თანამედროვე პოპულარული ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი რონ პეჯეტი 1942 წლის 17 ივნისს ამერიკაში, ოკლაჰომის შტატში დაიბადა. ის ადრეულ ასაკში დაინტერესდა ლიტერატურით და ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს მეგობრებთან ერთად ავანგარდული ლიტერატურული დააარსა. 1960 წელს პეჯეტი კოლუმბიის კოლეჯში ჩაირიცხა და ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც დღემდე ცხოვრობს.
რონ პეჯეტი ნიუ-იორკის პოეტური სკოლის მეორე თაობის წარმომადგენელია. მან პირველი პოეტური კრებული 1967 წელს გამოაქვეყნა, დღეს ის ოცდაათამდე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია. 2016 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი თანამშრომლობა კინორეჟისორ ჯონ ჯარმუშთან ფილმზე „პატერსონი“. ფილმისთვის დაწერილმა ლექსებმა მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
რონ პეჯეტი 2011 წელს იყო პულიცერის პრემიის ფინალისტი, მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ფულბრაიტის პრემია, უილიამ კარლოს უილიამსის პრემია, ფროსტის მედალი, და ა.შ.
რონ პეჯეტი
თარგმნა დალილა გოგიამ
გამოქვეყნდა ჟურნალ „ელექტროლიტში“ 2018-2019 წწ.
საუბარი მაიაკოვსკისთან
რაც არის, არის, ვაღიარებ,
წუხანდელი სიზმარი იყო:
გარიჟრაჟზე
ნიუ-იორკის ჩაჟამებულ გარეუბანში
ატალახებულ ბილიკებზე ნირწამხდარი კაცების რაზმში
ფეხათრევით მივაბიჯებდი წინ -
უიმედო მომავალისკენ.
ტანთ ბინძური პროლეტარული
ძონძები გვეცვა
მე მარცხნივ მედგა თავგადაპარსული მაიაკოვსკი,
მას კი მეგობარი -
ჭაღარა წვერით და შავი კეპით.
„დამეთანხმეთ,“ მითხრა
მაიაკოვსკიმ „საამური გარემო გვაქვს
ლექსის წერისთვის.“
„დიახ.“ ვთქვი მე, „იმპულსს იმით ვინარჩუნებთ
რომ არ ვჩერდებით.
ყველა სიტყვაში უღიმღამო პეიზაჟი ჩანს
და ეს გვაძლევს თავისუფლებას, რაც გვინდა, ის ვთქვათ.“
„იმიტომ, რომ ლექსის შიგნით ვართ,
და არა გარეთ.“ მან მიპასუხა. ჩამოწოლილი
ღრუბლების ქვეშ მაზუთიანი წყლის ტბორები ლაპლაპებდა.
„ამიტომ იყო ჩემი ლექსები ასეთი გრძელი:
შიგნით უფრო მეტია სივრცე.“
მისი ყბის მკვეთრი მოხაზულობა გაიკლაკნა და
ხალხი გაქრა. მე გავყევი
მის მეგობარს კედლის უკან
ლექსის ბოლომდე მოსასმენად
ისტორიის ლექციაზე, რომელსაც ის ატარებდა,
მაგრამ რა! მანამდე დასრულებულა ნამდვილი ლექსი.
მერე დავბრუნდი იმ ადგილას
სადაც ლექსი დასრულდა.
ლექსში აღარ დამხვდა ვლადიმერი.
ბასტილიის დღე
როცა პირველად ვნახე პარიზი
მოვინახულე ადგილი
სადაც ერთ დროს ბასტილია იდგა
და ვიხილე სვეტი.
ისედაც ვიცოდი რომ
ბასტილია იქ არ დამხვდებოდა,
მაგრამ არ ვიცოდი როგორ
დამეთვალიერებინა სიცარიელე.
უამრავი ხალხი დადის
აღარარსებული თვინ-თაუერის
სანახავად და
უკმარისობის გრძნობით ტკბება.
მე არ მიყვარს იმის გახსენება
და არც იმის შეგრძნება
რომ დედაჩემი აღარ არსებობს,
მაპატიეთ, რომ დედა
დიდ ნაგებობებს შევადარე,
მაგრამ არყოფნაზე გამახსენდა.
სახურავების თავზე რუხ-წითელი ცა
მუქდება და ქალაქის ბინადრები
შინ სადილზე მიიჩქარიან.
კიდევ გნახავთ, იმედი მაქვს.
ლექსი
შენ აქ ხარ -
და თუ წამით
შეისვენებ
ზურგი და
სხეულის სხვა ნაწილები
დაგიბრუნდება,
ყველანი ერთად ყოფნას
შეძლებთ
და მოიპოვებ
მცირეოდენ ბედნიერებას.
გადახვეტა
ახლა მხოლოდ ის მინდა
რომ დავივიწყო ყველაფერი
რაც პოეზიის შესახებ ვიცი
ქოხის სახურავიდან
ფიჭვის წიწვები გადავხვეტო
და ვუყურო როგორ ფრიალებენ
ვიდრე ოქტომბრის საღამოს შეერევიან
კალამი მახვილზე ძლიერია
მაგრამ დღეს ცოცხს
კალამზე დიდი ძალა აქვს.
პეპელა
ჯუან-ძი წერდა კაცზე,
რომელსაც ესიზმრა, რომ იყო პეპელა
და როცა გაიღვიძა,
ეგონა, რომ იყო პეპელა,
რომელიც სიზმარში იყო კაცი.
მომწონს იდეა,
მაგრამ ეჭვი მეპარება, ჯუან-ძის
დაეჯერებინა, რომ შესაძლოა კაცს
თავი პეპელად წარმოედგინა,
რადგან ერთია, გაგაღვიძოს
სიზმარმა ღამით
და მეორე, მთელი ცხოვრება
გაატარო სიზმარში, სადაც ხარ კაცი.
მთელი ცხოვრება მეგონა,
ბიჭი ვიყავი, მერე კაცი,
და ასევე, ამერიკელი, ადამიანი,
და ფიზიკური პირი, და სული,
და შეიძლება ოდნავ პეპელაც.
იქნებ, უფრო მეტად უნდა ვიყო პეპელა,
დაბურთული თვალებით და ფრთების ცემით
ოთახში რომ შეფრთხიალდება
და მომაკვდინებელ ფხვნილს აფრქვევს
ადამიანებს, ისინი კი კივილით ძირს ცვივიან
უსულოდ ლამის. მე მათ ჩემი
მშვენიერების თანმდევი ციური ჰანგებით,
უკიდეგანო სათნოებითა და მათ მიმართ ჩემი
ღვთიური გულგრილობით ვიხსნიდი.
ჰაიკუ
ჯერ დამშვიდდი,
და მერე ასე
დარჩი მთელი ცხოვრება.
დღეს
დღეს უისტან ოდენი ცოცხალი რომ იყოს,
დაჭმუჭნულ ზოლიან თეთრეულზე
შავი ხაზის ამოძენძილი ძაფი იქნებოდა,
ქვევიდან დაჭყეტილი თვალებით რომ მოგჩერებია.
რა მოიტანე?
ყვითელი ნარცისები და მწვანე ღეროები.
თუ მათ მოგიყვანეს?
ოდენმა ერთხელ იკითხა:
„სად ჯანდაბაშია ბობი?“
ჩვენ მიმოვიხედეთ
მაგრამ არსად იყო ბობი.
ეჰ, ოდენ, სადაა შენი ბობი!
მხოლოდ ყვითელი ნარცისები გვაქვს ქათქათა თეთრ ლარნაკში.
რომელ ლექსს გულისხმობდი
რომელ ლექსს გულისხმობდი, ჩემო ძვირფასო,
როცა სახლიდან ბეწვის საყელოიანი
გრძელი პალტოთი გაქროლდი?
რომელ ცხოველს ათბობდა ეს ქურქი
რომელი ცხოველი ილოკავდა ბეწვს გრძელი ხაოიანი ენით
და შუადღის ჩრდილში ერთ მხარეს ივარცხნიდა?
ნეტავ შენც მასავით სერენგეტის დაბლობზე იცუხცუხო
და მძლავრი ყბები რამეს ჩაავლო,
იმის ნაცვლად, რომ კართან შეყოვნდე
და მცირე ფიქრის მერე მითხრა:
„ვიდრე მოვალ, ლექსი დაწერე!“
გასეირნება უოლტთან ერთად
როცა ყოველდღიური მიზნებით და ამოცანებით
ისე იჭედება ისტორია, რომელშიც ცხოვრობ, რომ
თავისუფლად ვერ სუნთქავ, ან ძლივს სუნთქავ,
მთლიანად ივსება
გუშინ ჯერ კიდევ თავისუფალი სივრცე.
ოჰ, დიადო ამერიკავ! ალბათ
მართლა არსებობდი, თორემ სხვაგვარად
უიტმენს ვერ შობდი.
სასაცილოა, რომ ამერიკა არ აფეთქდა
როდესაც უიტმენმა „ბალახის ფოთლები“ გამოაქვეყნა,
რომ არ აფეთქდა გაოცებისა და სიამაყისგან, თუმცა
სად ეცალა, ის ხომ სულ სხვა იყო,
ვიდრე უოლტს წარმოედგინა და მე გავიზარდე
მის სტრიქონებზე ფიქრებში და ჰო,
რა თქმა უნდა, გასაგებია,
ამ წამს ხეები ზუსტად ისევე დგანან, როგორც მაშინ
როცა ის მათში და მათ შორის მიმოდიოდა,
როგორც თავად ამბობდა, სხვათა მსგავსად ისიც უხეში,
თუმცა, არ ვიცი, რამდენად უხეში.
ეს კი მგონი, გადაამეტა, როგორც ჩვენ ყველამ სეირნობისას,
როცა, თუკი გაგვიმართლებს
და მაშველი რგოლი სულ მცირედით აგვიტაცებს დედამიწიდან,
რათა უფრო მკვეთრად ვიგრძნოთ სიმყარე.
ფიქსაცია
იმდენად მძიმე არ არის
ახვიდე ჯვარზე იმისათვის, რომ
ფეხებითა და ხელისგულებით
ზედ მიგაჭედონ.
რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ
თუკი მტკიცე ნებისყოფა გაქვს,
შესაძლოა ვერაფერს გრძნობდე გრძნობდე
და შეამჩნიო,
რომ შორს წვდება ზემოდან მზერა,
რომ თურმე სიოც უბერავს და
ჩამოწვეთილ სისხლსაც გიგრილებს,
ზეთისხილის მთები კი ერწყმის
ქოხებისა და გზების მთებს და
შორეულ მთებზე შეფენილ ცხვრის ფარებს.
სასმელი
მე განსაკუთრებით მაინტერესებს ფილმის პერსონაჟები, ვისაც
სახეში სასმელს ასხამენ. ზოგიერთი მრისხანებისგან კონტროლს
კარგავს, ზოგს კი (ჩემ საყვარელ პერსონაჟებს) სახეზე ნაკვთი
არ უკრთებათ, ცხვირსახოცით ან ხელსახოცით სახეზე მშვიდად
იმშრალებენ დამამცირებელ სითხეს, თავდამსხმელი კი აღელვებული
ტოვებს რესტორანს. მაგიდასთან მსხდომნი (სავსებით გასაგებია)
უხერხულად იშმუშნებიან. ქალი იხრება და კაცს მკლავზე ეხება.
„უნდა გაუგო დევიდ, არ უნდოდა.“ ეუბნება. „მესმის.“ ორაზროვნად
ამბობს დევიდი - რაც უდავოდ ზრდასრული ადამიანის პასუხია.
მერე ორკესტრი ისევ უკრავს მხიარულ საცეკვაო მუსიკას და
დარბაზი ისევ ცოცხლდება. გარეთ კი, ავტოსადგომზე ელიზაბეთი
ცეცხლს უკიდებს დევიდის მანქანას. დიახ, არ ცდებით,
ეს თანამედროვე ფილმია.
პოეზია
ლექსები
ავტორის გვერდი რონ პეჯეტი
10 აგვისტო,
2026
23


