდ მოსაზღვრულ (და მაინც აბსტრაქტულ) ადგილში — „მმართველ ძალაში“ ან კიდევ უფრო კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილში — გადატანა, სინამდვილეში, გადაფარავს ნამდვილ პრობლემას, იმ სინამდვილეს, რომელშიც პოლიტიკური ძალები „პინგ-პონგ“-ს თამაშობენ და რომელშიც, მნიშვნელობა არ აქვს ამ თამაშის ანგარიშს, რადგან ყოველ მოგებულ ხელს ახალი ხელი მოჰყვება, იგივე, თუ სხვა მოთამაშეებით; თუმცა სინამდვილე, რომელიც სათამაშო მაგიდის მიღმა ხორციელდება შეუცვლელი რჩება. ეს დიქოტომია გადაფარავს სინამდვილეს, რომელშიც ორივე მოთამაშე ჰომოგენურია, რომელთა თამაშშიც სანაძლეო ყვლეფის უფლებაა. ეს დიქოტომია გადაფარავს იმ სინამდვილეს, რომელშიც მთავარი მოთამაშე ნეოლიბერალური ძალმომრეობაა. ეს დიქოტომია გადაფარავს ნამდვილი კრიტიკის დაყენების შესაძლებლობას, იმგვარი კრიტიკისა, რომელშიც „მოთამაშე მხარეები“ მხარდამხარ იბრძვიან ნეოლიბერალური „დღისწესრიგის“ მხარეს. ეს დიქოტომია გამოსავალს გვაჩვენებს იქ, სადაც პრობლემის გახანგრძლივებაა და გვისპობს შესაძლებლობას, ჩიხიდან გამოსვლის და ნამდვილი „გზის“ ძიებისაკენ; იმ გზისა, რომელიც დაკანონებული ყვლეფის ლაბირინთში კი არ მიაწყდებოდა სხვადასხვა კედლებსა და სხვადასვა ჩიხებს, არამედ ამ ლაბირინთიდან გამოღწევის გზა იქნებოდა. „პლურალური პარლამენტიც“, რომელიც ხსნის ახალ ფორმულად იქცა, სინამდვილეში არაფერს ცვლის; პინგ-პონგის მაგიდასთან დამატებული მოთამაშეები, ძველებურად, ერთ ხმაში გააგრძელებენ იგივე თამაშს, პარალელურად კი, კვლაივნებურად შენარჩუნდება მომაყირჭებელი ურთიერთბრალდებები „რუსეთუმეობასა“ თუ „კომუნისტობაზე“, ერთ თუ მეორე ცხრა წელზე და ა.შ. ამ ბრალდებათა მიღმა კი, კვლავინდებურად ჩაიჩურთება ექსპლუატირებული მშრომელები,  მყვლეფავი ბიზნესები და კორპორაციები, ხმაწართმეული ადამიანები, რომელთაც საიმისო ენაც კი არ მოეპოვებათ, რომლითაც ნამდვილი პრობლემის დაყენებას მოახერხებდნენ.

ამდენად, პოლიტიკურობისა თუ პოლიტიკური აქტივობის ის მოსაზღვრული და წინდაწინვე ფორმირებული ნიშნეულობები, რომლებიც ჩვენს თავს ზემოთ გაქვავებულან და გაშეშებულან, არათუ ცვლილებას, არამედ იმ კონსტელაციის შენარჩუნება-შენახვას ემსახურება, რომელშიც ხაფანგში გაბმული თაგვებივით ვართ გამოჭერილი და თავს ვერაფრით ვაღწევთ იმ ყველის ნაჭრის წადილით, რომელიც სათაგურზეა მიმაგრებული. სწორედ აქ, ღირს, ზემოთ, ეპიგრაფად მოყვანილი დერიდას ციტატა მოვიხმოთ: როგორ „პოლიტიკურობით“ სავსედაც არ უნდა მოჩანდეს ეს დისკურსები, ჟესტები თუ რიტორიკა, სინამდვილეში, ის ყველაზე მეტად აპოლიტიკური, გამოფიტული და უმოქმედოა. ის არა ცვლილების, არამედ სწორედ გაცვეთილი და დახავსებული პროგრამების ხელახალი და უწყვეტი ცირკულირების ხელშემწყობია.

ასეთ ვითარებაში, გარკვეული სახის „აპოლიტიკურობა“,   გარკვეული „გაყუჩება“ და „დუმილი“, — ოღონდ არა ინდიფერენტული, არამედ, მომლოდინე და მზადმყოფი, ყოველ კუნთ დაჭიმული მოლოდინი — შესაძლოა იყოს სწორედაც ყველაზე პოლიტიკური აქტი, ყველაზე რადიკალურად პოლიტიკური პოზიცია. შესაძლოა, დღეს აპოლიტიკურობა იყოს პოლიტიკურობის შესაძლებლობის ერთადერთი შესაძლებლობა. მითუმეტეს, როცა ყოველგვარი პოლიტიკური აქტივობის სცენა, უკვე, დაკავებული აქვს იმ მადეპოლიტიზირებად, იმედგაცრუებულთადმი კიდევ უფრო იმედისგამაცრუებელ „პოლიტიკურობას“ და როცა სცენაზეც მხოლოდ ორი როლი არსებოს; არ აქვს მნიშვნელობა რა ტექსტს კითხულობ ან — რომელი „პიესიდან“, არ აქვს მნიშვნელობა რა როლს თამაშობ სინამდვილეში; ამ სცენაზე როლი მხოლოდ ორია და ნებისმიერ „მსახიობს“ მხოლოდ ამ როლზე განამწესებენ. ამის მაგალითდ, ერთ-ერთ ქართულ საიტზე, 2016 წელს, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ,  სალომე ასათიანის ქართულ ოცნებასთან დაკავშირებას მიჰყვეს ხელი,[1] ეს მაშინ, როცა ხსენებული ინტერვიუ ერთ-ერთი გამორჩეული იყო ქართულ ჟურნალისტიკაში და რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ძალზედ უმწეო და არაადეკვატური წარმოჩნდა ჟურალისტის კრიტიკული კითხვებისადმი (რის გამოც, ცხადია, მეორე მხარემ,   ჟურნალისტი ნაციონალურ მოძრაობას დაუკავშირა).

და რამდენადაც პოლიტიკურობის ყოველგვარი შესაძლებლობა დღეს სწორედ მსგავს დისკურსებსა თუ ჟესტებს აქვთ დაკავებული, რადგანაც ყოველგვარი პოლიტიკურობა მხოლოდ მსგავს დიქოტომიებს (სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მხარეს) აწარმოებს, რომელიც ახშობს ნამდვილი კრიტიკის შესაძლებლობას, აპოლიტიკურობა ყველაზე რადიკალურად პოლიტიკური მოჩანს; აპოლიტიკურობა, მომლოდინე რეჟიმი და იმ ენის შეძენა თუ გამონახვა (მეტიც, შექმნა!), რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ხმა წართმეული, იმედგაცრუებული, (ამის ძალით) ამ „პინგპონგობანაში“ მოყოლილი ადამიანების ნამდვილი წუხილის, იმედგაცრუების და ბრაზის „ავთენტურ ენაზე“ გამოთქმა, მათი ნამდვილი მიზეზების კრიტიკა.

 

იმედგაცრუება იმედს შეიცავს

ვინ არიან ის „ინდიფერენტული“ ადამიანები ან „კარტოფილზე გაყიდული“ ამომრჩევლები? ხომ არ არიან ისინი მოყირჭებული და მოყირჭებამდე იმდეგაცრუებული ადამიანები, რომლებიც ამ „პინგპონგობანას“ ფონზე, თამაშგარეში აღმოჩენილები იჭყლიტებიან? რომელთა სიღარიბეც მხოლოდ საარჩევნო ურთიერთდაქედნებისა და დაპირებების საგანია, მაშინ, როცა პარტიათა პროგრამები ერთმანეთს გასაუქმებელ რეგულაციათა სიით ეჯიბრებიან და როცა თავისუფლება ბიზნესებისა და კორპორაციების თავისუფლებით იწონება?

ეს იმედაცრუებულობა, თავის მხრივ, (ჯერაც) მნიშვნელოვან როლს თამაშობს „პინგ-პონგის“ უწყვეტ პარტიაში, თუმცა, ყოველი იმედგაცურება, მაინც, ყოველთვის შეიცავს იმედს. „რა არის იმედგაცრუება? ბოლოს და ბოლოს, ის გვიბიძგებს დავფიქრდეთ, თუ რატომ ველოდით, რატომ გვქონდა ამგვარი და ამგვარი რამის მოლოდინი, ამგვარი და ამგავრი რამისაგან, ამგვარი და ამგვარი პიროვნებისაგან. ის საუკეთსო სტიმულია კითხვის დასმისა და რეფლექსიისათვის.“[2]

იმ პარადოქსულ სიტუაციაში, რომელშიც წლებია ვტივტივებთ, იმედგაცრუება, მართლაც, შესაძლოა ერთადერთი იმედი იყოს, აპოლიტიკურობა კი — ერთადერთი ფორმა და შესაძლებლობა ნამდვილი პოლიტიკურობისა.

 

 

 


[2] ჟაკ დერიდა. 1995. გარკვეული ‘სიგიჟე’ აუცილებლად უნდა დარაჯობდეს აზროვნებას.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული