- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პალატიდან გადმოფერთხილი სიცოცხლის ნამცეცებს ვკენკავ,
გაყიდულია ალუბლის ბაღი!
ნეტავ, შეეძლოთ მკვდრებს, წამოდგნენ
და ნახონ როგორ მიჭირს...
ბედნიერება დაეუფლებოდათ შედარებითი...
ისე ძვირია ახლა სათნოება...
ისე ძვირია ახლა იმედი...
Tuba mirum,
tuba mirum spargens sonum !!!1
რამდენ ხანს იძუნძულებ
მგლის ლეკვივით,
სახეში შემხმარი სიცოცხლის ხით,
ცხოვრების კანს ბრჭყალებით ჩაფრენილი
რამდენს გაუძლებ ასე უმწეო ??
რად არ ხარ უფალო,
რად არ ხარ უფალო სულგრძელი
და მრავალმოწყალე,
რად დამივიწყე?
ან შენ მყოლოდი გვერდით მისის ფერიერ...2
გაყიდულია ალუბლის ბაღი,
სადაც დედა დავფალით,
ცოდვიანი ხილის ჭამით მოწამლული დედა.
გაყიდულია დედაჩემის საფლავი, -
ალუბლის ყვავილების სუდარით,
ქალის საფლავი,
სევდის მდინარე რომ შვა 26 წლის წინ
და არ დაშრა დღემდე
არ დაიგვალვა...
წისქვილები ჩერდებიან
და ქარები ოსდებიან,
ქორწილი მაქვს ყოველდღე უიმედობასთან
და სიკვდილის კაბა მაცვია...
რად მტოვებ, რად მტოვებ
ამ უსასოო ყოფაში,
კეტლინ ფერიერ
შენ მაინც რად მტოვებ
ასე გაგვამებულს და დაუმარხავს?!
განმარტებები
1. Tuba mirum sparge sonum (ლათ.) - სასწაულმოქმედი საყვირი (მესებიდან, რეკვიემებიდან).
2. კეტლინ ფერიერი (1912 -1953) - ინგლისელი მომღერალი, კონტრალტო.