- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
უფალმაც რომ დაიცვას ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი -
ვერავინ გადარჩება.
სახლებს ცეცხლი წაეკიდება,
გზები მოირყევა,
ჩვილები აკვნებიდან წამოდგებიან
და თავებს დემონსტრაციულად დაიხოცავენ,
რადგან
ვერავინ გადარჩება.
შორ გზაზე შემდგარს ფეხები დაულღვება,
და საკუთარ კიდურებში წელამდე ჩაფლულს
ვერავინ იხსნის,
ლოგინებში გველები აყვავდებიან,
კედლები ორკაპა ენებს გამოიბამენ
და იტყვიან ყველაფერს,
რის გამოთქმაც აქამდე უხერხული იყო.
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს დედა -
ვერავინ გადარჩება.
მკითხავები ხელისგულზე ვეღარ წაიკითხავენ,
მკითხველები ლექსებს ვეღარ წაიკითხავენ,
მლოცველები ლოცვებს ვეღარ წაიკითხავენ,
პოლიტიკოსები ხმას ვერ აიმაღლებენ,
ბგერების ნაცვლად სისხლიან გლანდებს ამოანთხევენ -
ვერავინ გადარჩება.
ჭადრები ბეტონის ფოთლებს დაისხამენ,
მგზავრები ჩრდილებს დაკარგავენ,
სიტყვები ქვებივით დამძიმდებიან,
ქვებით პირები ამოგვევსება
და ჩვენ ნაცვლად ჩვენი ჩრდილები იჩურჩულებენ -
ვერავინ
გადარჩება.
ძიძები ჩვილებს მიატოვებენ,
ავტომატებს გაიდებენ მხრებზე ჯვრებივით
და ყველა შემხვედრს ტყვიებით აკურთხებენ
მკვდრებს კი საკონტროლო კურთხევას დაახლიან -
ვერავინ,
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება
და ვინც გადარჩება,
ვერც ის გადარჩება,
ვერ გადაურჩება
მიზეზების და კავშირების
უმკაცრეს გადაკვეთას,
ბედნიერების და შემთხვევითობის
ავარიულ ჯახს -
ვერავინ გადარჩება.
სულ ტყუილად ეგონათ,
მიზეზებს მოიდებდნენ,
ალიბებს დადებდნენ
და გეგმებს დადებდნენ,
ამაოდ ფხიზლობს გუშაგი,
ამაოდ ფხიზლობს ქალაქი,
ამაოდ ფხიზლობს მშობელი,
ამაოა ეს ფაციფუცი -
ვერავინ,
ვერავინ გადარჩება.
წიგნიდან "არგადარჩენა"